x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
ეთნიკური პროცესები აფხაზეთში უძველესი დროიდან დღემდე
image


თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე ეთნიკური ცვლილებეისთვის თვალის გადევნება ბრინჯაოს ხანიდან არის შესაძლებელი. ადრე ბრინჯაოს ხანიდან დასავლეთ საქართველოში, თანამედროვე აფხაზეთის ჩათვლით, ეთნიკური განვითარების უწყვეტი ხაზი დასტურდება.

შუა ბრინჯაოს ხანის დასასრულს, ძვ.წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარში სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, მათ შორის თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზეც, ყალიბდება ერთიანი ქართველური კულტურა, რომელიც კოლხური კულტურის სახელითაა ცნობილი.


ძვ.წ. XV საუკუნეში ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი ქართული სახელმწიფო _ კოლხეთის სამეფო ჩამოყალიბდა, რომელიც შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდ. ყუბანის შავ ზღვაში ძველ შესართავამდე აღწევდა.


ქართული საისტორიო ტრადიციით, ეს ტერიტორია ქართველთა სახელმწიფოა, რომლის ერთი ნაწილი _ "ქვეყანა ლიხის მთიდან მდინარემდე, მცირისა ხაზარეთისა, სადა წარსწუთების წუერი კავკასიისა”, ე.ი. მდ.ყუბანის შესართავამდე _ ქართველთა ერთ-ერთი ეთნარქის _ ეგროსის სამკვიდროა;

ეს არის ირიბი გამოძახილი იმ ფაქტისა, რომ ეს მხარე ქართველთა სამკვიდროა.
საისტორიო წყაროების მონაცემებით, წინაანტიკურ და ელინისტურ ხანაში თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია მთლიანად მოქცეულია კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში და ქართული მოდგმის ტომებითაა დასახლებული.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ახ.წ. II საუკუნის ავტორები ფლავიუს არიანე და კლავდიოს პტოლემაიოსი შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე (თანამედროვე ქალაქ ტუაფსეს მახლობლად) ასახელებენ გეოგრაფიულ პუნქტს _ ლაზიკას (შუა საუკუნეების ქ.ნიკოფსია). საგულისხმოა, რომ არიანე ამ პუნქტს "ძველ ლაზიკას” უწოდებს, რაც ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ქართული მოსახლეობის განსახლების უტყუარი მოწმობაა.


საკუთრივ თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე, ძვ.წ. VI _ ახ.წ. II სს. ძველი ბერძნული საისტორიო მწერლობის მიხედვით (ჰეკატაიოს მილეტელი, სკილაქს კარიანდელი, კლავდიოს პტოლემაიოსი და სხვ.), მოხსენიებულია შემდეგი ტომები _ კოლები, კორაქსები, სვანო-კოლხები, კოლხები, _ რომელთა ქართული წარმომავლობა ეჭვს არ იწვევს.

ძვ.წ. II ს. დასასრულს კოლხეთის სამეფოს დაცემამ აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში არამყარი სიტუაცია შექმნა, რამაც ამ რეგიონში ჩრდილო კავკასიაში მოსახლე ტომების შემოჭრას მისცა ბიძგი. ამ გარემოებამ, თავის მხრივ, აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მოსახლე ტომების გადაადგილება გამოიწვია. ასეთ ვითარებაში, ძვ.წ. I საუკუნეში, შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდ.აქეუნტასა (შახე) და მდ. ნიკოფსიას (ნეგოფსუხო) შორის მკვიდრდება ჯიქების აფხაზურ-ადიღური ტომი, რომელიც ადრე ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლეობდა.


ძვ.წ. I საუკუნეში შავი ზღვის სანაპირო ზოლში, მდ. აქეუნტადან დიოსკურიამდე (ამჟ. სოხუმი) ტერიტორიაზე სანიგები ცხოვრობდნენ. სანიგები ის დასავლურ ქართული ტომია, რომელიც უფრო ადრე ლაზების სახელით ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში გვხვდება.

I_II სს. ანტიკურ წყაროებში (პლინიუს სეკუნდი, ფლავიუს არიანე) დღევანდელი აფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში პირველად იხსენიებიან აფსილები და აბაზგები, და ქვეყნები _ აფსილია და აბაზგია. ბერძნული წყაროების "აფსილია” და "აბაზგია” სახელებს ქართულ შუასაუკუნოვან წყაროებში ("ქართლის ცხოვრება”) "აფშილეთი” და "აფხაზეთი” შეესატყვისება.


