x
ფსიქოლოგიური ტრავმის გადამუშავება
image

რა არის ფსიქოლოგიური ტრავმა?

ფსიქოლოგიური ტრავმა არის გამოცდილება, რომელიც ადამიანს უზღუდავს იმის უნარს, რომ დაძლიოს კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებული აზრები და ემოციები, მოახდინოს მათი ინტეგრირება. ტრავმა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ერთჯერადმა, ასევე განმეორებითმა გამოცდილებამ. ტრავმა ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე, განწყობაზე და სხეულის ფუნქციონირებაზე.

ფსიქოლოგიური ტრავმის მახასიათებლებია:


* მოულოდნელია

* ადამიანი მოუმზადებელია მასთან შესახვედრად

* ადამიანს წინასწარ არ გააჩნია მისი აღმოფხვრის მექანიზმი

ფსიქოლოგიური ტრავმის გავლენის სიმძიმე დამოკიდებულია ადამიანის ინდივიდუალურ გამოცდილებაზე და იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც ადამიანი ამ მოვლენას ანიჭებს.

ფსიქოლოგიური ტრავმის გამომწვევი მიზეზებია:

* ძალადობა ან ძალადობაში მონაწილეობა

* დაავადებები და დაზიანებები

* საყვარელი ადამიანის ავადმყოფობა ან გარდაცვალება

* საცხოვრებელი ადგილიდან იძულებით გადაადგილება

* ბუნებრივი კატასტროფები

სანამ ადამიანი ფსიქოლოგიურ ტრავმას გაიაზრებს და გადაამუშავებს, ის გარკვეულ ეტაპებს გადის. გადამუშავების ეტაპი 7 საფეხურისგან შედგება:

შოკი-გაშეშება – ბუნებრივია, რომ თავდაპირველად ადამიანი ძლიერი სტრესის ქვეშ არის და ამიტომ ემოციური შოკის გამო ინფორმაციის გადამუშავება უჭირს. ტრავმული მოვლენის შემდეგ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ადამიანი ნეიტრალურადაა განწყობილი და ამ მდგომარეობას ემოციურ გაშეშებას უწოდებენ. ეს ყველაფერი რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს. მოცემული ფაზის დროს ძალიან მნიშვნელოვანია გვერდით ისეთი ადამიანის ყოფნა, რომელიც მხარდაჭერას გაუწევს. ეს ფაზა დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს და ადამიანმა უნდა შეძლოს საკუთარი ემოციებისა და დამოკიდებულებების გამოხატვა, შემდეგ კი თანაგრძნობის მიღება.

უარყოფა – უარყოფის ფაზისთვის დამახასიათებელია არ აღიარება.ამ ფაზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინდივიდის ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე. მოვიყვანოთ მაგალითი: მშობლისთვის რთულია შვილის სპეციალური საჭიროების მიმართ მიმღებლობის ქონა და ამიტომ ის უარყოფს პრობლემას. უარყოფა პიროვნებას თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს, მაგრამ ამავდროულად უამრავ პრობლემას წარმოშობს. უარყოფის ფაზა დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს, რადგან კრიზისის დაძლევაში ხელს შეგვიშლის. აქ მნიშვნელოვანია გარშემომყოფების ქცევაც, რადგან მათ არ უნდა განამტკიცონ პრობლემის უარყოფა და ნელ-ნელა უნდა მიაწოდონ სწორი ინფორმაცია.

დეპრესია – ამ ფაზისთვის დამახასიათებელია დეპრესიის ნიშნები : სევდიანობა, დაბალი თვითშეფასება, საკუთარი თავის დადანაშაულება, კვების დარღვევები და სხვა. თუ დეპრესიის ფაზა დიდხანს გაგრძელდა აუცილებელია, რომ პიროვნებამ ფსიქოთერაპევტს/ფსიქიატრს მიმართოს. დეპრესიის ფაზისას მნიშვნელოვანია, რომ გარშემომყოფებმა მას მოუსმინონ, თანაუგრძნონ და გამოსავლის პოვნაში დაეხმარონ. გასათვალისწინებელია, რომ არ უნდა ეცადოთ პრობლემა გააუფასუროთ მის თვალში და არც ის მოლოდინი უნდა გქონდეთ, რომ ყველაფერი მალე ჩაივლის.

შიში – ადამიანს შიშის განცდა აქვს რეალობასთან და მომავალთან დაკავშირებით. შესაბამისად, უჭირს იმის გაცნობიერება და დანახვა, რაც მას პრობლემის დაძლევაში დაეხმარება.

ბრაზი – ძირითადად, ბრაზი უსაფუძვლოა და ადამიანი ბრაზს მიმართავს კონკრეტული პირებისაკენ, ანუ მათ მიმართ ვინც პრობლემის მიზეზად მიაჩნია. შესაძლოა, რომ ადამიანმა აგრესიული ქცევები და სამაგიეროს გადახდის მცდელობებიც კი გამოავლინოს. ამიტომ, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ადამიანის გონება საღი აზრისკენ მივმართოთ. მოცემული ფაზის დროს ადამიანს არ უნდა ავუკრძალოთ ემოციების გამოხატვა. პირიქით, მან ბრაზისა და ნეგატივის ვერბალიზაცია უნდა შეძლოს, რომელსაც ყურადღებით მოვუსმენთ.

მიღება-გაცნობიერება – იზრდება მიმღებლობა მატრავმირებელი მოვლენისადმი. ადამიანი ისმენს სხვადასხვა პოზიციებს, აზრებს, ყველაფერს იაზრებს და ითვალისწინებს. მოცემული ფაზის დროს შეგვიძლია, რომ თავისუფლად ვესაუბროთ პრობლემებზე, გავუზიაროთ ჩვენი შეხედულებები და დამოკიდებულებები.

აღდგენა – აღდგენის ფაზაში ადამიანი იწყებს მოქმედებას, რათა პრობლემები მოაგვაროს. მას თითქმის უკვე დაძლეული აქვს ტრავმასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები. გასათვალისწინებელია, რომ არასასურველი ემოციური მდგომარეობის დაბრუნების რისკი არსებობს, ამიტომ კვლავ უნდა გავაგრძელოთ სწორი კომუნიკაცია და მხარდაჭერა, დავეხმაროთ სირთულეების დროს და გავუზიაროთ წარმატებული შემთხვევები.


საბოლოოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ამ საფეხურის გავლას გარკვეული დრო სჭირდება და თითოეული ეტაპის წარმატებულად გადალახვა წინ გადადგმული ნაბიჯია, რომლითაც მივაღწევთ პრობლემის გააზრებას, ემოციების რეგულაციასა და სიტუაციასთან ადაპტაციას.


0
55
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ ხუჯაძე
თამარ ხუჯაძე
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0