x
ტრანსაქციებისა და ცხოვრებისეული პოზიციების ტიპები, ერიკ ბერნის მიხედვით
ტრანსაქციული ანალიზიტრანსაქცია, ერიკ ბერნის მიხედვით, არის მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტრანსაქცია ურთიერთობის ერთეულია.


ტრანსაქცია იწყება ტრანსაქციული სტიმულით, აღმძვრელი/წამქეზებელი სვლით, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ერთი ადამიანის არსებობა (ან ქცევა) აღქმულია მეორის მიერ.


ტრანსაქცია (ტრანსაქტი) - ქცევების/მოქმედებების გაცვლა-გამოცვლაა. ხოლო საპასუხო რეაქცია ქცევაზე ტრანსაქციული რეაქცია, საპასუხო სვლაა. ეს ყველაფერი ძალიან წააგავს სავაჭრო ოპერაციას, ამიტომ ხშირად ტრანსაქციას გარიგებას, შეთანხმებასაც უწოდებენ.


ტრანსაქციულ სტიმულზე საპასუხო რეაქცია შეიძლება იყოს: ღიმილი, თვალის არიდება, წარბების შეკვრა და ა.შ. როგორც წესი, ადამიანები სწორად და სწრაფად რეაგირებენ ტრანსაქციულ სტიმულებზე. მაგალითად: ავტობუსში ბატონი A თავაზიანად უთმობს ადგილს ქალბატონ B-ს. გასაგებია, რომ A-მ შეამჩნია B და მათ შორის შედგა ტრანსაქტი.



ტრანსაქციები თავისი ხასიათით შეიძლება იყოს დადებითი, კეთილისმსურველი და ასევე უარყოფითი, არაკეთილისმსურველი და აგრესიულიც კი.

ძირითადად გამოყოფენ ტრანსაქციის დამატებით (პარალელურ), ჯვარედინ (გადამკვეთ) და ფარულ ფორმებს. ყველაზე გონივრული და ჯანსაღი დამატებითი ტრანსაქციაა, როცა ადამიანისგან წამოსული სტიმული, იწვევს ადეკვატურ, მოცემული სიტუაციისთვის ბუნებრივ რეაქციას. ბერნი თვლის, რომ სანამ ტრანსაქცია დამატებითია (ანუ ურთიერთქმედების ვექტორები პარალელურია და არასდროს არ იკვეთება), კომუნიკაციის პროცესი შეუფერხებლად, კონფლიქტის გარეშე განუსაზღვრელად დიდხანს შეიძლება წარიმართოს. კომუნიკაცია ირღვევა თუ ხორციელდება გადამკვეთი ტრანსაქციები ანუ გარკვეულ ტრანსაქციულ სტიმულს მოყვება არაადეკვატური რეაქცია, ირთვება სტიმულის შეუსაბამო “ეგო-მდგომარეობა’’. ჯვარედინი ტრანსაქციები ორმხრივი საყვედურებით, სარკასტული რეპლიკებით იწყება, რასაც, რა თქმა უნდა, კონფლიქტამდე მივყავართ. მაგალითისთვის განვიხილოთ დიალოგი ხელმძღვანელსა და დაქვემდებარებულს შორის:


ხელმძღვანელი: ნინო, გააგზავნეთ წერილი, რომელიც გუშინ გადმოგეცით?

მდივანი (ნინო): დიახ, მაშინვე გადავეცი გასაგზავნად. თუ გნებავთ, შევამოწმებ გაგზავნილია თუ არა.

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ტრანსაქციის ხასიათი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ჟღერს სათქმელი. თუ ზემოთ მოყვანილ მაგალითში ხელმძღვანელის მიერ კითხვა დასმულია მშვიდი, გაწონასწორებული ტონით, მაშინ სტიმულის წყარო “ზრდასრულის’’ ეგო-მდგომარეობაა და მიმართულია მდივნის იმავე მდგომარეობისკენ (პარალელური ტრანსაქცია).


თუ იგივე კითხვა წარმოთქმულია გაღიზიანებული, საყვედურის შემცველი ტონით, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტიმული მომდინარეობს “მშობლის’’ ეგო-მდგომარეობიდან და მიმართულია თანამოსაუბრის “ბავშვის’’ ეგო-მდგომარეობისკენ. მიუხედავად ამისა, თუ თანამოსაუბრე, ამ შემთხვევაში მდივანი, ახერხებს პასუხი გასცეს მშვიდ, გაწონასწორებულ ტონალობაში, მაშინ ხორციელდება ჯვარედინი ტრანსაქცია, სადაც სტიმული აკავშირებს მდგომარეობებს “მშობელი-ბავშვი’’, ხოლო პასუხი - “ზრდასრული-ზრდასრულია’’.


