x
თამაში და მისი როლი ბავშვის განვითარებაში
image

თამაში არის აქტივობა, რომელიც ბავშვებს ანიჭებს სიამოვნებას, აძლევს გართობისა და დროის სასიამოვნოდ გაყვანის საშუალებას, ეხმარება სიახლეების შეცნობასა და შემეცნებაში, ეხმარება უნარების დასწავლაში და რაც მთავარია, განვითარებაში.

ზრდასთან ერთად ბავშვები სხვადასხვა ტიპის თამაშებში ერთვებიან:

მარტო თამაში – სათამაშოებით თამაშობს დამოუკიდებლად და არ გამოხატავს ინტერესს სხვებისადმი.


თამაშის ყურება – აკვირდება სხვა ბავშვების თამაშს და სვამს კითხვებს.

პარალელური თამაშები – ბავშვები თამაშობენ გვერდიგვერდ, მაგრამ ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან.

ასოციაციური თამაშები – ბავშები ერთმანეთთან ურთიერთობენ, საუბრობენ და აქვთ საერთო მიზნები, თუმცა თითოეული კონცენტრირებულია საკუთარ მოქმედებებზე.

კოოპერაციული თამაში – ბავშვები ერთად მოქმედებენ და სურვილი აქვთ, რომ შექმნან რაღაც ორგანიზებული.

თამაში ძალიან დიდ როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში, როგორც მოტორული, ასევე კოგნიტური და სოციალურ-ემოციური უნარების დროს.

მოტორული განვითარება

აქ მოიაზრება მსხვილი და ნატიფი მოტორული უნარები და სენსო-მოტორული უნარები.

მსხვილი მოტორული უნარები – დიდი კუნთებით განხორციელებული მოქმედებები, სადაც მოვიაზრებთ შემდეგი უნარებს: წონასწორობის შენარჩუნება, დგომა, ჯდომა, სიარული, ხტუნვა, ბურთის სროლა/დარტყმა და სხვა.

ნატიფი მოტორული უნარები – წვრილი კუნთებითა და თითების კოორდინირებული მოძრაობით შესრულებული მოქმედებები. ამ უნარების განვითარებაში გვეხმარება ისეთი აქტივობები, როგორიცაა: ხატვა, ფაზლის აწყობა, მაკრატლით ფიგურების გამოჭრა, ძერწვა და სხვა.

სენსო-მოტორული უნარები – მოძრაობების შესრულება გრძნობათა ორგანოების გამოყენებით, მაგ: თვალის კოორდინაცია. აქ დაგვეხმარება შემდეგი აქტივობები: კოპირება/გადახატვა, ფიგურების გამოძერწვა.

კოგნიტური და სოციალურ-ემოციური განვითარება

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ თამაშები უმნიშვნელოვანესია მეტყველების სტიმულირებისათვის, რადგან თამაშისას ბავშვებს ესმით უფროსებისა თუ თანატოლების საუბარი, მათი სიტყვები და ფრაზები, რომლებსაც შემდეგ უკვე სწავლობენ, იმეორებენ და პრაქტიკაშიც აქტიურად იყენებენ.

ეხმარება აზროვნებაში, რადგან თამაშის პროცესში ბავშვი აზროვნებს საგნების შესახებ, იწყებს მათ კატეგორიზებასა და სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით დაჯგუფებას. შესაბამისად, ეს ერთგვარ პრობლემის გადაჭრასაც კი წარმოადგენს, სადაც მანდ დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები.

თამაშისას ბავშები ირგებენ როლებს, იყალიბებენ წარმოდგენებს თანამშრომლობისა თუ კონკურენციის შესახებ, უზიარებენ ერთმანეთს ნივთებს და ზოგჯერ მცირე კონფლიქტებსაც კი აგვარებენ, რაც მათ სოციალურ უნარებზე აისახება.

ეხმარება საკუთარი ემოციების დარეგულირებაში, საკუთარი ქმედებების გაანალიზებაში, რათა მისი ქცევა გარემოსთან შესაბამისობაში იყოს. ბავში სწავლობს სხვების პოზიციიდან სიტუაციის დანახვას და გამოიმუშავებს ემპათიის უნარს.

რჩევები და რეკომენდაციები:

1. გამოუყავით ბავშვს უსაფრთხო სივრცე, სადაც ის თავის სათამაშო კუთხეს მოაწყობს.

2. მიეცით შესაძლებლობა, რომ თავად წამოიწყოს სასურველი აქტივობების განხორციელება.

3. მხარი დაუჭირეთ და შეაქეთ მცდელობისთვის.

4. თუ ამჩნევთ, რომ დახმარება სჭირდება, ნუ მისცემთ შენიშვნებს. შესთავაზეთ, რომ ერთად შეასრულოთ კონკრეტული აქტივობა.

5. შესთავაზეთ მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები.

6. თვალი ადევნეთ თამაშის პროცესში და ყურადღება მიაქციეთ, რა მოსწონთ/არ მოსწონთ.

7. ასწავლეთ, რომ თამაშის დასრულების შემდეგ მონაწილეობა მიიღოს სათამაშო სივრცის დალაგებაში.







0
21
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ ხუჯაძე
თამარ ხუჯაძე
21