x
მეხსიერების დარღვევის ფორმები და მათი სიმპტომები

გამღიზიანებლის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ მის შესახებ ინფორმაციის შენახვას მეხსიერებას უწოდებენ.
მეხსიერების დარღვევები საკმაოდ მრავალფეროვანია. არსებობს არა მარტო მეხსიერების დაქვეითება, არამედ მისი მომატებაც, რომელიც ასევე წარმოადგენს მისი დარღვევის ფორმას. ჰიპომნეზია ანუ მეხსიერების დაქვეითება შეიძლება ასაკობრივი ცვლილებების შედეგი იყოს, ან თანდაყოლილი მახასიათებელი ანდაც თავის ტვინის სხვადასხვა ეტიოლოგიის დაავადების შედეგად განვითარებული მეხსიერების გაუარესება. ეს ავადმყოფები, როგორც წესი, მეხსიერების ყველა ფორმის გაუარესებით ხასიათდებიან. დარღვევის დამოუკიდებელ ფორმად აღიწერება პარამნეზიები (მცდარი ცნობა) - თავისებური მდგომარეობა, როდესაც ადამიანი უცხო ობიექტთან შეხვედრისას მათ თითქოსდა “ცნობს” (deja vu და jaimais vu ფენომენი).ასევე, მეხსიერების ერთ-ერთ ანომალიას წარმოადგენს ჰიპერმნეზია - მეხსიერების გაძლიერება, მასალის დამახსოვრების მოცულობისა და სიმყარის მკვეთრი ზრდა საშუალო ნორმალურ მაჩვენებელთან შედარებით. იგი შეიძლება განვითარდეს ჰიპოფიზის დაზიანების შედეგად.
მეხსიერების დარღვევების ჯგუფში შედის ასევე ფსიქოგენური ანუ დისოციაციური ამნეზია, რომელიც აღმოცენდება ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმისან სტრესის შედეგად და მოიცავს მატრავმირებელი მოვლენების ფოკალურ ამოვარდნას მეხსიერებიდან. ამ ტიპის მეხსიერების დარღვევას საფუძვლად უდევს არა თავის ტვინის ორგანული დაზიანება, არამედ ფსიქოლოგიური ფაქტორები.
მეხსიერების დარღვევების ცალკე ფორმას წარმოადგენს ამნეზიები და მათ შორის გამოიყოფა ამნეზიათა ჯგუფი, რომლებიც თავის ტვინის ლოკალური დაზიანების შედეგად ვითარდება. ასეთებია, მაგალითად, ანტეროგრადული ამნეზია და რეტროგრადული ამნეზია. ანტეროგრადული გულისხმობს ტრავმის შემდგომი მოვლენების დავიწყებას. ფაქტიურად პაციენტს დარღვეული აქვს მეხსიერება მიმდინარე მოვლენებზე, მას არ ახსოვს რას აკეთებდა რამდენიმე წუთის წინ. მაგრამ შესაძლოა ახსოვდეს მოვლენები მისი შორეული წარსულიდან, შენარჩუნებული ჰქონდეს პროფესიული უნარ-ჩვევები. რეტროგრადული კი გულისხმობს უშულოდ ტრავმის მომენტის ან მის წინ მომხდარი მოვლენების დავიწყებას.
ა. ლურია გამოყოფს მეხსიერების დარღვევის ორ ძირითად ტიპს და, ასევე, მეხსიერების დარღვევის განსაკუთრებულ ფორმას - ფსევდოამნეზიას.
