x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
"სკიაპარელის" სიურეალიზმის - აღორძინება: ადამიანის სხეულისა და ბუნების ოქროს სახე
image


მოდის ინდუსტრიაში ცნობილი იტალიური ბრენდის - "Tod's"-ის მფლობელის, იტალიელი ბიზნესმენის, დიეგო დელა ვალეს მიერ "სკიაპარელის" ბრენდის მისი მემკვიდრეებისგან შეძენის შემდეგ, ელზა სკიაპარელის მოდის სახლის კრეატიული დირექტორის, დენიელ როზბერის ხელმძღვანელობით წარმოდგენილმა ნამუშევრებმა სრული ფურორი მოახდინეს.


image


დიზაინერის ინსპირაცია ბრენდის დამფუძნებელი ელზა სკიაპარელი გახდა, რომელიც თავის კოსტიუმებს გასული საუკუნის 30-40-იან წლებში ქმნიდა. მისი სამოსი წარმატებით კონკურირებდა კოკო შანელის მოდის სახლთან. "სკიაპარელი" საკუთარ კოლექციებში - ე.წ. "შოკისმომგვრელ" ხასხასა ვარდისფერს, ვისკოზას, ლურექს, ხავერდსა და საგაზეთო პრინტს იყენებდა. მეორე მსოფლიო ომის მოლოდინში, მაშინ როცა მოდაში ერთგვაროვანი ფერები დომინირებდა, "სკიაპარელის" ვარდისფერი ნამდვილად ფერის რევოლუცია იყო. ლეგენდარული დიზაინერი სამოსს სალვადორ დალისთან და ჟან კოქტოსთან მეგობრობის გავლენით ქმნიდა. "სკიაპარელის" მიერ შემოსილ ქალებს შორის იყვნენ კეტრინ ჰეფბერნი, გრეტა გარბო, მარლენ დიტრიხი და იმ დროის ბევრი სხვა ვარსკვლავი.


image


"სკიაპარელის" მოდის სახლი 1953 წლამდე არსებობდა, შემდეგ კი პოპულარობა დაკარგა და დაიხურა, ვინაიდან მოდის სამყაროში ახალი ლეგენდების - კრისტიან დიორისა და კრისტობალ ბალენსიაგას გამოჩენას კონკურენცია ვერ გაუწია. დენიელ როზბერიმ საკუთარ კოლექციებში სიურეალიზმის ექსცენტრული იდეების გამოყენება გადაწყვიტა და წარმატებასაც მიაღწია. ჩვენებები 2021 და 2022 წლებში ცნობილი მოდელების მონაწილეობით გაიმართა.


image


მაყურებელი გაოცებული დარჩა ტანსაცმლის უჩვეულო გაფორმებით ადამიანის სხეულის ორგანოების სახით. აი, მწვანე "შრეკის" ტორსიც ეპატაჟურ კიმ კარდაშიანზე, მის გვერდით მყოფ მოდელზე კი შეგიძლიათ საკმაოდ ორიგინალური ზედატანი და ოქროსფერთითებიანი ფეხსაცმელი იხილოთ, რომ აღარაფერი ვთქვათ ტორსის გამოსახულებიან ფორმის ჩანთაზე.


image


ჩვენებაზე წარმოდგენილ ქალურობის სიმბოლოს პიჯაკსა და ქურთუკზე ზღვის ნიჟარები და სხვადასხვა ორნამენტები ავსებდა. სამოსი აშკარად სალვადორ დალის ნახატებს ეხმიანებოდა.


image


კოლექციაში აქსესუარის სახით ადამიანის წყვილი ორგანო - ფილტვები იყო წარმოდგენილი, რომელიც ერთმანეთთან ორ შეზრდილ ხეს - სიცოცხლის სიმბოლოს მოგაგონებდათ. ორიგინალური აქსესუარი ამერიკელმა ტოპ - მოდელმა ბელა ჰადიდმა მოირგო.


image


ბუნება ოქროში, ყვავილები, ორიგინალური ორნამენტები და სიურეალისტური გლამური - ყველაფერი ეს თავს დენიელ როზბერის ჩვენებაში იწონებდა.


image


ცოტა ხნის წინ ზემოაღნიშნული ბრენდის სამოსში გამოჩნდა ლედი გაგაც, რომელმაც "გუჩის" ოჯახის შესახებ გადაღებულ ფილმში ითამაშა, რაც შეეხება ბიონსეს, მომღერალი "გრემის" დაჯილდოების ცერემონიაზე "სკიაპარელის" ტყავის კაბით წარსდგა.


image


კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელმაც "სკიაპარელის" სამოსი მოირგო - ნოა საირუსია, მარჯვნივ კი გახლავთ მოდელი ორიგინალური სათვალითა და მაღალ პლატფორმებიან ფეხსაცმელზე მოხატული ოქროსფერი თითებით.


image


ბოლო პერიოდში სელებრითების უმრავლესობა მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის სულ უფრო ხშირად ირჩევს "სკიაპარელის" ბრენდის სამოსს. პირველ ფოტოზე თქვენ წინაშეა ქარდი ბი ოქროს ნიღბითა და მოოქროვილ თითებიანი ხელთათმანებით, მეორე ფოტოზე "BAFTA"-ს ჯილდოს მფლობელი ცნობილი ინგლისელი მსახიობი კერი მალიგანია, რომელმაც საღამოსთვის ცნობილი ბრენდის შავ - ოქროსფერი კომბინაციის კაბა შეარჩია, მესამე ფოტოზე კი ამერიკელი რეპერი დოჯა ქათია, რომელმაც ტანზე მომდგარი შავი კაბა ოქროსფერ ჩანთას შეუხამა, რომელიც ერთი შეხედვით ფართოფარფლებიან, ქვაბ-ქუდას მოგაგონებდათ.


image


აი, კიდევ რამდენიმე საინტერესო ფორმის შავი კაბა, ოქროს აქსესუარებით გაფორმებული.


image


"სკიაპარელის" მოდის სახლის კრეატიული დირექტორის, დენიელ როზბერის მოდელები მეტისმეტად ექსცენტრულია, თუმცა თითოეული მათგანი ერთი იდეის მატარებელია - ისინი მსოფლიოს ერთიანობას ასახავენ. ბუნებრივი ფორმები ერთმანეთის მსგავსია და იმისდა მიხედვით იცვლება, თუ რომელი მხრიდან შევხედავთ მათ. სწორედ ამის გადმოცემას ცდილობდა ცნობილი ესპანელი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი, სკულპტორი და სიურრეალიზმის ერთ - ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი სალვადორ დალი.


image


განუმეორებელი ელზა სკიაპარელი დღემდე მოდის სამყაროს ერთ-ერთ საკულტო ფიგურად რჩება. მის გასაოცარ ჩანაფიქრებს ბევრი ახალგაზრდა დიზაინერი აკოპირებს, ხოლო ბოლო დროს ლეგენდარული დიზაინერის საარქივო შემოქმედებამ თითქოს ახალი სუნთქვა შეიძინა.










0
88
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
88