x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გამოვლინდა 2022 წლის სიტყვა და ის არც მეტი არც ნაკლები - დაბოლებაა
image


ლექსიკონის გამომცემელმა მერიამ ვებსტერმა (Merriam-Webster) გამოაცხადა 2022 წლის სიტყვა. ეს სიტყვაა: "გეზლაითინგ" (gaslighting), რაც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „გაზის განათებას“, ანუ გაზის შუქის ეფექტს. სხვა სიტყვებით, ეს არის - მოტყუება, გაბითურება, გაცუცურაკება, ფსიქოლოგიური საშუალებებით მანიპულირება, რათა ადამიანმა, ან პირთა ჯგუფმა საკუთარი საღი აზრი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ერთი სიტყვით, პროცესი როდესაც პირი ან პირთა ჯგუფი თაღლითობს და განზრახ შეცდონაში შეჰყავს სხვა პირი ან პირთა ჯგუფი.


დეზორიენტაციისა და უნდობლობის მამოძრავებელი ძალა, (ანუ ჩვენებურად, გავრცელებული სლენგით - „დაბოლება“ -მ.თ.) არის ვინმეს უხეშ შეცდომაში შეყვანის ქმედება ან პრაქტიკა, განსაკუთრებით საკუთარი სარგებლობისთვის“, - ამბობს მერიამ ვებსტერი თავის ვებსაიტზე. „2022 წელს დაფიქსირდა 1740 %-იანი ზრდა ამ სიტყვის მოძიებაში, დიდი ინტერესი გამოვლინდა მთელი წლის განმავლობაში“.


მაგრამ კონკრეტულად რას ნიშნავს ეს „გეზლაითინგი“, ანუ „დაბოლება“, რომელიც სიტყვა-სიტყვით ითარგმნება, როგორც „გაზის ნათება“? როგორ უნდა აღიაროთ, რომ მსხვერპლი ხართ და, რაც მთავარია, როგორ შეგიძლიათ დაიცვათ თავი მისგან?



უპირველესად, მოკლე ახსნა სიტყვის წარმოშობის შესახებ. ტერმინი "გეზლაითინგი" ანუ, "გაზის შუქი", მომდინარეობს 1938 წლის პიესის (და მოგვიანებით, ფილმის) სათაურიდან. სიუჟეტი ეძღვნება კაცს, რომელიც ცდილობს ცოლი დაარწმუნოს, რომ ის ჭკუიდან გადადის. მეუღლის თვალთახედვის მიღმა, ქმარი მანიპულირებს სახლის გაზის განათებით. როდესაც ეს აშფოთებს მის მეუღლეს, ის მას უმტკიცებს, რომ შუქი არ ბჟუტავს და რომ მას ეჩვენება, ანუ რაღაც უჭირს.


მერიამ ვებსტერის ლექსიკონი ოფიციალურად განსაზღვრავს ტერმინს „გაზის განათება“, როგორც "ადამიანის ფსიქოლოგიურ მანიპულირებას, როგორც წესი, დროის გახანგრძლივებული პერიოდის განმავლობაში, რაც იწვევს მსხვერპლის ეჭვებს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საკუთარი აზრები, რეალობის აღქმის უნარი ან მოგონებების მართებულობა და როგორც წესი, იწვევს დაბნეულობას, თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის რწმენის დაკარგვას. - ემოციური ან ფსიქიკური სტაბილურობის დარღვევას, გაურკვევლობას და მოძალადეზე დამოკიდებულებას“.


თუმცა, ლექსიკონის გამომცემელი ამბობს, რომ ბოლო წლებში ხედავს, რომ „გაზის ნათების“ მნიშვნელობა უფრო მარტივ, მაგრამ ფართო მნიშვნელობას იძენს - „ადამიანის უხეშ შეცდომაში შეყვანის ქმედება ან პრაქტიკა, განსაკუთრებით პირადი სარგებლობისთვის“.


მაშასადამე, როგორ შეიძლება ვინმემ „დაგაბოლოს“?


აქვე მოყვანილია რამდენიმე მაგალითი.


ისინი იძლევიან დაპირებებს, რომლებსაც არ ასრულებენ.

ერთმა კლიენტმა, რომელზეც ვმუშაობდი, თქვა, რომ მათ უნდა შეემცირებინათ ანაზღაურება თითქმის 25 პროცენტით, პანდემიის დაწყებისას განცდილი ზარალის გამო. მაგრამ როგორც კი მათი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, დაჰპირდნენ, რომ დაუბრუნდებოდნენ წინა კურსს.


მაგრამ, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათ ეს არ გააკეთეს. ისინი სიამოვნებით უზიარებდნენ თანამშრომლებს და სხვებს სიახლეს, რომ მოგება დაუბრუნდათ, მაგრამ ისინი იყენებდნენ სხვა ტაქტიკას, კერძოდ ...


მათ ყურადღება გადაჰქონდათ სხვა თემაზე ან ცვლიდნენ თემას.


როდესაც ცდილობთ ვინმეს დაარღვეულ დაპირებაზე კონცენტრირდეთ, ისინი ხშირად შეცვლიან თემას ან ეცდებიან სხვა საკითხებზე გაამახვილონ ყურადღება.