პირველ ტიპს მიეკუთვნება მეხსიერების მოდალურად-არასპეციფიკური ფორმები ანუ მეხსიერების დარღვევის პათოლოგიური მოვლენე ის ჯგუფი, რომლისთვისაც საერთოა ნებისმიერი მოდალობის ინფორმაციის ცუდი აღბეჭდვა. ისინი აღმოცენდება თავის ტვინის შუამდებარე არასპეციფიკური სტრუქტურების სხვადასხვა დონეზე დაზიანების შედეგად და ხასიათდებიან სხვადასხვა ნიშნებით. ყველაზე უკეთაა ის დარღვევები შესწავლილი, რომლებიც დაკავშირებულია დიენცეფალური ( ჰიპოფიზის) დონის დაზიანებასთან. ავადმყოფებს ჰიპოფიზის დაზიანებით აღენიშნებათ ხანმოკლე მეხსიერების(მეხსიერება მიმდინარე მოვლენებზე) დარღვევის ნიშნები. მთავარი მიზეზი არის ხანმოკლე მეხსიერებაში, ინტერფერენციის მოქმედების გამო, კვალის მაღალი დამუხრუჭებადობა. კვალის დამიხრიჭება შეიძლება იყოს პროაქტიული ( როდესაც ახალი ინფორმაციის გახსენებას ხელს უშლის ძველი ) და რეტროაქტიული ( როდესაც ახალი ინფორმაცია ხელს უშლის ძველის გახსენებას). მაგალითად, როდესაც პაციენტს მიაწოდებენ სიტყვათა მწკრივს: კატა, ხე, ცა, მაისური. იგი პირველ შემთხვევაში აღადგენს კატას, თავდაპირველად მიწოდებულ სიტყვებს, ხოლო რეტროაქტიულის შემთხვევაში მწკრივის ბოლო ნაწილს- მაისური. მეხსიერების ამ ტიპის დარღვევას ასევე თან ახლავს ე.წ კვალთა რემინისცენცია, რომლის დროსაც ხდება მასალის უკეთესი გახსენება გადავადებული აღდგენისას უშუალო აღდგენასთან შედარებით.
მეხსიერების მოდალურად-არასპეციფიკურ დარღვევებს ლიმბური სისტემის დაზიანებაც იწვევს. მათ მიეკუთვნება კორსაკოვის სინდრომიც, რომლის დროსაც პაციენტებს არ გააჩნიათ მეხსიერება მიმდინარე მოვლენებზე. ისინი რამდენჯერმე ესალმებიან ექიმს, მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე ნახეს, მათ არ შეუძლიათ გაიხსენონ რას აკეთებდნენ ცოტა ხნის წინ. თუმცა ახსოვთ შეგრძნებები, რომლებიც მიიღეს ამა თუ იმ მოვლენის განცდის შედეგად. კლაპრადმა ჩაატარა ასეთი ექსპერიმენტი: პაციენტებს ხელის ჩამორთმევისას ხელის გულზე ქინძისთავით ჩხვლეტდა, რამოდენიმე წუთის შემდეგ კვლავ ესალმებოდა მათ მაგრამ ისინი ხელს აღარ ართმევდნენ, თანაც პაციენტები ვერ ხსნიდნენ ამას რატომ არ აკეთებდნენ. აშკარაა რომ მათ არაცნობიერად ახსოვდათ უსიამოვნო მოვლენა, რომელიც ექიმთან ხელის ჩამორთმევამ გამოიწვია.
მოდალურად-არასპეციფიკური მეხსიერების დარღვევის შემდეგი ფორმა დაკავშირებულია თავის ტვინის შუბლის წილის მედიალური და ბაზალური უბნების დაზიანებისას. აღნიშნულს თან ახლავს ხანმოკლე მეხსიერების დარღვევა და კვალთა ინტერფერენცია, ხშირად სემანტიკური მეხსიერების დარღვევაც( ლოგიკურად დაკავშირებულ ცნებებზე მეხსიერები დარღვევა), იგი ვლინდება კვალთა შერჩევითი აღდგენის სიძნელეებში, მაგალითად, სიუჟეტური სურათის თუ ისტორიის თანმიმდევრული აღდგენის სირთულეში და გვერდითი ასოციაციების სიჭარბეში. ამ ავადმყოფებს აღენიშნებათ “გარეშე სიტყვების შემოტანის ფენომენი”, ანუ იმ სიტყვების რომლებიც არ იყო დასამახსოვრებელ სიაში.
