x
ჭარბი წონის გამომწვევი გენეტიკური და ფსიქოლოგიური მიზეზები

სიმსუქნე ჩვენი საუკუნის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. თუმცა, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, საკუთარი წონა გაცილებით მეტ ადამიანს უკარგავს მოსვენებას, აშფოთებს, ვიდრე რეალურად ზედმეტი წონის მატარებელთა რაოდენობაა. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ამას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. მოდისა და კინოს სამყარო, მასობრივი კომუნიკაციების საშუალებები ხომ გამუდმებით გვკარნახობენ "იდეალური სხეულის " პარამეტრებს, რომლითაც სინამდვილეში ადამიანთა ძალიან მცირე ნაწილია ბუნებისგან დაჯილდოებული და რომელთა მიღწევა, თუ კი ეს შესაძლებელია საერთოდ, არა მხოლოდ უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, არამედ ხშირად ჯანმრთელობასაც მსხვერპლად იწირავს. ჭარბი წონის პრობლემა აქტუალობას არასოდეს კარგავს...ამ საკითხს ათასობით გადაცემა თუ სტატია მიეძღვნა და ალბათ, მომავალშიც შენარჩუნდება ეს ტენდენცია.

დღევანდელ სტატიაში მსურს თქვენი ყურადღება სიმსუქნის მიზეზებზე გავამახვილო. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანები იბადებიან თანდაყოლილი მიდრეკილებით მეტი თუ ნაკლები წონისკენ, რაც მეცნიერულად არის დასაბუთებული. იდენტური ტყუპების შესწავლამ გამოავლინა დიდი მსგავსება მათ წონას შორის, ამ მსგავსების ნაწილი შეიძლება აიხსნას, იმ აღმოჩენით, რომ ძირითადი ფუნქციების უზრუნველსაყოფად ინდივიდის სხეულის მიერ კალორიების დაწვის ინტენსიობა, ანუ მეტაბოლური პროცესების ინტენსიობა მოსვენების მდგომარეობაში ბევრად არის დამოკიდებული მემკვიდრეობაზე. ამდენად, ადამიანთა გარკვეული ნაწილი ჩვეულებრივი ყოველდღიური საქმიანობისას დიდი რაოდენობით კალორიებს წვავს, ნაწილი კი ცოტას, ეს უკანასკნელნი არიან წონის მომატების რისკის ქვეშ. ამ კუთხით, საყურადღებოა, მეცნიერთა უახლესი აღმოჩენები, ბოლო დროს ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა ისეთი გენეტიკური მექანიზმები, რომლებიც სიმსუქნისადმი მიდრეკილებას განაპირობებს. კერძოდ, იდენტიფიცირებულ იქნა გენი– "ლეპტინი."ის აკონტროლებს თავის ტვინისთვის ინფორმაციის მიწოდებას, რომ ორგანიზმმა საკმარისი რაოდენობით ცხიმები მიიღო და ადამიანმა უნდა შეწყვიტოს ჭამა. თუ ის არ გააქტიურდება ინდივიდი გააგრძელებს ჭამას, რისი შედეგიც იქნება პოტენციური სიმსუქნე. ერთი შეხედვით, თითქოს ჭარბი წონის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ამ აღმოჩენით შესაძლებელია დასრულდეს, მაგრამ რეალობა გაცილებით რთულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. სინამდვილეში ზედმეტი წონის მქონე მხოლოდ მცირე რაოდენობით ინდივიდებს აქვთ ეს გენი დაზიანებული, უმრავლესობის შემთხვევაში კი "ლეპტინი" სულაც არ განიცდის მუტაციას და ის შესანიშნავად ფუნქიონირებს. საინტერესოა, მაშინ რაში უნდა ვეძიოთ სიმსუქნის მიზეზები... ორიგინალური მიდგომა პრობლემისადმი შემოგვთავაზეს ჯანეტ პოლივიმ და პიტერ ჰერმანმა. მათი ვარაუდით, გადამწყვეტი განზომილება, რომელიც კვების ფსიქოლოგიას უდევს საფუძვლად არის "შეზღუდულობა–შეუზღუდავობა". ერთი სიტყვით, მათ ადამიანთა კატეგორიზაცია ორ ჯგუფში მოახდინეს. "შეზღუდულ " მჭამელებს მიაკუთვნეს ინდივიდები, რომლებიც გამუდმებით საზღვრავენ რას და რამდენს მიირთმევენ. ქრონიკულად არიან დიეტაზე და გამუდმებით წუხან საკვების გამო, მიუხედავად იმისა რეალურად აქვთ თუ არა ჭარბი წონა. "შეუზღუდავ" მჭამელებს არ ახასიათებთ მსგავსი ტიპის კონტროლი კვებაზე. ინტერესს იმსახურებს, ის ფაქტი, რომ შეზღუდული მჭამელები წონაში იმატებენ. როგორ ხდება ეს, თუ ისინი გამუდმებით დიეტაზე არიან? კვლევებით დასტურდება, რომ მართალია, " შეზღუდული მჭამელები" ინტენსიურად იცავენ დიეტებს, მაგრამ გარკვეულ სიტუაციებში, მაგალითად ძლიერი სტრესის დროს, ან როდესაც მათ თვითშეფასებას ემუქრება საფრთხე ისინი ვეღარ აკონტროლებენ კვებას და გაცილებით მეტსაც მიიერთმევენ, ვიდრე შეუზღუდავი მჭამელები. ამ ინფორმაციით აიხსნება დიეტის შედეგის შენარჩუნების სირთულე და პირიქით მომატების ტენდენცია.

ამდენად, ჭარბ წონას როგორც გენეტიკური, ასევე ფსიქოლოგიური საფუძვლები აქვს, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია ამ პრობლემასთან ეფექტურად საბრძოლველად.

0
120
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე მგელაძე
ეკატერინე მგელაძე
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0