x
გიორგი გვაზავა-საქართველოს ავტონომია



image

გიორგი გვაზავა-საქართველოს ავტონომია


სანამ უშუალოდ გადავიდოდით გიორგი გვაზავას შეხედულების გაანალიზებაზე, საქართველოს ავტონომიის შესახებ, ნიშანდობლივია ორიოდე სიტყვით წარმოდგენა შევიქმნათ ამ ჩინებული ქართველი, ეროვნული სულისკვეთებით გაჟღენთილი, სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი ადამიანის შესახებ.პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, პუბლიცისტი, მწერალი, მთარგმნელი გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა დაიბადა 1869 წელს სოფ. სუჯუნაში ვაჭრის ოჯახში. პირველდაწყებით განათლებას ნოქალაქევსა და მარტვილში იღებს, შემდეგ სწავლას თბილისის სასულიერო სემინარიასა და გიმნაზიაში აგრძელებს. გიმნაზიის დამთავრებისთანავე მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე შედის, იყო "კავკასიის სტიპენდიანტი". განათლების მიღებას სორბონის უნივერსიტეტში ასრულებს, სადაც დააარსა სტუდენტური გაერთიანება "თავისუფლების ლიგა".XIX ს–ის 90-იანი წლებიდან თბილისში ცხოვრობს, მუშაობს ადვოკატად, ეწევა აქტიურ საზოგადოებრივ და სამწერლო მოღვაწეობას, თანამშრომლობს ქართულ და რუსულ პრესაში.


1906 წ. თანამოაზრეებთან ერთად დააარსა ეროვნულ–დემოკრატიული პარტია. 1907 წ. ვარლამ ჩერქეზიშვილთან და მიხაკო წერეთელთან ერთად გამოსცა "Грузинская мысль"(ქართული აზრი), ჟურნალი ცენზურამ აკრძალა. მთავრობის საწინააღმდეგო კორესპონდეციებისათვის 1911 წ. მეტეხის ციხეში ჩასვეს.გიორგი გვაზავამ 1917 წ. რუსულ ენაზე გამოსცა ნაშრომი "საქართველო საერთაშორისო თვალსაზრისით", სადაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის მართლზომიერება დაასაბუთა.საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში გიორგი გვაზავა იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების, ეროვნული საბჭოსა და მისი პრეზიდიუმის წევრი, ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, მონაწილეობდა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში.1921 წლიდან გიორგი გვზავა ემიგრაციაშია. პარიზში იგი ჩართულია პოლიტიკურ -საზოგადოებრივ საქმიანობაში.1929-1938 წწ. პარიზში გიორგი გვაზავას რედაქტორობით გამოდიოდა საქართველოს გაერთიანებული ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული კომიტეტის ორგანო გაზ. "საქართველო", სადაც წერილებს ათავსებდა "გ. გ"–ს, "სტამბოლელის", "მეთვალყურეს", "მკითხველის", "წკიპურტის", "Politicys"-ის, "X"–ის ხელმოწერით.გიორგი გვაზავა გარდაიცვალა პარიზში 1941 წ. 20 იანვარს, დაკრძალულია ბატინიოლის სასაფლაოზე.ახლა კი ნიშანდობლივია ვისაუბროდ უშუალოდ მის მიერ საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე წაკითხულ მოხსენებაზე სახელწოდებით „საქართველოს ავტონომია“ .




გიორგი გვაზავას აზრით, ავტონომია არის სახელმწიფოებრივი წესწყობილება, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც არის შესაფერისი ნიადაგი, ესე იგი არსებობს ტერიტორია და ხალხი, რომელიც მზად არის განვითარებული სახელმწიფოებრივი ცხოვრებისათვის.საქართველოს ტერიტორია არის ერთიანი, მთლიანი.მისი გეოგრაფიული მდებარეობა, განსაზღვრული კავკასიონის ქედით და ვრცელი შვი ზღვის ნაპირით ხელს უწყობს სახელმწიფოებრივი ცხოვრების დამყარებას.ტერიტორიის სივრცე უდრის 84, 660 კვ.ვერსს, თითქმის ბულგარეთის ტოლია და ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე შვეიცარია.ქვეყანა ბუნებით მდიდარი და მრავალფეროვანია.საქართველოს ტერიტორიაზე ქართველი ერი აღემატება ორ მილიონს და შეადგენს არა ნაკლებ 80 % მთელი მოსახლეობისას.მეტი თვალსაჩინოებისათვის ვნახოთ ქართული მოსახელეობის პროცენტული მაჩვენებლი:ბათუმში არის 86, 8%,