უჭირთ ანალოგიების გაგება და ცნების განსაზღვა.
მნესტიკური სიძნელეები მეორე ტიპს, რომელიც თავის ტვინის ლოკალური დაზიანების კლინიკაში გვხვდება, წარმოადგენს მეხსიერების მოდალურად-სპეციფიკური დარღვევები. მაგალითად, სმენითი ვერბალური მეხსიერების დარღვევა, როდესაც ავადმყოფებს არ აღენიშნებათ მეხსიერების ზოგადი დარღვევები, არამედ დარღვეულია მხოლოდ სმენითი (ერთი მოდალობის) ინფორმაციის დამახსოვრება-აღდგენა. ასევე, არსებობს მხედველობით-ვერბალური მეხსიერება, როდესაც ავადმყოფებს არ შეუძლიათ მათთვის ნაჩვენები საგნების დასახელება, თუმცა ესმით მათი ფუნქციონალური მნიშვნელობა. მეხსიერების არასპეციფიკური დარღვევების ჯგუფში, რომელიც უპირატესად მარჯვენა ჰემისფეროს სტრუქტურების დაზიანებითაა გამოწვეული ერთიანდებიან ამუზიები. იგი აღნიშნავს არასამეტყველო (მუსიკალური)სმენის დარღვევას. გამოყოფენ სენსორულ და მოტორულ ამუზიას. სენსორული ამუზიის დროს პაციენტს არ შეუძლია მუსიკალური ინსტრუმენტების დაკვრა ან სიმღერა ( როცა ადრე შეეძლო ), ხოლო მოტორული ამუზიის დროს პაციენტს არ შეუძლია განასხვავოს მუსიკები ერთმანეთისაგან, ვერ ცნობს ნაცნობი კომპოზიტორის ნაწარმოებებს. მისთვის მუსიკა აღიქმება როგორც ხმაური, რომელიც ახლა უკვე უსიამოვნოა მისთვის. მეხსიერების ამ ჯგუფის დარღვევებში ასევე უნდა აღინიშნოს პროზოპაგნოზია- სახეების ცნობის დარღვევა.უკიდურეს პაციენტი ვერ განასხვავებს ერთმანეთისაგან ქალის და კაცის, მოხუცის და ბავშვის სახეებს და ა.შ.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ლურიამ მეხსიერების დარღვევის ცალკე ტიპად გამოყო ფსევდოამნეზია, რომელიც დამახასიათებელია შუბლის წილების მასიური დაზიანების მქონე ავადმყოფებისათვის. როგორც ცნობილია, შუბლის წილები მოტივაციასა და ემოციების წარმოშობა-რეგულაციაზეა პასუხისმგებელი. შესაბამისად, ამ ავადმყოფების წინაშე შეუძლებელია თვითონ დამახსოვრების ამოცანის დაყენება, რადგან მათ უხეშად აქვთ დარღვეული განზრახვების, გეგმების და ქცევის პროგრამირების ფორმირების პროცესები. ის რომ ავადმყოფი “არ ღებულობს” დავალებას არ ნიშნავს, რომ მას მეხსიერების უხეში დარღვევა აქვს. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მათ საკმაოდ შენახული აქვთ უნებლიე მეხსიერება. მაგალითად, მათ შეიძლება ვერ შეძლონ ნებისმიერად ჩამოთვალონ დამახსოვრებული სიიდან სიტყვები, მაგრამ ადვილად ცნობენ მათ მიწოდებულ ბარათზე.
შუბლის სტრუქტურების დაზიანების მქონე ავადმყოფებს ფსევდოამნეზიების გარდა აღენიშნებათ სხვა ფსევდოსიძნელეებიც (მხედველობითი, სმენითი, თვალსაჩინო, ტაქტილური ფსევდოაგნოზიები და ა.შ), რაც ნებისმიერი ფსიქიკური აქტივობის სტრუქტურის დაშლითაა გამოწვეული.image

0
544
1-ს მოსწონს
ავტორი:მარი შეყილაძე
მარი შეყილაძე
544
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0