x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134741
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509081
როგორ გახდა მუმია "წამალი" და "საოცარი ნივთიერება", რომელსაც ის შეიცავს

შეიძლება, ეს დაუჯერებელიც იყოს, მაგრამ ფაქტებს ვერსად გავექცევით — შუა საუკუნეებში, ექიმების და აფთიაქარების რეკომენდაციით, ევროპელი ვაჭრები და დიდგვაროვნები დაფქული მუმიის ფხვნილს მიირთმევდნენ...


image


«ჯადოსნური ნივთიერება»


უძველეს დროში, არაბი და სპარსელი ექიმები, ბუნებრივ ბიტუმს (ასფალტი, რუხი ფერის ფისის მაგვარი მასა) სასწაულმოქმედ ნივთიერებად მიიჩნევდნენ და მისი საშუალებით, მოტეხილობას, წყლულებს და აბსცესს მკურნალობდნენ. ამ ნივთიერებას ისინი «მუმ»-ს (არაბულად «ცვილი») ეძახდნენ. VII საუკუნეში ექიმი იბნ ბეტარი წერდა, რომ «ნივთიერება მუმი» დიდი რაოდენობით ეგვიპტეშია... და რომ იქ, ის მანათობელი ნაკადულების სახით, მთის მწვერვალებიდან ეშვება და მდინარის ნაპირებთან მყარდება. უფრო მოგვიანებით, ძველი ექიმები აღნიშნავდნენ, რომ ამ ნივთიერების მოპოვება, ათასი წლის წინ დამარხული, ეგვიპტელი მიცვალებულის თავის ქალაში და კუჭში შეიძლებოდა. ხოლო, შუა საუკუნეებში, არაბების სამედიცინო ტრაქტატები ევროპულ უნივერსიტეტებში თარგმნეს... და ასე გავრცელდა ქრისტიანულ სამყაროში, მუმის შესახებ ინფორმაცია. თუმცა, წამლად, ბუნებრივი ბიტუმი კი არა — უშუალოდ, მუმია მიიჩნიეს.


image


XIII ს. ევროპაში უკვე ყველამ იცოდა, რომ მუმია — «სამკურნალო ნივთიერება» იყო და მისი მეშვეობით, ნებისმიერი დაავადების განკურნება შეიძლებოდა. ცნობილი მათემატიკოსი, ექიმი და ასტროლოგი გერარდ კრემონელი (1114 – 1187) მუმიის შესახებ წერდა:

«ეს არის სუბსტანცია, რომლის მოპოვება იმ მიწაში შეიძლება, სადაც ალოეთი ბალზამირებული მიცვალებული იყო დაკრძალული. ალოეს სხეულის სითხე ერევა და მუმიად გარდაიქმნება».

მუმიებს ევროპაში, როგორც ნაწილებად, ისე ფხვნილის სახით ყიდდნენ, რომელსაც ექიმების რეკომენდაციით, კერძებს ამატებდნენ — ეს, იმ დროს, ერთგვარი საკვების დანამატი იყო.

ХVI საუკუნეში მუმიის სრულფასოვანი ბაზარი შეიქმნა, სადაც მიცვალებულების გადამუშავებული და გამომშრალი სხეულის ნაწილები იყიდებოდა. დიდგვაროვნები და ვაჭრები არაბულ მუმიებს იძენდნენ, ხოლო მდიდარი ფეოდალები — ძველეგვიპტური სამარხებიდან ამოღებულ მიცვალებულებს, რომელსაც mumia sepulchorum ეძახდნენ. ითვლებოდა, რომ სასწაულმოქმედი მაცოცხლებელი ძალა, სწორედ ასეთ ნეშტს ჰქონდა.


სიკვდილის ინდუსტრია


ახლო აღმოსავლეთიდან — ევროპაში, ტონობით მუმია იგზავნებოდა. არაბ და ებრაელ ვაჭრებს არ ესმოდათ, თუ როგორ შეიძლებოდა ამ საზიზღრობის ჭამა? მაგრამ, ფულის შოვნაზე უარს არ ამბობდნენ... ევროპელი მოგზაურები წერდნენ, რომ ეგვიპტელები მუმიების მოძიება-შეგროვებაში, დღეს და ღამეს ასწორებდნენ. ხოლო შემდეგ, «ნადავლი» კაიროში მიჰქონდათ, სადაც მოვაჭრეებს აბარებდნენ.


imageეგვიპტელები მუმიების მოპოვების პროცესში. ნახატი ანდრე ტევეს წიგნიდან «უნივერსალური კოსმოგრაფია», 1575 წ.


იტალიელი, ფრანგი და გერმანელი აფთიაქარები ასეთ მუმიებს ფქვავდნენ და იმდენად ძვირად ყიდიდნენ, რომ ამ ე. წ. წამლის შეძენა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ. რადგან მოთხოვნა არსებობდა, არაბებმა მუმიების მასობრივად გაყალბება დაიწყეს: ისინი სიკვდილით დასჯილი დამნაშავეების, გარდაცვლილი მონების და მაწანწალების გვამებს ბიტუმით ფარავდნენ, მზეზე აშრობდნენ და ძველ მუმიებად ასაღებდნენ.


მოდა მუმიებზე


ХVII ს. ბოლოს სიტუაცია შეიცვალა, ევროპელი ექიმების უმრავლესობა, მუმიით მკურნალებს თაღლითებად მიიჩნევდა. თუმცა, «წამალი» დარჩა... მაგ., 1912 წ. გერმანულმა ფარმაკოლოგიურმა კომპანია Merck-მა მუმია საკუთარი პროდუქციის სიაშიც კი შეიტანა.


imageქუჩის მუმიებით მოვაჭრე


ნაპოლეონის ეგვიპტეში ლაშქრობის შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა ინტერესი ფარაონების ქვეყნის უძველესი ისტორიისადმი. ფრანგებმა და ინგლისელებმა მასობრივად დაიწყეს ძველი პაპირუსების, არტეფაქტების და რა თქმა უნდა, მუმიების შესყიდვა. ხოლო არაბებმა, ბაზარზე დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანების გვამები ისევ გამოიტანეს, რომელთა შორის, ფარაონების მუმიებიც იყო.


imageმუმიის ექსპერტიზა. პ. ფილიპოტოსი, XIX ს, II ნახევარი


ევროპაში მუმიას აღარ ჭამდნენ, მაგრამ მას, მეჯლისებზე და დიდგვაროვნების შეკრებებზე, გასართობად იყენებდნენ. მაგ., ფრანგები სპეციალურად იკრიბებოდნენ, რომ მუმიიდან სახვევების მოხსნის პროცესს დასწრებოდნენ და ასეთ ღონისძიებაზე მოსახვედრად, ბილეთებიც კი იყიდებოდა...



image

არხის სხვა სიახლეები:


* როგორ ცხოვრობს ქალი, რომელიც დედა 66 წლის ასაკში გახდა? დღეს მისი ქალიშვილი უკვე 18 წლის არის

* უცნაური და საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან "აქეთურ–იქითური"

* უცნაური და წარმოუდგენელი ფაქტები ტიტანიკის შესახებ

* ყვითელი და წითელი საზამთრო – იცით რა განსხვავებაა მათ შორის?



0
237
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0