x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508146
ნოდო - ის, ვინც მზეს ჩუქნის ხელოვნებას
image

მაცოცხლებელი ძალა ძლევამოსილია, მაგრამ არა ზეძლიერი, ყოვლისშემძლე. მას სჭირდება გარე რეალობა, ცხოველი შემოქმედებითი დუღილი, ცხოვრებიდან ძალის აღება, უნარი მთელი გრძნობით იცხოვრო და სხვაც აცხოვრო, გაცემა და აღება. გენია არის სიცოცხლე, რომელიც საკმაოდ ძლიერია იმისათვის, რომ არ შეუშალონ ხელი ზრდაში, ამოფრქვევაში, გამოხატვაში, გამოვლინებაში. სწორედ ხელოვნება გვეხმარება სიცარიელის შიშის წინააღმდეგ, როდესაც შინაგანი სიცარიელე გვემუქრება ხელოვნებამ უნდა გვიხსნას.

მხატვრისა და ფერის, მუსიკოსისა და ბგერის, პოეტისა და სიტყვის მისტიკურ ქორწილში იშვება ის ახალი სინამდვილე, რომელსაც მხატრულ სინამდვილეს ვუწოდებთ ხოლმე. ფერი ისევე ადასტურებს მხატვარს, როგორც მხატვარი ფერს. ფერი ისევე ჰპოვებს თავის ცხოველმყოფელ თავისუფლებას მხატვრის ნებელობაში, როგორც მხატვარი თავის ნებელობაში.

როდესაც ნაწარმოები ჭეშმარიტად მშვენიერია, ის კარგავს თავის ავტორს. ის უკვე აღარაა მისი კუთვნილება. ის უკვე ყველას ეკუთვნის. ის ნთქავს თავის შემოქმედს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მისი საშუალება იყო. ხელოვნება უნდა ემსახურებოდეს არა თავის თავს, არამედ ადამიანებს. ხელოვნება და ცხოვრება განუყოფელია. ხელოვნება ადამიანთა გაერთიანების საშუალებაა.

ხელოვნებაში ჭეშმარიტად მშვენიერის მიმართ დრო უძლურია. დედამიწის სილამაზე ხომ მარადიულია- უნდა აღმოაჩინო და ადამიანებს აჩვენო. ამას რჩეულნი ახერხებენ, რომელთაც ტალანტიც აქვთ და გამბედაობაც. თითქოს რა ადვილია, დაინახო და გადმოსცე სილამაზე! მაგრამ რა ძნელია ეს! რა რთულია, ყოველდღიურ რუტინულ ყოფაში არ დაკარგო გაოცების უნარი. ქმნილების მიზანი ხომ ის არის განაცვიფროს შემოქმედი და ადამიანები.

image

მხატვარი, რომლის შემოქმედება შენობის სივრცეებმა ვერ დაიტია და ქალაქის ქუჩები დაამშვენა არის ნოდო. მისი შემოქმედება აოცებს ადამიანებს და აყვარებს ხელოვნებას. ვფიქრობ, რომ თავის სათქმელს ამბობს ფერებით და ამ ფერებში ასახული სიცოცხლის სიყვარულით.

როგორც ვან გოგი ამბობს შენს დახატულ სურათში სიცოცხლე რომ იგრძნოს ვინმემ, სიცოცხლე შენში უნდა იყოს. ამბობენ რომ ხასიათის ნიუანსები ადამიანის არსს გვიჩვენებენ. ნოდოს საოცარი ენერგია აქვს, იგი მთლიანად ეძლევა საქმეს, რომელსაც ემსახურება.

თავად მისი ნახატების სათაურები მეტყველებენ იმაზე, რომ მხატვრისთვის არსებითია სიმბოლური აზროვნება, დაუცხრომელი ძიება. მათშია აზრი, ტკივილი, მხატვრის სიყვარული დღევანდელი დღისა და მომავლისადმი.

image


ფორმების თანამედროვე სტილიზაცია, ფერთა თავისებური შეხამება ნამუშევრებს საინტერესოდ წარმოაჩენს და დამთვალიერებელს ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს, ავტორს კი სამომავლოდ უეჭველ და დამსახურებულ წარმატებას აღუთქვამს.

ნოდო სილამაზეს ყოველდღიური ყოფიდან იღებს სათუთად და ეს არის სწორედ ნამუშევრის შექმნის რთული პროცესის დასაწყისი.

ის ხატავს ქუჩებს და ამ ქუჩების ხატვა მას არასოდეს სწყინდება. მხატვარი ხშირად ხატავს უბრალო საგნებს და ამ უბრალოებაშიც პოულობს მშვენიერებას. მათ უნდა დააკვირდე. ყველა ნამუშევარს გამოარჩევს საერთო ნიშანი: დაფიქრება. ადამიანები, მათი განცდები- აი, რა აინტერესებს მხატვარს.

ყოველი ნახატი სიმფონიაა ფერების, თითქოს მუსიკალური ნაწარმოებია. მნახველსა და ნახატს შორის მყარდება კონტაქტი, სულში იბადება აღტაცებული ასოციაციები, უხილავი ძაფებით სანეტარო ტყვეობაში ექცევით.

image


- რა არის ფერწერა?

