x
ბიპოლარული აშლილობა
image

ბიპოლარული აშლილობა არის გუნება-განწყობილების აშლილობა, რომელსაც ახასიათებს ორი კონტრასტული ფაზის, მანიაკალური და დეპრესიის ფაზების ურთიერთმონაცვლეობა. თავდაპირველად ადამიანი იმყოფება მანიაკალურ ფაზაში, რომელსაც შემდეგ დეპრესიის ფაზა მოყვება. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიპოლარულ აშლილობას ციკლური ბუნება აქვს.

ბიპოლარულ აშლილობას ადრე მანიაკური დეპრესია ერქვა, თუმცა ამ სახელწოდებამ ხელი შეუწყო უამრავი სტერეოტიპის წარმოქმნას და ამიტომ სტიგმატიზაციის შესამცირებლად ბიპოლარული აშლილობის ცნება შემოიტანეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფაზები მუდმივად მონაცვლეობენ და ადამიანი უკიდურესი აღტაცებიდან უკიდურეს სასოწარკვეთაში ეშვება. ეპიზოდები ვლინდება სხვადასხვა ხანგრძლივობითა და ინტენსივობით, თუმცა ზოგჯერ ვლინდება რემისიის პერიოდებიც, რაშიც იგულისხმება ის, რომ ადამიანს არ აღენიშნება არც მანიაკალური და არც დეპრესიის ფაზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.


მანიაკალური ფაზის სიმპტომები:

* მოზღვავებული ენერგია

* აზროვნებისა და საუბრის აჩქარებული ტემპი

* აგზნებულობა

* ძილის მოთხოვნილების შემცირება

* საკუთარი შესაძლებლობების აღმატებულად და არარეალისტურად შეფასება

* მომატებული სექსუალური მოთხოვნილებები

* პრობლემის არ აღიარება

* ფულის იმპულსური ხარჯვა და დიდი რაოდენობის არასაჭირო ნივთების ყიდვა

* უცნაური და რისკიანი ქცევები

* აზრების სწრაფი მონაცვლეობა


დეპრესიის ფაზის სიმპტომები :

* ენერგიის ნაკლებობა და მუდმივი დაღლილობის განცდა

* დაბალი თვითშეფასება

* საკუთარი თავის დადანაშაულება

* კონცენტრაციის სირთულეები

* ინტერესის დაკარგვა

* მადის ცვლილებები ( უმადობა ან პირიქით, მომატებული მადა)

* უიმედობის განცდა

* სუიციდური ფიქრები


განასხვავევენ I და II ბიპოლარულ და ციკლოთიმიურ აშლილობებს :

I ბიპოლარული აშლილობა – მანიის მინიმუმ 1 ეპიზოდი, რომელსაც წინ უძღვის ან მოჰყვება დეპრესიის ეპიზოდი. სიმპტომები საკმაოდ მძიმეა და ადამიანს უჭირს, რომ მიჰყვეს ყოველდღიურობას.

II ბიპოლარული აშლილობა – ჰიპომანიის ( მანიის მსგავსია, მაგრამ არა მასავით ინტენსიური) და მინიმუმ 1 დეპრესიული ეპიზოდი.

ციკლოთიმიური აშლილობა – არის ბიპოლარული აშლილობის მსუბუქი, მაგრამ ქრონიკული ვერსია. გუნება-განწყობილების ერთ ან მეორე ფაზაში შეიძლება წლების განმავლობაში იყოს ადამიანი, რემისიის მცირე პერიოდებით.

ჩვეულებრივ, ბიპოლარული აშლილობა ზრდასრულებში გვხვდება, მაგრამ შეიძლება, რომ ბავშვობისას ან მოზარდობისას განვითარდეს, მაგრამ როცა ამ ასაკზე ვსაუბრობთ, ყველაზე ხშირად მაინც გარდატეხის ასაკში ვაწყდებით ბიპოლარულ აშლილობას.

ბიპოლარული აშლილობის სიმპტომები ბავშვებსა და მოზარდებში:

* ფეთქებადი და აგრესიული ქცევა

* იმპულსური ქმედებები

* ბრაზი

* გუნება-განწყობის სწრაფი ცვლილებები რამდენიმე საათის ან რამდენიმე დღის ფაზური მონაცვლეობით

* მომატებული შფოთვა

* უძილობა ან ჭარბი ძილიანობა

* ღამის კოშმარები

* მოთხოვნილების გაზრდა ტკბილეულისადმი

* არარეალისტური და გადაჭარბებული შეხედულებები საკუთარ თავზე ( მაგ: ამბობს, რომ შეუძლია ფრენა)

* უკიდურესად სევდიანი გუნება-განწყობა და ინტერესის დაკარგვა თამაშისადმი


ბიპოლარული აშლილობის გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა მიიჩნევენ, რომ მასზე ზემოქმედებს შემდეგი ფაქტორები:

გენეტიკური ფაქტორები – ბიპოლარული აშლილობა ახლო ნათესავებში უფრო ხშირია, რაც ბიოლოგიურ საფუძველს ამყარებს.

გარემო ფაქტორები – სტრესული მოვლენები, ნარკოტიკების ან ალკოჰოლის მოხმარება.

მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა. ძირითადად გამოიყენება ფსიქოთერაპია და მედიკამენტებით მკურნალობა. ჩვეულებრივ, მედიკამენტებს დიაგნოზის დასმისთანავე გამოწერენ, რადგან მედიკამენტების საშუალებით შესაძლებელი ხდება სიმპტომების მართვა. რაც შეეხება ფსიქოთერაპიას, ადამიანს ეხმარება საკუთარი ქცევისა და ცხოვრების სტილის შეცვლაში. თერაპია შეიძლება ჩატარდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე შეიძლება იყოს ჯგუფური თერაპია. არის შემთხვევები, როცა საჭიროა ადამიანის ჰოსპიტალიზაცია და ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი რეალობას წყდება, სწორად ვეღარ აფასებს მოვლენებს და აშკარად ჩნდება სუიციდის საფრთხე.

ბიპოლარული აშლილობისას ადამიანმა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მიიღოს საკუთარი მდგომარეობის შესახებ, გაცვალოს გამოცდილება სხვა ადამიანებთან, ჯანსაღად უნდა დახარჯოს ენერგია მაგ: ვარჯიში, უნდა ისწავლოს სტრესის მართვის ტექნიკები მაგ: მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიშები, რათა გაუმკლავდეს შფოთვასა და დეპრესიის სიმპტომებს.







0
17
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ ხუჯაძე
თამარ ხუჯაძე
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0