I-IV სს. დასავლეთ საქართველო ლაზიკის სამეფოში გაერთიანდა, რომლის საზღვრებში თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაც შედიოდა, სადაც აფშილები, აბაზგები, სანიგები, მისიმიანები, ეგრები ცხოვრობდნენ. საგულისხმოა, რომ ამ მხარის ტოპონიმიკა მთლიანად ქართულია. ასე, მაგალითად: "დიოსკურია”, "ცხუმი” (რცხილა) ბიჭვინთის როგორც ქართული, ისე ძველი ბერძნული სახელი პიტიუნტი ქართული ფიჭვიდან (ბერძნ. Pიტიოს) მომდინარეობს; "გაგრა, ქართული "გაგარიდან” მოდის, რაც გასასვლელს ნიშნავს; "სოჭი” (ქართ. მცენარის სახელი; "სონჩ” - სვანებისა) და ა.შ.


I საუკუნიდან დასავლეთ საქართველოში, მათ შორის თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქრისტიანობა ვრცელდება, რომელსაც აქ მოციქულები ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი ქადაგებდნენ. ეს უკანასკნელი ჯიქეთში აღესრულა და ნიკოფსიაში დაკრძალეს.

ქრისტიანული თემები აქ იმდენად მრავალრიცხოვანი იყო, რომ უკვე IV საუკუნეში ბიჭვინთაში ეპისკოპოსი იჯდა. ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე მონაწილეობდა I მსოფლიო საეკლესიო კრებაში, რომელიც ქ.ნიკეაში 325 წ. გაიმართა.

326 წელს ეგრისში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. VI-VIII სს. აბაზგებმა შეიერთეს სანიგების, აფშილების, მისიმიანების მიწა-წყალი და ამ ტერიტორიაზე გავრცელდა ტერმინი აბაზგია.

ქართული საისტორიო წყაროები ამ პოლიტიკურ ერთეულს აფხაზთა საერისთავოს უწოდებენ. VIII ს. შუა ხანებში ეგრისის სამეფო დაიშალა, ხოლო ორი ათეული წლის შემდეგ, აფხაზთა ერისთავმა ლეონ I-მა, რომელიც ეგრისის მეფეთა გვერდით შტოს ეკუთვნოდა და, ამასთანავე, დინასტიური ქორწინების შედეგად ეგრისის ტახტის მემკვიდრე იყო, მთელი დასავლეთი საქართველო ერთ სამთავროდ გააერთიანა. VIII ს. მიწურულს ლეონ I-ის ძმისწული ლეონ II გათავისუფლდა ბიზანტიისადმი ვასალური დამოკიდებულებისაგან და თავი მეფედ გამოაცხადა. მმართველი დინასტიის მიხედვით, ამ სახელმწიფოს "აფხაზთა” სამეფო ეწოდა. ზოგიერთი სომხური წყარო მას "ეგრისს" უწოდებს, მის მეფეს "ეგრისის მეფეს”, ხოლო სამეფოს მოსახლეობას _ "ეგრისელებს”.


დასავლეთ საქართველოს გაერთიანებისა და "აფხაზთა” სამეფოს შექმნის შემდეგ გაფართოვდა ცნება "აფხაზეთის” მნიშვნელობა. ამ დროიდან ის საკუთრივ აფხაზეთს და მთელ დასავლეთ საქართველოს აღნიშნავდა, ხოლო "აფხაზი” საკუთრივ აფხაზს და ყველა დასავლელქართველს ეწოდებოდა. XI ს. დასაწყისში "აფხაზთა” სამეფო საქართველოს ერთიან მონარქიაში გაერთიანდა.

საქართველო საერისთავოებად იყო დაყოფილი. დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებობდა აფხაზეთის, ცხუმის, ოდიშის საერისთავოები, რომელთაც ქართული ფეოდალური საგვარეულოები – შარვაშიძეები, ამანელისძეები, დადიანები განაგებდნენ. საქართველოს მეფეთა ტიტულატურაში _ "მეფე აფხაზთა და ქართველთა” იმის გამო, რომ პირველად "მეფე აფხაზთა” მოიხსენიებოდა, XI-XIIIსს. ზოგიერთ უცხოურ წყაროში "აფხაზეთი” და "აფხაზები” ხშირად საქართველოსა და ქართველის მნიშვნელობით იხმარება.


image

XIII საუკუნიდან საქართველოს მძიმე დრო დაუდგა. ჯალალედინის შემოსევებმა, მონღოლების ასწლოვანმა უღელმა და თემურ-ლენგის შემოსევებმა საქართველოს სახელმწიფო დაასუსტა. XV ს. მეორე ნახევარში ერთიანი საქართველოს სამეფო დაიშალა. დასავლეთ საქართველო იმერეთის სამეფოში გაერთიანდა, რომლის შემადგენლობაში აფხაზთა საერისთავოც შედიოდა.

ამ დროიდან ქართველები და არა მხოლოდ ქართველები, აფხაზეთს ამ ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ ერთეულს, ხოლო აფხაზებს მის მცხოვრებთ უწოდებდნენ. აფხაზთა ერისთავები ისევ შარვაშიძეთა ქართული ფეოდალური საგვარეულოდან იყვნენ.


