x
მეტი
  • 03.06.2024
  • სტატია:135082
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509429
გოგონა, რომელიც ვიოლინოს შვილს ეძახის

image21 წლის სალომე ხომასურიძე, წარმატებული მევიოლინეა. უამრავი კონკურსის გამარჯვებული საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ. როგორც თავად ამბობს ამ ინსტრუმენტით ოთხი წლის ასაკში დაინტერესდა და მას შემდეგ სულ მასთან ერთადაა. ხუმრობით ვიოლინოს შვილსაც ეძახის.
სალომემ სახელმწიფო კონსერვატორიის საორკესტრო სიმებიანი ფაკულტეტი წელს დაამთავრა. გერმანიაში კი მაგისტრატურის გაგრძელებისთვის როგორც თავად გვითხრა ფრანკფურტის ოპერის კონცერტმეისტერის დიდი მოწონება დაიმსახურა და თანხმობაც მიიღო იმაზე, რომ სწავლა მათთან გააგრძელოს. მან ჯერ არ იცის განაგრძობს თუ არა სწავლას ევროპაში. ეს იმაზეა დამოკიდებული გამოუჩნდება თუ არა საცხოვრებელი ხარჯების დამფინანსებელი სპონსორი.
ცოტა ხნის წინ სალომეს ცონცერტს დავესწარი. ალბათ მუსიკასაც შემსრულებელი აყვარებს მსმენელს. მის შესრულებაში იმდენი ემოცია და მუსიკისადმი სიყვარული იგრძნობოდა, რომ ცრემლების შეკავება შეუძლებელი იყო. ტიროდა მსმენელი და ტიროდნენ მუსიკოსის პედაგოგები.
საკუთარი კარიერისა და მუსიკის სიყვარულის შესახებ სალომე ხომასურიძე თავად უკეთ გვიამბობს: “ოთხი წლიდან ვმღერი. როდესაც ტელევიზორში სიმფონიური კონცერტები გადიოდა ყოველთვის დიდი ინტერესით ვუსმენდი. ცოტა გასაკვირია ამ ასაკში ასეთი მუსიკის მოსმენა, მაგრამ მე ძალიან მომწონდა.
მახსოვს ჩემი და დადიოდა მუსიკაზე და მეც გავყევი, ისე უბრალოდ. მაშინ ვიგრძენი თუ როგორ მინდოდა მუსიკაზე დამეწყო სიარული. განსაკუთრებით კი ვიოლინოს მიმართ ვიჩენდი დიდ ინტერესს. დავიწყე პედაგოგ შორენა მჭედლიშვილთან სიარული. ოთხი წლის ასაკში გავხდი საესტრადო სიმღერების ფესტივალის ლაურეატი. მახსოვს მას “ოქროს შემოდგომა” ერქვა. ამ პერიოდშივე სხვადასხვა ფესტივალებზე სამჯერ გავხდი პირველი პრემიის ლაურეატი. მოკლედ ადრეული ასაკიდანვე მუსიკა ჩემი სამყარო გახდა.
