x
რა იწვევს კადრების დენადობასა და აბსენტიზმს?

image

ნებისმიერი ორგანიზაცია ხშირად აწყდება პერსონალის შრომის რეგულირების პრობლემას, რომელიც ორ ძირითად მოვლენაში ვლინდება, ეს არის აბსენტიზმი- სამუშაოს გაცდენა და კადრების დენადობა- სამუშაოს დატოვება. პირველ რიგში საჭიროა განვასხვავოთ კადრების დენადობის და გაცდენების ორი ტიპი: ნებაყოფლობითი და იძულებითი. სამუშაოს ნებაყოფლობითი გაცდენის დროს ხდება სამსახურში გამოუცხადებლობა წინასწარი გაფრთხილების გარეშე. იძულებითი გაცდენა კი ხდება პიროვნებისგან დამოუკიდებელი მიზეზით, ეს შეიძლება იყოს საკუთარი ან მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული.

ნებაყოფლობითი დენადობა გულისხმობს სამსახურის დატოვებისას პირად ინიციატივას. მაგალითად, სამსახურის დატოვება სხვა, უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახურის გამო. იძულებითი დენადობა კი ორგანიზაციის ინიციატივას გულისხმობს. ამ დროს გამოიყოფა ორი ტიპი: ერთია კადრების შემცირება- როცა ორგანიზაციას აღარ სჭირდება ზედმეტი სამუშაო ძალა და მეორე დათხოვნა- როცა თანამშრომელის გათავისუფლება ხდება მისი არაკომპენტენტურობის, ორგანიზაციის წესების დარღვევის გამო. გაცდენებისა და დენადობის მიზეზი განსხვავდება იმის მიხედვით იძულებითია იგი თუ ნებაყოფლობითი.

ნებაყოფლობითი დენედობა და აბსენტიზმი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ორგანიზაციის ადამიანური რესურსის მართვის პოლიტიკაზე, რაც თანამშრომელთა შრომით კმაყოფილებაზე ახდენს გავლენას. რაც შეეხება სამუშაოს იძულებით გაცდენას, ის ნაკლებად ექვემდებარება პერსონალისა და ორგანიზაციის კონტროლს. იძულებითი დენადობა კი დამოკიდებულია პერსონალის შერჩევის ხარისხზე, შერჩევის პროცედურებსა თუ ბაზრის ცვლილებებზე.


მთავარი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს სამუშაოს დატოვების სასურველობაზე, არის პერსონალის უკმაყოფილება. რაც უფრო მაღალი იქნება შრომითი კმაყოფილება, მით დაბალი იქნება სამუშაოს დატოვების ალბათობა. შესაბამისად მნიშვნელოვანია ორგანიზაციის მხრიდან შრომითი კმაყოფილების კვლევა და უკუკავშირის მიღება თანამშრომლებისგან.

კადრების ნებაყოფლობითი დენადობა მეტად არასასურველია ორგანიზაციისთვის, თუმცა ყოველთვის ასე არ არის. პიროვნული პოზიციიდან სამსახურის დატოვება საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. თუ ასეთი მობილურობის შედეგი შრომითი კმაყოფილებისა და შემოსავლის ზრდა არის, ამით მოგებული რჩება პიროვნებაც და საზოგადოებაც. სამსახურიდან დათხოვნაც მომგებიანია ორგანიზაციისთვის, რადგან ის თავისუფლდება არაკვალიფიციური თანამშრომელისგან. კადრების დენადობა დაკავშირებულია ორგანიზაციის ხარჯებთან, რომელიც მოიცავს სამუშაოს დატოვების პირდაპირ ხარჯებს, ახალი თანამშრომლების მოზიდვის, მათი ტრენინგის ხარჯებს, ასევე მათი დამაგრებისთვის გაწეულ ხარჯებს: ხელფასის მომატება, პრემია.

რაც შეეხება სამუშაოს გაცდენებს, მასზე არაერთი ფაქტორი ახდენს გავლენას. შეგვიძლია გამოვყოთ ორი ძირითადი მიზეზი: დასწრების შესაძლებლობა და დასწრების მოტივაცია. დასწრების სესაძლებლობა მჭიდროდ არის დაკავშირებული იძულებით გაცდენასთან. ამ დროს მიზეზები, რის გამოც თანამშრომელს არ შეუძლია სამსახურში სიარული არის: ოჯახური პრობლემები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტრანსპორტის პრობლრემა და ა.შ. ძირითადად ორგანიზაციის მხრიდან დასწრება-გაცდენების კონტროლი ხდება პერსონალის დასწრების მოტივაციაზე ზემოქმედებით. ნებაყოფლობითი გაცდენების დროს ხშირია სხვადსახვა სახის დასჯა, დაჯარიმების წესი, თუმცა ეს ნაკლებად ეფექტურია. უკეთესი შედეგები მოაქვს დადებით განმტკიცებას, როცა კარგი დასწრებისთვის თანამშრომლებს აძლევენ პრემიას, ანაზღაურებად დასვენების დღეებს. ეს მეთოდები ყოველთვის წარმატებული არ არის, თუმცა საგრძნობლად ამცირებს გაცდენების რიცხს.

ხშირად ნებაყოფლობითი და იძულებითი აბსენტიზმის გარჩევა რთულია, ამიტომ იყენებენ უდანაშაულო აბსენტიზმს. ასეთ დროს გაცდენების გარკვეული რაოდენობა დაშვებელია ჯარიმის გარეშე, რადგან ორგანიზაცია თვლის, რომ ეს გარდაუვალია. ამ მიდგომას აქვს თავისი უპირატესობები: 1. სუპერვიზორებს ეზოგებათ დრო გაცდენების საპატიო-არასაპატიო მიზეზების გარჩევის თვალსაზრისით. 2. გაცდენებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრებათ თანამშრომლებს. 3. ხდება დასწრების გაუმჯობესება. ასევე ხშირად ორგანიზაციები ზღუდავენ ბიულეტენების გამოყენებას, რადგან თვლიან, რომ ისინი ზრდიან გაცდენების რიცხვს. შესაბამისად ორგანიზაცია აწესებს ჯილდოს თუ თანამშრომლები მაქსიმალურად ცდილობს არ გამოიყენოს ბიულეტენის დღეები. ასევე გამოცდილებამ აჩვენა, რომ დადებითი განმტკიცება, ნეგატიურ სანქციებთან კომბინირებული სახით ზრდის დასწრების ალბათობას. აქედან გამომდინარე, ორგანიზაციამ უნდა გაითვალისწინოს ეს ყველაფერი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.


0
55
შეფასება არ არის
ავტორი:თამუნა ჭანკვეტაძე
თამუნა ჭანკვეტაძე
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0