x
პროფესიული შერჩევის პრინციპები და მეთოდები
პროფშერჩევაშრომის ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მთავარი პრაქტიკული ამოცანაა, შეიმუშავოს ქმედითი და გამოყენებადი პროფესიული შერჩევის სისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სპეციალისტების ეფექტური შერჩევა სხვადასხვა პოზიციისთვის.


მას შემდეგ, რაც ადამიანმა შრომითი საქმიანობის პროცესში დაიწყო რთული მოწყობილობებისა და ტექნიკის (ავტომანქანები, საფრენი აპარატები, სატელეფონო სადგურები, ორთქლმავლები) გამოყენება, მაშინვე თავი იჩინა კონკრეტული კანდიდატურებისთვის საჭირო კადრების შესაბამისობისა და მათი პროფესიონალიზმის შეფასების პრობლემამ. ჯერ კიდევ ჩვენამდე 1 საუკუნით ადრე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ ინდივიდუალური ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები, პროფესიული მომზადება და სხვა მახასიათებლები დაკავშირებულია შრომის ნაყოფიერებისა და ეფექტურობის მაჩვენებლებთან.


პროფესიული შერჩევის დანერგვა და პოპულარიზაცია, უპირველეს ყოვლისა, გერმანელი ფსიქოლოგისა და ფილოსოფოსის, ჰუგო მიუნსტერბერგის (1863-1916) დამსახურებაა. მართალია, ფსიქოლოგები პროფშერჩევით მიუნსტერბერგის ნაშრომების გამოქვეყნებამდეც იყვნენ დაკავებულნი, მაგრამ სწორედ მიუნსტერბერგმა დაადასტურა კადრების პროფესიული შერჩევის სამეცნიერო ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური მიდგომის უპირატესობა, ინტუიციურ მიდგომასთან ან ყოველდღიურ, ცხოვრებისეულ წარმოდგენებით მსჯელობასთან შედარებით.


მიუნსტერბერგის კვლევები სამ დებულებას ეფუძნებოდა:

1. ცალკეული ფსიქოლოგიური ფუნქციების (ყურადღება, მეხსიერება და აზროვნება) შესწავლა დიფერენციალური ფსიქოლოგიის მეთოდების გამოყენებით და დადგენა იმისა, თუ რა ხარისხით მონაწილეობენ მოცემული ფუნქციები ამა თუ იმ საქმიანობის განხორცილებაში;


2. საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი ნერვულ-ფსიქიკური დაძაბულობის გამოკვლევა;


3. შრომითი პროცესის ადეკვატური მოდელების შექმნა და კანდიდატებისთვის ექსპერიმენტული გამოკვლევის ჩატარება.


პროფშერჩევის პროცედურის ჩატარებისას მოწმდება არა ყველა ინდივიდუალური ფსიქოლოგიური თვისება, არამედ მხოლოდ ისინი, რომლებიც შედიან “პროფესიულად მნიშვნელოვან თვისებათა’’ ჯგუფში. პროფესიულად მნიშვნელოვანი თვისებები (პმთ) - ეს ის თვისებებია, რომლებიც გავლენას ახდენს შრომის ეფექტურობასა და კონკრეტული სამუშაოს შესასრულებად საჭირო უნარების წარმატებით ათვისებაზე. თავის მხრივ, თუ ინდივიდს გააჩნია ამა თუ იმ პროფესიისთვის საჭირო თვისებები, ეს მნიშვნელოვნად ზრდის მის პროფესიულ ვარგისიანობასა და შესაბამისობას მოცემულ პროფესიასთან. ნებისმიერი პროფშერჩევის საბოლოო და მთავარი მიზანი ინდივიდის პროფესიასთან შესაბამისობის დადგენაა. პროფესიული შესაბამისობა, ვარგისიანობა არის ადამიანის ინდივიდუალური თვისებების შესატყვისობა სამუშაოს მოთხოვნებთან, თანამშრომლის უნარი ეფექტურად შეასრულოს სამუშაო. პროფვარგისიანობა შეიძლება იყოს აბსოლუტური და შეფარდებითი. აბსოლუტური პროფვარგისიანობა ხასიათდება ბუნებრივი თავისებურებებით, რომლებიც ნაკლებად ექვემდებარებიან ცვლილებებს და პირველ რიგში დამოკიდებულნი არიან ნერვული სისტემის თავისებურებებზე. შეფარდებითი პროფვარგიასიანობა კი გულისხმობს იმ მახასიათებლებს, რომლებიც ექვემდებარებიან ცვლილებებს, ტრენინგს, შესაბამისი პირობებისა და ადამიანის სურვილის, მოტივაციის შემთხვევაში. პროფვარგისიანობასთან დაკავშირებული დასკვნის გაკეთებისას ფსიქოლოგები ეყრდნობიან იმ ინფორმაციას, რომელსაც ისინი პროფშერჩევის პროცედურის მიმდინარეობისას იღებენ. პროფშერჩევის სისტემის უშუალოდ პრაქტიკაში რეალიზაციამდე, უმჯობესი იქნება, პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს:


1. საჭიროა თუ არა პროფშერჩევა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში?