პარალელური ტრანსაქციის ხასიათის უკეთ გასაგებად მოვიყვანოთ კიდევ ერთი მაგალითი. მოსწავლე, რომელსაც თავისი ბავშვობის გამოცდილებით დასწავლილი აქვს, რომ უფროსებმა მასზე უნდა იზრუნონ, რადგან თვითონ საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია, მიდის მასწავლებელთან, როგორც ჩვეულებრივ იგი მიდიოდა დედასთან ან მამასთან და ეკითხება მას დავალების შესახებ საჭირო ინფორმაციას ანუ მოსწავლე მასწავლებელთან ურთიერთობს “ბავშვის’’ ეგო-მდგომარეობიდან და საპასუხო რეაქციას ელის “მშობლის’’ ეგო-მდგომარეობიდან. თუ მასწავლებელი პასუხს გასცემს მზრუნველი, თბილი ტონით (“მზრუნველი მშობელი’’) ან პირიქით, გაღიზიანებული, საყვედურის შემცველი ტონით (“კრიტიკული მშობელი’’) მათ შორის დამყარდება პარალელური ტრანსაქცია, რადგან სტიმულზე იმ ეგო-მდგომარეობიდან მოხდა რეაგირება, რომლისკენაც მიმართული იყო.


რაც შეეხება ტრანსაქციის ფარულ ფორმას, ის ყველაზე რთულია, რადგან 2 დონეზე მიმდინარეობს. პირველი არის სოციალური, რომელიც აღწერს ურთიერთობის ფორმალურ მხარეს და უფრო ხშირად ხორციელდება “ზრდასრული-ზრდასრული’’ მდგომარეობებს შორის. ხოლო მეორე ფსიქოლოგიურია, რომელიც ნათქვამის ქვეტექსტს გამოხატავს და ჩვეულებრივ ხორციელდება “მშობელი-ბავშვი’’ ან “ბავშვი-მშობელი’’ მდგომარეობებს შორის. ფარული ტრანსაქცისას რეალური შეტყობინება ინიღბება სოციალურად მისაღები სტიმულით. მეტი თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ მაგალითი:


მასწავლებელი: მზად ხარ დღევანდელი გაკვეთილისთვის?

მოსწავლე: რა თქმა უნდა, წავიკითხე და ვეცადე გამეანალიზებინა.

ერთი შეხედვით, ეს დიალოგი პარალელური ტრანსაქციის მაგალითია: “ზრდასრული ზრდასრული’’. სოციალურ დონეზე მართლაც ასეა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ვიზუალურ ნიშნებსა და ხმის ტონს, რომლებთან ერთადაც წარმოთქმული იყო სათქმელი, მაშინ სულ სხვა სურათს მივიღებთ.

მასწავლებელი (მკვეთრად, უხეშად სხვამს კითხვას, სახის კუნთები დაჭიმულია, წარბები შეკრული), მოსწავლე (გაუბედავად, აღელვებული პასუხობს, მხრები აწეული აქვს, თავი წინ დახრილი, მზერა მიმართულია ქვემოდან ზემოთ).

ფსიქოლოგიურ დონეზე ეს ურთიერთობა მიმდინარეობს “მშობელსა’’ და “ბავშვს’’ შორის. ქვეტექსტი შემდეგნაირად ჟღერს:

მასწავლებელი: შენ ყოველთვის მოუმზადებელი მოდიხარ გაკვეთილზე!

მოსწავლე: თქვენ ყოველთვის უსამართლოდ მექცევით!


ფარულ ტრანსაქციას ორმაგი ტრანსაქციაც შეგვიძლია ვუწოდოთ.



დასასრულისთვის, მოკლედ მიმოვიხილოთ ბერნის ტრანსაქციულ ანალიზში აღწერილი 4 შესაძლო ცხოვრებისეული პოზიცია, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის დამოკიდებულებას საკუთარ თავთან და სხვებთან:


1. “მე კარგი ვარ, შენ კარგი ხარ;’’
2. “მე ცუდი ვარ, შენ ცუდი ხარ;’’
3. “მე ცუდი ვარ, შენ კარგი ხარ;’’
4. “მე კარგი ვარ, შენ ცუდი ხარ;’’


1. “მე კარგი ვარ, შენ კარგი ხარ’’- ეს არის საკუთარი თავით კმაყოფილებისა და სხვების სრული მიმღებლობის პოზიცია, რომელიც დამახასიათებელია წარმატებული, ჯანმრთელი პიროვნებისთვის. ასეთ ადამიანს აქვს დადებითი დამოკიდებულება და ურთიერთობა გარშემომყოფებთან, აღიარებულია სხვების მიერ, არის გულისხმიერი, თავდაჯერებული, იწვევს ნდობას და თავადაც ენდობა სხვებს, შეუძლია ადაპტირება გარემო ცვლილებებთან, შინაგანად თავისუფალია, გაურბის კონფლიქტებს და არ ხარჯავს დროს საკუთარ თავთან ან გარშემომყოფებთან ბრძოლაში, თვლის, რომ თითოეულმა
ადამიანმა ბედნიერებისთვის უნდა იცხოვროს.


