x
რომისა იბერიის სამეფოს ურთიერთობა ახ. წ. II საუკუნეში

ფრაგმენტი ფასტი ოსტიენსესის წყაროდან,  რომელშიც ნახსენებია ფარსმანის ვიზიტი რომში. ფრაგმენტი, რომელშიც ნახსენებია ფარსმანის ვიზიტი რომში.

სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რომი ცდილობდა რაც შეიძლება ძლიერი სოციალური დასაყრდენი ჰქონოდა პროვინციებსა და მეზობელ კლიენტ ქვეყნებში.

ჩვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს რომი-იბერიის (ქართლი) ურთერთობის შესწავლა და ანალიზი ახ.წ. II საუკუნეში. პერიოდისა, რომელიც რომის იმპერიის ისტორიის ოქროს ხანად ითვლება, რომის იმპერიის ისტორიაში აღნიშნულ პერიოდს ანტონინუსების (96-192 წწ.) დინასტიის მმართველობის ხანა ეწოდება, რომელიც ნერვადან (96-98 წწ.) იწყება და კომოდუსით (177/180-192 წწ.) მთავრდება, ხოლო იბერიის მეფედ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ფარსმან II ქველი გვევლინება. თუ თვალს გავადევნებთ II საუკუნის ისტორიას, დავინახავთ, რომ ტრაიანედან (98-117 წწ.) მოყოლებული რომის იმპერიის მმართველები II საუკუნის მანძილზე პირდაპირ თუ ირიბად ულპიუსების გვარის წარმომადგენლები იყვნენ. ულპიუსები, ისევე როგორც ფლავიუსები (69-96 წწ.), რომის „მეგობარი და მეკავშირე“ (კლიენტი) ქვეყნების დიდგვაროვნებსა და მეფეებს დამსახურებისდამიხედვით ანიჭებდნენ რომის მოქალაქეობასა[1] და აძლევდნენ საკუთარ გვარს. მაგალითად, ბოსფორის სამეფოს სარმატული დინასტიის დამაარსებელმა ასპურგუსმა (Aspurgus 10/11-12/13 წწ. 14/15-37/38 წწ., დინასტიის მეფობა ბოსფორში სახელმწიფოს განადგურებამდე გაგრძელდა) იულიუს ტიბერიუსისაგან მიიღო „რომაელი ხალხის“, „კეისრის მეგობრისა“ და ბოსფორის მეფის ტიტული და იულიუსის გვარი (Tiberius Julius Aspurgus Philoromaios), რომელიც შთამომავლობით ბოსფორის ყველა მეფეზე გადადიოდა. რომის მოქალაქეები რომზე დამოკიდებულ ქვეყნებში საკმაოდ დიდი უფლებებით სარგებლობდნენ. კერძოდ, აკონტროლებდნენ ქალაქებსა და მნიშვნელოვან მაგისტრატურებს, თანამდებობებს სამეფო კარზე. ისინი იმპერიის საყრდენ ძალად მოიაზრებოდნენ ამ ქვეყნებში.

ავგუსტუსის იმპერატორობის პერიოდიდან მოყოლებული იბერია სახელდება იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რომთან მეგობრობას ეძიებდნენ. კაბადოკიის ლეგატის ფლავიუს არიანეს მიხედვით, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მეფეები იღებენ გვირგვინს რომის იმპერატორისგან, როგორებიც არიან ჰენიოხები, მაკრონები, ლაზები, აფშილები, აბაზგები, სანიგები. რომის დამოკიდებულ (კლიენტ) ქვეყნების რიცხვში შედის ქართლის (იბერია) სამეფოც. რომსა და იბერიას შორის მეგობრულ-სამოკავშირეო ურთიერთობას უკვე ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში ეყრება საფუძველი. რის დადასტურებადაც შეიძლება ჩაითვალოს ტაციტუსის ცნობები იმის შესახებ, რომ პირველი საუკუნის დასაწყისში (ახ.წ. 23 წ.) სირიიდან ევფრატამდე ოთხი რომაული ლეგიონი იდგა, რომლებიც გარეშე მტრებისგან იცავდნენ რომის მფარველობაში მყოფ იბერთა, ალბანელთა და სხვა მეფეებს (C. Tacitus, Annales, IV, 5).