სოხუმში 83, 4%, გორში-93%, თიანეთში-93%, დუშეთში-96, 2%, სიღნაღში-84, 4%, თელავში-90, 3%, თბილისში 57%, ახალციხეში-68%.მხოლოდ ბორჩალოს და ახალქალაქის მაზრებში არის ქართველობა ნაკლები.საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები უცხო ერის ელემენტის რაოდენობა საერთოდ 20 %-ია, ამიტომ უნდა ვაღიაროთ რომ ქართველი ერი წარმოადგენს მთლიან ერთეულს მთლიან ტერიტორიაზე.ქართველი ხალხი დიდი ხანია გამოვიდა ისტორიულ ასპარეზზე, იგი მრავალი საუკუნის განმავლობაში ეწეოდა თავისუფალ მოღვაწეობას.მხოლოდ 1783 წლის ხელშეკრულებით მიიღო რუსეთის მფარველობა(პროტექტორატი), რომლის ძალითაც საქართველოს უნდა დარჩენოდა საკუთარი კანონმდებლობა და მთავრობა, საკუთარი ხაზინა, ჯარი, სამართალი, ეკლესია.1801 წელს კი რუსეთმა დაარღვია საქართველოსთან დადებული ხელშეკრულება და გააუქმა ქართველი ერის სახელმწიფოებრივი უფლებანი.ამიტომ ყოველი დავის და ეჭვის გარეშე აუცილებელია საქართველოს ავტონომია, როგორც მატერიალურად, ისე უფლებრივად.

გიორგი გვაზავა მნიშვნელოვნად თვლის ყურადღების გამახვილებას საქართველოს პოლიტიკურ უფლებებზე.მისი თქმით, ბევრი 1783 წლის ხელშეკრულებას უუფლებოდ და უმნიშვნელოდ თვლის.მოწმენი ვართ რევოლუციისა რუსეთში, ასევე საშინელი მსოფლიო ომისა.ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია მატერიალური ძალა, ჯარი და ზარბაზნები, თუმცა რევოლუცია და ომი მუდმივი მოვლენა არ არის, საბოლოოდ ზავით ორივე უნდა შეწყდეს, გაფორმდეს საზავო ხელშეკრულება, უნდა დამყარდეს უფლებრივი განწყობილება ერთა შორის.სწორედ ამ დროს მიეცემა ჩვენს ხელშეკრულებას შესაფერისი მნიშვნელობა, შეიძენს თავისებურ ძალას, რომელსაც ყველამ უნდა გაუწიოს ანგარიში.1783 წლის ხელშეკრულება დადებული იყო ორ თავისუფალ სახელმწიფოს შორის და წარმოადგენს იურიდიულად ნამდვილ საერთაშორისო აქტს.საქართველომ მიიღო რუსეთის პროტექტორატი და აიღო ვალდებულება, რომ თავისი საერთაშორისო განწყობა მოექცია რუსეთის კონტროლის ქვეშ, აგრეთვე ომიანობის დროს მიეშველებინა ჯარი რუსეთისათვის.აქედან გამომდინარე შეზღუდული იყო მხოლოდ საერთაშორისო განწყობილების უფლება, ყველა დანარჩენი პოლიტიკური უფლებანი რჩებოდა საქართველოს ხელში.ასეთი უფლებრივი განწყობილება წარმოადგენს ვრცელ ავტონომიას.