2. “მე ცუდი ვარ, შენ ცუდი ხარ’’ - თუ ადამიანი გარემოცული იყო ყურადღებით, სითბოთი და მზრუნველობით, მაგრამ შემდეგ რაღაც ცხოვრებისეული ვითარების ცვლილების გამო მისდამი დამოკიდებულება რადიკალურად იცვლება, იგი თავს გრძნობს უიღბლოდ, აქვს როგორც საკუთარი თავის, ისე გარეშემომყოფების უარყოფითი აღქმა. ეს არის სასოწარკვეთილი ადამიანის პოზიცია, როცა ცხოვრება აღიქმება უსარგებლო და იმედგაცრუებებით სავსე პროცესად. ასეთი მიდგომა შეიძლება ჩამოუყალიბდეს მიტოვებულ ბავშვს, რომელსაც მოაკლდა ყურადღება და მზრუნველობა გარეშემომყოფებისგან ან ზრდასრულს, რომელმაც განიცადა ძლიერი ტრავმა, მოკლებულია გარშემომყოფების მხარდაჭერას და არც იმის რესურსი აქვს, რომ დამოუკიდებლად წამოდგეს და ცხოვრება გააგრძელოს. ბევრი ადამიანი მსგავსი პოზიციით ცხოვრების დიდ ნაწილს ნარკოლოგიურ, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ან ციხეში ატარებს. მათთვის დამახასიათებელია ჯანმრთელობის ის დარღვებები, რომლებიც გამოწვეულია სელფ-დესტრუქციული ქცევით: დიდი რაოდენობით სიგარეტის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებით. ასეთი ადამიანი თვლის, რომ არც საკუთარი და არც სხვისი ცხოვრება არაფრად არ ღირს.


3. “მე ცუდი ვარ, შენ კარგი ხარ’’ - ასეთ ადამიანს აქვს უარყოფითი თვითაღქმა, დამძიმებულია გარემოში მიმდინარე მოვლენებით და ყველაფერში დამნაშავედ საკუთარ თავს თვლის. არის საკუთარ თავში დაურწმუნებელი, არ ისწრაფვის წარმატებისკენ, კრიტიკულად აფასებს თავის შრომას, უარს ამბობს საკუთარ თავზე ინიციატივისა და პასუხისმგებლობის აღებაზე, თავს გრძნობს მთლიანად გარშემომყოფებზე დამოკიდებულად, რომლებიც მას ყოვლისშემძლე, ძლიერ, კეთილსაიმედო პიროვნებებად წარმოუდგენია. თვლის, რომ უფრო ცოტას იმსახურებს, ვიდრე სხვები, მისი ცხოვრება უფრო ნაკლებად ღირებული და მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვების.


4. “მე კარგი ვარ, შენ ცუდი ხარ’’ - ეს არის ქედმაღლური უპირატესობის პოზიცია, რომელიც შეიძლება განვითარდეს როგორც ადრეულ ბავშვობაში, ასევე უფრო ზრდასრულ ასაკშიც. ბავშვობაში ასეთი მიდგომა შესაძლოა 2 გზით ჩამოყალიბდეს. ერთი, როცა ბავშვის ოჯახის წევრები გამუდმებით ხაზს უსვამენ მის უპირატესობას სხვებთან შედარებით. ასეთ დროს ბავშვი იზრდება ატმოსფეროში, სადაც მას ყველაფერი ეპატიება, ეჩვევა სხვების დამცირებასა და მისდამი მოკრძალებულ, თაყვანისმცემლურ, მოწიწებულ დამოკიდებულებას. მეორე - თუ ბავშვი მუდმივად ისეთ პირობებშია, სადაც მას ცუდად ეპყრობიან, ამცირებენ და მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მასში თვითგადარჩენის ინსტინქტი
ირთვება, უყალიბდება სხვების უარყოფითი აღქმა (რადგან თავის დროზე იგი არავინ დაიცვა)
და დადებითი თვითაღქმა (რადგან მას აწყენინეს და დაჩაგრეს). ასეთი ადამიანი საკუთარ
ცხოვრებას უფრო ღირებულად და მნიშვნელოვნად თვლის, ვიდრე სხვებისას.


ბერნის ტრანსაქციული ანალიზის მიზანი სწორედ იმ უნარის განვითარებაა, რომელიც დაეხმარება ადამიანს, განსაზღვროს რა ტიპის ტრანსაქცია მიმდინარეობს ურთიერთობისას, ეგოს რომელი მდგომარეობაა პასუხისმგებელი მოცემულ ტრანსაქციულ სტიმულზე და რომელი მდგომარეობიდან ან პოზიციიდან განახორციელა პარტნიორმა საპასუხო რეაქცია. ამ უნარის განვითარება ხელს შეუწყობს ინდივიდს კონფლიქტების თავიდან აცილებასა წარმატებული კომუნიკაციის დამყარებაში.

0
77
შეფასება არ არის
ავტორი:ელა მამასახლისი
ელა მამასახლისი
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0