საქართველოს დასუსტებითა და დაშლით ისარგებლეს ჩრდილოკავკასიელმა მთიელებმა, რომლებმაც საქართველოზე თავდასხმები დაიწყეს. ეს პროცესი, რომელიც "მთის ჩამოწოლის” სახელითაა ცნობილი, მიმდინარეობდა ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოშიც, – ლეკების ჩამოსახლება აღმოსავლეთ კახეთში, ალან-ოსების – შიდა ქართლში, ჩრდილო-დასავლეთით – აბაზა-ადიღელების ჩამოსახლება. სამეფო ხელისუფლების მორჩილებიდან გამოვიდნენ ჯიქები, რომლებიც ადიღური ტომების მოწოლით სამხრეთ-აღმოსავლეთით მოიწევდნენ.


ამის შედეგად, XV ს. მეორე ნახევარში საქართველომ დაკარგა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპირო, ქ.ნიკოფსია და მისი მიმდებარე ტერიტორია გაგრის ვიწროებამდე. ეს ფაქტი ადიღურ ფოლკლორშიც აისახა, რომლის თანახმადაც, ადიღელთა წინამძღოლს _ ინალს აფხაზეთი დაუპყრია, მაგრამ მოულოდნელად გარდაცვლილა და აქვე, ფსხუში დაუკრძალავთ.

კავკასიის მთის მოსახლეობის ლტოლვა საქართველოს ბარისაკენ გამოწვეული იყო მონღოლების მიერ მათი შევიწროებითა და ადრინდელი საცხოვრისიდან გამოდევნით, რის შედეგადაც ისინი იძულებულნი გახდნენ საარსებო მიწა ეძებნათ. დარბეული და დასუსტებული საქართველო მათ სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევდა. მთას თან მოჰქონდა მისთვის დამახასიათებელი პრიმიტიული სამეურნეო და სოციალური ყოფა, წეს-ჩვეულებები, წარმართობა. საქართველოს ბარი თავიდან ითვისებდა მას, მოსული ელემენტი დამხვდურის კულტურას ეზიარებოდა, მისი სამეურნეო და საზოგადოებრივი ტრადიციების მატარებელი ხდებოდა და ერწყმოდა დამხვდურთ, მაგრამ თავის მხრივაც ახდენდა გავლენას მასზე.


XV საუკუნეში "მთის ჩამოწოლის” პროცესი აფხაზეთში საკმაოდ შორსაა წასული, რისი აშკარა დადასტურებაა აფხაზთა გაწარმართება, რაც აისახა დაახლოებით 1470-1474 წწ. შედგენილ ძეგლში "მცნება სასჯულო”. აქ პირველად გამოჩნდა ქართული სამყაროდან აფხაზთა "გაუცხოების” კვალი: "აფხაზეთი ქრისტეანობისაგან სრულიად მიდრეკილ იყუნეს, ქრისტეს მცნებათაგან განშორებულ იყუნეს”.

იმავე ხანებში ხობის ეკლესიისადმი შეწირულ სიგელში ნათლადაა ნაჩვენები იმ დროს აფხაზეთში შექმნილი ვითარება: "მას ჟამსა უღმთოდ და უსჯულოებად მიიქცნეს აფხაზნი”, "აფხაზთა გარყუნეს სჯული და კათალიკოზობა”. ამ დროს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის ეკლესია-მონასტრებიდან უსაფრთხო ადგილას, ქვეყნის სიღრმეში, გადმოჰქონდათ საეკლესიო სიწმინდეები. როგორც ჩანს, სვიმონ კანანელის ნეშტი ნიკოფსიიდან ანაკოფიაში ამ დროს გადმოასვენეს.


მთის ჩამოწოლის შედეგად აფხაზეთში მკვიდრდებიან ჩრდილო-დასავლეთ კავკასიიდან წამოსული ტომები, რომელთაც ქართული წყაროები ჯიქების, ხოლო უცხოური წყაროები აბაზების კრებითი სახელით მოიხსენიებენ.

აფხაზეთის მკვიდრმა მოსახლეობამ ვეღარ შეძლო მთის ჩამოწოლის სათანადო სოციალურ-რელიგიური ათვისება, ჩამოსახლებულმა მასამ წალეკა ადგილობრივი მოსახლეობა, რის შედეგადაც ამ მხარეში რადიკალური ეთნიკური ცვლილება მოხდა. ჩამოსახლებულ მთიელთა ადგილობრივ მოსახლეობასთან შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა თანამედროვე აფხაზური (აფსუა) ეთნოსი.


სამწუხაროდ, ამ ახალ ეთნიკურ ჯგუფს ქართველებმა, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მექანიკურად აფხაზი უწოდეს, ისინი კი თავს აფსუას უწოდებენ. "აფსუა” და "აფხაზ” ეთნონიმების გაიგივებამ აფხაზეთის ისტორიის კვლევაში ქაოსი და არეულობა შეიტანა, რის ტრაგიკულ შედეგებს დღესაც ვიმკით.

