x
მეტყველების აღქმა
image

ადამიანის მეტყველების აღქმა ბგერათა ანალიზით იწყება, რომელიც, ჩვეულებრივ, შეუმჩნევლად მიმდინარეობს. სმენით სისტემაში ხდება ჰაერის რხევის გარდაქმნა ბგერათა თანმიმდევრობად, რომელსაც ჩვენ როგორც მეტყველებას აღვიქვამთ. ერთი შეხედვით, მეტყველების აღქმა მარტივი პროცესია, მაგრამ ეს ასე არ არის. მოზრდილი ადამიანი ერთ წამში 15 ბგერას აღიქვამს, ხოლო წუთში -900-სს. იმისთვის რომ სიტყვა აღვიქვათ, მისი ბგერების გამოყოფა უნდა მოხდეს ათიათასობით ირელევანტური სიტყვისგან, რომელიც ჩვენ ხანგრძლივ მეხსიერებაში გვაქვს. ხშირად ადამიანის ხმის გამოყოფა უნდა მოხდეს ფონიდან, რომელსაც ქმნის ხმაური, ერთდროულად მიმდინარე საუბრები, თუ ქუჩიდან შემოსული ხმაური.


მეტყველების აღქმის მახასიათებლები


ფსიქოლოგიასა და ლინგვისტიკაში მეტყველების უმარტივეს ბაზისურ ელემენტს – ბგერას, ფონემას უწოდებენ. ფონემაა ბ, დ, ე და სხვ. ფონემებში შედის როგორც ხმოვნები, ისე თანხმოვნები. მეტყველების აღქმას ხელს უწყობს შემდეგი თავისებურებები:

  • ფონემის ჟღერადობის ვარიაბილობა
  • კონტექსტი შესაძლებლობას იძლევა შეივსოს სიტყვა სხვადასხვა მიზეზის გამო გამოტოვებული ფონემით
  • მსმენელს შეუძლია მოსაუბრის მეტყველებაში სიტყვათა შორის საზღვრების აღქმა (ანუ დამოუკიდებელი სიტყვების გარჩევა) მაშინაც, როდესაც ეს სიტყვები პაუზებით არ გამოიყოფა.
  • ვიზუალური მიმნიშნებლები (მაგ. ტუჩების მოძრაობა) ხელს უწყობს გაურკვეველი სიტყვების ინტერპრეტაციას.
  • ფონემის ჟღერადობის ვარიაბილობა.

    ერთი შეხედვით, ნებისმიერი ფონემა გვესმის ისე, როგორც უნდა გვესმოდეს –პ როგორც პ, ვ როგორც ვ და ა.შ. მაგრამ არსებობს მოვლენა, რომელსაც კოარტიკულაცია ეწოდება, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ გარკვეული ფონემის გამოთქმისას ჩვენი სამეტყველო აპარატი კი არ ცვლის ფონემის ჟღერადობას, არამედ იგი იცვლება იმის მიხედვით, თუ სიტყვაში რომელ ფონემათა გარემოცვაში მოხვდება. მაგალითად, სიტყვა “ლობიოში” ლ უფრო სხვაგვარად ისმის, უფრო “მაგარია”, ვიდრე სიტყვებში “ლიქიორი, ბოთლი”. აქ ლ უფრო “რბილია”.

    მეორე მიზეზი ფონემის ჟღერადობის ცვლილებისა შეიძლება იყოს ხმის ტემბრი, ინტონაცია ან თვით საარტიკულაციო აპარატის თავისებურებები. საბედნიეროდ, ყველა სიტყვა, რომელსაც მოსაუბრე წარმოთქვამს, ჩვენთვის ნაცნობია, ჩვენს მეხსიერებაშია და ეს გვეხმარება შევავსოთ ეს ხარვეზი.

    მესამე მიზეზი კი შეიძლება იყოს ამოგდებები, ე.წ. “ჩაყლაპვები”, როდესაც მოსაუბრე ამოაგდებს ხოლმე სიტყვიდან რომელიმე ასოს, მაგ.ასო ვ-ს სიტყვიდან და ისმის “დაუშვათ”, თუმცა ეს პიროვება დაწერდა სწორად – “დავუშვათ”. ამ საკითხის საილუსტრაციოდ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

    კონტექსტი და მეტყველების აღქმა.