2. რა არის პროფშერჩევის ამოცანა? (ამოცანის შინაარსის დაკონკრეტება)

3. როგორია იმ კონტინგენტის მახასიათებლები, საიდანაც პროფშერჩევა ხდება და გვაძლევს თუ არა მოცემული კონტინგენტის მახასიათებლები ზემოთხსენებული ამოცანის
გადაწყვეტის საშუალებას?

4. როგორია კანდიდატებისთვის წაყენებული პროფესიული მოთხოვნები, რას მოიცავს ისინი?

5. რა ტიპის ფსიქოდიაგნოსტიკური მეთოდები იქნება გამოყენებული პმთ-ს შესაფასებლად?

6. როგორია შემუშავებული პროცედურის პროგნოსტული მნიშვნელობა ანუ რამდენად იძლევა ფსიქოდიაგნოსტიკური კვლევის შედეგები და მათი შედარება სამუშაოს მოთხოვნებთან ინდივიდის მიერ შრომითი საქმიანობის წარმატებით განხორციელების პროგნოზის
შესაძლებლობას?

7. როგორ, რა ფორმით ჩატარდება პროფშერჩევა, ხომ არ დაირღვევა განსაზღვრული ეთიკური პრინციპები?

აღნიშნულ შეკითხვებზე საფუძვლიანი პასუხის გაცემა მნიშვნელოვანია ეფექტური, მაღალპროგნოზირებადი პროფშერჩევის სისტემის შესამუშავებლად. მსგავსი სისტემა შემდეგი ეტაპების გავლით იქმნება:

1. საქმიანობის ფსიქოლოგიური შესწავლა; სამუშაოს მოთხოვნებისა და ადამიანის ფსიქოლოგიური მახასიათებლების შესწავლა. მსგავსი კვლევის შედეგად ფსიქოლოგები ადგენენ ფსიქოგრამას - ფსიქოლოგიური თვისებებისა და მახასიათებლების სისტემას, რომელიც განასხვავებს ადამიანებს მათი შრომის ეფექტურობის მიხედვით;


2. შრომის ეფექტურობის კრიტერიუმების შემუშავება, პროფესიული მოვალეობების წარმატებით შესრულების მაჩვენებლების განსაზღვრა. აღნიშნული კრიტერიუმები აუცილებელია კონკრეტული სამუშაოსთვის გამოყოფილი პმთ-ს სისწორისა და შესაბამისობის დასადასტურებლად, მათი ინფორმატიულობისა და მნიშვნელოვნების შესაფასებლად;


3. შერჩეული პმთ-ს მიხედვით, კანდიდატთა სადიაგნოსტიკოდ მეთოდიკის არჩევა. გამოყოფილი თვისებების ოპერაციონალიზაცია, შესაბამისი ფსიქოლოგიური ტესტების მოძიება. შედეგად ყალიბდება ტესტური დავალებების ერთობლიობა, რომლის შესრულებაც
კანდიდატებს უწევთ;


4. ტესტირების შედეგების ანალიზი, კორელაციის დადგენა შრომის ეფექტურობის მაჩვენებლებსა და ტესტების შედეგად მიღებულ მაჩვენებლებს შორის. შესაძლოა სტატისტიკური დამუშავების სხვა მეთოდების გამოყენებაც;


5. უშუალოდ პროფშერჩევის პროცედურა.


პროფესიული შერჩევის განხორციელებისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სადიაგნოსტიკო მეთოდების განსაზღვრაა, რადგან ფსიქოფიზიოლოგიური შერჩევა წარმოადგენს კომპლექსურ კვლევას და მოიცავს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა: კითხვარები (ანკეტები, თვითანგარიშები, ინტერვიუ), დაკვირვება და ტესტირება.

დღესდღეობით მრავალი მეთოდი არსებობს, რომელიც პროფშერჩევის დროს გამოიყენება. ასეთებია: ტესტები, რომლებიც აფასებს ადამიანის სხვადასხვა უნარს, მაგალითად, ხანმოკლე მეხსიერებას, ყურადღების მახასიათებლებს, აღქმის თავისებურებებს, რეაქციის დროს და ა.შ.

ზემოთ აღნიშნული ეტაპების განხორცილების შემდეგაც პროფშერჩევას დასრულებულად მაინც ვერ ჩავთვლით. აუცილებელია მისი პროგნოსტული ხარისხის განსაზღვრა, თითოეული კანდიდატისთვის “დიაგნოზის დასმა’’, რამდენად წარმატებული იქნება იგი რეალური საქმიანობის განხორციელების პროცესში. მიღებული შედეგების საფუძველზე კეთდება დასკვნა შემუშავებული სისტემის პროგნოსტული ეფექტურობის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მოცემული პროფშერჩევის სისტემა კორექტირდება. როგორც წესი, პრაქტიკაში პროფვარგისიანობის პროგნოზი 70-80% - ით მართლდება ხოლმე. ამიტომ ფსიქოლოგები სამომავლოდ დაინტერესებულები არიან პროფშერჩევის პროცედურისა და მეთოდების დახვეწით.

0
213
1-ს მოსწონს
ავტორი:ელა მამასახლისი
ელა მამასახლისი
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0