x
სიტყვის ემოციურობის გავლენა მეხსიერებაზე და მისი კავშირი რიგში ადგილმდებარეობის ეფექტთან

ადამიანის არსებობა და ცხოვრება წარმოუდგენელია წარსული გამოცდილების გარეშე. მეხსიერების ფუნქცია არის გამოცდილების შეძენა, წარსულში აღქმულისა თუ განცდილის შენახვა, მომავალ ქცევაში მისი გათვალისწინება და ჩართვა. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ მეხსიერებას თავისი სირთულითა და მოცულობით, ფორმებისა და მექანიზმების სიმრავლით, ვერც ერთი სხვა ფსიქიკური ფუნქცია ვერ შეედრება. მეხსიერება პირობითად შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც პროცესთა სამი ეტაპი, რომელთაგან თითოეული განსხვავდება თავისი ფსიქოლოგიური სტრუქტურით და კონკრეტული ამოცანით. ეს ეტაპებია: ინფორმაციის აღბეჭდვა ( კოდირება), შენახვა და აღდგენა.
თითოეული ამ ეტაპის არსებობა აუცილებელია მეხსიერების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. რომელიმე ეტაპზე შეფერხება კი იწვევს მეხსიერების ფუნქციის მოშლას.
მეხსიერების ფსიქოლოგებს აინტერესებთ, როგორ ხდება შთაბეჭდილებების აღბეჭდვა, რა პირობები უწყობს ან უშლის ხელს მათ ფიქსაცია, რა მოცულობისა და ხარისხის ინფორმაცია ფიქსირდება მეხსიერებაში. რაც შეეხება წარსულის აღდგენას, ამ შემთხვევაში ფსიქოლოგთა ყურადღება მიმართულია იმ პირობებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც განსაზღვრავენ მასალის, როგორც მოგონების განზრახვით აღდგენას, ასევე მეხსიერების უნებლიე ფორმებსაც. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ადამიანი, ყოველგვარი განზრახვის გარეშე, უნებლიედ, იხსომებს იმას, რისი დახსომების სურვილი და განზრახვა ცნობიერად არ ჰქონია. მეხსიერების არაცნობიერი მოქმედების შედეგია პიროვნების განვითარება-ჩამოყალიბება, მისი მსოფლმხედველობის ფორმირება, ცოდნის, განათლების მიღება, ჩვევების შეძენა და ა.შ.
ჰერმან ებინგჰაუსი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მეხსიერების პროცესების ექსპერიმენტული კვლევა დაიწყო. მის მიერ დადგენილი კანონზომიერებები ფსიქოლოგიის კლასიკად ითვლება. სწორედ მის მიერ დადგენილი კანონზომიერებების გადასინჯვასა და შემოწმებას ემსახურებოდა ჩემი ექსპერიმენტი. კერძოდ, მან დაადგინა რიგში ადგილმდებარეობის ეფექტი, რაც გულისხმობს, რომ სიტყვათა მწკრივის დახსომებისას, ადამიანებს უფრო უკეთ ამახსოვრდებათ მწკრივის დასაწყისში( მწკრივის დასაწყისის ეფექტი) და ბოლოში ( მწკრივის დაბოლოების ეფექტი) განთავსებული სიტყვები, ხოლო სიტყვების აღდგენა მწკრივის შუა ნაწილიდან უარესად ხდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მურდოკმა( 1962) ჩაატარა ექსპერიმენტი, სადაც ცდის პირებს ევალებოდათ ესწავლათ სიტყვათა მწკრივი, რომელიც შედგებოდა 10-დან 40 სიტყვამდე, ერთხელობრივი აღქმის საფუძველზე. შემდგომ კი უნდა აღედგინათ თავისუფალი წესით, რაც გულისხმობს, რომ არ არის საჭირო დაცული იქნას თანმიმდევრობა.
ამ ექსპერიმენტმა დაადასტურა რიგში ადგილმდებარეობის ეფექტის არსებობა. რიგში ადგილმდებარეობის ეფექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ იგი გვეუბნება ჩვენი მეხსიერების სტრუქტურის შესახებ. არსებობს ამ ეფექტის ახსნა, რაც შემდეგი მიზეზებითაა განპირობებული: მწკრივის დასაწყისის ეფექტი შედეგია ხანგრძლივი მეხსიერებიდან მასალის ამოტანისა. მწკრივის პირველი სიტყვები „ცარიელ“ ხანმოკლე მეხსიერებაში თავსდება და ცდის პირს შესაძლებლობა აქვს რამდენჯერმე გაიმეოროს მაგრამ თანდათანობით დაახლოებით 6 სიტყვის შემდეგ, მას უხდება იმაზე მეტი რაოდენობის დამახსოვრება, რისი შესაძლებლობაც ხანმოკლე მეხსიერებას არ აქვს. ასე რომ, მწკრივის შუა სიტყვები „ გადავსებულ“ ხანმოკლე მეხსიერებაში ხვდებიან და მათი დამახსოვრება შედარებით შეფერხებულია. რაც შეეხება, მწკრივის დაბოლოების ეფექტს, აღდგენის მომენტისთვის სიტყვები ჯერ კიდევ ხანმოკლე მეხსიერებაში იმყოფებიან და უშუალოდ აქედან ხდება მათი აღდგენა. ამას ისიც ადასტურებს, რომ ცდის პირები ხშირად მწკრივის აღდგენას ბოლოდან იწყებენ. თუმცა, შემდგომში გლანცერმა და გუნიცმა (1966) დაადგინეს, რომ მწკრივის დაბოლოების ეფექტი არ ვლინდებოდა მაშინ, როდესაც ცდის პირები აღადგენდნენ სიტყვებს რაღაც დროის მონაკვეთის გასვლის შემდეგ (30წამი).
აღნიშნული ფენომენი დავუკავშირე ჰერმან ებინგჰაუსის მიერ დადგენილ კანონზომიერებას, რომელიც შეეხება მეხსიერებისა და ემოციის მიმართებას. რომელი სიტყვების დახსომება ხდება უფრო უკეთ ემოციურის თუ ნეიტრალურის? ებინჰაუსმა ჩაატარა ექსპერიმენტების სერია, საიდანაც დაადგინა, რომ ემოციურად დატვირთული სიტყვების დახსომება უფრო უკეთ ხდება, ვიდრე ნეიტრალურის. ხოლო უარყოფითი სიტყვებისა- უკეთ, ვიდრე დადებითისა. აქედან გამომდინარე, ვივარაუდე, რომ შესაძლოა რიგში ადგილმდებარეობის ეფექტი არ გამოვლინდეს იმ შემთხვევაში თუ მწკრივის შუა ნაწილში განვალაგებთ სიტყვებს, რომლებიც უარყოფითი ემოციებით იქნება დატვირთული, ხოლო მეორე შემთხვევაში მწკრივის ამავე ნაწილში განვალაგებთ ნეიტრალურ სიტყვებს. ვიმსჯელე რა ზემოთ მოცემულ თეორიებზე დაყრდნობით, ჩამოვაყალიბე ჩემი საკვლევი ჰიპოთეზა- უარყოფითად ემოციური სიტყვები მწკრივის შუა ნაწილში უკეთ ამახსოვრდებათ, ვიდრე ნეიტრალური სიტყვები. აგრეთვე, დავთვალე შემთხვევები, რომლებშიც გამოვლინდა რიგში ადგილმდებარეობის ეფექტი სხვადასხვა პირობაში.

