x
image
ერეკლე ცოცანიძე
გლდანის პატიმრის დღიური (გაგრძელება)

image


სამეურნეო ნაწილში ჩემი საქმე ჩამაბარეს, დღეში სამჯერ საჭმელი უნდა დავარიგო ვანოსთან ერთად. ძალიან კარგი ეს საშუალებას მომცემს პატიმრები ახლოს გავიცნო, შევხვდე კიდევ უფრო განსხვავებული აზროვნებისა და მენტალიტეტის ადამიანებს. ბადრიმ გვითხრა, პატიმრებს არ დაელაპარაკოთ, კამერასთან ახლოსაც კი არ მიხვიდეთო, მეც ჯერ მხოლოდ შორიდან დავაკვირდები, მათ ქცევას საუბარს, გავიგებ ვინ ვინაა. და ვის როგორ ექცევიან. ინფექციურში, მეორე კამერაში, ქუთაისელი ბიჭი ზის, ირაკლი, როგორც მითხრეს სერიოზულ პრესებში ჰყავთ გატარებული მაგრამ თავისას მაინც არ იშლის. თვლის რომ უსამართლოდ დაიჭირეს და ბოლომდე იბრძვის. ადვოკატად, თავისი ცოლი ჰყავს, აბა მეორე ნახევარზე უკეთ ვინ დაიცავს, სწორი გათვლაა. ვერაფერს ეუბნებიან, უკვე შეეგუვნენ რომ პრესების მიუხედავად
ყველაფერს უყვება ადვოკატს და ისიც არასამთავრობო ორგანიზაციებს აცნობს დეტალებს, ამიტომ ყველა კაპრიზს უსრულებენ. საჭმელი დავარიგეთ 11 საათზე მოვრჩით. კამერაში დავბრუნდი, ყავა გავიკეთე და სიგარეტს გავუკიდე. ამასობაში კუკურამ შემოიხედა, მოდი მეთქი ვუთხარი. დავსხდეთ ვისაუბრეთ, როგორ არიან სახლში რომ დარეკეთქო, ვკითხე. იმათ რა უჭირს მე კი გამომიშვეს აქო. ეგ როგორ მეთქი, არ მინდოდა იმ შეშაზე წასვლა სხვა საქმეები მქონდა და სანამ არ წავედი თავი არ დამანებესო. თან ერთი კარგად დაუკურთხა თავის აქ გამოგზავნს. უცებ მეც გამახსენდა ხოდაშნელი ვანო და ბურთი ყელში მომაწვა, სისხლი საფეთქლებში და
კიდევ კარგი სადმე ჩემს ახლოს არ იყო, თორემ დავიმატებდი სასჯელს, ალბათ შემომაკვდებოდა. დღეს ტელეფონები იყო, დავრეკე სახლშიც და შოთიკოსთანაც,
ბევრი ველაპარაკე. გული ვიჯერე საუბრით. ბიჭები ამბობენ გაგა მხოლოდ იმიტომ გაკრიტეს ჭორვილელი რომ იყო და შეეშინდათ აქ პოლიტიკური არ აეგორებინაო, აი აკო რატომ მიაყოლეს გაგას ეგ ჯერ ვერ გავიგეთ, რა მოხდა, ვის რა თავებს უმარხავდა. იქნებ არც არაფერი. უბრალოდ აქ ხომ ყველაფერი ბრიგადირის ნება სურვილზეა დამოკიდებული.

image


მამა

დღეს მამაჩემის გარდაცვალების დღეა. 15 წელი გავიდა რაც ინფარქტით დაიღუპა. მამა ახმეტის კულტურის სახლის დირექტორი იყო, წლები ემსახურა ამ სფეროს, უამრავ ცნობილ ადამიანთან ჰქონდა უერთიერთობა. ის ჩემთვის ყოველთვის დარჩება ეტალონად და მისაბაძ ადამიანად. ხშირად გვიჭირდა და დალხინებულები არ ვიყავით, ერთი პრინციპისთვის არასოდეს უღალატია და ეს პრინციპი იყო კაცობა, სიმართლე და სიალალე. სულ ღიმილი ეკერა სახეზე. მახსოვს ახმეტის კულტურის სახლი, მის ფოიეში განთავსებული სათამაშო ავტომატები, რომლებიც მაშინ ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. მახსოვს მისი თანამშრომლები, ხალასი ადამიანები. მახსოვს როგორ ელოდებოდა ზღვა ხალხი კულტურის სახლში პირველ პრეზიდენტს. იქვე შენობის წინ მდგარი მომღიმარი პატრიარქი და უწმინდესისგან ნაჩუქარი ჯვარი. მახსოვს დამწვარი კულტურის სახლი და არტყინებული ადამიანები რომლებსაც სურდათ დირექტორობა და მამას ციხეში გაშვება, შენობის დაწვის ბრალდებით. მახსოვს 1996 წლის 30 დეკემბერი. ახმეტის თავში, ულამაზესი წისქვილი, იმ წისქვილში ჩაწერილი საახალწლო გადაცემა. შემდეგ სუფრა და მამაჩემის ცრემლიანი თვალები. მახსოვს 5 დღის განმავლობაში, ახმეტის ტელეარხს მიშტერებული მამაჩემი, საახალწლო გადაცემის მოლოდინში.


