x
არტერიული ჰიპერტენზია
image
სისხლძარღვთა სისტემაში სისხლი ხვდება გულის
შეკუმშვის – სისტოლის შედეგად. სისტოლის დროს
სისხლი აწვება მსხვილი არტერიების კედელს
გარკვეული ძალით, რაც ქმნის სისტოლურ არტერიულ
წნევას. გულის მოდუნების – დიასტოლის დროს
სისხლის ნაკადი მცირდება, რაც შეესაბამება
დიასტოლურ არტერიულ წნევას.
არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს სისხლის
მიმოქცევის სისტემაში არტერიული წნევის ხანგრძლივ
და მყარ მატებას. ის არის ქრონიკული, მსოფლიოში
მეტად გავრცელებული დაავადება, რომელიც
წარმოადგენს ნაადრევი ინვალიდობის და
სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს, განსაკუთრებით
განვითარებულ ქვეყნებში.

როდესაც წნევა ხშირად მატულობს და მაღალ ციფრებს
აღწევს, ადამიანს უვითარდება თავის ტკივილი, ხმაური
ყურებში, თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, გულის
ფრიალი, ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, ტკივილი გულის
არეში, ზოგჯერ სისხლდენა ცხვირიდან, პულსაციის
შეგრძნება კეფის მიდამოში და კანის სიწითლე.

არტერიული ჰიპერტენზია შეიძლება გამომჟღავნდეს,
როგორც პირველადი დაავადება და როგორც სხვა
დაავადების სიმპტომი. პირველ შემთხვევაში მას
უწოდებენ ესენციურ ჰიპერტენზიას, ხოლო მეორე
შემთხვევაში სიმპტომურ ჰიპერტენზიას. ორივე ფორმა
ერთნაირად საყურადღებოა გართულებების
განვითარების თვალსაზრისით.

არტერიული წნევის დონე 140/90 მმ.ვწყ.სვ და მეტი
ითვლება მომატებულ არტერიულ წნევად. შაქრიანი
დიაბეტის დროს ეს მაჩვენებელი არის ამ დონეზე
ნაკლები - 130/85 მმ.ვწყ.სვ, ხოლო თირკმელების
უკმარისობის დროს 125/80 მმ.ვწყ.სვ.


პირველ რიგში აღსანიშნავია ჰიპერტენზიული კრიზი –
სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის
მკვეთრი მატება, რასაც თან ახლავს თავის ტკივილი,
თავბრუ, გულისრევა, ღებინება, აგზნებადობა, გულის
ფრიალი, კანკალი. ხშირი კრიზი ამძიმებს არტერიული
ჰიპერტენზიის მიმდინარეობას და იწვევს იმ

ორგანოების დაზიანების დაჩქარებას და დამძიმებას,
რომლებიც არჩევითად ზიანდება არტერიული
ჰიპერტენზიის უსიმპტომოდ მიმდინარეობის დროსაც (
ე.წ "სამიზნე ორგანოები" ). ეს ორგანოებია:
• გული, რომლის გადაძაბვა არტერიული
ჰიპერტენზიის ფონზე იწვევს მისი მასის მომატებას
– ჰიპერტროფიას, რაც აღრმავებს გულის რითმის
დარღვევას და გულის უკმარისობის განვითარების
შანსს. ირღვევა გულის კუნთის სისხლით
მომარაგება, კორონარებში გროვდება
ქოლესტერინული ფოლაქები, მათი სანათური
ვიწროვდება – ვითარდება გულის იშემიური
დაავადება, რომელიც ვლინდება სტენოკარდიული
შეტევებით. შეიძლება განვითარდეს მიოკარდიუმის
ინფარქტი.
• თავის ტვინი, რომელშიც ვითარდება სისხლის
მიმოქცევის მოშლა.
• თირკმელები – ვითარდება თირკმელების
უკმარისობა.

არტერიული ჰიპერტენზიის თავიდან აცილება
შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესით, საჭიროა:
• ფიზიკური აქტივობა
• უარი თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბ გამოყენებაზე
• სუფრის მარილის და ცხოველური ცხიმის
შეზღუდვა
• სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება.

მედიკამენტური მკურნალობა შესაძლოა ერთი
პრეპარატით, უფრო ხშირად საჭირო ხდება პრეპარატთა
კომბინაცია. პრეპარატი შერჩეული უნდა იყოს ექიმის
მიერ.

იდეალური ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი უნდა
ახდენდეს არტერიული წნევის 24 საათიან კონტროლს, "
სამიზნე ორგანოების " ( გული, თავის ტვინი,
თირკმელი) საიმედო დაცვას გართულებებისაგან
(ინფარქტი, ინსულტი, თირკმელების უკმარისობა ),
უნდა ჰქონდეს დოზირების მარტივი რეჟიმი და
მინიმალური გვერდითი მოვლენები.

არტერიულ ჰიპერტენზიას შეიძლება ჰქონდეს მრავალი
მიზეზი და მიმდინარეობდეს სხვადასხვა კლინიკური
გამოვლინებით. ამიტომ პრეპარატის შერჩევა ხდება
ინდივიდუალურად – მიზეზის, დაავადების
მიმდინარეობის და პაციენტის მდგომარეობის
გათვალისწინებით. პრეპარატს უნდა ახასიათებდეს:
• ეფექტურობა - 24 საათიანი ეფექტი
• დადებით მოქმედებას დაავადების პროგნოზზე
• მინიმალური გვერდითი მოვლენები.

ამ მოთხოვნებს გარკვეულწილად აკმაყოფილებენ
ფიქსირებულდოზიანი კომბინაციები, ანუ პრეპარატები,
რომლებშიც ჰიპერტენზიის განვითარების სხვადასხვა
მექანიზმზე მოქმედი ორი მედიკამენტია შერწყმული.

პროფილაქტიკისთვის საჭიროა:
• წონის კონტროლი;
• რეგულარული ფიზიკური აქტივობები (სიარული,
სირბილი 30-40 წუთის განმავლობაში);
• თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა;
• ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა;
• სუფრის მარილის მოხმარების შეზღუდვა;
• თუ წნევის მატების ეპიზოდი დაფიქსირდა -
აუცილებელია სისტემატიური კონტროლი - 2-ჯერ
დღეში მაინც.
დაავადების პირველ ეტაპზე პროფილაქტიკური
ღონისძიებები დაგეხმარებათ არტერიული
ჰიპერტენზიის მკურნალობაში. თუ აღნიშნული
ფაქტორების დაცვა და განხორციელება უშედეგოა,
არტერიული წნევის ციფრების დასარეგულირებლად
საჭიროა დაიწყოს მედიკამენტური მკურნალობა.

0
133
შეფასება არ არის
ავტორი:Galya Sarkisian
Galya Sarkisian
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0