ახ.წ. I საუკუნისთვის იბერიის სამეფო კავკასია - მახლობელი აღმოსავლეთის ტერიტორიაზე ძლიერ სახელმწიფოდ იქცა. იბერია ამ დროს თავისი სტრატეგიული მდგომარეობის წყალობით ფლობდა და აკონტროლებდა ჩრდილო კავკასიის გასასვლელებს და იქიდან გადმოსასვლელებს. ისეთ მნიშვნელოვან გზებს როგორიცაა: დარიალი, დარუბანდი, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იყო ჩრდილოკავკასიური ტომებით ლავირება.[2]


იბერია (ქართლი) ახ. წ. I-III სს-ში თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, რომის იმპერიის - Pax Romana-ს სტრატეგიული ინტერესების სფეროში ექცევა, რაც შემთხვევითი არ ყოფილა, იბერიაზე ამ პერიოდში გადიოდა „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელოვანი სავაჭრო კომუნიკაციების გზაჯვარედინები. მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კეთილმოწყობა რომის იმპერიის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ინტერესებში შედიოდა. შესაბამისად, რომის სენატის მიერ ოფიციალურად „რომაელი ხალხისა და კეისრის მეგობრად“ სახელდებული იბერები მოწოდებულნი იყვნენ უზრუნველეყოთ იმპერიის საზღვრების შორეული მისადგომების უსაფრთხოება; გამოეყვანათ დამხმარე ჯარები და ჩაეკეტათ ჩრდილოკავკასიის უღელტეხილები ნომადების შემოსევებისაგან (Tac., Annales, VI, 33-35; Flav. Iosepfus, Antiquitates Iudaicae, XVIII, 4, 4; Dion Cassius, Historia Romana, LXIX, 15, 1-2;…).

ჩვენ საკვლევ ახ.წ. II საუკუნე ქართლის სამეფოს განსაკუთრებით გაძლიერების პერიოდია. რაც მნიშვნელოვანწილად ფარსმან II ქველის დამსახურებას წარმოადგენს.[3] მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პერიოდში იბერია რომის მოკავშირეა, საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ფარსმან II მაინც უპირისპირდება რომს, რომ არაფერი ვთქვათ პართიაზე და გარკვეულ შედეგსაც აღწევს. იგი უარს აცხადებს „რომაელი ხალხის მეგობრობისა და მოკავშირის“ ტიტულზე. რომი კი, თავის მხრივ, ისევე როგორც პართია, ერიდება იბერიასთან ურთიერთობის გამწვავებას. ფლავიუს არეანესა და დიონ კასიუსის ცნობებით, ფარსმან II შეიჭრა რომის სამფლობელოდ აღიარებულ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, დაიქვემდებარა ძიდრიტთა ტომი და რომის ინტერესთა საწინააღმდეგოდ მოიპოვა გასასვლელი შავი ზღვის სანაპიროზე (Flavius Arrianus, Periplus Ponti Euxini, 11) (ამავე პერიოდში ქართლს ეკუთვნოდა ცენტრალური კოლხეთის აღმოსავლეთ ოლქი - არგვეთი) და, რომ დაახლოებით 134 წ. ფარსმანმა გადმოიყვანა ჩრდილო კავკასიიდან ალანთა რაზმები და შეუსია ისინი ალბანეთს, მიდიას, არმენიასა და კაბადოკიას (Dion Cassius, Historia Romana, LXIX, 15, 1-2).

ადრიანეს (117-138წწ.) მმართველობის მთელ პერიოდში ურთიერთობა რომსა და იბერიას შორის მეტად გამწვავებული იყო. ადრიანეს ბიოგრაფის, ელიუს სპარტიანეს ცნობით, იმპერატორი ყოველმხვრივ ცდილობდა ფარსმანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, მაგრამ ფარსმანს თავი დამოუკიდებლად ეჭირა და დათმობაზე არ მიდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ფარსმანი უარს აცხადებს მასთან გამოცხადებაზე, ადრიანე მაინც დიდი პატივით ეპყრობოდა. ფარსმანმა კატეგორიულად უარყო ადრიანეს მიწვევა მცირე აზიაში, როგორც ჩანს, ამ უკანასკნელს დესპანი უნდა გაეგზავნა მასთან თავის დაზღვევის მიზნით, რადგან ალანთა შემოსევებისგან დაცვის საჭიროება გადაუდებლად მოითხოვდა ამას. შესაძლებელია, რომ ასეთი ელჩობა ეკისრა კაბადოკიის მმართველს ფლავიუს არეანეს, რომლის საგამგებლო ტერიტორია უშუალოდ ეკვროდა ფარსმანის სამფლობელოებს. [4]