აღსანიშნავია, რომ აფხაზთა თვითსახელწოდება "აფსუა” ეთნონიმ "აბაზას” ფონეტიკური სახეცვლილებაა; ენათმეცნიერებაში აღიარებულია, რომ აფხაზური (აფსუა) ენა აბაზურ ენასთან ერთად ქმნის ერთ ენობრივ ერთეულს და მათ შორის მხოლოდ დიალექტური განსხვავებაა.

აფხაზეთში მომხდარი რადიკალური ეთნიკური ცვლილება აფხაზურ (აფსუურ) ფოლკლორსა და ეთნოგენეტიკურ გადმოცემებშიც აისახა. აბაზა-ადიღელების ჩამოსახლება აფხაზეთში ყოველთვის საომარი გზით როდი ხდებოდა. ისინი უმთავრესად მაინც აფხაზთა მთავრებისა და თავადაზნაურების, მიწის მეპატრონეთა ნებით სახლდებოდნენ აქ, როგორც უმიწაწყლო მთიელები.

აფხაზეთში ჩამოსახლებულ მთიელებს მთავრები უმთავრესად მოლაშქრეებად იყენებდნენ თავიანთი მიწა-წყლის გაფართოებისათვის ბრძოლაში. XVI ს. მიწურულს აფხაზებმა მიიტაცეს ოდიშის (სამეგრელოს) სამთავროს მიწა-წყალი მდ.კელასურამდე ქართული ქალაქებით _ ანაკოფია (შემდეგში _ ფსირცხა, ამჟამად _ ახალი ათონი) და ცხუმი (ამჟ. სოხუმი), ხოლო XVII ს. მიწურულს მდ. ეგრისწყლამდე (ამჟ. ღალიძგა) გააფართოვეს თავიანთი სამფლობელო.


აფხაზთა მიერ მიტაცებულ ტერიტორიაზე შეუძლებელი გახდა ქრისტიანული ეკლესიის ფუნქციონირება, რის გამოც 1681 წ. დრანდისა და მოქვის საეპისკოპოსოები გაუქმდა. აფხაზები თავს ესხმოდნენ და ძარცვავდნენ ოდიშის (სამეგრელოს) ეკლესია-მონასტრებს, მათ შორის, საკათედრო ტაძრებს _ ბედიას, ცაიშს, წალენჯიხას, სხვა ეკლესია მონასტრებს.

ამ თავდასხმების შესახებ წერენ არა მარტო ქართველი მემატიანეები, არამედ უცხოელი ავტორებიც, რომლებიც იმ დროს საქართველოში იმყოფებოდნენ: კათოლიკე მისიონერები _ არქანჯელო ლამბერტი, კრისტოფორო კასტელი, ჯუზეპე ჯუდიჩე, ფრანგი კომერსანტი და მოგზაური ჟან შარდენი, იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოსი (1669-1707), ანტიოქიის პატრიარქი მაკარიოსი (1647-1672) და სხვები.


XVIII ს. 70-იან წლებში აფხაზთა ექსპანსიის გამო ბედიის საეპისკოპოსოც გაუქმდა.
XVI-XVIII სს. ქართულ საეკლესიო საბუთებიდან კარგად ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობდა ქართული მოსახლეობის აყრა და განდევნა თავისი სამკვიდროდან.

მდინარეებს _ კელასურსა და ეგრისწყალს შორის მოსახლეობის ნაწილი აფხაზთა მიერ აოხრებისა და აკლების დროს გადაიხვეწა; ვინც მახვილს, შიმშილსა და ავადმყოფობას გადაურჩა, აფხაზებმა ტყვედ მიჰყიდეს თურქოსმალებს. დაცარიელებულ ადგილებზე აფხაზები სახლდებოდნენ. იმავდროულად მიმდინარეობდა გადარჩენილი ქართული მოსახლეობის გააფხაზების პროცესი, რაც ყველაზე ადრე აფხაზეთის მთის თემებში (წებელდა, დალი, ფსხუ) დაიწყო. ამიტომაც არის, რომ აფხაზთა დიდი ნაწილი დღეს ქართულ გვარსახელებს ატარებს.

ეთნიკურმა ცვლილებებმა აფხაზეთში და აფხაზთა მიერ მიტაცებულ ოდიშის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ადგილობრივი სახელწოდებების შეცვლა გამოიწვია. გვიანი შუა საუკუნეების "აფხაზები” კავკასიელი მთიელებია, რომელთაც ვერ შეუთვისებიათ ფეოდალური მეურნეობა, ფეოდალური სოციალური წყობა, ქრისტიანობა. ისინი, თავიანთი პრიმიტიული ყოფითა და წარმართული რელიგიით, აშკარად არ არიან იმ აფხაზთა შთამომავალნი, რომლებიც ფეოდალური საქართველოს სახელმწიფოს კულტურულ-პოლიტიკურ მშენებლობაში მონაწილეობდნენ. ეს გენეტიკური ხაზი მოსახლეობის ძირითად მასაში, დაბალ ფენებში, გაწყვეტილია და მხოლოდ აფხაზ ფეოდალთა წრეში ჩანს შენარჩუნებული ქართული კულტურული ტრადიციები.


