"ასე აღარასდროს აღარ უნდა შევრცხვეთ ერთმანეთთან. აღარასოდეს" - ვენერო მელუა
ფოტო: ლევან ზაზაძე | დევნილების გამოსახლება თვალჭრელიძის #1-ში | 24.07.2025
აქტივისტი ვენერო მელუა დღეს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე დევნილების გამოსახლებას ეხმიანება და დევნილებს თხოვნით მიმართავს.
გთავაზობთ უცვლელად მის ფეისბუქ-პოსტს:
"
ამ პოსტს ვწერ დევნილებისთვის და იმედი მაქვს, რომ ბევრ თქვენგანამდე მოვა.
გთხოვთ, დამიჯერეთ, ყველაფერს ვფიცავ, რაც და ვინც მიყვარს, გულწრფელად ვამბობ ამას და ზუსტად ვიცი, რომ:
არ დაგიცავთ განუკითხაობისა და უსამართლობისგან სიჩუმე.
არ დაგიცავთ ამათთვის ხმის მიცემა ამათგან.
არ დაგიცავთ გაღებულ მსხვერპლზე თვალის დახუჭვა იმ იმედით, რომ ასე უფრო მოგაქცევენ ყურადღებას.
არ დაგიცავთ ამათი ერთგულება.
არ დაგიცავთ არავინ და არაფერი ერთმანეთის გარდა. თუ არ მიაწვებით, გაგსრესენ რიგრიგობით, დასახლებების მიხედვით.
ჩამოიშორეთ ყველა, ვინც ამის საპირისპიროს გეტყვით.
ჩამოიშორეთ ყველა, ვინც დაგარწმუნებთ, რომ ეს ერთიც უნდა აპატიოთ.
ჩამოიშორეთ ყველა, ვინც პატივის აყრის მოთმენისკენ მოგიწოდებთ.
ჩამოიშორეთ ყველა, ვინც ქართული ოცნების ცრუ დაპირებებს მოგითრევთ და თქვენს კიდევ ერთხელ და მრავალჯერ მოტყუებას ეცდება.
ჩამოიშორეთ და ახლოს არ გაიკაროთ მანამ, სანამ თვითონაც ისე არ გამწარდება, რომ თქვენი სიმწარე სრულად იგრძნოს.
ჩვენ 300 000-ნი ვართ. ჩვენი უმრავლესობა ღარიბია, უსახლკაროა, დატრავმულია, გამწარებულია, იმედდაკარგულია. ამას თუ ძალაში არ გარდავქმნით, ყოველთვის ვიქნებით ჩაგრული. ყოველთვის.
ზამირ კვეკვესკირი რომ გარდაიცვალა, მაშინ ეს ქალაქი რომ იგივე ცეცხლში არ გავხვიეთ, რაშიც ის კაცი გაეხვია, არის ჩვენი სირცხვილი. და ასე აღარასდროს აღარ უნდა შევრცხვეთ ერთმანეთთან. აღარასოდეს".