x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სპეციალური ოპერაციების თეორია - ნაწილი III

ადმირალ უილიამ ჰ. მაკრეივენის სპეციალური ოპერაციების თეორიის შესახებ სტატიის პირველ ნაწილში განვიხილეთ, ამ თეორიის საკვანძო ასპექტებიდან პირველი ორი - სპეციალური ოპერაციების განსაზღვრება და ფარდობითი უპირატესობის კონცეფცია. რა შეეხება თეორიის მესამე ასპექტს - სპეციალური ოპერაციების ექვს პრინციპს, მათი მოცულობიდან გამომდინარე, მოხდა ამ პრინციპების ორ ნაწილად გაყოფა. სტატიის მეორე ნაწილში განვიხილეთ სპეციალური ოპერაციების მოდელი და სპეციალური ოპერაციების პირველი სამი პრინციპი (სიმარტივე, უსაფრთხოება, რეპეტიცია). მოიცავს სპეციალური ოპერაციების პრინციპების განმარტებას. სტატიის წინამდებარე ნაწილში კი ვისაუბრებ სპეციალური ოპერაციების კიდევ სამ პრინციპზე, ესენია - მოულოდნელობა, სისწრაფე და მიზანი.

მოულოდნელობა

აშშ-ს სპეციალური ოპერაციების დოქტრინის მიხედვით, მოულოდნელობა (სიურპრიზი) არის უნარი „დაარტყა მოწინააღმდეგეს იმ დროს, ან იმ ადგილას, ან იმ ფორმით, რისთვისაც ის მოუმზადებელია.“ მიუხედავად ამისა, ყველა შესწავლილ სპეციალურ ოპერაციაში, მტერი სრულიად მზად იყო შეტევითი მოქმედების დასაპირისპირებლად. მაგალითად, ბელგიურ ციხე-სიმაგრეში იბენ იმაელზე, საზენიტო ქვემეხები განლაგებული იყო ფორტის თავზე, რათა თავიდან აეცილებინათ საჰაერო სადესანტო შეტევა; სენ-ნაზერის პორტი გარშერმორტყმული იყო სანაპირო დაცვის ბატარეებითა და პროჟექტორებით, რათა ხელი შეეშალათ ბრიტანული გემებისთვის მდინარე ლუარის ზევით შეუმჩნევლად ცურვისთვის; გერმანული ლინკორი „ტირპიცი“ და ბრიტანული ლინკორები „დედოფალი ელიზაბეთი“ და „ვალიანტი“ გარშემორტყმული იყო წყალქვეშა ნავ საწინააღმდეგო და ტორპედოების საწინააღმდეგო ბადეებით; ჩრდილოეთ ვიეტნამს გააჩნდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო საჰაერო თავდაცვის სისტემა. თითოეულ ამ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მზად იყო თავის პოზიციაზე თავდასხმის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ მოულოდნელობა ყველა ამ შემთხვევაში მაინც იყო მიღწეული.

სპეციალური ოპერაციების ძალებს როგორც წესი არ აქვთ იმის ფუფუნება, შეუტიონ მტერს, როცა ან სადაც ის მოუმზადებელია. მოულოდნელობა ნიშნავს მოწინააღმდეგის „გამოჭერას“. სპეციალურ ოპერაციებში მოულოდნელობა მიიღწევა შეცდომაში შეყვანით, ზუსტი დროის შერჩევით და მოწინააღმდეგის სისუსტეებზე უპირატესობის მოპოვებით.