image


ეთნიკური ცვლილებების შემდეგ აფხაზეთში მკვიდრდება ახალი სალოცავები, მათ შორის ინალ-კუბა, ინალის საფლავი ფსხუში; ხეებისა და წმინდა ჭალების კულტი და სხვ. აღსანიშნავია, რომ აფხაზთა სალოცავების ერთი ნაწილი დანგრეული, გაუქმებული ეკლესიების ადგილას იყო. XVIII საუკუნეში აფხაზეთში თურქები გაბატონდნენ. თურქთა ბატონობამ ვერ შეძლო აფხაზეთის საქართველოსთან ოდინდელი ისტორიული კავშირის გაწყვეტა.


ქართულ-აფხაზურ ისტორიულ-კულტურულ ერთობას ხელი ვერ შეუშალა ისლამის გავრცელებამაც, რასაც დიდი მასშტაბებისთვის არც მიუღწევია. აფხაზები რელიგიის მიმართ საკმაოდ გულგრილნი იყვნენ. დამახასიათებელია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არ არსებობს ისლამური არქიტექტურის ძეგლები. აფხაზთა რელიგია სინკრეტიზმით ხასიათდება _ მხარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში წარმართობისა და ისლამის, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში წარმართობისა და ქრისტიანობის ნაზავით.

მიუხედავად მწვავე პოლიტიკური გათიშულობისა, მთელი გვიანი შუა საუკუნეების მანძილზე აფხაზთა მთავრები ქართველ მეფეთა უზენაესობას აღიარებდნენ; მათთვის ქართული ენა იყო საკომუნიკაციო ენა, ამ ენაზე მუშაობდა მთავრის კანცელარია. ეს ყოველივე ცხადყოფს, რომ ქართული ენა ამ მხარის მრავალსაუკუნოვანი კულტურულ-ისტორიული განვითარების პროცესის მთავარი წახნაგი იყო. ეს ტრადიცია თაობიდან თაობაში გადადიოდა ისტორიული პირობების შესაბამისად და საქართველოს დანარჩენ ნაწილებთან აფხაზეთის შინაგანი ერთობა არასოდეს გაწყვეტილა.


XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიამ ქართული სამეფო-სამთავროები ნაწილნაწილ შეიერთა. 1810 წელს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა აფხაზეთი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მხარე. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის სამთავრო ტახტის მემკვიდრის _ გიორგი შარვაშიძის თხოვნა რუსეთის იმპერატორისადმი აფხაზეთის ქვეშევრდომობაში მიღების შესახებ ქართულ ენაზეა შედგენილი.

საქართველოს შეერთების შემდეგ რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიის დაპყრობისთვის ზრუნვას შეუდგა. მეფის ხალისუფლებას სურდა კავკასია "სამოქალაქო და პოლიტიკური თვალსაზრისით მჭიდროდ შეეკრა რუსეთთან და მის განუყოფელ ნაწილად ექცია”, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა "ენით, გონებით და გრძნობით რუსი გამხდარიყო”.

ამ გეგმის განხორციელებას ცარიზმი კოლონიზაციის საშუალებით ცდილობდა, რადგან მხარის ათვისების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად ეს ღონისძიება მიაჩნდა. ცარიზმის მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა დაპყრობილი ქვეყნის კოლონიზაცია და ასიმილაცია. ცნობილი რუსი ისტორიკოსი ვ.კლიუჩევსკი კოლონიზაციას "რუსეთის ისტორიის ძირითად ფაქტორად” მიიჩნევდა.

რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I (1825-1855) სავსებით იზიარებდა კავკასიაში კოლონიური პოლიტიკის გატარების აუცილებლობას, რადგან მიაჩნდა, რომ კოლონიზაციას ხელი უნდა შეეწყო "რუსული მფლობელობის განმტკიცებისათვის, უზრუნველეყო ადგილობრივი მოსახლეობის სრული მორჩილება და, საბოლოო აზრით, მხარის იმპერიასთან შერწყმა”.


ისეთი ლიბერალური და დემოკრატიული ძალა იმ ხანის რუსეთში, როგორიც დეკაბრისტები იყვნენ, ასეთსავე პოზიციაზე იდგნენ. დეკაბრისტთა "სამხრეთის საზოგადოების” ლიდერი პ.პესტელი საპროგრამო დოკუმენტში "რუსსკაია პრავდა”, კავკასიის ხალხებს ყოფდა მშფოთვარე, დაუმორჩილებელ და მშვიდ, დამყოლ ტომებად.

