x
მედროვეთა ხანა საქართველოში - სადუნ მანკაბერდელი
image
მონღოლთა ბატონობა საქართველოსთვის რიგი ვალდებულებებისა და დაკისრებული გადასახადების გამო, უდიდესი ზიანის მომტანი აღმოჩნდა. მონღოლთა საყაენო დაპყრობილი ერების ენების უცოდინრობის გამო მთლიანად თარჯიმნებზე იყვნენ დამოკიდებულნი, რომლებმაც მონღოლური იცოდნენ. მათ, რასაკვირველია, მიზნად, უპირველესად, ადვილად და სწრაფად გამდიდრება ჰქონდათ დასახული. თარჯიმანზე გადასაწყვეტი საქმისთვის გარკვეული მიმართულების მიცემა იყო დამოკიდებული, რადგან გარემოებიდან გამომდინარე, მათ თარგმანს მთავარი მნიშვნელობა ჰქონდა. თარჯიმანს ყოველთვის შეეძლო ზოგი რამ შეერბილებინა ან გაეძლიერებინა, ხოლო მოქრთამულს დაემახინჯებინა კიდეც. სწორედ ასეთ ხალხს როგორც სახელმწიფო ასპარეზზე, ისევე სასამართლო დაწესებულებაში ფართო სარბიელი მიეცა და ამ ხელსაყრელმა ვითარებამ მათ ზღაპრულ გამდიდრებას მოუწყო ხელსაყრელი ნიადაგი.

სადუნ მანკაბერდელი სწორედ ერთი ასეთი პიროვნებათაგანი იყო. იგი წარმომავლობით გასომხებული ქურთი გახლდათ, მანკაბერდი კი ადგილია გუგარეთში.[1] იგი სომხურის გარდა, კარგად ფლობდა ქართულ, სპარსულ და მონღოლურ ენებს. სადუნის ქურთ-სომხობას ეჭვის ქვეშ აყენებს ვახუშტის მიერ სადუნის მოხსენიება კახაბერის სახელით: „კახაბერ სადუნი განდიდებული იყო უმეტეს ყოველთა წარჩინებულთა”.[2] არავინ იცის, საიდან გაჩნდა ვახუშტი ბატონიშვილთან სადუნთან ერთად სახელი კახაბერი, მაგრამ ფაქტია, რომ ზნეობრივი ღირებულებებით ის მაინცდამაინც არ განირჩევოდა და მისი ეროვნებაც თითქოს საჭიროებისამებრ იცვლებოდა. ივანე ჯავახიშვილი სწორედ აფასებს: „ფერისცვალების საოცარი ნიჭი ჰქონდა ყმადყოფილს, მონღოლთან მონღოლი იყო, სომეხთან — სომეხი, ქართველთან — ქართველი“.[3] სადუნი იმ ხანისთვის დამახასიათებელი უეროვნო, საკუთარ აღზევება-გამდიდრების წადილით შეპყრობილი პიროვნებათაგანი იყო. ამ ადამიანის სახელიც ძალიან საინტერესოა: „სადუნი“ სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით სხვადასხვა ენის მცოდნე კაცს აღნიშნავს, მაგრამ „სადუნი“ ასევე მონღოლური სიტყვაა, რომელიც მეგობარსა და დაახლოებულ კაცს ნიშნავს.[4] ცხადია, ასეთი სახელი მისთვის ერთი მხრივ, მონღოლებს უნდა შეერქვათ, რადგან მათთვის ის ნამდვილად დაახლოებული პირი იყო, ხოლო მეორე მხრივ, ქართველებს ეს სახელი თარჯიმნის მნიშვნელობად უნდა გამოეყენებინათ.

სადუნ მანკაბერდელი თავისი ნიჭით ჯერ კიდევ დავით ულუს დროს გახდა ცნობილი. როდესაც ჰულაგუ ყაენი[5] მეფის განდგომის საქმეს არკვევდა, თარჯიმნად სწორედ სადუნი ახლდა, რომლის თარგმანსაც, ჟამთააღმწერელის მოწმობით, ყაენის სულიერ განწყობაზე ვითომც დამაწყნარებელი გავლენა უნდა მოეხდინა. დავით მეშვიდეს ხისტი საუბარი სჩვეოდა, თანაც ენას უკიდებდა, მაგრამ, „ენამძიმე“ მეფის თქმულს მჭევრმეტყველი, „ენაკეთილი და სიტყვამარჯუე“ მანკაბერდელი ალამაზებდა, ავრცობდა და ყაენს მისთვის სასურველ კონტექსტში უთარგმნიდა მონღოლურად.[6]

