x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133851
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
თუ ყველს ბაზარში ყიდულობთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია!
image


ქართული ყველის რუკაზე 60-მდე სახეობის ყველია. თითოეულ მათგანს თავისი წარმოების სპეციფიკა და წესი აქვს. მათი სრულფასოვნად დაცვის შედეგად მიიღება პროდუქტი, რომელიც ხარისხის სტანდარტებს აკმაყოფილებს და მისართმევად უსაფრთხოა. თუმცა საქართველოში ხელმისაწვდომი ყველის დიდი ნაწილი სტანდარტების დაცვით არ იწარმოება. შედეგად დარღვეულია მათი როგორც ვიზუალური, ისე გემოვნური თვისებები. ერთ-ერთი ასეთი ქარხნული ყველია.


მომხმარებლების უმეტესობამ იცის, რომ ქარხნულ ყველს სპეციფიკური მძაფრი სუნი, მუქი ყვითელი შეფერილობა და ბევრი ნასვრეტი, ანუ თვალი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს ყველაფერი მითია. მათთვის სწორ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და იმის გასარკვევად, თუ რამდენად ხარისხიან ყველს მივირთმევთ, საკითხის უფრო დეტალურად შესწავლა გადავწყვიტეთ. ინტერნეტში არსებული ინფორმაციისა და ყველის ტექნოლოგებთან გასაუბრების შედეგად მიღებულ ინფორმაციას კი მკითხველს გიზიარებთ.


ხარისხიან ქარხნულ ყველს არც ყვითელი ფერი, არც არასასიამოვნო სუნი და არც განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის წვრილი თვლები უნდა ჰქონდეს. შეცდომებისა და უსიამოვნებების თავის არიდების მიზნით დეტალურად განვიხილოთ, თუ როგორი უნდა იყოს ხარისხიანი ქარხნული ყველი და რას ნიშნავს მისი მუქი შეფერილობა თუ ბევრი თვალი.



image


ქარხნული ყველის წარმოების ტექნოლოგია შემდეგნაირია: სასურველი სიმჟავის რძეს უმატებენ ყველის შემადედებელი ფერმენტს, რის შედეგადაც მიიღება შედედებული მასა, იგივე დელამო. შენადედის მზაობის შემდეგ იგი იჭრება სასურველ ზომაზე, მუშავდება მიღებული მასა და ეძლევა სასურველი ფორმა. მიმდინარეობს თვითდაპრესვა, რაც დაახლოებით 5-10 საათამდე გრძელდება, რათა კარგად დაიწრიტოს. დაწრეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტენიანობის ყველი სურს მწარმოებელს.მიღებული მასა თავსდება მარილწყალში. მარილწყალში მარილის შემცველობა ყოველთვის ერთნაირი უნდა იყოს. სასურველია მარილწყლის ტემპერატურა მაღალი არ იყოს, რათა მასში ტექნოლოგიური პროცესი არ დაირღვეს და ნაწლავის ჩხირი არ გამრავლდეს.


ამ პროცესის შედეგად მიიღება პროდუქტი, რომლის ხარისხიც 6 მთავარი სახასიათო თვისებით განისაზღვრება. ესენია: ფერი, სუნი, გემო, ვიზუალური მხარე, პროდუქტის კვებითი ღირებულება, მიკრობიოლოგიური მხარე. დეტალურად განვიხილოთ 2 მათგანი, რომლებიც მომხმარებელს ხარისხის განსაზღვრაში ყველაზე მარტივად დაეხმარება.


  • ფერი, რომელიც უნდა იყოს ერთგვაროვანი, თანაბრად გადანაწილებული, ღია მოყვითალო, თეთრი. ზოგადად, სიყვითლე ცხიმიანობის მაჩვენებელია და ყვითელი ყველი ცუდს არ ნიშნავს, მაგრამ ყველს სიყვითლე თუ მხოლოდ შუაგულში აქვს, ეს ნიშნავს, რომ ის საკვებად უვარგისია;
  • თვლები, იგივე ნასვრეტები, რომელიც არა მხოლოდ ქარხნულ, არამედ ყველა სახეობის ყველში თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული. თვლები უნდა იყოს, მაგრამ არა ძალიან ბევრი და წვრილი.

თუ თქვენ მიერ შეძენილ ყველს ძალიან ბევრი წვრილი თვალი აქვს, ეს ნიშნავს, რომ ყველის მიკრობიოლოგიური მხარე დარღვეულია. გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ორგვარი: უვარგისი მარილწყალი და/ან ნაწლავის ჩხირი. რძე ბაქტერიით შეიძლება დაბინძურდეს მისი მიღების ან დამუშავების პროცესში სანიტარული ნორმების დაუცველობის გამო. ასეთი რძით წარმოებულ ყველს უამრავ წვრილი თვალი აქვს და მისი საკვებად გამოყენება არ შეიძლება, რადგან შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ. ბევრი თვალის გაჩენის მიზეზი შეიძლება გახდეს საფუვრით დაბინძურებაც. მის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, რომ შემადედებელი ფერმენტი ცივ რძეში ჩაიყაროს. ინდივიდუალურიმწარმოებლები, სამწუხაროდ, ამ სტანდარტების დაცვას იშვიათად ან საერთოდ ვერ ახერხებენ. შედეგად ვიღებთ ბევრნასვრეტიან ყველს, როგორიც ევროპის ქვეყნებში საკვებად არც კიგამოიყენება.



კარგ ქარხნულ ყველს ასევე არ უნდა ჰქონდეს სპეციფიკური სუნი. მკვეთრად გამოხატულ სუნს ძირითადი ტექნოლოგიური პროცესების დარღვევა განაპირობებს, ამიტომ აუცილებელია მსგავსი პროდუქტის მიღებას მოერიდოთ.


image


ყველის ხარისხის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია მისი შენახვის პირობების სათანადოდ დაცვაც. აუცილებელია, ყველი ინახებოდეს ტემპერატურის კონტროლის რეჟიმში, რომლის დაცვაც ბაზრებსა და ღია სივრცეებში ფაქტობრივად შეუძლებელია. არ უნდა ხდებოდეს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, მზის პირდაპირი სხივები არ უნდა ხვდებოდეს მთელი დღის განმავლობაში, უნდა იყოს სათანადოდ შეფუთული. მხოლოდ ასეთი ყველია საკვებად ვარგისი და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო.


თუ თქვენ მართლაც ხარისხიანი პროდუქტის შეძენა გსურთ, რომელსაც მთელი ოჯახი მშვიდად მიირთმევთ, უპირატესობა მიანიჭეთ ინდუსტრიულ ყველს, რომელიც წარმოების სტანდარტების დაცვით იწარმოება. მოერიდეთ შეუფუთავი ყველის შეძენას ღია სივრცეებში, ბაზრებში, სადაც შენახვის პირობების დაცვა შეუძლებელია.



R



0
289
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0