მისი აზრით, აუცილებელი იყო პირველთა გადასახლება იმპერიის შიდა გუბერნიებში, ხოლო მეორეთა კავკასიაში ჩასახლებულ რუსულ მოსახლეობაში თანდათანობითი ასიმილაცია და სრული გათქვეფა. შემდეგში ცარიზმი სწორედ ასე მოიქცა. კავკასიის კოლონიზაციის პროცესს მრავალწლიანი კავკასიის ომი (1817-1864) მოჰყვა. ომის უკანასკნელ ეტაპზე ცარიზმი დაუმორჩილებელი კავკასიელი მთიელების სამშობლოდან ძალდატანებით გასახლებას შეუდგა. ეს პროცესი ცნობილია მუჰაჯირობის სახელით.


მუჰაჯირობა (არაბ. “მუჰაჯერეთ” _ გადასახლება) ანუ კავკასიის მკვიდრი მოსახლეობის ძირითადად იძულებითი გადასახლება თურქეთის იმპერიაში XIX საუკუნეში დაკავშირებული იყო კავკასიის ომებთან _ სამხედრო მოქმედებათა წყებასთან, რომელსაც მეფის რუსეთი XVIII-XIX სს. კავკასიაში აწარმოებდა. რუსეთის ხელისუფლებას სურდა დაუმორჩილებელ კავკასიელ მთიელთა თურქეთში გადასახლებით მიეღწია პოლიტიკური სიმშვიდისათვის ამ მხარეში, გათავისუფლებული მიწები კი ფართო კოლონიზაციისათვის გამოეყენებინა, ესარგებლა მხარის ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობით.

მუჰაჯირობის პროცესში, ერთი შეხედვით, რელიგიური მომენტი დომინირებდა, მაგრამ ძირითადი მაინც იყო პოლიტიკური ფაქტორი _ რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკა. რუსეთის კოლონიზატორულმა პოლიტიკამ გადამწყვეტი ბიძგი მისცა მთიელთა გადასახლებას.

1859 წ. რუსეთის მიერ ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის ჩეჩნეთ-დაღესტნის დაპყრობის შემდეგ თურქეთში გადასახლდნენ დაღესტნელები, ჩეჩნები, ოსები, _ სულ 100 ათასამდე ადამიანი.

ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის დაპყრობის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდნენ დასავლეთ კავკასიის მთიელები. 1864 წლის მაისში რუსეთმა დასავლეთ კავკასიაც დაიპყრო და კავკასიის ომი დამთავრებულად გამოცხადდა. რუსეთის იმპერიასთან კავკასიის შეერთების ხანგრძლივი პროცესი დასრულდა. ომის უკანასკნელ ეტაპზე, 1858-1864 წწ. შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში მცხოვრები ადიღელები – ჯიქები, შაფსუღები, ნათხვაჯები და აბაზური თემების მნიშვნელოვანი ნაწილი, თურქეთში გადასახლდნენ; ზოგიერთი ხალხი, მაგ. უბიხები. მთლიანად შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე თითქმის არ დარჩნენ, ადიღელები და აბაზები, მხოლოდ მათი მცირე ნაწილი ჩაასახლეს ყუბანისპირეთში.


ოფიციალური მონაცემებით, დასავლეთ კავკასიიდან თურქეთში სულ 470 ათასი ადამიანი გადასახლდა, ხოლო ყუბანისპირეთში _ 90 ათასი. კავკასიელ მთიელთა ძალდატანებით თურქეთში გადასახლების გამო ევროპაში დიდი ხმაური ატყდა. რუსეთის ხელისუფლება თავს იმართლებდა, რომ მთიელთა თურქეთში გადასახლება მათი ნება-სურვილით არ მომხდარა და ყოველივე მათი ჩარევის გარეშე მოხდა.

როგორც ცნობილი პუბლიცისტი, გენერალი რ.ფადეევი აღნიშნავდა, კავკასიის ომში რუსეთის ხელისუფლების მიზანს წარმოადგენდა "შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან მოეშორებინა მთიელები და ეს მხარე რუსებით დაესახლებინა. ეს ზომა აუცილებელი იყო ჩვენი სამფლობელოების უსაფრთხოებისათვის”. იგი ცინიზმით აღნიშნავდა, რომ არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობის თურქეთში განდევნა. რუსეთს საკმარისად ჰქონდა მიწები მათ დასასახლებლად მდ.ყუბანის მარცხენა ნაპირზე, მაგრამ ასევე არავითარი მიზეზი არ არსებობდა დაეკავებინათ ისინი მათი სურვილის წინააღმდეგ.

რ. ფადეევი, რომელიც ოფიციალურ აზრს გამოხატავდა, გულახდილად აღნიშნავდა, რომ "ეს მიწა სჭირდებოდა სახელმწიფოს”, ხოლო რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას, მისი თქმით, "მათი საჭიროება არ არსებობდა”.


კავკასიის ომის დამთავრების შემდეგ ცარიზმმა ვრცელი ტერიტორია მიიღო საკოლონიზაციოდ. 1861-1864 წწ. დასავლეთ კავკასიაში კაზაკთა 111 სტანიცა (14 239 ოჯახი, 85 ათასი სული) ჩაასახლეს.