ისინი შეეცდებიან ხაზი გაუსვან სხვა პრობლემებს, რომლებიც ხელს უშლით მათ სიტყვის შესრულებაში, ან სხვა გზებით მანიპულირებენ, რომლითაც თითქოსდა გარწმუნებენ, რომ დარღვეული დაპირება არც ისეთი მნიშვნელოვანია. მაგრამ, ისინი იტყუებიან.


ფილმში „გაზის შუქი“, როდესაც მთავარი გმირი ქმარს უცხადებს შეშფოთებას მქრალი შუქის გამო, ის ეუბნება, რომ ქალი ამ ყველაფერი წარმოიდგენს, ანუ ეჩვენება.


ანალოგიურად, ამ ფსიქოლოგიურ მოძალადეებს გარემოებებით მანიპულირებისა და ჩადენილის დამალვის პრობლემა არ აქვთ. დაპირისპირებისას ისინი დაფარავენ კვალს და შეეცდებიან დაგაფიქრონ, რომ ყველაფერი თავად წარმოიდგინეთ და მოგეჩვენათ.


ისინი ამახინჯებენ რეალობას.


სხვა დროს, მანიპულატორი შეიძლება პირდაპირ არ იტყუებოდეს, არამედ წარმოადგინოს სიტუაცია, როგორც რეალობისგან განსხვავებული.


მაგალითად, დღეს ბევრი ბიზნესი ცდილობს დაქირავებას გადახდის უკიდურესი პირობებით. თუ წინააღმდეგი იქნებით, ისინი ამტკიცებენ, რომ ეს არის ბიზნესის მდგომარეობა დღეს და "ყველა აკეთებს ამას", ანუ დანაზოგს ხელფასებზე, როდესაც სინამდვილეში არსებობს უამრავი კომპანია, რომლებიც იხდიან ბევრად უკეთესი პირობებით.


ისინი გაიძულებენ მიიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები.


მოლაპარაკებების დროს, მანიპულატორები ხშირად წარმოგიდგენენ ულტიმატუმს ან მოთხოვნას, რომ გადაწყვიტოთ მომდევნო დღის, საათის ან თუნდაც წუთის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარიგება არ შედგება.


მაგრამ ეს არის ტაქტიკა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ გაიძულონ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც მოგვიანებით შეიძლება ინანოთ. ვინც ცდილობს გაიძულოთ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილება უკიდურესად მოკლე დროში, ცდილობს ისარგებლოს თქვენით.


ეს მხოლოდ რამდენიმე გზაა, რომლითაც ადამიანებმა შეიძლება „გაგაცურონ“ ბიზნეს სამყაროში; არის ბევრი სხვაც. მაგალითად, მანიპულატორები შესაძლოა შეეცადონ თქვენზე გადაიტანონ ბრალი, გაიძულონ თავი დამნაშავედ იგრძნოთ, უარყონ რაიმეს თქმა, ცილი დაგწამონ, გააუბრალოონ თქვენი გრძნობები ან გამოიყენონ სხვა ტაქტიკა თქვენი აზროვნებითა და გრძნობებით მანიპულირებისთვის.


როგორ ვაჯობოთ მანიპულატორებს, ან როგორ დავიცვათ თავი ასეთებისგან


„გაზის შუქის“ ეფექტი არის ემოციური ინტელექტის „ბნელი მხარის“ ნაწილი, როდესაც ადამიანები იყენებენ ემოციებს სხვებით მანიპულირებისთვის.


მაგრამ გახსოვდეთ, ცოდნა ძალაა. როდესაც სწავლობთ იმის აღქმას, თუ როდის და როგორ ცდილობენ სხვები თქვენით მანიპულირებას, თქვენ განავითარებთ თავდაცვის მექანიზმს, „ემოციური განგაშის სისტემას“. როდესაც ის ირთვება, თქვენ იცით, რომ ფრთხილად უნდა იყოთ და შესაძლოა მოერიდოთ ამ ადამიანებთან მომავალ კონტაქტს. ან, თუ ეს არ არის შესაძლებელი ან პრაქტიკული, შეგიძლიათ შეზღუდოთ მათთან ურთიერთობა და შეიმუშაოთ გეგმა, რომელიც საფრთხეში არ ჩაგაგდებთ.


ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა იგრძნობთ, რომ ვიღაც მანიპულირებს თქვენით, ან გატყუებთ, დაზოგეთ დრო. მას შემდეგ, რაც თქვენი გრძნობები დალაგდება, შეეცადეთ გაანალიზოთ სიტუაცია ობიექტური თვალსაზრისით. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სანდო მეგობარს ან მენტორს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კონსულტაციიისთვის.



და გახსოვდეთ, ემოციური ინტელექტის ბოროტი გამოყენებისგან თავის დასაცავად საუკეთესო გზაა მის განვითარებაზე, საკუთარი თავის გაძლიერებაზე მუშაობა.


წყარო: ინკ.კომ

ავტორი: ჯასტინ ბარისო

თარგმანი: მანანა თურმანიძე

0
74
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0