x
რომის პაპი -იტალიური მაფიის ფუძემდებელი
image

1431 წლის 1-ელ იანვარს, ვალენსიის მახლობლად, ესპანური წარმოშობის დიდგვაროვან ოჯახში დაიბადა რომის მომავალი პაპი როდრიგო ბორჯია.დედამისი იოანა ბორჯია გარყვნილი და ქარაფშუტა ქალი იყო, რის გამოც მისმა მეუღლემ უარყო ვაჟი და ცოლს გაეყარა.

როგორც კი წამოიზარდა, როდრიგო რომში გაემგზავრა, სადაც მის ბიძას მაღალი თანამდებობა ეკავა. ლამაზმა, შავთმიანმა ესპანელმა მალე საყვარლების მთელი არმია გაიჩინა, რომელთა უმეტესობა ქალაქის ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანის ცოლი იყო. ბოროტი ენები ამბობდნენ, რომ საკუთარი ბიძა, რომელიც მოგვიანებით რომის პაპი კალიქსტუს III გახდა, მხოლოდ ნათესაური გრძნობებით არ იყო განწყობილი როდრიგოს მიმართ. სწორედ ბიძის რჩევით მიატოვა როდრიგომ სამხედრო სამსახური და ვალენსიის არქიეპისკოპოსი გახდა, თუმცა გარყვნილი ცხოვრების წესს ვერ შეელია.

როგორი მრავალრიცხოვანიც არ უნდა ყოფილიყო როდრიგო ბორჯიას საყვარლების რაოდენობა, მათთან კავშირები იმდენად წუთიერი იყო, რომ ყველას სახელი არ ახსოვდა.


ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, როცა მომავალმა პაპმა ვალენსიაში ელენა ვანოცისთან სასიყვარულო ურთიერთობა გააბა, ვერ წარმოიდგენდა, რომ დედის მერე, მის უმცროს ქალიშვილს ჩაიწვენდა ლოგინში. ელენა ვანოცის საკუთარი მეუღლის მკვლელობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცეს. ერთი შეხედვით ჩუმმა და თავმდაბალმა როზამ გადაწყვიტა, საკუთარი მამის სიკვდილის გამო, დედაზე შური ეძია და დედის საყვარელს მიანიშნა, რომ, დახმარების სანაცვლოდ, გულუხვად გადაუხდიდა. როდრიგო ბორჯიას, რომელიც დიდხანს ცდილობდა მომხიბვლელი გოგონას გულის მონადირებას, ბევრი არ უფიქრია - უკვე ასაკში შესულ საყვარელს იგივე შხამი დაალევინა, რომლითაც პაპობის გზაზე მიმავალი კონკურენტებს იცილებდა. რა თქმა უნდა, ელენა ვანოცის უეცარი გარდაცვალების გამო, არქიეპისკოპოსზე ეჭვი არავის მიუტანია. როზამ კი პირობა შეასრულა და თითქმის შვიდი წლით, როდრიგო ბორჯიას საყვარელი გახდა.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ბორჯიების სახელგანთქმული საწამლავი, რომლითაც მომავალი პაპი კონკურენტებს გზიდან იცილებდა. ერთგული ალქიმიკოსების წყალობით, როდრიგომ ძლიერი და სუსტად მოქმედი შხამების მთელი წყება შექმნა, რომლითაც ის და მისი შვილები სარგებლობდნენ. ადამიანებს ბორჯიების საწამლავის ხსენება შიშის ზარს სცემდათ. გადმოცემის მიხედვით, თავისი შხამების წყალობით, როდრიგოს ასამდე კაცი ჰყავდა მოკლული. პაპის საყვარელი შხამი უსუნო კანტარელა ყოფილა, რომელსაც სხვადასხვა კერძში შეუმჩნევლად უმატებდნენ.

1458 წელს, როცა რომის პაპი კალიქსტუს III სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, საყვარელ როდრიგოს უხმო და მისი კარდინალად დანიშვნის ბრძანება გასცა. კარდინალის მანტიაში გამოწყობილი 25 წლის ესპანელი პაპის მარჯვენა ხელი გახდა. ჭკვიანი ახალგაზრდა უმცირეს დეტალებამდე გათვლილ პოლიტიკურ თამაშს აწარმოებდა. ყველა პაპს (ასეთი კი ხუთი იყო) ერთგულებას ეფიცებოდა, რისთვისაც მკრეხელობასა და მანკიერი ცხოვრების წესს პატიობდნენ. ყველამ იცოდა, რომ ბორჯიას სახლში ღამით ორგიები ეწყობოდა, რომელშიც ყველაზე ცნობილი კურტიზანი ქალები მონაწილეობდნენ, თუმცა როდრიგო არც საყვარელ როზას ივიწყებდა.
მასთან ხშირად შეხვედრის საშუალება რომ ჰქონოდა, კარდინალმა ბორჯიამ როზა საიდუმლოდ ვენეციაში გადაიყვანა, მდიდრულ სახლში დააბინავა და მრავალრიცხოვანი მსახურები მიუჩინა, რომლებიც შავთვალება ლამაზმანის ნებისმიერ სურვილს ასრულებდნენ.