    ადამიანი აქტიური მსმენელია. ამიტომ მას მოსაუბრის ხარვეზოვანი მეტყველების შემთხვევაში კონტექსტი შეიძლება დაეხმაროს შინაარსის სრულფასოვან აღქმაში. კონტექსტის გავლენა “ზემოდან ქვევით” მხედველობითი აღქმის შემთხვევაშიც მოქმედებს. ეს ფაქტორი მეტყველების აღქმაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მაგალითად, თქვენ შეიძლება მასწავლებელს ყურადღებით უსმენდეთ, მაგრამ რომელიღაც სიტყვის აღქმის პროცესში რაღაცამ ხელი შეგიშალათ (მაგ. ქუჩიდან მანქანის სიგნალის ხმამ) სიტყვის რომელიმე ბგერა აღგექვათ – ფიზიკურად ვერ მოაღწია თქვენს ყურამდე. მიუხედავად ამისა, თქვენ სიტყვას ჩვეულებრივ აღიქვამთ. ამ შემთხვევაში ილუზიას აქვს ადგილი. ადამიანმა შეიძლება ვერც შეამჩნიოს, რომ ეს ბგერა ვერ გაიგონა (არადა მართლა ვერ გაიგონა, რადგან ხმაურის გამო ამ ბგერამ მის სმენის ორგანომდე ვერ მიაღწია). ეს მრავალი ექსპერიმენტით დადასტურებული ფენომენია.

    ფონემის სიტყვებში გაერთიანება.

    ალბათ მიგიქცევიათ ყურადღება, რომ როდესაც თქვენთვის სრულიად უცხო ენაზე საუბარს ისმენთ, ვერ ახერხებთ გაარკვიოთ, სად იწყება და სად თავდება ესა თუ ის სიტყვა. თქვენთვის ეს რაღაც ერთიანი, გაბმული ბგერათა თანმიმდევრობაა. ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ დედაენაზე ან კარგად ნაცნობ ენაზე მეტყველების მოსმენისას ეს პაუზები, როგორც წესი, არსებობს. მაგრამ ექსპერიმენტების შედეგად დადგინდა, რომ საშუალოდ, მეტყველების მხოლოდ 40% შემთხვევაში აქვს ადგილი პაუზებს.

    როგორც აღმოჩნდა, ადამიანის მეტყველების აღქმის სისტემაში ხდება რამდენიმე ჰიპოთეზის მოსინჯვა, თუ როგორ გაერთიანდეს ბგერები სეგმენტებში – სიტყვებში. ეს სისტემა ძალიან სწრაფად და ძალდაუტანებლად იყენებს ჩვენს ცოდნას ენის შესახებ და, უმრავლეს შემთხვევაში, სწორ დასკვნას გვაკეთებინებს.

    მხედველობითი მიმნიშნებლების როლი მეტყველების აღქმისთვის.

    სცადეთ შემდეგი დაკვირვება ჩაატაროთ თქვენს თავზე:

    ოთახში, სადაც ტელევიზორიც არის და რადიოც, ჩართეთ ტელევიზორი იმ არხზე, სადაც ინფორმაციას (მაგ. ახალ ამბებს) გადმოსცემენ და დაიჭირეთ ის მომენტი, როდესაც მოსაუბრე პირდაპირ, ფართო პლანით კამერას უყურებს. ცოტა დაუწიეთ ტელევიზორის ხმას. ახლა ჩართეთ რადიო და დააყენეთ ორ სიხშირეს შორის ისე, რომ ზუზუნისმაგვარი ხმა(ყველას გამოუცდია ეს უსიამოვნო ხმა) ისმოდეს. აუწიეთ რადიოს ხმას ისე, რომ მისი ეს “თეთრი ხმაური” ტელევიზორში კამერის წინ მოსაუბრის სიტყვების აღქმას ხელს უშლიდეს, მაგრამ სულ არ ფარავდეს. ახლა შეხედეთ ტელევიზორის ეკრანს და დახუჭეთ თვალები. სცადეთ გაიგოთ-გაარჩიოთ ტელევიზორში მოსაუბრის სიტყვები რადიოს ხმაურში. ცოტა ხნის შემდეგ გაახილეთ თვალები. აღმოჩნდება, რომ ტელევიზორში მოსაუბრის სიტყვების გაგება გაცილებით გაგიადვილდებათ, რაშიც მისი ტუცჩების მოძრაობაზე თვალის გადევნება დაგეხმარათ.


    როგორც ვხედავთ, ადამიანის ტუჩების მოძრაობა და სახის გამომეტყველება ხელს უწყობს აკუსტიკურად მიღებული ინფორმაციის დაზუსტებას. მართლაც, ტელეფონით ლაპარაკის დროს უფრო გვიჭირს დავაზუსტოთ ციფრი ერთი გავიგონეთ თუ ექვსი, ვიდრე მაშინ, როდესაც ვუყურებთ მოსაუბრეს.

    0
    79
    1-ს მოსწონს
    ავტორი:ქეთევან კორძახია
    ქეთევან კორძახია
    79
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0