სადუნის სწრაფი აღზევება მონღოლთა ყაენის შექება-ხოტბითა და ფალავნობით დაიწყო. მონღოლებს ძალიან უყვარდათ ჭიდაობა, ფალავნები მთელ იმპერიაში დიდ პატივში ჰყავდათ და ხშირად იმართებიდა ორთაბრძოლები. ყაენებსა და მონღოლ დიდებულებს ართობდათ ჭიდაობის ყურება და უნდოდათ, კარგი ფალავნები ჰყოლოდათ, რითიც ამაყობდნენ. სომხურ წყაროებში დაცულია სადუნ მანკაბერდელის ორთაბრძოლის შესახებ ინფორმაცია, თუ როგორ დაამარცხა მანგუ ყაენის[7] ფალავანი და ამით როგორ მოიპოვა ჰულაგუ ყაენის გული. უფრო მეტიც, ჰულაგუმ ბრძანა, დაემზადებინათ გამარჯვებული სადუნისთვის სიგელი, ანუ იარლიყი, რომლითაც წინასწარ მიეტევებოდა ცხრა დანაშაული.[8]


მის დაწინაურებას ყველაზე მეტად ჰულაგუ ყაენის პირველი ვაზირის საბიჰ დივანის დახმარებამ შეუწყო ხელი, რომელსაც თავისი ყოფილი პატრონის, ავაგ ათაბაგის ასული ხვაშაქი ჰყავდა ცოლად. ხვაშაქმა სადუნს ჯერ ეჯიბობა[9] მისცა, ხოლო, როცა ხვაშაქი გავლენიანი ვაზირის ცოლი გახდა და სადუნს, როგორც ყველაზე დაახლოებულ პირს, საქართველოს საკითხების განხილვის დროს მთავარი მნიშვნელობა მიანიჭა და მის ნამდვილ მესაჭედ აქცია.[10] ამის შემდეგ დავით ულუს გარდაცვალების შემდეგ 1270წ. აბაღა ყაენმა აღმოსავლეთ საქართველოს მეფედ დემეტრე დავითის ძე დაამტკიცა, რომელიც მაშინ 11-12 წლის იყო. მზრუნველად კი სადუნ მანკაბერდელი დაუნიშნა. დემეტრემ სადუნს ურდოშივე 1272 წელს ათაბაგობა უბოძა, რასაკვირველია, მონღოლების კარნახით. მანამდე სადუნი მხარგრძელების ყოფილი ყმა იყო, მაგრამ ყაენის პირადი ყურადღების წყალობით დიდ შეძლებასა და გავლენას მიაღწია. აბაღა ყაენმაც საქართველოს ლაშქართა საქმე-განგებაც მას მიანდო. ამრიგად, საქართველოს ათაბაგის ყოფილი ყმა, არამცთუ თვითონ გაათაბაგდა, არამედ მცირეწლოვანი მეფის მზრუნველადაც და თვით სამეფოს ბატონ-პატრონად გადაიქცა. მონღოლთა მფარველობით გათამამებულ სადუნს საქართველოს განმგებლობა მთლიანად ხელში ჩაუვარდა: ჭაბუკი მეფე „ხელთა შინა სადუნისთანა იყო, რამეთუ ფრიად განადიდა სადუნი ყაენმა“.[11] მას ჰქონდა ათაბაგობაც და ამირსპასალარობაც.

სამოხელეო ასპარეზზე აღზევების პარალელურად სადუნ მანკაბერდელი ყველანაირი შემთხვევით სარგებლობდა, რომ რაც შეიძლება დიდი ქონება დაეგროვებინა. ამის მისაღწევად ჯერ კიდევ ახალგაზრდა მეფეს იყენებდა. 1278 წელს სადუნმა დემეტრე II-ისგან თელავის, ბელაქნის და ბევრი სხვა ადგილის მიღება მოახერხა. ამავე დროს, როდესაც დემეტრე მეფეს ყაენის ურდოში წასვლა მოუხდა და მას „ურიცხვი საფასე“ მოსთხოვეს, რომლის გადახდა მეფემ ვერ შეძლო, ამ საფასის გადახდა სადუნმა თავად იკისრა, მაგრამ სამაგიეროდ თავისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ადგილის დათმობა მოითხოვა, როგორიც დმანისი იყო, მაგრამ ამით, რა თქმა უნდა, იგი არ დაკმაყოფილდა და იმდენი ეცადა, რომ დემეტრისგან საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის დასაცავად ისეთი მნიშვნელოვანი პუნქტი აიღო, როგორიც ქ. კარი (იგივე ყარსი) იყო, რომელიც თავის საჯდომად აქცია. ხოლო იმ სასურველ ადგილებს, რომლებსაც ხელში ვერ ჩაიგდებდა, ქართველი ისტორიკოსის გადმოცემით, ყიდულობდა. ასევე როდესაც გაქნილმა ვეზირმა დემეტრე მეორეს მეტეხის ტაძრის ასაგებად სესხი მისცა, მეფემ სანაცვლოდაც მრავალი სოფელი და ადგილ-მამული უბოძა მანკაბერდელს.