პოლიტიკური წყობილებას რაც შეეხება, გიორგი გვაზავას აზრით, ფეოდალიზმი შეცვალა კაპიტალისტურმა წყობილებამ:დაინგრა სამეფო ტახტი, უფლება-მოსილება გადავიდა დემოკრატიაზე.ამ გარემოებათა გამო პოლიტიკურმა წყობილებამ საქართველოში უნდა მიიღოს თანამედროვე დემოკრატიული სახე და ხასიათი.ხალხის უფლებამოსილობა გამოიხატება მის საკანონმდებლო წარმომადგენლობაში, სწორედ ეს იქნება ეროვნული კრება, რომელიც უნდა იყოს ნამდვილი გამომხატველი ხალხის სურვილის და მისწრაფების.მასში წარმოდგენილი უნდა იყოს კოველი კუთხე საქართველოსი, აგრეთვე ყოველი ჯგუფი და აზრთა მიმდინარეობა.ამ საქმისათვის საჭიროა არა მარტო საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი და ფარული კენჭისყრა, არამედ პროპორციული არჩევნები წარმომადგენლებისა, რომელთა რაოდენობა შეიძლება იყოს 120-240 მდე.ამავდროულად ეროვნულ კრებას ექნება სრული კანონმდებლობის უფლება.საქართველოს ეროვნული კრების უფლებამოსილებას რაც შეეხება, მთავარი უფლებათაგანია:1)ჯარის მოწყობა, მისი გაწვრთნა და განათლება, მისი ჩაცმა-დახურვა და დაბინავება.აგრეთვე რიგი და წესი სამხედრო სამსახურის.ყოველი სახელმწიფოებრივი ერთეულისთვის საჭიროა ჯარი ან მილიცია.ხელშეკრულების თანახმად საქართველოს მუდმივი ჯარი უნდა ჰყოლოდა, რომელიც ომის დროს უნდა მიეშველებინა რუსეთისათვის.გარდა ამისა თითქმის ყველა ავტონომიურ სახელმწიფოს ყავს თავისი ჯარი, მაშასადამე მოთხოვნილებაში როგორც უფლებრივად, ისე ფაქტიურად მოულოდნელი არაფერია.2)მოწყობა ფართო ადგილობრივი თვითმმართველობის სოფლებსა და ქალაქებში.საქ-ოს სხვა და სხვა პროვინციებს დიდი თავისებურება ეტყობა.ამიტომ ამ ადგილებს უნდა მიეცეს ვრცელი თვითმმართველობა და ამ საქმის მოწესრიგების უფლება უნდა ჰქონდეს ეროვნულ კრებას.3)მოწყობა სამართლის, ადმინისტრაციისა და ხალხის განათლების.სამართალი უნდა ეგუებოდეს ხალხის უფლებრივ შეგნებას, მის საზოგადებრივ სინდისს, ის მოწყობილი უნდა იყოს ისე, როგორც ამას გადაჭრის ხალხის შეგნება და მისი კულტურული მდგომარეობა.ადმინისტრაცია კი უნდა იყოს არა ხალხისგან მოშორებით, არამედ მის მიერ არჩეული, აღჭურვილი მისი ნდობით და პატივისცემით.ამას უნდა თავისი კანონმდებლობა, აგრეთვე შეთანხმებული ხალხის სურვილთან.უფრო საყურადღებოა ხალხის განათლება, სკოლების, მუზეუმების და სხვა საკულტურო დაწესებულებათა გახსნა და განვითარება.4)სამოქალაქო და სოციალური კანონმდებლობა.იგულისხმება მოქალაქეობრივი თავისუფლების დაცვა, მოწესრიგება კერძო საკითხის და დაცვა შრომისა და შემოქმედების.ამ ყველა საკითხს აქვს დიდი მნიშვნელობა.ამიტომ ამბობენ-სულ ეს საგნები არ უნდა შედიოდეს საავტონომიო უფლებაშიო.ეს აზრი არასწორია.ჯერ ერთი ავტონომიის შინაარში არა თუ ეწინააღმდეგება ამისთანა საკანონმდებლო უფლებას, პირიქით, დღევანდელობაში ავტონომია წარმოუდგენელია, თუ ეს უფლებები მას არ ექნება მინიჭებული.ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია და სხვა უამრავი ქვეყანა სწორედ იმიტომ დაწინაურდნენ, რომ შეეძლოთ თავისუფლად გაეწიათ შრომა და ენერგია.მოქალაქეობრივი თავისუფლება ამ ქვეყნებში უზრუნველყოფილია, სოციალური კანონმდებლობა-საკვირველი.მიუხედავად დიდი ბრძოლისა და ვაი-ვაგლახისა, რომელიც განიცადა ფინეთმა რუსეთის ბიუროკრატიის ძალ-მომრეობისაგან, იგი რუსეთის სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით მაღლა დგას ეკონმიკურად და კულტურულად.საქართველოს აქვს ამის უფლება 1783 წლის ხელშეკრულებით, რომლის მეექვსე მუხლში პირდაპირ წერია, რომ კანონმდებლობა, მართვა-გამგეობა, ხარჯის აკრეფა და სამართალი უნდა დარჩენილიყო ხელუხლებელი რუსეთის მიერ.ამიტომ არ არის არავითარი საფუძველი იმის გასამართლებლად, თუ ეს კანონმდებლობა საქართელოს ავტონომიას ექნება შეზღუდული.