ანტონინუს პიუსის (138-161წწ.) მმართველობაში ურთიერთობა რომსა და იბერიას შორის გარკვეულად უმჯობესდება, როგორც ჩანს, რომი დათმობაზე მიდის და იბერიის ტერიტორიალურ პრეტენზიებს ცნობს. ფარსმანი, ამჯერად დიდი ამალით მიემგზავრება რომში.[5]როგორც ჩანს, ფარსმანის ვიზიტს რომაელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რაზეც მიუთითებს 1958 წელს ჰ. ნესელჰაუფის მიერ “Athenaeum”-ში (Nuove Serie, vol. XXXVI, fasc. III) გამოქვეყნებული ლათინური წარწერის ფრაგმენტი მარმარილოს ფირფიტაზე, რომელიც რომის ნავსადგურის, მდ. ტიბრის შესართავთან მდებარე ოსტიას ადგილზე აღმოჩნდა... წარწერა იწყება კონსულთა სახელებით. მერე მოდიოდა ქალაქ რომში იმ დროს მომხდარი მნიშვნელოვანი ამბების ჩამოთვლა. პირველად აქ მოხსენიებული ყოფილა სწორედ იბერთა მეფის ფარსმანის ჩამოსვლა რომში ვაჟითა და მეუღლით. ორივენი სახელებით ყოფილან მოხსენიებულნი, მაგრამ ვაჟის სახელიდან შემორჩა მხოლოდ ბოლო ასო „e”, ხოლო დედოფლის სახელისგან საწყისი ასოები “Phr”, საიდანაც ჩანს, რომ ისიც ირანული წარმომავლობის სახელს ატარებდა. ფაქტია, რომ ფარსმანის ვიზიტმა ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რომში, რომ იგი საქალაქო ქრონიკის პირველ რიგში აღიბეჭდა.[6]

წერილობითი წყაროები და საქართველოში უკანასკნელ წლებში გამოვლენილი არქეოლოგიური არტექფაქტები გვიჩვენებენ თუ რა მაღალ დონეს მიაღწია I-III სს-ში ქართლის მმართველი წრეების რომაულ სამყაროსთან ურთიერთობამ. მკვლევარები არ გამორიცხავენ იმ ფაქტს, რომ მათ შესაძლოა დინასტიური კავშირები გააჩნდათ რომის ნობილიტეტთან. რომაული ქალაქდაგეგმარების პრინციპების საფუძველზეა აგებული პტოლემაიოსთან (Geographike Hyphegesis) მოხსენიებული ქალაქი ძალისა, მცხეთასთან მუხრანის ველზე. აქ გამოვლენილია ატრიუმიანი სასახლის კომპლექსი, ტაძარი, მოზაიკიანი რომაული თერმები საცურაო აუზით, ტყვიის წყალგაყვანილობის ქსელი, ტიპიური სალეგიონო ყაზარმები და ციტადელი. მთელ ქართლში ვრცელდება რომაული წარმოშობის ფუფუნებისა და მასობრივი მოხმარების სახელოსნო ნაწარმი, ძვირფასი ლითონის სუფრის ჭურჭელი. მათ შორისაა რელიგიური საწესო დანიშნულების საგნები პატერები და სურები, საიუველირო ნაწარმი, სამკაულები და სხვ. ქართლში მიმოქცევაში იყო რომაული ვერცხლის (დენარები) და ოქროს (აურეუსები) მონეტები. გვხვდება მათი ადგილობრივი მინაბაძები. რომის იმპერატორები ქართლის მეფეებსა და მმართველი ელიტის წარმომადგენლებს ხშირად ძვირფასი საჩუქრებით ახალისებდნენ. ასეთი ძვირფასი საიმპერატორო კარის საჩუქრები ცნობილია ზღუდერის, არმაზისხევის, სამთავროს და ბაგინეთის სამარხებიდან. არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ ახ. წ. I-III სს-ში განათლების დონე იბერიაში საკმაოდ მაღალი ყოფილა. საწერი მოწყობილობები, ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს სამელნეები, მათ შორის რომში კალპურნიუსის ცნობილი სახელოსნოს ნაწარმი სამთავროს სამაროვანზეა აღმოჩენილი.