სადუნ მანკაბერდელი მონღოლთა ყოფაცხოვრებასა და აზროვნებას იმდენად შეეგუა, რომ მათი ზნეობაც შეითვისა. მონღოლთა წაბაძულობით მან სამი ცოლი შეირთო. ამასთანავე დამახასიათებელია, რომ საცოლის მოსაპოვებლად სადუნი ისე მოქმედებდა, როგორც მონღოლური ზნე-ჩვეულებით იყო დაწესებული. მაგალითად, მან იყიდა ირანში გათხოვილი დემეტრეს და თამარი, რომელიც მთიულეთში იყო გამოპარული. თამარ ბატონიშვილის მონღოლ ქმრადყოფილს შეევაჭრა რომ ნაცოლარი მისთვის დაეთმო, რაზეც დაითანხმა და სათანადო თანხაც გადაიხადა.[12] ერთი მხრივ, თამარს სადუნის ცოლობა საქართველოში დარჩენის შესაძლებლობას აძლევდა, მაგრამ მეორე მხრივ, ამ ქორწილით სადუნი მეფის სიძე ხდებოდა, რაც კიდევ უფრო გაზრდიდა მის გავლენას. ქართველი ჟამთააღმწერელის ცნობით, სადუნ მანკაბერდელის ქცევამ და უმთავრესად მისმა მრავალცოლიანობამ, რაც, რასაკვირველია, გასაკვირი არ არის, რადგან მრავალცოლიანობა უწესოებად ითვლებოდა, საქართველოს კათალიკოსის, მოხუცი ნიკოლოზის გაღიზიანება გამოიწვია, რომელიც ჯერ დარიგება-შეგონებით, შემდეგ კი შეჩვენებით ცდილობდა მისთვის მრავალცოლიანობა დაეშლევინებინა, მაგრამ მისი ყოველი ცდა ამაო იყო. მისი შეჩვენება მხოლოდ ცარიელი სიტყვები აღმოჩნდა. მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს ეკლესიის მარცხი იყო, სადუნი პირდაპირ არ დაპირისპირებია ეკლესიას. მან კარგად იცოდა, რომ ეკლესიას დიდი გავლენა ჰქონდა, ამიტომ გავლენიანი წრის კეთილი განწყობილების მოპოვება აუცილებელი იყო. სადუნ მანკაბერდელს, მართალია, არაერთი ცოდვა და დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, რომლისთვისაც ეკლესიას საერთოდ უნდა განეკვეთა, მაგრამ მან ოსტატურად მოახერხა არა თუ უსიამოვნების თავიდან აცილება, არამედ გავლენიანი სასულიერო წრის მომადლიერება გულუხვი ქველმოქმედებებით, რაზეც ის ფაქტი მოწმობს, რომ ქართული საეკლესიო წრეების წარმომადგენლები მის დიდ ღირსებას აღიარებენ და მისი მართვა-გამგეობის ნიჭს აქებენ.[13] ქართველი ჟამთააღმწერელი წერს, რომ სადუნ მანკაბერდელი „კეთილად განაგებდა საქმეთა საქართველოისათა, რამეთუ დღეთა მისთა არა იქმნებოდა ძალი თათართაგან და უსამართლო, არცა დიდთა ნოინთაგან და არცა ელჩთაგან“.[14] ცნობილია, თუ რა საშინელებას წარმოადგენდა მონღოლთა მოხელეების ბოროტმოქმედება გადასახადების აკრეფის დროს და ელჩების თვითნებობა მოგზაურობის დროს, რაც მძარცველთა ბრბოს მოქმედებას უფრო ჰგავდა, ვიდრე სახელმწიფო დაწესებულებათა წარმომადგენელთაგან თავიანთი მოვალეობის შესრულებას. შესაძლებელია, რომ აქედან გამომდინარე უსაფუძვლო არ იყოს ზემოაღნიშნული სადუნის დახასიათება. როგორც მონღოლთა კარზე ფრიად გავლენიან პირს, სხვებზე უფრო მარტივად შეეძლო ასეთი პირების დასჯა და ამით საქართველოში შედარებით წესრიგის დამყარება. იგი თავის გავლენასა და რეპუტაციას იყენებდა მოხელეების უწესობის აღსაკვეთად და ასე გამოდიოდა ქვეყნის ინტერესების დამცველად. სადუნის მაღალი ღირსების ქება-დიდება იმ მადლიერების დიდი გრძნობით იყო გამოწვეული, რომელიც საეკლესიო წრეების წარმომადგენლებს მისდამი ჰქონდათ. ქართველი ჟამათააღმწერელი თვითონვე აღნიშნავს: „იქმნა კეთილიცა საქმე მონასტერთა და გლახაკთა (ე.