დაისმის კითხვა-რატომ უნდა იყოს ჩვენი მუშათა კეთილდღეობა რუსეთის კანონმდებლობაზე დამოკიდებული?განა ჩვენმა მუშა ხალხმა უკეთ არ იცის რა არის მისთვის საჭირო?8 საათიანი სამუშაო დღე იქნება საჭირო, თუ უფრო ნაკლები, ან საჭიროა ზოგიერთ შემთხვევაში სრულებით შრომის აკრძალვა, ან ჯამაგირის მომატება და სხვა და სხვანი.სულ ეს ისეთი კანონმდებლობაა, რომელიც უნდა იყოს ჩვენივე ხალხის ხელში, თუ არ გვინდა ჩვენივე ხალხის ბედი და კეთილდღეობა მსხვერპლად შევწიროთ ზოგიერთ მიუწვდენელ ოცნებებს.ასეთივე მნიშვნელობა აქვს მიწათმფლობელობას და მიწათმოქმედებას.რამდენი გვაქვს საერთოდ თავისუფალი მიწა, რა სამეურნეო ხასიათის და ბუნებრივი ნოყიერების, ვის რამდენი უნდა მიეცეს, რა წესით და პირობებით, სად როგორ უნდა გამოვიყენოთ და სად როგორ უნდა მოვიხმაროთ ეს მიწა-წყალი, სულ ეს ადგილობრივი საკითხია და მისი გადაწყვეტა უნდა გადაეცეს ჩვენს ხალხს, ჩვენს გლეხობას და ყველას ვინც მიწაზე მუშაობს.ამ საკითხის გადაწყვეტა ჩვენგან შორს, რუსეთის პარლამენტში, სადაც საქართველოს წარმომადგენელი იქნება 5 ან 10 კაცი და თითქმის ათას სულს სხვა ხალხის და ეროვნებათა წარმომადგენელი, ყოვლად შეუძლებელია.ამისთანა კანონმდებლობა არევ-დარევს საუკუნოებით დამყარებულ ჩვენს საადგილმამულო განწყობილებას და შეიძლება ისეთი კანონებიც შემოიტანონ, რომელიც სულ არ შეეგუება ჩვენს ცხოვრებას და ხალხის სურვილს.ამიტომ სრული კანონმდებლობა სამოქალაქო უფლების, სისხლის სამართლის და სოციალური განწყობილების შესახებ მინიჭებული უნდა ქონდეს საქართველოს ავტონომიას.5)საფინანსო პოლიტიკა შეეხება ხალხის ეკონომიურ ძალას, მის მიმართულებას და განვითარებას.ამ სფეროში შედის -გადასახადი, ბაჟი და აქციზი, სესხის აღება, კრედიტის განვითარება, ბანკების მოწყობა და მფარველობა ვაჭრობის, მრეწველობის და მეურნეობის.ახლანდელ დროში ზღვაოსნობის, რკინის გზების და სხვა კულტურული წინსვლების გამო, არც ერთი ქვეყანა არ არის გამოთიშული საურთიერთო განწყობილებისაგან, არის მსოფლიო ბრძოლა არსებობისათვის.ის ერი, რომელიც ყურადღებას არ აქცევს ამ მსოფლიო ეკონომიკურ განწყობილებას და თავის დროზე არ მიიღებს საჭირო ღონისძიებას თავისი ინტერესების დასაცავად დაღუპულია და ადრე თუ გვიან გახდება ლუკმა სხვა ერებისა.დიდი სიფრთხილე და გამჭრიახობაა საჭირო, უფრო მეტი ენერგია.