x
ჩვენი ინიციატივა არ არის დაკავშირებული ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან-ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი

image

თერთმეტი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის ინიციატივა არ არის დაკავშირებული ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან და მათ აღნიშნულით ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში პრემიერ-მინისტრს რამდენჯერმე მიმართეს. სტუდენტები აცხადებენ, რომ გარკვეულ ძალებს სურთ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების შექმნა და მოუწოდებენ ყველას თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან.


"30 ივნისს, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისადმი ღია წერილით მიმართვის შემდეგ, გაჩნდა არაერთი უსაფუძვლო ბრალდება და ცილისწამება. კონკრეტული ძალები ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ხელოვნურად დაპირისპირების შექმნას ახალგაზრდებს შორის.

უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლებლის მხრიდან დაშვებული იყო უხეში შეცდომა, რასაც მოჰყვა საზოგადოების, მათ შორის, ახალგაზრდების დიდი ნაწილის გულწრფელი პროტესტი და სამართლიანი მღელვარება. სამწუხაროდ, შეუძლებელი გახდა ესკალაციის თავიდან არიდება, ფიზიკურად დაშავდა არაერთი ჩვენი თანატოლი.

ღია წერილის შექმნის ერთადერთი მოტივაცია იყო, არსებული დაძაბული სიტუაციის ფონზე, ქვეყანაში გრძელვადიანი სტაბილურობის ხელშეწყობა, ახალგაზრდებსა და ხელისუფლებას შორის დიალოგის გზით. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებას შევთავაზეთ კონკრეტული ფორმატი, მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სახით.

გვსურს განვმარტოთ, რომ ეს ინიციატივა არ არის დაკავშირებული ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან და აღნიშნულით არაერთხელ მივმართეთ პრემიერ-მინისტრს, პირველად ჯერ კიდევ 2018 წლის 23 აპრილს. მოგვიანებით, 2018 წლის 21 ნოემბერს 38-მა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა ინიციატივას და ამავე მოთხოვნით მიმართა მთავრობის მეთაურს. ფორმატის ამოქმედებას მხარს ღიად უჭერდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაც.

მივესალმებით პრემიერ-მინისტრის მზაობას, დაიწყოს დიალოგი ახალგაზრდებთან, რაც შემხვედრი კონსტრუქციული ნაბიჯია მისი მხრიდან. მზად ვართ, გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა ფორმატის შესაქმნელად. მხოლოდ დესტრუქციული ძალების ინტერესებშია, არ შედგეს ფორმატი, რომელიც მისცემს ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას შესაძლებლობას ჩაერთოს სახელმწიფოს მართვის პროცესში და შექმნის ყველასთვის ხელმისაწვდომ მუდმივმოქმედ საკომუნიკაციო პლატფორმას.

გვჯერა, მუდმივმოქმედი საკომუნიკაციო პლატფორმა უზრუნველყოფს ახალგაზრდების პოზიციათა გათვალისწინებას, რაც ხელს შეუწყობს ევროპული ტიპის სახელმწიფოს განვითარებას. მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, მედია საშუალებებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისა და სპეკულაციებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.


0
172
შეფასება არ არის
ავტორი:ლევან აკობია
ლევან აკობია
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0