კინო დარჩენილია სამ წელიწადზე ნაკლები! ვისაც ყური აქვს ისმინოს... 2018, 9 ოქტომბერი, 0:27
მეოცე საუკუნის ბოლოს ჰოლივუდიდან წამოსულმა უილიამ უოლასის საბრძოლო ყიჟინამ მთელი სამყარო შეაზანზარა.მელ გიბსონის ჰეროიკულმა საგამ თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირებსა და მათ მამაც მხედართმთავარზე, არნახული პოპულარობა მოუტანა დიდ ბრიტანეთში ჩაკარგულ პატარა შოტლანდიას. ისტორიკოსები ერთხმად აღიარებენ, რომ ამ სურათში ბევრი გამოგონილი ეპიზოდია, თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარია საბოლოო მიზანი და არა ცალკეული სიუჟეტები. შედეგები კი მართლაც შთამბეჭდავი იყო, გახარჯულზე სამჯერ მეტი შემოსავალი და არაერთი აღიარება სხვადასხვა ფესტივალებზე, მათ შორის ოსკარის ხუთი ნომინაცია, რაც ყველაზე მთავარია მაყურებელმა ფილმი მიიღო და შეიყვარა. ჰოლივუდისა და საქართველოს გზები ერთხელ უკვე გადაიკვეთა 2009 წელს, როცა მაშინდელი ხელისუფლების ინიციატივითა და პატრონაჟით რეჟისორმა რენი ჰარლინმა არცთუ მცირე ბიუჯეტიანი მხატვრული ფილმი გადაიღო რუსეთ-საქართველოს საომარ დაპირისპირებაზე. სამწუხაროდ ამ თანამშრომლობით ორივე მხარე წაგებული დარჩა, რადგან თავიდან ბოლომდე ყველაფერი ერთპიროვნულად და არაპროფესიონალურად გაკეთდა. რეალისტური, დრამატული შედევრის ნაცვლად, ყოვლად უსახური და მდარე ხარისხის "ბოევიკი" მივიღეთ, რომელიც იმ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს, რაც ამ ჟანრში გამორჩეულ ფილმებს მოეთხოვებათ. პირველივე დატესტვაზე(თქვენი მონა-მორჩილიც ესწრებოდა)ნათლად გამოჩნდა, რომ მისია შეუსრულებელი დარჩებოდა. ფილმის მთავარი შემფასებელი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, პროდიუსერობას კი სახელმწიფო ჩინოვნიკები ითავსებდნენ, ეს მაშინ, როცა კინოს წარმატების გასაღები სწორედ მის პროდუსინგშია. პროდიუსერის მარიფათსა და კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული მთელი კინოწარმოება, დაწყებული სცენარის შერჩევითა და მარკეტინგით დამთავრებული. ჩვენ შემთხვევაში ეს ყველაფერი ანგაჟირებული დილეტანტების ხელში აღმოჩნდა და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ - 0. ორგანიზაციას, რომელიც დღეს ქართული კინოს სვე-ბედს განაგებს ეროვნული კინოცენტრი ეწოდება, თუმცა მათ მიერ წარმოებული კინოპოლიტიკა ძალიან შორსაა სიტყვა ეროვნულის ეტიმოლოგიური განსაზღვრებისაგან. როცა ასეთი მდიდარი ტრადიციების მქონე სფეროს კურირებ და თანაც ამგვარი მჟღერი სახელწოდებით, ვალდებული ხარ ერთი პროექტი მაინც განახორციელო სახალხო და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი. ფინანსურ სიმწირეზე აპელირება თავის გასამართლებლად ნამდვილად არ გამოდგება. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მილიონები და ქვეყნის პირველი პირების ჩართულობა ამ საკითხში ვერაფერს წყვეტს და "პური მხოლოდ მეპურემ უნდა გამოაცხოს!" მთავარია გამოცდილი და ნიჭიერი სცენარისტის(სცენარისტების) დაინტერესება და ჰოლივუდელი ბოსები თავს არ დაზოგავენ ეკრანიზაციაზე უფლების მოსაპოვებლად. დიდგორის ბრძოლა და თავად დავითის ბიოგრაფია იმდენად საინტერესო და მრავალფეროვანი შტრიხებით არის აღბეჭდილი, რომ რთულია უფრო უკეთესი მასალის მონახვა ბრწყინვალე ისტორიული ბლოკბასტერის შესაქმნელად. "მამაცი გულის" მსგავსად ამ თემას ერთი დიდი უპირატესობაც აქვს: ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე - ეს რემარკა ერთიორად ამაღლებს ფილმისადმი ინტერესს და ერთგვარი წარმატების ფორმულაა პიარტექნოლოგიური თვალსაზრისით. ისიც ადვილი წარმოსადგენია ჰოლივუდელი ოსტატების ხელში როგორ გამოიძერწება და რა ეფექტისა და ჟრუანტელის მომგვრელი იქნება სცენა, როცა უმცირესობაში მყოფი ქართველი(ამ სიტყვის ფართო გაგებით)მეომრები საკუთარი ხელით ხერგავენ საბრძოლო ველიდან გასასვლელ ბილიკებს, ანდა მტრის შუაგულში როგორ ვულკანივით ამოხეთქავს "მოწინააღმდეგის მხარეს გადასული" ორასი ლომგულა ივერიელი. სამ წელიწადში დიდგორის ომიდან ცხრა საუკუნოვანი იუბილე შესრულდება! ეს ძლევამოსილი ისტორია ჩვენმა გმირმა წინაპრებმა საკუთარი სისხლით დაწერეს და დაგვიტოვეს. ეხლა მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, როდის გაიგებს ამის შესახებ მსოფლიო საზოგადოება და როდის გაცოცხლდება მათ წინაშე ეს ღვთაებრივი ძლევაი საკვირველი!
პ.ს. ფაქტები და მხოლოდ ფაქტები მოწმობენ, რომ ღმერთის უარმყოფელი ქართველები მუდამ სხვათა უღელქვეშ ექცეოდნენ, მიუხედავად იმისა, თუ რა ეპოქა იდგა და ვინ იყო ქვეყნის სათავეში, მეფე თუ დემოკრატიული რესპუბლიკის მეთაური. მხოლოდ ღვთისა და კაცის, ერისა და ბერის ერთობლივი ძალისხმევით ვინარჩუნებდით ეროვნულ და პიროვნულ თავისუფლებას. უკომენტაროდ: "ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის რჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართ, არამედ თვით ეშმაკებსაც იოლად დავამარცხებთ!!! " დავით აღმაშენებელი - ერთიანი საქართველოს მეფე - მე-12 საუკუნე "We are never defeated unless we give up on god. ჩვენ არასდროს დავმარცხდებით, თუ ღმერთს არ უარვყოფთ." რონალდ რეიგანი - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი - მე-20 საუკუნე... 1082 2-ს მოსწონს
|