სხვისი წყალობით და ქველმოქმედებით ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ, ქველმოქმედება არ არსებობს საერთაშორისო განწყობილებაში, აქ ჩვენვე უნდა მოვუაროთ ჩვენს თავს.ამისათვის კი ჩვენ უნდა გვქონდეს ნება ამ თავის მოვლის, ე.ი კანონმდებლობისა.ამიტომაც საქ-ოს ეროვნულ საკრებულოს უნდა ქონდეს სრული უფლება:შემოიღოს სხვა და სხვა გადასახადი, ბაჟი, აქციზი, აიღოს სესხი, გახსნას საკრედიტო დაწესებულებები, მოაწესრიგოს ვაჭრობა-მრეწველობა და მეურნეობა.აგრეთვე მნიშვნელოვანია ყოველწლიური შემოსავალ-გასავლის განხილვა და დამტკიცება საავტონომიო ხარჯთ-აღრიცხვის.ავტონომიას, როგორც სახელმწიფოებრივ ერთეულს, ექმნება თავისი ქონება და თავისი ხარჯი.საავტონომიო ქონებას შეადგენენ ყველა სახაზინო და საუფლისწულო მამულები, რომლებიც კი მოიპოვება საქართველოს ტერიტორიაზე, ყველა სახლი, შენობა, სადგურები, რკინის გზები, ნავსადგურები და სხვა, რაც ეხლა ეკუთვნის საიმპერიო ხაზინას.აგრეთვე ყოველი შემოსავალი ამ მამულებიდან, ყველანაირი გადასახადი პირდაპირი და არა-პირდაპირი, რაც კი მოიკრიფება საქართველოში, სულ ეს შეადგენს საავტონომიო ხაზინის საკუთრებას და ჩვენ, ჩვენმა ხალხმა, თვალყური უნდა ადევნოს ამ ქონებას, მის შემოსავალ-გასავალს, მის რიგიანად მოხმარებას საქართველოს საკეთილდღეოდ.ეს ქონება სიმართლით და სინიდისით ეკუთვნის საქართველოს, მიწა-წყალი, ადგილ-მამული, სამთამადნო სიმდიდრე, ზღვის ნაპირები რუსეთს კი არ მოუტანია ჩვენში, არა, სულ ეს-ჩვენია, სულ ეს-ქვეყნის გაჩენიდან-ეკუთვნოდა საქართველოს და უნდა ეკუთვნოდეს მას.სულ ამ სიმდიდრეს უნდა გაძღოლა, წარმოება, მოწესრიგება. გასავალიც დიდია.ჩვენ უნდა გადავიხადოთ ის ბეგარა, რომელიც დაგვედება რუსეთის ხაზინის წინაშე საერთო საქმეების საწარმოებლად, უნდა მოვაწყოთ და შევინახოთ ჩვენი ჯარი, ადმინისტრაცია, პოლიცია, სხვა და სხვა დაწესებულებანი, უნდა მოვაწყოთ და გავაფართოვოთ ყველანაირი შრომა, გავჭრათ მთები, გავიყვანოთ რკინის გზები, მივცეთ მეურნეობას და მრეწველობას ახალ იარაღი შრომისა და მოქმედებისა, მოვაწყოთ ნავთსადგურები, განვავითაროთ ზღვაოსნობა და სხვა და სხვა.სულ ამისათვის უნდა გავწიოთ დიდი ხარჯი.მაშასადამე, აუცილებლად საჭიროა ყოველწლიური ხარჯთაღრიცხვა, მისი განხილვა, აწონ-დაწონვა და დამტკიცება.ესეც შეადგენს საქართველოს ეროვნული კრების უფლებას.

