x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
როგორ აღმოვაჩინოთ ზეგანვითარებული არამიწიერი ცივილიზაციები? - მეცნიერები ორიგინალურ გზებს ეძებენ
როგორ მივაგნოთ განვითარებულ არამიწიერ ცივილიზაციებს სწრაფად და მარტივად? ეს არის კითხვა, რომელიც დღეს ძალიან ბევრ მეცნიერს მოსვენებას არ აძლევს. ფაქტია, რომ პროგრამა SETI თავისი არსებობის ექვს ათწლეულზე მეტი ხნის მიუხედავად ჯერჯერობით დიდად ეფექტური ვერ არის; ამ პროგრამის ფარგლებში ჯერჯერობით ვერ იქნა აღმოჩენილი ვერავითარი არამიწიერი ცივილიზაციის კვალიც კი. ამიტომ ზოგიერთი მეცნიერი უცხოპლანეტელების აღმოსაჩენად ბოლო დროს განსხვავებულ გზებს ირჩევს. ასეთი მეცნიერების რიცხვს მიეკუთვნება მათიას სუაძოც, რომელიც უპსალას უნივერსიტეტში ფიზიკას და ასტრონომიას კითხულობს. სუაძო ცდილობს, იპოვოს დაისონის სფეროები, რომლებმაც უცილობლად უნდა გაგვიყვანოს რომელიმე ზეგანვითარებული ცივილიზაციის კვალზე.


ცნობისათვის, დაისონის სფერო არის ჰიპოთეტური მეგასტრუქტურა, რომელიც მთელ ვარსკვლავს ან შავ ხვრელს ეკვრის გარს და ეფექტურად იყენებს მის ენერგიას. სახელი ეწოდა ფიზიკოს ფრიმან დაისონის საპატივცემულოდ, რომელმაც პირველმა ივარაუდა მისი არსებობა სამყაროს რომელიმე მონაკვეთში 1960 წელს. დაისონს მიაჩნდა, რომ მოწინავე ცივილიზაცია მსგავს მეგასტრუქტურას ენერგიაზე საკუთარი ჭარბი მოთხოვნილების დასაფარად გამოიყენებდა.


დაისონი


მოხსენებაში, რომელიც მათიას სუაძომ ევროპის ასტრონომიული საზოგადოების წლიურ კონფერენციაზე გასული წლის ივლისში წარადგინა, იყო ანგარიში იმის თაობაზე, თუ როგორ ეძებდა ასტრონომი დაისონის სფეროებს მთელი 12 თვის მანძილზე, მთელი ჩვენი გალაქტიკის მასშტაბით. მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ აღმოჩენილია სულ მცირე 5 ვარსკვლავი, რომელთა გარშემო სავარაუდოდ დაისონის სფეროები არსებობს.



დედამიწაზე ამჟამად მზის ენერგიის მხოლოდ ერთი მემილიარდედი ნაწილი ხვდება, საიდანაც 0, 1 %-ზე ნაკლებს მოვიხმართ. წარმოიდგინეთ, რამდენს მივაღწევდით, მზის ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილის ათვისება რომ მართლა შეგვეძლოს.


იმისათვის, რათა დაისონის სფერო აღმოაჩინოს, ასტრონომების გუნდი თავად ვარსკვლავის თვისებებს სწავლობს. ვარსკვლავი აწარმოებს ოპტიკურ გამოსხივებას და როცა ციური სხეულის ნათებას მეგასტრუქტურა ეღობება წინ, ნათება კლებულობს. იმის ნაცვლად, რომ ვარსკვლავმა ოპტიკური სინათლე აწარმოოს, დაისონის სფეროთი შემოსაზღვრული მნათობი საშუალო ინფრაწითელი სპექტრის არეალში გზავნის ტემპერატურულ გამოსხივებას 100-დან 600 კელვინის ფარგლებში. სწორედ ამ გამოსხივებას ეძებენ მეცნიერები.


ამჟამად სუაძო და მისი გუნდი კანარის კუნძულებზე მდებარე ჩრდილოეთის ოპტიკური ტელესკოპის მეშვეობით აწარმოებენ დაკვირვებას იმ ვარსკვლავებზე, რომელთა გარშემო დაისონის სფეროები არსებობს, რასაც არცთუ ისე მცირე დრო სჭირდება. კვლევები გრძელდება და როგორც მეცნიერები საუბრობენ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.

0
119
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0