არმაზისხევის ბერსუმა პიტიახშის # 3 აკლდამაში (ახ. წ. II ს.) დაფიქსირებული ვერცხლის დიდ ლანგარზე არსებული ბერძნული ასომთავრული წარწერა გვამცნობს: „მე მეფე ფლავიუს დადესმა ვაჩუქე ბერსუმა პიტიახშს“.[7] თუ ვინ იყო მეფე ფლავიუს დადესი სხვა წყაროებით ცნობილი არ არის. ნათელია, რომ მას რაღაც განსაკუთრებული სამხედრო დამსახურებისათვის რომის მოქალაქის საპატიო წოდება მიუღია, რაც უნდა მომხდარიყო ფლავიუსების ზეობის ხანაში (69-96 წწ.). თავისი ეს საგვარეულო სახელი, ანუ „ნომენი“ შესაძლოა მას მიეღო იმპერატორ ვესპასიანეს (69-79 წწ.) მემკვიდრეების დროს. ამაზე მიგვანიშნებს ის გარემოებაც, რომ მცხეთაში აღმოჩენილ ახ. წ. 75 წლით დათარიღებულ ცნობილ ვესპასიანეს წარწერაში რომაელი ხალხისა და კეისრის მოყვარულებად მოიხსენიებიან: მითრიდატე, ფარსმანი და მისი ძე ამაზასპი.[8] ის რომ რომის იმპერატორები არ იშურებდნენ სახსრებს ქართლის ნობილიტეტის, სამეფო კარის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად არქეოლოგიური აღმოჩენებითაც დასტურდება. ანალოგიურ პოლიტიკას რომაელები ატარებდნენ ჩრდილო შავიზღვისპირეთის ქალაქ-სახელმწიფოებში, ყირიმში, სადაც არაერთი ანალოგიური შემთხვევაა დაფიქსირებული II ს-ში ადგილობრივი არისტოკრატიის წარმომადგენლებისათვის რომის მოქალაქის წოდების მინიჭებისა ფლავიუსების მიერ.[9] განსაკუთრებით სამხედრო დამსახურებისათვის.

კვლევის შედეგად დგინდება, რომ ახ. წ. II ს-ში რომი-იბერიის ურთიერთობები საკმაოდ ინტენსიურ ხასიათს ატარებდა, რაც ორმხრივი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა.


[1] რომის მოქალაქეობა (Civitas Romana), რომელიც მის მფლობელს იმპერიაში არსებული ყველა იურიდიული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევდა შეიძლება მიეღო: 1. რომის კანონებით ქორწინებაში მყოფი (რომის მოქალაქე) ქალისა და მამაკაცის შვილს. რომის კანონებით ქორწინებაში არმყოფი (რომის მოქალაქე) ქალისა და მამაკაცის შვილი რომის მოქალაქედ არ ითვლებოდა...; 2. რომის მოქალაქის მიერ გათავისუფლებულ მონას; 3. რომის მოქალაქის მიერ ნაშვილებ უცხოელს; 4. სახელმწიფოს მიერ ცალკეულ პირებზე, თემებზე, პროვინციებზე განსაკუთრებული ბრძანებით (აქტით) ბოძებული მოქალაქეობა. ეს მიზანმინართული პროცესი ვრცელდებოდა არა მარტო რომის პროვინციებში, არამედ იმპერიისათვის სტრატეგიული დანიშნულების მქონე მეზობელ კლიენტ ქვეყნებშიც (Циркин Ю. Б. Император Тацит, Studia historica. IX, М., 2009. 5-9)


[2] მშვილდაძე მ., ადრეული ქრისტიანობა საქართველოში, თბილისი, 2008. გვ. 25-26

[3] ქართული წყაროებიდან ამ დიდი მმართველის შესახებ მოგვითხრობს
„ქართლის ცხოვრება“.

[4] მელიქიშვილი გ., საქართველოს ისტორიის ნარკვევები, I, 1970, გვ.

[5] საზეიმოდ შეხვედრას უწყობენ, დიონ კასიუსი მოგვითხრობს, რომ როდესაც ფარსმანი მეუღლითურთ მისულა რომში, იმპერატორ ანტონინუს პიუსს უცვნია იბერიის შორს გაწეული საზღვრები. საპატიო სტუმარს ნება დართეს მსხვერპლი შეეწირა კაპიტოლიუმში, იმპერატორი დასწრებია ფარსმანის, მისი ძისა და სხვა იბერიელი დიდებულების სამხედრო ვარჯიშობას, ხოლო დედაქალაქის ერთ-ერთ ტაძარში ცხენოსანი ფარსმანის ქანდაკებაც დაუდგამს.

[6] მელიქიშვილი გ., საქართველოს ისტორიის ნარკვევები, I, 1970, გვ.

[7] ყაუხჩიშვილი თ., ბერძნულწარწერიანი ნივთები მცხეთიდან, VI სამეცნიერო სესია. 2001 და 2002 წწ. საველე არქეოლოგიური კვლევების შედეგები, თბ., 2003, გვ. 35

[8] ლორთქიფანიძე გ., ნონეშვილი ა., რომის მოქალაქე (Civitas romana) ქართველები ახ. წ.II-IV სს-ში, ქართული პოლიტიკა #1, 2013, გვ. 90.

[9] Дьячков С.В. Римские граждане в Северном Причерноморье // Античный мир. Византия. Харьков. 1997, 57-75.

0
243
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი მექერიშვილი
ლალი მექერიშვილი
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0