- ფერწერა ცოცხლად წერაა- ეკატერინე ბაღდავაძეს უყვარდა თქმა.

საკმარისია შეხედო ამ საოცარ ადამიანს, მოისმინო მისი სიტყვები ცხადი ხდება, რომ მხატვარი ყოველდღიური ყოფიდან გულისყურით შეიცნობს მშვენიერების არსს და შემდეგ იწყება ნახატის შექმნის რთული, მაგრამ საინტერესო პროცესი. მეტად მრავალფეროვანია მისი შემოქმედებითი დიაპაზონი.

image

კიდევ ერთ განსაკუთრებულ თვისებას ფლობს შეუძლია ბავშვივით აღტაცებული იყოს და არასოდეს არ კარგავს სიცოცხლით, ბუნებით, ხელოვნებით, შემოქმედებით აღფრთოვანების უნარს, რომელიც თავდავიწყებით უყვარს.

გამუდმებით მოძრაობაშია და არასოდეს მოიწყენს, გამოუსწორებელი ოპტიმისტია და უყვარს ცხოვრება და ადამიანები. „ადამიანები იმისთვის არსებობენ, რომ მათი გვჯეროდეს“- ამბობს ნოდო.

მხატვარი ფერის საშუალებით ქმნის „მუსიკას“ და ამით ხილულ სამყაროს სმენად აქცევს, ილუზია ცოცხლდება და ჩვენ თვალებით ვისმენთ. მისი ამოცანაა დაეხმაროს მნახველს სურათის თვალებით მოსმენა-აღქმაში, გადმოსცეს საკუთარი რეალური სინამდვილის შეგრძნება, ის ტონალობა, რომელიც „წონასწორობის“ შინაგან გრძნობასთან შეხამებისას შეიძინა.

image

ნოდოს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მისი ხელოვნება აღელვებს ადამიანებს. მხატვარი და მნახველი თანაბრად განიცდიან, გაიაზრებენ სინამდვილეს. ამ კონტაქტში იბადება ნაწარმოების ემოციური ზეგავლენა. მისი შემოქმედება მნახველთან ეფექტური კონტაქტის დამყარებით, ხალასი ემოციურობით გამოირჩევა და ახალისებს ქალაქს.

image

მხატვარი, რომლის შემოქმედებაზეც ვსაუბრობ ნოდო ნახუცრიშვილია. ბავშვობიდან ხატავს, სამხატვრო აკადემია დაამთავრა 2018 წელს. პირველ კურსზე უკვე იმდენი ნახატი ჰქონდა მეორე კურსზე გამოფენა გააკეთა. შემდეგ კი დატოვა შენობის სივრცე და ნახატებით ქუჩები დაამშვენა.

„მე მზეს ვაძლევ ჩემს ხელოვნებას“ - აღნიშნავს ნოდო.

image

გთავაზობთ ნოდოსთან ჩემს მცირე დიალოგს, რომელიც კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს მის შემოქმედებით მისწრაფებებს.

-აუცილებელია თუ არა იცნობდეთ ადამიანის შინაგან სამყაროს, სანამ დახატავთ?

- ვფიქრობ ეხმარება მხატვარს ის ფაქტი, რომ სანამ რამეს დახატავ ჯერ ის შეიცნოს, გამოიცნოს, ამოიცნოს, გაანალიზოს და მიღებული ემოციები სახვითზე გადაიტანოს, როცა ამ ყველაფრის გარეშე ხატავ ძალიან ცივი გამოდის. ლამაზი, მაგრამ არანამდვილი.

- ხელოვნება ცხოვრებასთან უფრო გაახლოებს თუ გაშორებს?

-ცხოვრება მაახლოებს ხელოვნებასთან, არსებობა კი მაშორებს.

-რაზე ოცნებობ?

-დროის მანქანაზე.

-რომელ ეპოქაში იმოგზაურებდი?

-რენესანსის ხანაში, დასაწყისში: ტიციანი, რაფაელი, მიქელანჯელო-ფუძემდებელი მამები.

ამბობს, რომ იშვიათად ხატავს ფუნჯებით და ტილოზე. მხატვრის აზრით, თანამედროვე ხელოვნება სხვაა, რომელსაც ამოხსნა სჭირდება.

-„კითხვის ნიშანი“ ამიტომ დაარქვი შენს გამოფენას?

-დიახ- პასუხობს ნოდო.


image


აქვე აღვნიშნავ რომ პერსონალური გამოფენა სახელწოდებით „კითხვის ნიშანი“ 2016 წელს საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა, სადაც ნოდარ ნახუცრიშვილის მიერ ორი წლის განმავლობაში შექმნილი 30-მდე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. როგორც მხატვარმა აღნიშნა თავისი გრძნობები და ემოციები გადმოსცა ნახატებში და დასვა კითხვის ნიშანი, რომელზე პასუხიც ადამიანებმა უნდა გასცენ.

ამრიგად, ნოდო ნახუცრიშვილი მხატვარია, რომლის შემოქმედება გამოირჩევა მხატვრული წარმოსახვის ახალი გზების ძიებით. მას წინ დიდი მომავალი აქვს. ვფიქრობ, რომ მისი ნახატები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქს დაამშვენებს.





0
58
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო მოდებაძე
სოფიო მოდებაძე
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0