ი. ბერ-მონაზონთა) მიმართ, რამეთუ დღეთა ცხოვრებისა მისისათა მან მისცა ყალანი და მალი ათორმეტთა უდაბნოთა გარეჯისათა და განათავისუფლნა ქუეყანანი გარეჯისანი“.[15] სწორედ ასეთი დახმარებისთვის იყვნენ მადლიერებით სავსენი, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ სადუნის პიროვნებიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ქვეყნის ძლიერება და მშვიდობა, შესაძლებელია, ისევე საკუთარი ავტორიტეტისა და გავლენისთვის სჭირდებოდა, ეს მისი ძალაუფლების ერთგვარ გარანტიას წარმოადგენდა. ბუნებრივია, რომ ძლიერი ქვეყნის ფაქტობრივ გამგებელს უფრო მეტი გავლენა და ძალაუფლება ექნებოდა, ვიდრე გავერანებული და განადგურებული ქვეყნის მმართველს, რომლის სამეფოც მონღოლებისთვის საერთოდ არ წარმოადგენდა მნიშვნელოვან და საშიშ ძალას. ასეთი ავტორიტეტის გამო, ქართველ დიდებულებს შორის ბევრი იყო სადუნ მანკაბერდელის მოწინააღმდეგე. მისდამი მტრული დამოკიდებულება იმით იყო გამოწვეული, რომ უცხო კაცი მონღოლთა ერთგულების საფუძველზე დაწინაურდა, რითაც დიდ ფეოდალებს ძალას აცლიდა, დიდი თანამდებობებისა და უამრავი უძრავ-მოძრავი ქონების ხელში ჩაგდებას ახერხებდა, ასევე ყაენს სადუნისთვის გადაცემული ჰქონდა ლაშქრის საქმე და განგება და სწორედ მისი დახმარებით ახერხებდა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, რაც აუცილებლად იწვევდა მეფისა და დიდებულების გაღიზიანებას და სწორედ ეს გარემოება აერთიანებდა საქართველოს სამეფო კარსა და დიდ ფეოდალებს. სადუნის ათაბაგობა-ამირსპასალარობამ და ამ კუთხით მონღოლთა ზეწოლამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა დემეტრე თავდადებულის პოლიტიკა და მისი დიპლომატიის ძირითადი მიმართულება. მეფე დემეტრემ ვერც სრულწლოვნობის ასაკში მიაღწია სასურველ შედეგებს. მამლუქთა ეგვიპტისა და ილხანთა შორის არსებული დაპირისპირების პერიოდში ჰულაგუიანთა ვასალი დემეტრე იძულებულია ყაენის მიერ ეგვიპტის სასულთნოს წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში მუდმივად მიიღოს მონაწილეობა, ასევე თავს ვერ აღწევს სიბაზე ხშირი დგომის მოვალეობასაც. ყოველივე ეს მეფის სამეფო ტახტზე დიდი ხნით არყოფნას იწვევდა, რაც თავისთავად ართულებს სიტუაციას ქვეყნის შიგნით. დემეტრე იმ დიპლომატიური ხაზის გამტარებელია, რომლითაც პრიორიტეტი ეძლევა არა აშკარა ბრძოლასა და დაუმორჩილებლობას, არამედ ერთგვარად პასიურ, მორჩილ პოლიტიკას. აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური საზღვარი დემეტრეს დროს ძველებურად დარუბანდამდე კი არ აღწევდა, არამედ შემახიის თემამდე, მდ. თეთრი წყლის სანაპირომდე მიდიოდა.[16] დემეტრეს არ ემორჩილებოდა სამცხე, რომელიც ყაენის კუთვნილებად, 1266 წლიდან ხასინჯუდ იყო გამოცხადებული. ასე რომ დემეტრე კვლავინდებურად „ხელთა შინა სადუნისათა იყო“, მხოლოდ სადუნის გარდაცვალების შემდეგ, ამ სახლის შესუსტების მიზნით, მეფემ სადუნის შვილს ხუტლუ ბუღას ათაბაგობა არ დაუმტკიცა და მხოლოდ ამირსპასალარობა დაუტოვა, მაგრამ ეს ნაბიჯი დემეტრეს საკუთარი სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