იმავდროულად, ამ მხარეში ასახლებდნენ რუსეთის შიდა გუბერნიებიდან გადმოსახლებულ რუსებს, უკრაინელებს, თურქეთიდან გადმოსახლებულ ბერძნებსა და სომხებს.
დასავლეთ კავკასიის დაპყრობის შემდეგ, როდესაც კავკასიელ მთიელთა ნაწილი ბრძოლაში გაწყდა, ხოლო ნაწილი თურქეთში გადასახლდა, ცარიზმმა კავკასიაში თავი მყარად იგრძნო. უკვე არ არსებობდა აფხაზეთის ავტონომიური სამთავროს შენარჩუნების აუცილებლობა და თვითმპყრობელობა დაპყრობილი მხარის სამხედრო-ადმინისტრაციული მოწყობისა და კოლონიზაციისთვის ზრუნვას შეუდგა.

რუსეთის ხელისუფლებას შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს მიმართ სპეციალური გეგმა ჰქონდა შემუშავებული, რომელიც მდ.ყუბანიდან მდ.ენგურის შესართავამდე კაზაკთა დასახლებების შექმნას ითვალისწინებდა. ამიტომ მკვიდრი მოსახლეობისაგან ამ მიწა-წყლის "გაწმენდა” იყო საჭირო.


1864 წლის ივლისში ცარიზმმა აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და უშუალო რუსული მმართველობა შემოიღო. იმავდროულად, რუსეთის ჯარის ნაწილებმა აფხაზეთის მთის თემი ფსხუ, მდ. ბზიფის ზემო წელში, დაიკავეს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა _ 3500 კაცი თურქეთში გაასახლეს. ამის შედეგად მდ.ბზიფის ზემო წელი მთლიანად დაცარიელდა.

აფხაზეთის სამთავროს გაუქმების შემდეგ შეიქმნა სოხუმის სამხედრო განყოფილება, რომლის უფროსად ამ მხარეში განლაგებული რუსეთის ჯარების სარდალი დაინიშნა.

აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი მიხეილ შარვაშიძე რუსეთში გადაასახლეს, სადაც 1866 წელს გარდაიცვალა. მისი ნეშტი აფხაზეთში ჩამოასვენეს და მოქვის ტაძარში დაკრძალეს. საფლავს ქართული წარწერა ამკობს, რაც შარვაშიძეთა სამთავრო სახლის კულტურულ-პოლიტიკურ ორიენტაციაზე ნათლად მეტყველებს.


image



1866 წელს ცარიზმის კოლონიზატორული პოლიტიკის წინააღმდეგ აფხაზები აჯანყდნენ, რომელიც იმპერიის ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ხელისუფლებამ გადაწყვიტა თურქეთში გაესახლებინა მის მიმართ განსაკუთრებით მტრულად განწყობილი მუსლიმანი და წარმართი აფხაზები, პირველ რიგში, კოდორის ხეობიდან და შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან. იმავდროულად, ცარიზმმა 1866 წელს აფხაზეთში ახალი ადმინისტრაციული რეფორმა გაატარა. იმის გამო, რომ გადაწყვეტილი იყო შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს მდ.ენგურის შესართავამდე კოლონიზაცია კაზაკ-რუსებით, ქართული ოლქი სამურზაყანო (ამჟ. გალის რაიონი) აფხაზეთს შეუერთეს.



1867 წელს ცარიზმმა აფხაზეთიდან ძალდატანებით გაასახლა 3 358 ოჯახი, 19 342 სული. მუჰაჯირობის შემდგომი სტატისტიკური მონაცემებით (1867წ.) აფხაზეთის მოსახლეობა 64 933 შეადგენდა. აქედან 22 ათასი სამურზაყანოს (ოქუმის ოლქის) ქართული მოსახლეობა იყო.

ქართველები ცხოვრობდნენ აფხაზეთის სხვა მხარეებშიც. თითქმის მთლიანად დაიცალა კოდორის შუა და ზემო წელი _ წებელდა და დალი. ამ თემების 15 ათასიანი მოსახლეობა თავიანთი სამკვიდროდან აყარეს და უცხოეთში გადაასახლეს. 1868 წლის მონაცემებით, წებელდაში სულ 13 ოჯახი ცხოვრობდა, ხოლო დალში – არცერთი.