შეცდომაში შეყვანის მოქმედებებს ან მოწინააღმდეგის ყურადღება გადააქვს შემტევი ძალისგან სხვა საკითხზე, ან საკმარისად აყოვნებს მის რეაგირებას, რათა გადამწყვეტ მომენტში მიღწეულ იქნას მოულოდნელობა. მაგალითად, სონ ტეის რეიდის დროს, აშშ-ს საზღვაო ძალებმა სამი დივერსიული დარტყმა მიაყენა ჩრდილო ვიეტნამის პოზიციებს, რომელიც ემსახურებოდა მოწინააღმდეგისთვის ნამდვილ და მთავარ მიზანზე ყურადღების კონცენტრირებაში ხელის შეშლას. ეს დივერსია იყო ძალიან წარმატებული. მან საშუალება მისცა შვეულმფრენებს შეეღწიათ ჩრდილოეთ ვიეტნამის საჰაერო თავდაცვაში და შეუმჩნევლად დაშვებულიყვნენ სამხედრო ტყვეთა ბანაკში.

მიუხედავად იმისა, რომ შეცდომაში შეყვანამ, რომელმაც მტრის ყურადღება გადაიტანა სხვა საკითხზე, კარგად იმუშავა სონ ტეის რაიდის დროს, უმეტეს სპეციალურ ოპერაციებში შეცდომაში შეყვანის მოქმედებების გამოყენება უკეთესია მტრის რეაგირების დაყოვნების მიზნით. მაგალითად, როდესაც ისრაელის სპეციალურმა დანაყოფმა შეუტია ენტებეს აეროპორტს, მათ გამოიყენეს ისეთივე მერსედესი, როგორსაც უგანდის პრეზიდენტი იყენებდა, რათა რაღაც დროით დაეყოვნებინათ უგანდელი ჯარისკაცების მოქმედება.

მოულოდნელობის მიღწევის საკვანძო ფაქტორია შეტევის დრო. შემტევი ძალების უმეტესობას ურჩევნია სამიზნეზე ღამით თავდასხმა, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ სიბნელე იძლევა საფარს, მაგრამ ასევე იმის გამო, რომ ღამით მტერი ითვლება დაღლილად, ნაკლებად ფხიზლად და უფრო იოლია მისი დაბნევა. მაგრამ საკმაოდ ხშირად ღამე პირიქით, ზრდის სიფხიზლეს და ამოცანის დაგეგმვისას ეს უნდა იქნეს გაითვალისწინებული. რამდენიმე ყველაზე წარმატებული სპეცოპერაცია ჩატარდა დღისით და მიაღწია მოულოდნელობის მაღალ ხარისხს. სკორცენი, მაგალითად გრან სასოზე დღის 1400 საათზე დაეშვა. სპეციალურ ოპერაციებში მოწინააღმდეგე მომზადებულია; საკვანძო საკითხია, როდის იქნება ის ყველაზე ნაკლებად მზად შეტევისათვის და დღის რომელ მონაკვეთში თავდასხმა იქნება ყველაზე მეტად სასარგებლო შემტევი ძალისათვის?

image

ოპერაცია „მუხა“ - ოტო სკორცენი და ბენიტო მუსოლინი (მარცხნივ), სასტუმრო „კამპო იმპერატორე“ (მარჯვნივ)

ყოველ თავდაცვას თავისი სუსტი წერტილი აქვს. მოულოდნელობის მიღწევა ნიშნავს ამ სისუსტეების გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ ვიეტნამელებს ჰქონდათ ყველაზე ფართო საჰაერო თავდაცვის ქსელი აზიაში, საჰაერო ძალების დაზვერვამ შეძლო რადარის ბრუნვის ციკლში ხუთწუთიანი წყვეტის პოვნა. ეს საშუალებას აძლევდა C-130-ს და შვეულმფრენებს შეუმჩნევლად შეეყვანათ სონ-ტეის რაიდერები ჩრდილოეთ ვიეტნამში.