ამრიგად, ჟამთააღმწერელის სიტყვებით, ერთი მხრივ „სადუნი კეთილად განაგებდა საქმეთა საქართველოსათა, რამეთუ დღეთა მისთა არა იქმნებოდა თათართანაგან ძალი და უსამართლობა, არცა დიდთა ნოინთაგან, არცა ელჩთაგან და ასრეთ აღშენდა საქართველო და მოიჭურნა“[17] მაგრამ, მეორე მხრივ, მისი ასეთი გადიდკაცება მონღოლური დიპლომატიის ნაყოფი იყო და მათსავე წისქვილზე ასხამდა წყალს, რასაც საკუთარი კეთილდღეობისთვის კარგად იყენებდა. მონღოლები როგორც სხვა ქვეყნებში, ახლაც დაპყრობილ ტერიტორიებზე მათ მიერ აღზევებულ მედროვეებს ეყრდნობოდნენ და მარჯვედ იყენებდნენ თავიანთი პოლიტიკის გასატარებლად. საბოლოოდ ასეთი ვითარება კვლავ აგრძელებდა ცენტრალური ხელისუფლების დასუსტების პროცესს.


[1] ცისანა აბულაძის სტატია - სადუნ მანკაბერდელი, XIII ს.-ის მეორე ნახევარი, მონღოლთა პერიოდის პოლიტიკური მოღვაწე - https://qim.ge/sadun%20mankaberdeli.html?fbclid=IwAR0mOPNQwWZP9KyGkhW5oxKkfoneRTNhaH8oUF7OTq7-IzsIY7CbnxGdIYw

[2] ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება. ტ. IV. თბ. 1973, გვ.227

[3] ივანე ჯავახიშვილი - ქართველი ერის ისტორია, ტ. II, გვ. 99

[4] ივანე ჯავახიშვილი - ქართველი ერის ისტორია, ტ. II, გვ. 99

[5] ჰულაგუ-ხანი (დ. 1217 — გ. 8 თებერვალი, 1265, მარაღა, ირანი) — ჰულაგუიანების დინასტიისა და სახელმწიფოს დამაარსებელი, ტოლუის ვაჟი, ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი, მონღოლთა დიდი ყაენების, ყუბილაისა და მუნქეს უმცროსი ძმა.

[6] ივანე ჯავახიშვილი - ქართველი ერის ისტორია, ტ. II, გვ. 100

[7] მენგუ-თემური— ოქროს ურდოს პირველი ხანი (1269-1282 წ.).

[8] ცისანა აბულაძის სტატია - სადუნ მანკაბერდელი, XIII ს.-ის მეორე ნახევარი, მონღოლთა პერიოდის პოლიტიკური მოღვაწე - https://qim.ge/sadun%20mankaberdeli.html?fbclid=IwAR0mOPNQwWZP9KyGkhW5oxKkfoneRTNhaH8oUF7OTq7-IzsIY7CbnxGdIYw

[9] ეჯიბი (არაბ. ჰაჯიბ – მეფის მეკარე, კარისკაცი) - ერთ-ერთი დიდმოხელე ქართველი მეფის სასახლეში, მეკარე, მეფისთვის აჯა-სათხოვართა მომხსენებელი. ამირეჯიბის ხელქვეითი.

[10] ივანე ჯავახიშვილი - ქართველი ერის ისტორია, ტ. II, გვ. 100

[11] ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე, ქართლის ცხოვრება გვ.272

[12] ივანე ჯავახიშვილი - ქართველი ერის ისტორია, ტ. II, გვ. 101

[13] ივანე ჯავახიშვილი - ქართველი ერის ისტორია, ტ. II, გვ. 102

[14] ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე, ქართლის ცხოვრება გვ.272

[15] ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე, ქართლის ცხოვრება გვ.272

[16] საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. III, გვ. 605

[17] ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე, ქართლის ცხოვრება გვ.272


0
128
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი მექერიშვილი
ლალი მექერიშვილი
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0