კრებას, როგორც მთელი ერის წარმომადგენლობას, სრული ნება აქვს თვალყური ადევნოს აღმასრულებელ ძალთა მოქმედებას, გადააყენოს სამსახურიდან უვარგისი მოხელე, მისცეს ის პასუხისგებაში და საზოგადოდ ყოველთვის მოსთხოვოს მთავრობას ანგარიში და განმარტება მისი მოქმედების შესახებ.ეს არის მხოლოდ უმთავრესი მომენტები საქართველოს ეროვნული კრების უფლება-მოსილებისა, მაგრამ ამ ჩამოთვლილი მაგალითებით არ ამოიწურება ყოველი ის საქმე და საგანი, რომლის განხილვა და მოწესრიგება ექვემდებარება მას.ქვეყანა და ცხოვრება მრავალფეროვანია.უფრო მკაფიოდ წარმოვიდგინოთ ავტონომიის უფლებები, ყოველთვის მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ საავტონომიო კანონმდებლობის უფლებაში შედის ყოველი საქმე, ყოველი საგანი, გარდა შემდეგი სამი გამონაკლისისა:-საგარეო პოლიტიკისა, ომის და ზავის საკითხისა და საერთო ბიუჯეტისა.

რაც შეეხება რუსეთი უფლებებს-საგარეო პოლიტიკა, ომის და ზავის საკითხი და საერთო ბიუჯეტი სრულებით შედის საიმპერიო კანონმდებლობის ფარგლებში.ვინაიდან საქართველო შეადგენს რუსეთის ერთ ნაწილს, საერთაშორისო განწყობილებაში სრული წარმომადგენლობა უნდა ეკუთვნოდეს რუსეთს.საერთო პოლიტიკა, მისი მიმართულება და სხვა და სხვა საერთო შეთანხმება, დადებული რუსეთის მიერ, რა თქმა უნდა სავალდებულოა საქართველოსათვის.მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სრულებით არ ჰქონდეს უფლება საგარეო მოქმედებისა, თავისი ეკონომიკური ცხოვრების მოსაწყობად, ისეთი უფლება, რომელიც ყოველ პიროვნებას და ორგანიზაციას აქვს, ავტონომიასაც უნდა ეკუთვნოდეს.ყველას აქვს ნება, მაგალითად, შეკრას პირობა უცხოელ ვაჭართან ან მრეწველთან ამა თუ იმ ნაწარმოების გაზიდვის და შემოზიდვის შესახებ.ავტონომიასაც უნდა ჰქონდეს ამისთანა უფლება ვაჭრობის და აღებ-მიცემობის სფეროში.ამისთანა ეკონომიკური განწყობილება ხელს არ უშლის საიმპერიო პოლიტიკას.ამისთანა უფლება აქვს ფინეთს და თითქმის ყველა ინგლისის კოლონიას.მაგალითად, კანადა 1907 წელს შეეკრა პირობით ჩრდილო ამერიკას სადამოჟნო ბაჟების შესახებ, 1908 წელს-დამნაშავეთა გაცემის შესახებ.1907 წლის შეთანხმება მოახდინა იაპონიასთან იაპონელთა ემიგრაციის შესახებ კანადაში და სხვა.აქედან ჩანს, რომ ზოგიერთ საქმეში ავტონომიის შევიწროვება არ არის ხელსაყრელი არც იმპერიისათვის.რაც შეეხება ომის და ზავის საკითხს, ამას ახსნა არ უნდა, როგორც მოგახსენეთ, ის უნდა იყოს სრულებით რუსეთის ხელში.საერთო ბიუჯეტი შეეხება საერთო საჭიროებას.ასეთი არის ის ხარჯი, რომელიც უნდა გასწიოს სახელმწიფომ საგარეო პოლიტიკის წარმოებაში, სახელმწიფოს საზღვრების დაცვაში და საერთო მთავრობის და დაწესებულებების შენახვაში.დაწვრილებით გათვალისწინება აქ ამ საკითხისა მეტად ძნელია, ეს უნდა გახდეს კერძო შესწავლის და განხილვის საგანი.ამ საერთო ბიუჯეტიდან საქართველოს მოუწევს ერთი წილი, რომლის რაოდენობა, ჩემი აზრით, განსაზღვრულ უნდა იქნას ხალხის რაოდენობის პროპორციით.თუ საქართველოს ხალხი ვთქვათ, წარმოადგენს 2 პროც.მთელი სახელმწიფოს ხალხისას, მაშინ 2 პროც.საერო ბიუჯეტისა უნდა შეიტანოს საქართველომაც.ასეთი მოსაზრება წარმოადგინეს ამ კითხვის გადასაწყვეტად პოლონელებმა ამ ათი წლის წინათ სახელმწიფო სათათბიროში.გიორგი გვაზავას აზრით, ჩვენთვისაც შეიძლება ეს აზრი მისაღები იყოს.

