x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
საქართველოს ხელისუფლება: რუსეთის აგენტურა თუ სიტუაციის მძევალი?
“ორ მოედანზე მოთამაშე, ” “სიტუაციის მძევალი, ” “ფრთხილი პოლიტიკის განმახორციელებელი ძალა” — ეს იმ ეპითეტების არასრული ჩამონათვალია, რითაც საქართველოს ხელისუფლებას ხშირად ამკობენ არამხოლოდ მისი ღია მხარდამჭერები, არამედ ეგრეთ წოდებული “კონსტრუქციული ოპოზიციონერებიც, ” რომლებიც 2012 წლის პირველი ოქტომბრის იმ ავადსახსენებელ დღეს მოვიდნენ ხელისუფლებაში, ხოლო ამჟამად აღარ წარმოადგენენ მმართველ გუნდს. მათ არ სურთ, თვალი გაუსწორონ რეალობას, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა რუსეთის აგენტები არიან, რომლებიც თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ, რუსეთის სპეცსამსახურებისთვის დამახასიათებელი დაჟინებით, მოთმინებით და შეუპოვრობით ცდილობენ, მიაღწიონ სანუკვარ მიზანს, რასაც ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმება და ჩვენი ქვეყნის რუსეთის გუბერნიად გადაქცევა ჰქვია.


ამ გზაზე ისინი თუ დროებით უკან იხევენ, მხოლოდ იმისათვის, რათა გადაჯგუფდნენ და ხელახალი ძალებით შემოგვიტიონ.


ისინი არ არიან ქართველები. ქართულად რომ ლაპარაკობენ და საქართველოს ახსენებენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართველები არიან. ქართულ ენაზე მოსაუბრე ყველა ადამიანი არ არის ქართველი და არც ჩვენს ქვეყანაზე შესტკივა გული.


რასაც “ქართული ოცნება” ბოლო 11 წლის მანძილზე აკეთებს, ამას ქართული ინსტიტუტების მიზანმიმართული ნგრევა და დასავლეთისგან ჩვენი ქვეყნის იზოლაცია ჰქვია და ამ გზაზე აბსოლუტურად არაფერი არ გახლავთ შემთხვევითი. ყველაფერი წინასწარ მოფიქრებული, გამიზნული, აწონ-დაწონილი და კარგად გათვლილია.



ალბათ გაინტერესებთ, თუ რატომ ჩამოიძრო ნიღაბი ჩვენმა ხელისუფლებამ და რატომ წარმოჩინდა მსოფლიოში ყველაზე პრორუსულ ძალად სწორედ ახლა?


იმიტომ, რომ უკრაინის ომმა მას სხვა შანსი აღარ დაუტოვა! ანუ აქამდე ჩვენს ხელისუფლებას თუ შეეძლო იმის თქმა, რომ დასავლეთი თავად არ გვიღებდა ევროკავშირსა და ნატოში, რადგან არ ვჭირდებოდით და რუსეთთან ფრთხილი და მოზომილი პოლიტიკა უნდა გვეწარმოებინა, რათა არ გავმხდარიყავით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მორიგი აგრესიის მსხვერპლი, დღეს უკრაინის ომმა მსგავსი საუბრებისთვის სივრცე აღარ დატოვა. დღეს უკვე ყველა ხედავს, რომ უკრაინას აქვს დასავლეთის სრული და უპირობო მხარდაჭერა და ის უკვე დე ფაქტო არის ევროკავშირის და ნატოს წევრი. დასავლეთი აწვდის უკრაინას ყველა სახეობის შეიარაღებას, გარდა ბირთვული იარაღისა, უკრაინაში ომობენ დასავლელი მოხალისეები, უკრაინა იღებს უზარმაზარ ფინანსურ დახმარებას, ხოლო უკრაინის მოქალაქეები უპრობლემოდ მუშაობენ დასავლეთის ქვეყნებში და იღებენ როგორც ღირსეულ თავშესაფარს, ასევე მაგ. გერმანიაში ენიშნებათ სულადობის მიხედვით 360 ევრომდე შემწეობა თვეში. ეს ყველაფერი არის დასავლეთის სრული სოლიდარობის გამომხატველი უკრაინის მიმართ და უკვე აშკარაა, რომ დასავლეთი მხარში უდგას უკრაინას და დაუდგებოდა საქართველოსაც, აქ რომ პროდასავლური ძალა არსებობდეს ხელისუფლებაში. ამიტომ “ქართული ოცნება” კუთხეშია მიმწყვდეული, ბოლომდეა ნიღაბახდილი და აღარ აქვს არანაირი ლავირების შესაძლებლობა.


უკვე ცხადზე უცხადესია და არანაირ ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება არის რუსეთის სამსახურში მყოფი ძალა. ამიტომ ნუ უწოდებთ ამ ძალას “სიტუაციის მძევალს” და ნუ ცდილობთ, მდგომარეობა შეალამაზოთ, თორემ ხალხი თქვენზეც იფიქრებს, რომ აგენტები ხართ.


ომი

0
24
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0