x
მასლოუს პირამიდა

imageმოგეხსენებათ, განვითარების ფსიქოლოგია ადამიანის სიცოცხლის პერიოდში მიმდინარე ცვლილებებს შეისწავლის. პიროვნების განვითარების შესახებ მრავალი თეორია არსებობს, მათგან ერთ–ერთია აბრაჰამ მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდა.


აბრაჰამ ჰაროლდ მასლოუ მე–20 საუკუნეში მოღვაწე, ამერიკელი ფსიქოლოგი გახლდათ. მან პიროვნების განვითარების სიღრმისეული და კომპლექსური პროცესი ერთ გეომეტრიულ ფიგურაში მოაქცია, რომელსაც რამდენიმე სექციად ყოფენ, თუმცა კლასკური პირამიდა ძირითადად ხუთი საფეხურისგან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ მასლოუს ჰიპოთეზა ელვის სისწრაფით გავრცელდა, ფსიქოლოგმა თავისი ვარაუდის დახვეწასა და სრულყოფას თითქმის მთელი ცხოვრება მიუძღვნა. როგროც ცნობილია, პირამიდა ჩვენამდე სრულყოფილი სახით არ არის მოღწეული.


მასლოუს სჯეროდა, რომ ადამიანები მოთხოვნილებათა ვრცელი დიაპაზონით გამოირჩევიან, თუმცა მთავარი აქ ამ უკანასკნელთა იერარქიული ხასიათია. მოთხოვნილებები საფეხურებრივად დაბალიდან(მაგ. ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები) მაღალი(მაგ.თვითგამორკვევა) სტანდარტებისკენ მიიწევს. ამგვარი რანგობრივი კლასიფიკაციით არის განსაზღვრული მოთხოვნილებათა საჭიროების ხარისხიც. მაშასადამე, მასლოუს მიხედვით, პიროვნებას, რომელსაც არ აქვს დაკმაყოფილებული თუნდაც პირველ საფეხურზე მდგომი ბაზისური მოთხოვნილებები, მას არ შეუძლია შემდეგ საფეხურზე გადასვლა. პირამიდის მწვერვალი თვითგამორკვევის მოთხოვნის სახელითაა ცნობილი, რომელიც პიროვნული თუ ფსიქოსოციალური განვითარების უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს. ამ ეტაპზე ინდივიდი აღიქმება, როგორც სრული პოტენციალის მქონე, სოციუმში რეალიზებული პიროვნება. ამგვარად, ერთი შეხედვით პრიმიტიული პირამიდა საკმაოდ რთულ და ეტაპობრივ პროცესს ასახავს, რომელიც ინდივიდის მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარეობს.


მოთხოვნილებათა საფეხურები:


1.ფიზიოლოგიური მოთხოვნილება–იერარქიის ამ საფეხურზე ყველა ის ბაზისური ბიოლოგიური მოთხოვნილებაა გაერთიანებული, რომელიც ადამიანს არსებობისთვის აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს. (მაგ. სუნთქვა, შიმშილი, წყურვილი, სექსუალური ლტოლვა, პირადი ჰიგიენა, ძილი და სხვ.)

2.უსაფრთხოების მოთხოვნილება–ამჯერად, წინა პლანზე იწევს დაცულობის შეგრძნება. პირამიდის ამ საფეხურზე ინდივიდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემო, კომფორტის ზონა და უშფოთველობის განცდა. ერთი სიტყვით, სტაბილურობა, როგორც ფიზიკური, ისე ემოციური და ეკონომიკური თვალსაზრისით.

3.სოციალური მოთხოვნილება–ეს საფეხური სიყვარულისა და მიკუთვნებულობის მოთხოვნილების სახელითაც არის ცნობილი. ამ სტადიაზე ადამიანი ცდილობს დაძლიოს მარტოობა და თავი დაიმკვიდროს გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში. მისი მთავარი სურვილია ჰყავდეს მეგობრები, საყვარელი ადამიანები. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ხშირად ვაწყდებით მიჯაჭვულობის პრობლემებსაც.

4.დაფასებისა და აღიარების მოთხოვნილება–ამ სტადიაზე დღის წესრიგში დგება თვითპატივისცემისა და თვითშეფასების ცნებები. ინდივიდის მთავარ მიზანს საზოგადოებაში სახელის მოხვეჭა და გარკვეული რეპუტაციის მოპოვება წარმოადგენს.

5.თვითრეალიზაციის მოთხოვნილება–იერარქიის ბოლო საფეხური ყველაზე ღრმა და მასშტაბურ ცნებებს მოიცავს. მას გარკვეულ ქვესაფეხურებადაც ყოფენ. იგი ასევე ცნობილია, როგორც თვითგამორკევის/თვითაქტუალიზაციის ფაზა. მასში შეიძლება გავაერთიანოთ შემეცნების, ესთეტიკის მოთხოვნილებები. ამ საფეხურზე თავს იყრის ყველა ის ნიშანდობლივი მახასიათებელი, რომელიც ადამიანებს ცხოველებისაგან განასხვავებს. კერძოდ, მორალი, კრეატიულობა და სხვ. ამასთან ერთად, ეს სტადია უშუალო კავშირშია ინდივიდის სულიერ სამყაროსთან. ერთი სიტყვით, ეს არის პიროვნული განვითარების უმაღლესი მწვერვალი, რომელიც ყოველი მიზანსწრაფული ადამიანის საბოლოო "დანიშნულების ადგილს" წარმოადგენს.


ალბათ შეამჩნიეთ, რომ მასლოუს მოთხოვნილებები ორ ფუნდამენტურ რგოლში ერთიანდება. ერთის მხრივ, ეს გახლავთ მატერიალური, მეორეს მხრივ კი სულიერი/ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები. მასლოუს მიაჩნდა, რომ ინდივიდი თვითრეალიზაციის საფეხურს ვერ მიაღწევს მხოლოდ სულიერ სურვილებზე ან მატერიალისტურ საჭიროებებზე დაყრდნობით, ვინაიდან უმაღლესი მწვერვალის დაპყრობა მხოლოდ ამ უკანასკნელთა ჰარმონიზებული თანაარსებობითა და შერწყმით არის შესაძლებელი.


მასლოუს თეორიას მიმდევრებთან ერთად ბევრი კრიტიკოსიც გამოუჩნდა. მრავალი თეორიტიკოსი ეწინააღმდეგებოდა მოთხოვნილებათა მკაცრ იერარქიულ ხასიათს. კერძოდ, კრიტიკოსებს უამრავი მაგალითი მოჰყავთ, თუ როგორ შეუძლია ადამიანს მოთხოვნილებათა მესამე საფეხურზე დგომა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ან თუნდაც მეორე საფეხური სრულად არ აქვს დაკმაყოფილებული. მართლაც, ყოველდღიურობაში უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, თუ როგორ შეგვიძლია დავთრგუნოთ თუნდაც ძილის ან სექსუალური მოთხოვნილებების ნაკლებობა ისე, რომ ამ ფაქტმა შემდეგ საფეხურზე პროდუქტიულად ფუნქციონირებაში ხელი არ შეგვიშალოს.


მაშასადამე, მასლოუს მეტად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის განვითარების ფსიქოლოგიის ისტორიის ფორმირებაში, თუმცა მისი ღრმა სტრუქტურული ჭეშმარიტება ბევრი მეცნიერისთვის დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.



0
1097
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ღლონტი
მარიამ ღლონტი
1097
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0