x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134481
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508533
კონფლიქტი კონგოში
imageსესილი 6 წლისაა. ის კონგოში ცხოვრობს, სადაც ბავშვების გარემოცვაში მუდმივი ძალადობა, ქაოსი და დაავადებებია გავრცელებული, როგორიცაა ქოლერა და წითელა. "ჩემმა ქალიშვილმა არ იცის რა არის სკოლა" - თქვა სესილის დედამ. ასობით სკოლაზე თავდასხმის გამო ბავშვბმა დატოვეს ის.


კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე კონფლიქტის სათავე 90-იანი წლების შუა ხანებში იწყება. 1998 წლიდან 2003 წლამდე სამთავრობო ძალები ანგოლას, ნამიბიისა და ზიმბაბვეს მხარდაჭერით ებრძოდნენ აჯანყებულებს, რომლებსაც მხარს უჭერდნენ რუანდა და უგანდა.

რუანდაში 1994 წლის გენოციდისა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, 1, 2 მილიონი რუანდელი ჰუტუ გაიქცა ყოფილ ზაირში. 1996 წელს დაიწყო აჯანყება, სადაც ლაურენტ დეზირე კაბილა დაუპირისპირდა პრეზიდენტ მობუტუ სესე სეკოს არმიას. კაბილას ძალებმა, რუანდასა და უგანდას დახმარებით, 1997 წელს აიღეს დედაქალაქი კინშასა და ქვეყანას დაარქვეს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. 1998 წელს კივუს რეგიონებში დაიწყო აჯანყება კაბილას მთავრობის წინააღმდეგ. აჯანყებულებმა დაიპყრეს ქვეყნის დიდი ტერიტორიები. ანგოლა, ჩადი, ნამიბია და ზიმბაბვე პრეზიდენტ კაბილას სამხედრო დახმარებას დაჰპირდნენ, მაგრამ ამბოხებულებმა შეინარჩუნეს კონტროლი აღმოსავლეთის რეგიონებში. რუანდამ და უგანდამ მხარი დაუჭირეს მეამბოხე მოძრაობას, კონგოს დემოკრატიულ გაერთიანებას. უშიშროების საბჭომ მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისკენ. ასევე, უცხო ძალებს მოუწოდა არ ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში. 1999 წლის ივლისში ლუსაკას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ხუთ სახელმწიფოს შორის (ანგოლა, ნამიბია, რუანდა, უგანდა და ზიმბაბვე) უშიშროების საბჭომ შექმნა გაეროს მისია კონგოში. 1999 წლის 30 ნოემბრის რეზოლუციით, თავდაპირველად დაგეგმა ცეცხლის შეწყვეტა და კავშირის შენარჩნება მხარეებთან. 46 წლის შემდეგ ქვეყანაში პირველი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდა 2006 წელს, სადაც პრეზიდენტი ჯოზეფ კაბილა გამარჯვებულად გამოცხადდა. საარჩევნო პროცესის ორგანიზებაში წვლილი შეიტანა გაერომ. არჩევნების შემდეგ, გაეროს მისია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დარჩა და განაგრძო სხვადასხვა პოლიტიკური თუ სამხედრო ამოცანების შესრულება, უშიშროების საბჭოს მიერ მოცემული ვალდებულებების მიხედვით, რომელშიც ასევე იგულისხმება გადაიჭრას კონფლიქტები რეგიონში. გაეროს მისია უფლებამოსილია გამოიყენოს ყველა საჭირო საშუალება თავისი მანდატის შესასრულებლად, რომელიც გულისხმობს მშვიდობიანი მოსახლეობის, ჰუმანიტარული პერსონალის და უფლებადამცველების დაცვას.

2002 წელს დადებული სამშვიდობო შეთანხმებისა და 2003 წელს გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბების მიუხედავად, აღმოსავლეთ რეგიონში შეიარაღებული ჯგუფების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა გაგრძელდა, ძირითადად ცუდი მმართველობის, სუსტი ინსტიტუტების და გავრცელებული კორუფციის გამო.


ომის შემდგომ გაჩენილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეამბოხე ჯგუფი ცნობილი იყო, როგორც 23 მარტის მოძრაობა (M23), რომელიც ძირითადად შედგებოდა ეთნიკური ტუტსებისგან, რომლებსაც, სავარაუდოდ, მხარს უჭერდა რუანდის მთავრობა. M23 აუჯანყდა კონგოს მთავრობას 2009 წელს ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების სავარაუდო უარყოფის გამო. გაეროს უშიშროების საბჭომ უფლება მისცა შეტევით ბრიგადას გაეროს ორგანიზაციის სტაბილიზაციის მისიის მანდატით კონგოში მხარი დაუჭიროს კონგოს სახელმწიფო არმიას M23-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. კონგოს არმიამ და გაეროს სამშვიდობოებმა დაამარცხეს ჯგუფი 2013 წელს, მაგრამ მას შემდეგ სხვა შეიარაღებული დაჯგუფებები გამოჩნდა.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას გააჩნია უზარმაზარი რესურსები, რომელიც მოიცავს $24 ტრილიონ გამოუყენებელ მინერალურ რესურსებს. წიაღისეულით ვაჭრობა ფინანსურ საშუალებას აძლევს ჯგუფებს ოპერირებისა და იარაღის შესაძენად.

სუსტმა მმართველობამ და მრავალი შეიარაღებული ჯგუფის არსებობამ გამოიწვია კონგოს მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებების მასიური დარღვევა და უკიდურესი სიღარიბე. აფრიკის კავშირი, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და მეზობელი ქვეყნები იბრძვიან მეამბოხე ჯგუფების მიერ წარმოქმნილი საფრთხეების მოსაგვარებლად და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის. მუდმივი ძალადობა კონგოში შეიძლება საბოლოოდ გავრცელდეს ბურუნდში, რუანდასა და უგანდაში - ქვეყნებში, რომლებსაც დიდი ხნის კავშირები აქვთ შეერთებულ შტატებთან.

გაეროს შეფასებით, ამჟამად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 4, 5 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია და 800000-ზე მეტი ლტოლვილი სხვა ქვეყნებში.


0
18
3-ს მოსწონს
ავტორი:მანანა ფრიდონაშვილი
მანანა ფრიდონაშვილი
18