– თქვი რომ ოთხი წლის ასაკში ვიოლინომ გამიტაციაო. ცოტა უცნაურია.
– კი მართლაც უცნაურია. როდესაც ტელევიზორში თვალს მოვკრავდი ვიოლინოს ვდგებოდი, ვიღებდი ბადმინტონის ჩოგანს და მასზე ფანქრით ვიწყებდი დაკვრას. (იცინის) სახლში განვაცხადე თუ ვიოლინოზე არ მატარებთ საჭმელს აღარ შევჭამ მეთქი. ოჯახის წევრებიც იძულებელები გახდნენ მივეყვანე. თუმცა პრობლემა იყო ის, რომ ექვს წლამდე არ იღებდნენ და მე პატარა ვიყავი. გამოსავალი აქაც მოვძებნეთ. მანამ სანამ გავხდებოდი ექვსი წლის თავისუფალ მსმენელად დავდიოდი.
კარგად მახსოვს 4 წლის ვიყავი, როდესაც ბათუმის ფესტივალზე გავიმარჯვე, სადაც ნუნუ გაბუნიას სიმღერა “გვირილები” შევასრულე. შემდეგ კი თემურ წიკლაურთან ერთად დუეტი ჩავწერე.
– ოთხი წლის ასაკში ასეთ დიდ მომღერალთან როგორ შეძელი დუეტის ჩაწერა?
– ბატონ თემურს რომ ვხედავდი მეშინოდა (იცინის). ხელში რომ ამიყვანა ტირილი დავიწყე. ამბობდნენ, რომ ასეთი პატარა დუეტს ვერ ჩაწერსო, თუმცა შემდეგ მე დავწყნარდი და 20 წუთში დუეტიც ჩავწერეთ.
– როგორ გაგრძელდა შემდგომ შენი სასიმღერო კარიერა?
– ხუთი წლიდან მთლიანად ვიოლინოზე გადავერთე. მახსოვს ძალიან ლამაზი ვიოლინოს მასწავლებელი მყავდა, იმდენად მომწონდა, რომ სულ თვალებში ვუყურებდი. მეჩხუბებოდა ხოლმე ნოტებში იყურეო. მე სმენით ვიმახსოვრებდი და შემდეგ ისე ვუკრავდი. მან კიდევ უფრო შემაყვარა ეს ინსტრუმენტი.
როდესაც 14 წლის გავხდი შალვა მოსიძის ქალთა კამერულ გუნდში შევედი და სიმღერა კვლავ დავიწყე. მოსიძესთან შვიდი წლის განმავლობაში ვმღეროდი. შემდეგ გამოვედი, რადგან კონსერვატორიაში ჩავაბარე და ფიზიკურად დრო აღარ მრჩებოდა. ამ შვიდი წლის განმავლობაში კი გვქონდა გასტროლები. გამოვარჩევდი მოსკოვში სააღდგომო ფესტივალს, ასევე უკრაინაში საგუნდო სიმღერის ფესტივალს. ასევე ვიყავით ჰოლანდიაში, სანდრა რულოვსის ეგიდით. იქიდან პირველი პრემიის ლაურეატები დავბრუნდით. მთელი ფესტივალის განმავლობაში ქალბატონი სანდრა ჩვენს გვერდით იყო.
– სალო, როგორც თქვი კონსერვატორიაში განაგრძე სწავლა. სხვა პროფესიაზე არ გიფიქრია?