მეთოდი: ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად ექსპერიმენტი ჩატარდა ცდის პირთა შორისი სქემის გამოყენებით, რაც ნიშნავს იმას, რომ კვლევაში მონაწილეობას იღებდა ცდის პირთა ორი დამოუკიდებელი ჯგუფი, რომლებსაც მიეწოდებოდათ სხვადასხვა პირობა. ცდის პირებს მიეწოდებოდათ სიტყვათა მწკრივი, რომელიც წარმოდგენილი იყო 15 სიტყვისაგან, საიდანაც პირველი 5 სიტყვა მიეკუთვნებოდა მწკრივის დასაწყისს, შემდეგი 5- შუა ნაწილს, ხოლო ბოლო 5 სიტყვა მწრივის ბოლო ნაწილს წარმოადგენდა. ექსპერიმენტულ პირობაში, ცდის პირებს მიეწოდებოდათ მწკრივი, რომლის შუა ნაწილი წარმოდგენილი იყო უარყოფითად ემოციური სიტყვებით, ხოლო თავი და ბოლო ნეიტრალური სიტყვებით. საკონტროლო პირობაში კი 15 სიტყვიანი მწკრივი წარმოდგენილი იყო იმავე ნეიტრალური სიტყვებით თავში და ბოლოში, როგორც ექსპერიმენტულში, განსხვავება იყო მხოლოდ შუა ნაწილში, სადაც ნეიტრალური სიტყვები იყო უარყოფითის ნაცვლად ექსპერიმენტში მონაწილება მიიღო სულ 60-მა სტუდენტმა 19-დან 22-წლამდე, რომელთა რიცხვშიც შედიოდა ორივე სქესის წარმომადგენელები. ცდის პირები პირობებში შემთხვევითად იყვნენ გადანაწილებულნი. მათ ჯერ მიეწოდებოდათ ინსტრუქცია, რომელშიც ახსნილი იყო თუ როგორ უნდა შეევსოთ ტესტი. ორივე პირობაში მათ ევალებოდათ ერთხელ წაეკითხათ სიტყვათა ჩამონათვალი და შემდეგ, დაუყონებლივ გადაეშალათ ფურცლის მეორე მხარეს და დაეწერათ ის სიტყვები, რომლებიც დაამახსოვრდათ.
კვლევა ჩატარდა ერთსა და იმავე პირობებში, ერთსა და იმავე დროს, ექსპერიმენტი გადანაწილდა ორ დღეზე. ექსპერიმენტს ვატარებდი დილის საათებში, რათა თავიდან ამეცილებინა გვერდითი ცვლადები. აგრეთვე, კვლევა ტარდებოდა მყუდრო აუდიტორიაში.

კვლევის შედეგის მიხედვით, ჰიპოთეზა იმასთან დაკავშირებით, რომ მწკრივის შუა ნაწილში უკეთ ხდება უარყოფითად ემოციური სიტყვების დამახსოვრება ვიდრე ნეიტრალურისა გამართლდა. ნაწილობრივ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რიგში ადგილმდებარეობის ეფექტის გამოვლენაც დამოკიდებული იქნება იმ სიტყვების შინაარსობრივ ან ემოციურ მხარეზე, რომელთაც ვაწვდით ცდის პირებს დასამახსოვრებლად. მაშასადამე, შესაძლოა გახდეს საჭიროება იმისა, რომ ხელახლა გადაიხედოს მეხსიერების მრავალსაცავიანი თეორია, რომლის ერთ-ერთ არგუმენტად მოყვანილია რიგში ადგილმდებარების ეფექტის ახსნა. ასე რომ, ჩემი ექსპერიმენტი შეიძლება ჩაითვალოს პროდუქტიულად, რომელმაც შეიძლება შემდგომ კვლევებს დაუდოს საფუძველი.




image

0
189
შეფასება არ არის
ავტორი:მარი შეყილაძე
მარი შეყილაძე
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0