საქართველო
"ტოპ ბიზნესმენმა მოიკლა თავი თუ გადმოაგდეს ფანჯრიდან"- რა ინფორმაციას ავრცელებს რომან გოცირიძე
29 ივლისი, 8:51

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე სახელისუფლო გუნდის მიერ სხვადასხვა უწყებაში დანიშნული პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ამ მხრივ ქვეყანაში არსებული ვითარება ჩრდილოელ მეზობელს ახსენებს:
"ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება ივანიშვილი პუტინის გზას თეორიულად და პრაქტიკულად. ახლა საკუთარ გუნდს დაერია, რომლის მიზანი ლოიალურობის შენარჩუნების მიზნით შიშის დათესვა და ფულის ამოქაჩვაა.
რუსეთში, როგორც წესი, მინისტრის მოადგილეებს იჭერენ. იშვიათად მინისტრებსაც მისწვდებიან ხოლმე. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ტრანსპორტის მინისტრის მოხსნა იყო, რომელმაც მეორე დღეს თავი მოიკლა. ვინ დათვლის რამდენმა ჩინოვნიკმა და ტოპ ბიზნესმენმა მოიკლა თავი თუ გადმოაგდეს ფანჯრიდან( გავრცელებული ფორმაა).
გადახედეთ, რა ხდება რუსეთში და ზუსტად შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რა მოხდება აქ. უკვე დაერია მოადგილეებს და სხვა მაღალჩინოსნებს. ჯერ გააძღო, მერე ცხვირში ძმარად ადენს.
ერთ რამეს ვერ ხვდება-რუსეთი სხვაა, სხვა მასშტაბი აქვს და სხვა ტრადიციები. დაამთავრებს ისე, როგორ ყველა მსგავსი თვითგამოცხადებული მმართველი ამთავრებდა. მაგალითების საძებნად ძალიან შორს წასვლა არ მოგვიწევს."- წერს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულ იქნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სავარაუდოდ ახლო ნათესავი, ვასილ მხეიძე. გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძის გარემოცვას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარის გაფლანგვას ედავება.