image

– არა. თითქოს თავიდანვე ვიცოდი, რომ მევიოლინე გავხდებოდი. ვერასოდეს წარმომიდგენია ჩემი თავი ამ ინსტრუმენტის გარეშე. დასასვენებლად რომ მივდივარ სულ მენატრება. ჩემს “შვილს” ვეძახი. კონსერვატორიაში საორკესტრო სიმებიან ფაკულტეტზე ჩავაბარე. სტუდენტური ცხოვრება ძალიან აქტიური მქონდა. მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც იტალიაში მე და ჩემი პიანისტი წავედით კონკურსზე, რაც ჩემი კამერულის პედაგოგის ინიციატივით მოხდა. იტალიაში დიდი მოწონება დავიმსახურეთ. შემდეგ გავემგზავრეთ პარიზში, სადაც გავხდი ფინალისტი და სპეციალური პრიზის მფლობელი. მინდა გითხრათ, რომ იქ სულ მარტო ვიყავი წასული ჩემი მონდომებით. არ დამავიწყდება ჩემი განცდა სცენიდან საქართველოს დროშას რომ ვუყურებდი მოფრიალეს. მინდა ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემს ქვეყანას მეტი სარგებელი მოვუტანო. ახლა მაისშიც გახლდით პარიზში ორ კვირიან მასტერ კლასზე ცნობილ მაესტრო მენაჰემ პრესლეტთან. ეს მასტერ კლასი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
საკმაოდ დატვირთული სტუდენტობა მქონდა. სპექტაკლებში ვიღებდი მონაწილეობას, სადაც ვიოლინოზე ვუკრავდი. გარდა ამისა უამრავ კონცერტშიც ვასრულებდი ვიოლინოს პარტიებს. მქონდა ორი სოლო კონცერტი კონსერვატორიის დარბაზში.
– სოლო კონცერტის გამართვა დიდი პასუხისმგებლობაა. ადვილი არ არის გაძღოლა.
– დიდი ხნის განმავლობაში გვინდოდა გაგვეკეთებინა სოლო კონცერტი და როგორც იქნა მივიღეთ გადაწყვეტილება. ცოტას ვნერვიულობდი, რაც მე ვფიქრობ საჭიროცაა, რადგან მსმენელს კარგად გადასცე შენი ემოცია.
– გასტროლებსა და კონკურსებზე საზღვარგარეთ სიარულს ფინანსები სჭირდება. ოჯახი გაფინანსებს თუ გყავს სპონსორი?
– თანხის ნაწილით მაფინანსებს ოჯახი, ხოლო ნაწილით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა მეხმარება. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამინს ვინც მხარში მიდგას და მგულშემატკივრობს. მადლობას ვუხდი ზურა ჩხეიძესა და ზვიად ხმალაძეს.
– შენი პროფესია არ არის შენთვის შემოსავლის წყარო?
– იყო მოკლე ვადიანო კონცერტები, სადაც გვიხდიდნენ თანხას. ერთ-ერთი ასეთი კონცერტი თამთა ცხვიტავასთან ერთად შედგა, მაშინ ორკესტრში ვუკრავდი. როგორც უკვე გითხარით სპექტაკლებში მივიღე მონაწილეობა, აქედანაც მქონდა შემოსავალი. ასევე კორპორატიული საღამოებიდან. უმეტესად მაინც საქველმოქმედო კონცერტები გვაქვს. “კავკასიის სახლის ეგიდით” მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებთან ვმართავთ კონცერტებს.
– კონსერვატორია დაამთავრე წელს. ახლა რას აპირებ?
– მთელი წლის განმავლობაში მქონდა ინტერნეტ კონსულტაციები გერმანიაში პროფესორთან. ძალიან მინდა ფრაკფურტში, მაგისტრატურაში გავაგრძელო სწავლა. ერთი თვეა დაახლოებით რაც გერმანიიდან დავბრუნდი. პროფესორმა, ფრანკფურტის ოპერის კონცერტმეისტერმა მომისმინა და გამოთქვა სურვილი, რომ გავხდე მისი სტუდენტი. რადგან სწავლა არის უფასო ძალიან დიდი კონკურსია. ერთი სიტყვით იქ უკვე მიღებული ვარ. აქედანაც ყველამ დადებითი დახასიათება მომცა.
ვფიქრობ, რომ ძალიან მჭირდება ევროპული სკოლა. მინდა ავიმაღლო კვალიფიკაცია.
– მიდიხარ გერმანიში.
– ჯერ არ ვიცი ზუსტად. მოსაძიებელი მაქვს ფინანსები. სწავლა კი უფასოა, მაგრამ ჩემს ოჯახს არ აქვს იმის შესაძლებლობა შემინახონ უცხო ქვეყანაში. ცხოვრება სულ ცოტა 7 000 ევრო ჯდება. სწავლა ორ წელს გრძელდება. ერთი წელი რომ მომიდგეს გვერდში ვინმე და დამაფინანსოს, მეორე წელს მეც ვიშოვი სამსახურს, რათა თავად შევძლო ჩემი თავის შენახვა. იმედი მაქვს ვიპოვი სპონსორს.
– პირადზეც გვითხარი რაიმე.
– იმდენად ვარ გადართული ჩემს კარიერაზე, საერთოდ არ ვფიქრობ ამ ყველაფერზე. სერიოზული არაფერია.

1
891
10-ს მოსწონს
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
891
  
2013, 30 აპრილი, 14:06
ყოჩაღ კარგია
0 1 1