გადაცემა არ გავიდა,
დაბლოკეს, არ გაუშვეს და თუ რატომ ეს დღემდე ამოცანად რჩება.


მახსოვს 1997 წლის შობის ღამე, მამა წინა დღეს გავიდა სახლიდან და ალვანში დარჩა შობა იქ გაატარა, 8 იანვარს დილით ჩემს სახლთან თელავში, ლურჯი ნოლ ექვსი
გაჩერდა, ნოლ ექვსიდან ბიძაჩემი, გიორგი ცოცანიძე გადმოვიდა, ძიას სახეზე ფერი არ ჰქონდა. ორი სიტყვა თქვა - მერაბი დაიღუპა- ორი სიტყვა, რომელიც იმ წუთას, ბევრ მრავალტომეულს გადასწონიდა. მახსოვს მოფუსფუსე ადამიანები, მახსოვს მამაჩემის ბევრი „ძმაკაცი“ რომლებიც მპირდებოდნენ, მერაბი აღარაა და დღეს შენ ხარ ჩვენთვის მის მაგივრადო, მის ადგილს გაკუთვნებთ საძმოშიო. შენ ჩვენი ძმა ხარო. მახსოვს პროცესია და ეზოში ჩამოსვენებისას, პირველად ნანახი მამის ცხედარი. ოთახში
ვერ შემიყვანეს სადაც მამა ესვენა. პარაკლისს ვერ დამასწრეს მაშინვე ცუდად ვხდებოდი.
და როდესაც პირველად დავინახე უსულოდ მყოფი მამაჩემი, ნელ ნელა სათითაოდ დაიწყო ცრემლმა დენა. და ოკეანედ იქცა, ისტერიკა დამემარტა და დამამშვიდებლები დამჭირდა. თითქოს ჩემი 11 წლის და უფრო მხნედ იყო, მაგრამ მასაც ღაპაღუპით სდიოდა ცრემლები. წავიდა მამა, წავიდა და მას შემდეგ ჩემი ცხოვრებაც რადიკალურად შეიცვალა. თავი მოვაწყინე ალბათ მკითხველს ჩემს ტრაგედიაზე საუბრით მაგრამ
ეს ის ერთდერთი შემთხვევაა, როდესაც ძალიან მინდა რაღაც ვთქვა. ამოვანთხიო ის რაც გულში წლებმა დააგროვა. მეზიზღებით ყველა ვინც ფარისვლურად მეფერებოდით, იმ მძიმე დღეებში. მეზიზღებით და მეცოდებით, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი მარტო ჩემთან არ ფარისევლობთ, ზუსტად ვიცი, როდესაც თქვენ წახვალთ, ფარისევლის და მლიქვნელის სახელი დაგრჩებათ, მე კი მე ამაყი ვარ. ამაყი ვარ იმით რომ დღესაც, მამის გარდაცვალებიდან 15 წლის შემდეგ, მთელს ახმეტის რაიონში, ყველა ნაცნობი და ხანდახან უცნობი ადამიანებიც, მას სიყვარულით და თბილად იხსენებენ, იხსენებენ როგორც კაცს, მსიკეთით და სიტბოთი სავსეს. მე ამაყი ვარ, რომ მყავდა მამა, რომელმაც მასწავლა რას ნიშნავს იყო თუში, შემაყვარა პოეზია და რომელის სახელი და გვარიც იყო მერაბი ცოცანიძე. მე ამაყი ვარ რომ მყავს დედა, რომელმაც მარტომ გამზარდა. ყველაფერი გააკეთა ჩემი და ჩემი დის წარმატებისა და განათლებისთვის. მეამაყებით ყველაზე, ყველაზე ძალიან.

0
114
2-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0