ბევრი ტაქტიკოსი მიიჩნევს, რომ მოულოდნელობის პრინციპი წარმატებული სპეციალური ოპერაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მათ შეცდომით სჯერათ, რომ სწორედ მოულოდნელობაა, რაც მათ გადამწყვეტ უპირატესობას ანიჭებს მტერზე. რეალურად, მოულოდნელობა უსარგებლო და მიუღწეველიც კია სხვა პრინციპების გარეშე. რა სარგებელს მოგვიტანს მტრის გაოცება, თუ მოუმზადებელი ვართ მასთან საბრძოლველად? ფარდობითი უპირატესობა მიიღწევა მხოლოდ ყველა პრინციპის სწორი გამოყენებით. მოულოდნელობა აუცილებელია, მაგრამ ის არ უნდა განიხილებოდეს ცალკე. ის ღირებულია მხოლოდ, როგორც პრინციპების სრული პირამიდის ნაწილი.

სისწრაფე

სპეციალურ ოპერაციებში სისწრაფის კონცეფცია მარტივია: მიაღწიე მიზანს რაც შეიძლება ჩქარა. ნებისმიერი დაყოვნება გაზრდის საკუთარი ძალების მოწყვლადობის არეალს და შეამცირებს ფარდობითი უპირატესობის მოპოვების ალბათობას. ვინაიდან ოპერაციის მიმდინარეობისას ომის წინააღმდეგობები მუშაობს მხოლოდ სპეციალური ოპერაციების ძალების და არა თავდაცვაში მყოფი მტრის წინააღმდეგ, ამიტომ აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად მოძრაობა მოწინააღმდეგის რეაქციის მიუხედავად.

სპეციალური ოპერაციების უმეტესობა გულისხმობს პირდაპირ და უმეტეს შემთხვევაში მყისიერ კონტაქტს მოწინააღმდეგესთან, სადაც წუთები და წამები განსაზღვრავს წარმატებასა და წარუმატებლობას.

სისწრაფის მშვენიერი მაგალითია ოპერაცია „ნეპტუნის შუბი“, რომელიც როგორც ზემოთ ვახსენე იყო ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაცია. მისვლამ, განლაგებამ, შესვლამ, წმენდამ და გამოსვლამ დაიკავა ნაცვლად 40 წუთისა, 38 წუთი. შემტევი ჯგუფი უკვე დაბრუნებული იყო ავღანეთის ტერიტორიაზე, როდესაც პაკისტანის ხელისუფლებამ დაიწყო რეაგირება.

image

ოპერაცია „ნეპტუნის შუბი“ - ოპერაციის სქემა

ანალოგიური იყო ისრაელის მიერ ჩატარებული ოპერაცია „სფერული მეხი“ Thunderbolt. უგანდის დედაქალაქ ენტებეში ჩატარებული ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა აეროპორტის ტერმინალის შენობაში მოთავსებული ებრაელი მძევლების გათავისუფლებას. ოპერაციას, შემტევი ჯგუფის თვითმფრინავის დაჯდომიდან გაფრენამდე, დასჭირდა სულ 53 წუთი. ამ ხნის განმავლობაში 102 მძევალი იქნა გათავისუფლებული, ყველა ტერორისტი და რამოდენიმე უგანდელი ჯარისკაცი იქნა ლიკვიდირებული, უგანდელების რამოდენიმე სამხედრო თვითმფრინავი აფეთქებული და მწყობრიდან გამოყვანილი და ამ შემთხვევაშიც უგანდის ხელისუფლების რეაგირება იყო საკმაოდ დაგვიანებული.

სპეციალურ ოპერაციაში სიჩქარე დროის ფუნქციაა და არა, როგორც ზოგიერთი გვთავაზობს, ფარდობითი ფაქტორი, რომელზეც გავლენას ახდენს მტრის წინააღმდეგობის გაწევის სურვილი. წარმატებული სპეციალური ოპერაციების ანალიზი გვაჩვენებს - მიუხედავად მტრის ძალისხმევისა, ფარდობითი უპირატესობის მოპოვება შესაძლებელია უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ შემტევი ძალა ისეთი სისწრაფით მოძრაობს, რომ მტრის რეაქცია არ არის გადამწყვეტი ფაქტორი.