აღმასრულებელი ძალა არის მეორე მნიშვნელოვანი ელემენტი სახელმწიფოებრივ უფლებათა.კანონებს არა მარტო შემუშავება და გამოცემა უნდა, საჭიროა აგრეთვე აღმასრულებელი ორგანოები.აღმასრულებელი ძალა რესპუბლიკაში პრეზიდენტის ხელშია.იგი არის თავი და წარმომადგენელი სახელმწიფოსი, იგი იწვევს საკანონმდებლო საკრებულოს, აწყობს სამინისტროებს, ნიშნავს მოხელეებს, აქვს მიწერ-მოწერა და განწყობილება სხვა და სხვა სახელმწიფოებთან და ა.შ.ჩრდილო ამერიკის შტატებში აღმასრულებელი ძალა აბარია გენერალ-გუბერნატორს, რომელსაც ირჩევს ხალხი ან უფრო ხშირად ხალხის წარმომადგენლობა, ერთიდან ოთხი წლის ვადით.შვეიცარიის კანტონებში ასეთი წარმომადგენელი აღმასრულებელი ძალისა სულ არ არის.იქ ირჩევენ პირდაპირ რამოდენიმე მინისტრს და იმათ ევალებათ ყოველი საქმის მართვა-გამგეობა.ფინეთში აქამდე ინიშნებოდა რუსეთის მთავრობის მიერ ფინეთის გენერალ-გუბერნატორი და მართვა-გამგეობის სათავეში ედგა ფინეთის სენატი მისი დეპარტამენტებით.ამისთანა ორჭოფობამ ბევრი სიმწვავე გამოიწვია ფინეთში და ჩვენ გვერდი უნდა აუხვიოთ უფლების ისეთ ორგანიზაციას, რომელიც ამისთანა სიმწვავეს და არევ-დარევას გამოიწვევს.ამიტომ უნდა დავადგეთ სხვა გზას:ავტონომიის თავმჯდომარე და წარმომადგენელი უნდა იყოს არჩეული ხალხის წარმომადგენლობის მიერ და პასუხისმგებელი მის წინაშე.უნდა მოეწყოს საქართველოში სამინისტრო:შინაგან საქმეთა, საფინანსო, ხალხის განათლების, შრომის, მიწად-მოქმედების, სამხედრო და შეიძლება ზოგიერთი სხვაც, თუ ამას საჭიროება მოითხოვს.

სამართალს რაც შეეხება, ის შეადგენს მესამე ელემენტს, სახელმწიფოებრივი უფლებისას.სამართალის ადგილობრივ მოწყობას ეხლაც შეუდგნენ და აქ დიდი შესწორების შეტანა შეიძლება არც კი დაგვჭირდეს.მცირე და ყოველდღიური საქმეებისათვის ყველგან შემოღებულია მომრიგებელი მოსამართლე, რომელსაც ირჩევს ადგილობრივი ხალხის წარმომადგენლობა, ე.ი. საქალაქო ან სასოფლო თვითმმართველობა.უფრო ძვირფასიანი და მნიშვნელოვანი საქმისათვის არიან სამი საოლქო სასამართლო და სამოსამართლო პალატა, როგორც მეორე ინსტანცია ამ საქმეებისათვის.უმაღლეს სამოსამართლო დაწესებულებას, საქართველოს სენატს, აქვს დიდი მნიშვნელობა.მან უნდა გაატაროს ცხოვრებაში მიღებული კანონმდებლობა, ახსნას და განმარტოს იგი და დაამყაროს ერთნაირი უფლებრივი წესი და მიმართულება.ამას დიდი მნიშვნელობა აქვს თვით უფლების შემეცნების გასაღრმავებლად და კულტურული წინსვლელობისათვის.