1474 წელს ქალბატონმა ვანოციმ საყვარელს პირველი შვილი - ხუანი აჩუქა, ორი წლის შემდეგ მეორე ვაჟი - ცეზარე, 1480 წელს კი გოგონა გააჩინა, რომელსაც ბედნიერმა მამამ ლუკრეცია დაარქვა. მემკვიდრეობით ერგო რა სიეშმაკე, პირმოთნეობა, გარყვნილება და განსაკუთრებული სისასტიკე, წლების შემდეგ გოგონამ ამორალურობაში, მზაკვრობასა და ინტრიგების ხლართვაში გაწაფულ მამას გაასწრო და მისი სკანდალური რეპუტაცია გააგრძელა. ამბობენ, რომ მშვენიერი ლუკრეცია უბიწობას 10 წლის ასაკში დაემშვიდობა. მან მოახერხა, სარეცელი გაეზიარებინა რომის ყველა ცნობილ მამაკაცთან, რომლებსაც შემდეგ, მამის საწამლავით, თავიდან იშორებდა. იმასაც ამბობენ, რომ ნორჩი ლუკრეციას საყვარლებს შორის მისი ღვიძლი ძმები და მამაც კი იყო. თავიდან ამ ცოდვილ კავშირს მკაცრად ასაიდუმლოებდნენ, მაგრამ მამა-შვილის ურთიერთობის შესახებ როზა ვანოციმ შეიტყო. როდრიგომ, რომელსაც მშვენიერი ლუკრეციას დაკარგვა არ სურდა, საყვარელი მდიდარ იტალიელ სენიორზე გაათხოვა. ამის შემდეგ, როზა სამუდამოდ წავიდა როდრიგოს ცხოვრებიდან, მისი ადგილი კი შვილმა დაიკავა. ლუკრეცია ზღაპრული სილამაზის იყო. მისი მშვენიერი აღნაგობა, ოქროსფერი თმა და მწვანე თვალები ნებისმიერს მოხიბლავდა. მალე ლუკრეცია, მამასთან ერთად, პოლიტიკაში ჩაერთო - ოფიციალურ მიღებებს ესწრებოდა, ბრძანებებს ხელს აწერდა, დამნაშავეებს სჯიდა და თავს საკმაოდ თვითდაჯერებულად გრძნობდა. ჩანდა, რომ საკუთარი მამის საყვარლის როლი ძალიან აკმაყოფილებდა.

მამამ და ძმებმა ის სამჯერ გაათხოვეს და სამივეჯერ პოლიტიკური და მატერიალური მოსაზრებით. ლუკრეციას სამიდან ორი ქმარი ბორჯიების ინტრიგებმა იმსხვერპლა. მამა-შვილს ცოდვილი კავშირი არც ლუკრეციას გათხოვების შემდეგაც შეუწყვეტიათ. ამბობენ, რომ მან შვილიც კი გააჩინა, რომელიც როდრიგომ საკუთრად აღიარა.

1492 წელს, როცა პაპი ინოკენტი მერვე გარდაიცვალა, ახალ პაპად როდრიგო ბორჯია აირჩიეს და ალექსანდრე VI უწოდეს. 60 წლის პაპმა დაუქორწინებლობის აღთქმა დადო, თუმცა საკუთარ ვნებებზე უარი არ უთქვამს. მდიდარი, ცნობილი და სიამისმოყვარული პაპი აგრძელებდა ახალგაზრდა გოგონებთან გართობას. 1503 წლის ზაფხულში მან ახლობელი კარდინალები მოიწვია და მდიდრული სადილი გამართა, რომელზეც არასასურველი პირების მოწამვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა მსახურმა, რომელსაც სტუმრებისთვის მოწამლული ღვინის დასხმა ევალებოდა, შეცდომით პაპსაც მოწამლული ღვინის ჭურჭლიდან დაუსხა. 77 წლის ალექსანდრე მეექვსე ნადიმიდან რამდენიმე საათში, 1503 წლის 18 აგვისტოს გარდაიცვალა.

პაპის სიკვდილიდან უმოკლეს დროში, გარდაიცვალა როზა ვანოცი და მისი შვილი ჩეზარე. მალე 38 წლის ლუკრეცია, რომელიც ფერარის ჰერცოგის მეუღლე გახლდათ, მშობიარობას გადაჰყვა. ამ დროისთვის ის ბორჯიების სკანდალური ოჯახიდან უკანასკნელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბორჯიებზე და მათ ოჯახზე დაუჯერებელი ხმები ვრცელდებოდა, ისტორიკოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ მათი რეპუტაცია, როგორც კაცისმკვლელებისა და შეუბრალებელი ჯალათებისა მეტისმეტად გაზვიადებულია. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ მშვენიერი ლუკრეცია ჭკვიანი სახელმწიფო მოღვაწე იყო და არასოდეს არავინ მოუწამლავს, რომ მითი ბორჯიების საწამლავზე მთლიანად მწერლების დამსახურებაა.

რაც შეეხება ალექსანდრე მეექვსეს, ამბობენ, რომ მისი მოღვაწეობის პერიოდში ქალაქში წესრიგი აღდგა და მეცნიერება და ხელოვნება აყვავდა. უდავო მიღწევების მიუხედავად, კათოლიკური ეკლესია ალექსანდრე მეექვსეს ერთმნიშვნელოვნად ვერ აფასებს.

ბორჯიების საგვარეულოზე უამრავი წიგნი დაიწერა, ფილმები და ტელესერიალები გადაიღეს და პიესები და საოპერო წარმოდგენები დადგეს, თუმცა ამ გვარს დღემდე იდუმალებისა და ბოროტების აჩრდილი სდევს. მას მსოფლიო ისტორიაში პირველ კრიმინალურ ოჯახად და იტალიური მაფიის წინაპრად მიიჩნევენ.

0
366
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია
366
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0