მიზანი

სპეციალური ოპერაციების ექვსი პრინციპიდან ბოლო - მიზანი, გულისხმობს ამოცანის ძირითადი მიზნის გაგებას და შემდეგ, მიუხედავად არსებული წინაღობებისა და შესაძლებლობებისა, მის განხორციელებას.

არსებობს ამ პრინციპის ორი ასპექტი. პირველი - მიზანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ამოცანის განაცხადში: ტყვეების გამოხსნა, მშრალი დოკის განადგურება, საბრძოლო ხომალდის ჩაძირვა და ა.შ. ამოცანის განაცხადი უნდა იყოს ჩამოყალიბებული ისე, რომ ბრძოლის ქარ-ცეცხლში, სხვა რაც არ უნდა ხდებოდეს, ცალკეულ ჯარისკაცსაც კი ესმოდეს რა არის ძირითადი მიზანი.

მიზნის გაგების კარგი მაგალითია რეიდი იბენ იმაელის ფორტზე. მიზნები დაყოფილი იყო თერთმეტ შემტევ ათეულზე. მიზნამდე ვერ მიაღწია ორმა, მათ შორის დანაყოფის მეთაურის ათეულმაც. ამის მიუხედავად დანარჩენმა 9 ათეულმა ყველა მიზანი გაანეიტრალა უმოკლეს დროში და ისე, რომ ზოგმა რამდენიმე საათის შემდეგღა გაიგო მეთაურის არყოფნის შესახებ.

image

ფორტ იბენ-იმაელის სქემა - მიზნები და შემტევი ათეულები

მიზნის მეორე ასპექტი ესაა პირადი პასუხისმგებლობა და შინაგანი ვალდებულება. ამოცანის მიზანი წინასწარ უნდა იყოს საფუძვლიანად გააზრებული და ოპერაციაში მონაწილეები განსმჭვალულნი უნდა იყვნენ პირადი ვალდებულების გრძნობით, რომელიც არ ცნობს შეზღუდვებს. კაპიტანმა ოტო სკორცენიმ ერთხელ თქვა: „როდესაც ადამიანს ამოძრავებს წმინდა ენთუზიაზმი და იმის რწმენა, რომ ის კეთილშობილური საქმისთვის რისკავს საკუთარ სიცოცხლეს … ის უზრუნველყოფს წარმატების აუცილებელ ელემენტებს“.

ზემოთ განსაზღვრული სპეციალური ოპერაციების პრინციპები არ არის მხოლოდ არმიის ომის პრინციპებიდან წარმოებულები. ისინი წარმოადგენენ ბრძოლის უნიკალურ ელემენტებს, რომელთა ფლობა და ეფექტურად გამოყენება მხოლოდ სპეციალური ოპერაციების ძალებს შეუძლია.

შემდეგ სტატიებში განხილული იქნება სხვადასხვა სპეციალური ოპერაციები. შეძლებისდაგვარად, სპეციალური ოპერაციების პრინციპებზე და ფარდობითი უპირატესობის კონცეფციაზე დაყრდნობით იქნება ახსნილი მათი წარმატების თუ წარუმატებლობის მიზეზები.

5
117
1-ს მოსწონს
ავტორი:ბექა ოტიაშვილი
ბექა ოტიაშვილი
117
  
2023, 2 ივნისი, 23:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 1 ივნისი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 1 ივნისი, 15:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ბექა ოტიაშვილი-ის კომენტარზე
2023, 1 ივნისი, 13:45
მადლობა კომენტარისა და სტატიის მოწონებისათვის, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ეს ქება უფრო ეკუთვნის ადმირალ მაკრეივენს რომელმაც შეიმუშავა სპეციალური ოპერაციების თეორია და მე მხოლოდ სტატიის სახე მივეცი მას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.
2023, 1 ივნისი, 1:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5