x
შენ უნიკალური ხარ

საკუთარი თავის ძიების, შეცნობის სურვილი უძველესი დროიდან კაცობრიობის არსებობის არსს, მიზანსა და მამოძრავებელ სტიმულს წარმოადგენს. ეს ურთულესი პროცესი მთელი ცხოვრება გრძელდება. თვითშემეცნებისკენ გზა, ერთი მხრივ, მრავალი იმედგაცრუებით, ტკივილით, დაცემით, მეორე მხრივ, კი სიხარულით, იმედითა და გამარჯვებით არის სავსე. საკუთარი თავის შეცნობა საკუთარი უნიკალობის, განსხვავებულობის, ინდივიდუალობის აღმოჩენასაც გულისხმობს, რაც სხვა ადამიანების გამორჩეულობის დაფასებისა და პატივისცემის საფუძველი ხდება. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად გვიჭირს გავაცნობიეროთ, რამხელა პატივი და პასუხისმგებლობაა "საკუთარ თავად" ყოფნა... გამუდმებით ვბაძავთ სხვებს. დასაფიქრებელია, რომ საკუთარ თავად არ ყოფნის სურვილი ბევრი ნერვოზის, ფსიქოზისა და კომპლექსის ფარული მიზეზია. " ყველაზე უბედური ხომ ის ადამიანია, რომელსაც აწუხებს ვიღაც, ან რაღაც სხვად გახდომისკენ სწრაფვა". მართლაც, საკუთარ თავზე უარის თქმა და სხვების მიბაძვა საბედისწერო შეცდომაა როგორც კინოსა და ბიზნესის სამყაროში, ასევე ნებისმიერ სფეროში. გასული საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე ცნობილი ჰოლივუდიის კინორეჟისორი სემ ვუდი მკაცრად აკრიტიკებს მათ, ვინც ამ შეცდომას უშვებს კარიერის შექმნის გზაზე: " თქვენ ვერაფერს მიაღწევთ, თუ გამუდმებით იმაიმუნებთ, ნუ იქნებით თუთიყუში, გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ ყველაზე მიზანშეწონილია იმ ადამიანთა დაუყონებლივ მოშორება, რომლებიც თავს იმად წარმოგვიდგენენ, რანიც სინამდვილეში არ არიან." ამ აზრს იზიარებს წიგნის " სამუშაოს მიღების 6 ხერხი" ავტორი პოლ ბოინტონი, რომელიც სამუშაოს მაძიებელთა ყველაზე დიდ შეცდომად ადამიანთა ძალისხმევას მიიჩნევს " ჩანდნენ ისეთებად, როგორებიც არ არიან, იმის ნაცვლად რომ თავი დაუძაბავად დაიჭირონ და სრულიად გულახდილები იყვნენ, ისინი ხშირად ცდილობენ ისეთი პასუხების გაცემას, რომელთა მოსმენაც, მათი აზრით, თქვენ გსურთ. მაგრამ ეს არ მუშაობს, რადგან მატყუარები არავის სჭირდება, ისევე როგორც ყალბი მონეტები." კიდევ ერთხელ თქვენს დასარწმუნებლად იმაში, რომ უნდა იყოთ " ის, ვინც ხართ", მინდა საინტერესო ამბავი მოგიყვეთ სახელგანთქმულ კომპოზიტორებზე ჯორჯ გერშვინზე და ირვინგ ბერლინზე. როდესაც ბერლინი და გერშვინი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ, ბერლინი უკვე ცნობილი კომპოზიტორი იყო, გერშვინი კი ცხოვრებაში გზის გამკვალავი ახალგაზრდა, რომელიც კვირაში ოცდათხუტმედ დოლას გამოიმუშავებდა მსუბუქი მუსიკის შეთხზვით. ბერლინზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა გერშვინის ნიჭმა და თავის მუსიკალურ მდივნად შესთავაზა მუშაობა, ამასთან მისი გამომუშავება სამჯერ უნდა გაზრდილიყო, მაგრამ ამავდროულად ბერლინმა რჩევა მისცა გერშვინს: "ნუ დასთანხმდებით ამ სამუშაოზე, თუ თქვენ მას ხელს მოჰკიდებთ, შესაძლოა გახდეთ მეორეხარისხოვანი ბერლინი, მაგრამ თუ თქვენ ჯიუტად დარჩებით იმად, რაც ხართ, დადგება დღე, როცა თქვენ გახდებით პირველხარისხოვანი გერშვინი."

ამდენად, თითოეული ჩვენგანის უნიკალობა, ინდივიდუალობა შესაძლებელია წარმატების მყარი საფუძველი გახდეს. ამიტომ მოდით მივსდიოთ შესანიშნავი ამერიკელი მწერლის, ფსიქოლოგისა და პუბლიცისტის დეილ კარნეგის რჩევას და "ერთ წამსაც ნუ დავკარგავთ, იმის გამო მღელვარებაზე, რომ სხვებს არ ვგავართ. ჩვენ, მართლაც, რაღაც ახალი ვართ ამ სამყაროში, ადრე არასოდეს არსებობდა ზუსტად ჩვენი მსგავსი სხვა ადამიანი და კვლავ არასოდეს იქნება ჩვენი სრული შესატყვისი." ამიტომ სამყარო ინტერესითა და იმედით ადევნებს თვალს თითოეულ ჩვენგანს და მოელის ღირსეულ, ლამაზ, თამამ და გონივრულ ნაბიჯებს.


0
18
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე მგელაძე
ეკატერინე მგელაძე
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0