x
აღქმის გეშტალტ–ფსიქოლოგიური გაგება
image


გეშტალტფსიქოლოგია ერთ–ერთი ფსიქოლოგიური სკოლაა, რომლის მიხედვითაც ფსიქოლოგიური ფენომენის გაგება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ მას ორგანიზებულ, სტრუქტურულ მთლიანობად მივიჩნევთ და არ დავანაწევრებთ პრიმიტიულ, მარტივ, პერცეპტულ ელემენტებად.


ზემოხსენებული სკოლა მე–20 საუკუნის მეორე ნახევარში გერმანიაში ჩამოყალიბდა. გეშტალტფსიქოლოგიის წამყვანი ფიგურები: მაქს ვერთჰაიმერი, ვოლფგანგ კელერი და კურტ კოფკა გახლდათ. ისინი ერთმანეთს 1910 წელს შეხვდნენ, მაინის ფრანკფურტში. სწორედ ეს უკანასკნელნი ამტკიცებდნენ, რომ ფსიქოლოგიური ფენომენის გასაგებად აუცილებელი პირობა მისი ერთ ორგანიზებულ მთელად აღქმაა. თავად ტერმინი გეშტალტი „მთლიანს“, „კონფიგურაციას“ ნიშნავს, აქედან გამომდინარე, გეშტალტისტები უარყოფენ ფსიქოლოგიაში არსებულ ატომისტურ თვალსაზრისს და ძირითადად იმაზე აპელირებენ, რომ მთელი გაცილებით მეტია, ვიდრე მისი ნაწილების უბრალო მექანიკური ჯამი.


გეშტალტ–ფსიქოლოგები ეწინააღმდეგებიან იმ გავრცელებულ თეორიას, რომლის მიხედვითაც, აღქმა სხვადასხვა შეგრძნების გაერთიანებით ფორმირდება. პირიქით, მათი აზრით, ეს მთლიანობის შეგრძნება არა ნაწილების ჯამისგან მიღებული და ნაწარმოები, არამედ პირველადი განცდაა. თუნდაც სმენით შეგრძნებას რომ შევეხოთ. გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს რამდენგვარი სიმებიანი თუ ჩასაბერი ინსტრუმენტის მონაწილეობით ვუსმენთ სიმფონიური ორკესტრის შესრულებას, მთავარი აქ ისაა, რომ იგი ჩვენ მიერ აღიქმება, როგორც ორგანიზებული, სავსე მუსიკის ჰანგები და არა ცალ–ცალკე სხვადასხვა ინსტრუმენტთა ქაოტური გამოძახილი. მაშასადამე, ისიც ნათელია, რომ გეშტალტი მუდამ გამოკვეთილობისკენ, დასრულებისკენ მიისწრაფვის.



მხედველობით შეგრძნებებსაც თუ მიმოვიხილავთ, ვიზუალური აღქმის თვალსაზრისით გეშტალტფსიქოლოგები რამდენიმე პრინციპს გამოყოფენ, რომლის მიხედვითაც პერცეპტული ხატების აღქმა ხდება. ეს უკანასკნელნი გეშტალტის პრინციპების სახელითაა ცნობილი. ამ პრინციპების გამოყენება კი მეტად გავრცელებულია მრავალ სფეროში, ხშირად ვხვდებით თუნდაც ვებ დიზაინში:სურათებში, ტექსტებში და სხვ. უკეთ რომ გავიგოთ რასთან გვაქვს საქმე, უშუალოდ განვიხილავ თითოეულ მათგანს.


გეშტალტის პრინციპები:

1.ფიგურისა და ფონის პრინციპი

ფიგურა ამ შემთხვევაში აღიქმება, როგორც ვიზუალურად გამოყოფილი ობიექტი ფონიდან. ეს პრინციპი ამტკიცებს, რომ ადამიანები ავტომატურად და გაუცნობიერებალად ქმნიან ფონისა და ფიგურის შეგრძნებას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ამის რეალური მიზეზი არ არსებობს.


2.მსგავსების პრინციპი

ეს პრინციპი გვეხმარება ქაოტურად მიმობნეული ელემენტები ერთგვარ წესრიგში მოვაქციოთ. შესაბამისად, ავტომატურად ვახდენთ ერთმანეთის მსგავსი ობიექტების საერთო მახასიათებლებით „დაჯგუფებას“.


3.სიახლოვის პრინციპი

ამ შემთხვევაშიც, სივრცულად ახლოს მდებარე საგნები ინტუიციურად აღიქმებიან, როგორც ერთ მთლიანობაში მყოფი ნაწილები. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ისინი შესაძლოა სრულიად არ წარმოადგენდნენ ერთსა და იმავე ჯგუფს.


4.უწყვეტობის პრინციპი

უწყვეტობის პრინციპის შემთხვევაში, ერთ ორიენტირებულ ნაკადში მოქცეული რამდენიმე ელემენტი მთლიანობაში აღიქმება. ამ პრინციპის მეშვეობით, თავის ტვინი უპირატესობას იმ სტიმულებს ანიჭებს, რომლებიც სურათის კონსტანტობას განაპირობებენ, იმ ცვლილებებს კი, რომლებიც სურათს წყვეტენ, უგულებელყოფს.


5.დახურვის/დასრულების პრინციპი

მოგეხსენებათ, ფორმა მით უკეთ აღიქმება, რაც უფრო დახურულია მისი მონახაზი. დახურვის პრინციპის წყალობით ჩვენი ტვინი ვიზუალურ აღქმას იყენებს ფიგურის დასასრულებლად და „ავსებს“ სივრცეებს დაუმთავრებელ ობიექტებში, სწორედ ამიტომ ვხედავთ მას როგორც ერთ მთლიანს.


6.საერთო რეგიონის პრინციპი

ამ პრინციპის მიხედვით, ჩვენ, ადამიანები, მიდრეკილნი ვართ, რომ ერთი მიმართულების მქონე ობიექტები ერთმანეთს გაურკვეველი მახასიათებლით დავუკავშიროთ, იმავე ფოტოზე კი უძრავ ან სხვა მიართულების მქონე საგნებს განსხვავებული „ჯგუფის“ წევრად მოვიაზრებთ.







0
62
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ღლონტი
მარიამ ღლონტი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0