გიორგი გვაზავა ეხება საქართველოს განწყობილებას რუსეთთან მიმართებაში.ჩვენ მივიღებთ საქართველოს, როგორც დამოკიდებულ სახელმწიფოებრივ ერთეულს.მისი ტერიტორია იქნება უფლებრივად შემოხაზული, მისი კანონმდებლობა, მართვა-გამგეობა, ხარჯის აკრეფა და სამართალი-განსაზღვრული, დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული და თავისუფალი.აქ იბადება საკითხი-რაში და როგორ უნდა გამოიხატოს საურთიერთო განწყობილება საქართველოსა და რუსეთს შორის? ეს საგანი სხვა და სხვა ქვეყნებში სხვა და სხვა ნაირად არის მოწყობილი.ფინეთის შესახებ, მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ იყო სტატს-სეკრეტატი-ეს იყო თავისებური შუამავალი ფინეთსა და რუსეთს შორის.ამას უნდა წარედგინა იმპერატორისათვის სეიმის მიერ მიღებული კანონები დასამტკიცებლად და შუამდგომლობა გაეწია იმპერატორის წინაშე ფინეთის საქმეების მოსაწესრიგებლად.ინგლისსა და მის თავისუფალ კოლონიებს შორის სხვანაირად არის მოწყობილი დამოკიდებულება.ინგლისი მხოლოდ გენერალ-გუბერნატორს ნიშნავს, რომელსაც შეუძლია დაადოს „ვეტო“ ადგილობრივად მიღებულ კანონებს და შეაჩეროს მისი მოქმედება.თვითონ ინგლისს აქვს იმისთანა უფლება, რომი შეუძლია ორი წლის განმავლობაში შეაჩეროს ყოველი კანონი, ადგილობრივი პარლამენტის მიერ მიღებული, თუნდაც რომ გუბერნატორმა არც კი დაადოს ვეტო, ამავე დროს ყველა თავისუფალ ავტონომიებს ჰყვათ თავისი წარმომადგენელი ინგლისში-კომისარები.თავდაპირველად ისინი იყვნენ უბრალოდ აგენტები, მერე თან და თან მოიპოვეს დიპლომატიური და პოლიტიკური მნიშვნელობა და ეხლა ისეთივე როლს თამაშობენ, როგორც ავტონომიის ელჩები ინგლისის მთავრობის წინაშე.უნგრეთის სამინისტროში შედის ეგრეთ წოდებული, უპორტფელო მინისტრი კროაციის და სლოვენიის.ეჭვი არ არის საქართველოს უნდა ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი რუსეთის მთავრობაში, სულ ერთია იქნება იგი კომისარი, სტატს-სეკრეტარი თუ უპორტფელო მინისტრი.ვინაიდან საერთო არის საგარეო პოლიტიკა, საკითხი ომის და ზავის და აგრეთვე საბიუჯეტო ხარჯი, აუცილებლად საჭიროა იქ იყოს ჩვენი კაცი, რომელიც დაიცავს ჩვენს ინტერესებს და შეათანხმებს მათ საერთო საიმპერიო მოთხოვნილებასთან.გიორგი გვაზავას აზრით, ასეთი უნდა იყოს საქართველოს ავტონომია.„რუსეთის დიდმა რევოლუციამ და საერთაშორისო განწყობილებამ უკვე წამოაყენა ლოზუნგი ერთა განთავისუფლებას.ამიტომ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ საქართველოსაც ეღირსება განთავისუფლება.“-ამბობს გიორგი გვაზავა.










თინათინ ბიკაშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მე-4 კურსი

0
56
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ ბიკაშვილი
თინათინ ბიკაშვილი
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0