x
ექიმების პროტესტი და ალდაგის მიერ შელახული უფლებები რას გადააყოლეს ფოთის საავადმყოფოს მთავარი ქირურგ- ანესთეზიოლოგი გოდერძი სარჯველაძე?

ექიმების პროტესტი და ალდაგის მიერ შელახული უფლებები
რას გადააყოლეს ფოთის საავადმყოფოს მთავარი ქირურგ- ანესთეზიოლოგი გოდერძი სარჯველაძე?
imageრამდენიმე დღის წინ, ფოთის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი პროტესტის მიზეზი არახელსაყრელი სამუშაო პირობები, შელახული უფლებები და დაგვიანებული ხელფასებია. ადგილობრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ექიმმა-ანესთეზიოლოგმა გოდერძი სარჯველაძემ ღიად გამოხატა უკმაყოფილება საავადმყოფოს მეპატრონე კონპანიის მიმართ და აქ შექმნილ რთულ ვითარებაზე ისაუბრა. ინტერვიუს გასვლიდან რამდენიმე დღეში სარჯველაძე და მისი მეუღლე, რომელიც ასევე ფოთის საავადმყოფოში მუშაობდა, დაცვამ შენობაში არ შეუშვა და ისიც დაცვამ შეატყობინა (?), რომ ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს. სარჯველაძე ბრძოლას განაგრძობს და უკანონო განთავისუფლების გამო პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავს.
ფოთის ცენტრალური საავადმყოფოს აქტივები 2011 წლიდან გადაეცა კომპანია “ალდაგს” და “ჩემი ოჯახის კლინიკას”. გასული წლის გაზაფხულზე საავადმყოფოს ექიმებს შეხვდა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, რომელმაც პრეტენზიების გამომხატველ ექიმებს სიტუაციის ზედმეტი დრამატიზება დააბრალა, მაგრამ პრობლემების მოგვარებას დაპირდა, თუმცა სიტუაცია აქ დღემდე არ შეცვლილა. 40 საწოლიან საავადმყოფოს არ გააჩნია რენტგენის აპარატი, გასტროსკოპი და სხვა აუცილებელი პროცედურების ჩასატარებელი აღჭურვილობა. ღამით არ ჰყავთ საკმარისი მორიგე მედდები და ამ ფუნქციას ხშირად ითავსებენ ექიმები. როგორც ისინი ჰყვებიან, ნოემბრის ხელფასი ახლახანს მიიღეს. საავადმყოფოში მოქმედებს ე.წ შიდა ბრძანება, რომლის თანახმად, ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს 4 თვის განმავლობაში არ გასცეს პერსონალზე ხელფასი, რაც ცალსახად კანონდარღვევაა. ამის მიზეზად ადმინისტრაცია საკმარისი თანხების უქონლობას ასახელებს. მარტი-აპრილიდან საავადმყოფო უნდა ჩაერთოს საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში, მანამდე კი გაწეული მომსახურების საზღაურს 4 თვის შემდეგ ურიცხავენ, ხოლო თანხები, რასაც ექიმებისთვის იხდის სადაზღვევო კომპანია, ძალიან მიზერულია. მაგალითად, პაციენტის მიერ მომსახურებაში გადახდილი 50 ლარიდან ექიმს ერიცხება 3 ლარი და 50 თეთრი. ისინი ამტკიცებენ, რომ თუ ყველა მომსახურებას რეალური ფასი დაედება, ეს პაციენტისთვისაც კარგი იქნება და ექიმისთვისაც, თუმცა, როგორც ჩანს, მეპატრონისთვის ასეთი მიდგომა მიუღებელია. “არ გვაქვს არანაირი პირობა, რომ მივიღოთ პაციენტი, საავადმყოფოში არ არის რენტგენის აპარატი, ვერ ვაკეთებთ კომპიუტერულ დიაგნოსტიკას, გავუკეთებთ ანალიზს, დავადგენთ ამით რაღაც გარკვეულ დიაგნოზს, თუმცა საბოლოოდ პაციენტი მაინც მიდის სხვაგან, იქაც იგივე მომსახურებისთვის მეორედ იხდის თანხას. ეს ამ კლინიკების მეპატრონეებს აწყობთ, რადგან ყველა კლინიკა ერთ ქსელში ერთიანდება, პაციენტი ორმაგად ზარალდება, თვითონ კი ორმაგ მოგებას იღებენ“ - გვითხრა ექიმმა გოდერძი სარჯველაძემ.
საავადმყოფოში არსებულ დარღვევებზე საუბრობს ასევე ქირურგი გოგი მელიქია: ”ძალიან ბევრ დარღვევას აქვს ადგილი ჩვენთან. გრიპის ინფექციით ხუთი ადამიანი გარდაიცვალა სამტრედიაში, ეპიდემიის საშიშროება არსებობს, ჩვენთან კი ნორმები საერთოდ არ არის დაცული. ერთ დერეფანშია ქირურგია, თერაპია და ბავშვთა განყოფილება, რაც დაუშვებელია. ვირუსიანი ბავშვები ქირურგიის გავლით მიჰყავთ სამკურნალოდ. ქირურგიაში გაათავისუფლეს პალატები და ვირუსიანი ბავშვები დააწვინეს, წესების იგნორირება არ შეიძლება, ორი სართული ცარიელია და ასე ერთად ყველა პაციენტის დაწვენა არანაირად არ შეიძლება. არავინ არ კითხულობს ამას. ხელფასებს რაც შეეხება, ეს არის დაცინვა, მაგალითად თუ გავაკეთე 2 500 ლარიანი ოპერაცია ას ლარამდე თანხა ერიცხება ექიმს. გვითხრეს - შიდა ბრძანებააო, რომლის მიხედვით 45 დღეში გვაძლევენ ანაზღაურებას. აქ გაჩერების სურვილი აღარ მაქვს, მაგრამ ამ საქმეს შევალიე მთელი ცხოვრება, ბოლოსდაბოლოს ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული. შეურაცხყოფილი და გალანძღულები ვართ“.
ასეთი მიდგომა მედპერსონალის მიმართ უმოკლეს დროში თუ არ შეიცვალა, შესაძლოა, მალე ყველა კლინიკა ექიმის გარეშე დარჩეს. დაზარალებული ამ შემთხვევაში ყველა მხარე იქნება, რადგან ექიმი ადრე თუ გვიან ყველას შეიძლება დასჭირდეს, მათ შორის იმათაც, ვინც მხოლოდ საკუთარი მოგებისათვის ცდილობს და სხვების ბედი ნაკლებად, ან საერთოდ არ აღელვებს.

1
22
შეფასება არ არის
ავტორი:ელო.ევა
ელო.ევა
22
  
2014, 15 მარტი, 17:30
გაგებით მოეკიდეთო.ასე ბრძანა პინგვინა ბიძინამ
0 1 1