1877 წლის აპრილში რუსეთ-თურქეთის ახალი ომი დაიწყო, რომლის ასპარეზი კავკასიაც გახდა. ცარიზმის კოლონიური რეჟიმით გამოწვეულმა უკმაყოფილებამ ამ დროისათვის აფხაზეთში კულმინაციას მიაღწია და აჯანყებამ იფეთქა. ასეთ რთულ ვითარებაში აფხაზეთში თურქული დესანტი გადმოსხდა, რომელიც ძირითადად აფხაზი მუჰაჯირებისაგან შედგებოდა. მაისში თურქებმა თითქმის მთელი აფხაზეთი დაიკავეს. იმავდროულად, აჯანყებული აფხაზები თურქთა დესანტს შეუერთდნენ. მაგრამ მალე, ივლისში, რუსეთის ჯარის ნაწილები შეტევაზე გადავიდნენ და უკვე აგვისტოში მთელი მხარე გაწმინდეს თურქებისაგან.

აფხაზეთიდან გაქცევისას თურქებს აფხაზთა ნაწილიც გაჰყვა, მაგრამ მათი მეტი ნაწილი, აგრეთვე მცირე რაოდენობით ქრისტიანი ქართველები და ბერძნები ძალით წაიყვანეს. სულ მუჰაჯირობაში ამ დროს დაახლოებით 32 ათასი სული წავიდა. თუკი ადრე აფხაზეთის მთის თემები _ ფსხუ, წებელდა, დალი, – დაიცალა, ახლა თითქმის მთლიანად დაცარიელდა აფხაზეთის სანაპირო ზოლი.


მუჰაჯირობა იყო ცარიზმის მიერ კავკასიის ომში წარმოებული გენოციდის პოლიტიკის გაგრძელება, ეთნოციდი, რამაც ამ მხარეში ეთნოდემოგრაფიული ვითარება რადიკალურად შეცვალა. აფხაზები, ფაქტობრივად, ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე დადგნენ. ეს საფრთხე თავიდან ვერ აიცილეს და ისტორიის ასპარეზიდან გაქრნენ ქართველთა უახლოესი მეზობლები _ ჯიქები და უბიხები. ქართველი საზოგადოებრიობა დიდი თანაგრძნობით შეხვდა აფხაზთა და კავკასიელ მთიელთა ტრაგედიას.


XIX საუკუნის გამოჩენილმა ქართველმა მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა: გრ.ორბელიანმა, ი.ჭავჭავაძემ, აკ.წერეთელმა, ზ. ჭიჭინაძემ, პ. ჭარაიამ, ნ. ჯანაშიამ, ი. მეუნარგიამ, თ. სახოკიამ და სხვებმა გულწრფელი თანაგრძნობა გამოხატეს აფხაზთა და კავკასიელ მთიელთა მუჰაჯირობის გამო. ცარიზმი შეეცადა აფხაზეთში რუსები ჩაესახლებინა, მაგრამ ისინი ხალისით სულაც არ მოდიოდნენ ამ მხარეში: უჭირდათ ადგილიდან დაძვრა, აშინებდათ გადასახლების სირთულე, ბუნებრივ-კლიმატური პირობები და სხვ.

ასეთ ვითარებაში, დასავლეთ საქართველოდან მიწის სიმწირითა და სივიწროვით სულშეხუთული მოსახლეობა გადმოდიოდა და მკვიდრდებოდა აფხაზეთში, აშრობდა ჭაობებს, კაფავდა ბუჩქნარებს და მეურნეობას მისდევდა. ქართველი საზოგადოებრიობა თვლიდა, რომ დაცარიელებული აფხაზეთისთვის საუკეთესო კონტინგენტს შეადგენდნენ დასავლეთ საქართველოს მხარეების: სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის მკვიდრნი. ამასთან, ეს იქნებოდა ისტორიული სამართლიანობის აღდგენაც _ ქართველების დაბრუნება თავიანთ ისტორიულ მიწა-წყალზე. მიუხედავად ხელისუფლების წინააღმდეგობისა, ქართველები მაინც დამკვიდრდნენ აფხაზეთში: სანაპირო ზოლში _ მეგრელები, გორაკბორცვიან ადგილებში _ რაჭველები და ლეჩხუმლები, მთიან ნაწილში, კოდორის ზემო წელში _ სვანები.


ქართველების დამკვიდრება აფხაზეთში ხელისუფლების შეშფოთებას იწვევდა, ამიტომ, რაკი რუსები ნაკლებად მოდიოდნენ, ცარიზმმა არჩევანი უცხოელებზე (სლავები, სომხები, ბერძნები და სხვ.) შეაჩერა. ცარიზმის პოლიტიკა აფხაზეთში მიმართული იყო აფხაზთა და ქართველთა წინააღმდეგ. იგი ცდილობდა არ დაეშვა აფხაზეთის ქართულ ეთნო-კულტურულ სივრცეში დაბრუნება.

1877 წლის ანტიცარისტული აჯანყების გამო 1880 წელს აფხაზებს "დამნაშავე მოსახლეობის სტატუსი მიენიჭათ. მათ ჩამოართვეს მიწაზე საკუთრების უფლება და აუკრძალეს აფხაზეთის სანაპირო ზოლში დასახლება. "დამნაშავე მოსახლეობის სტატუსი აფხაზებს მხოლოდ 1907 წელს მოუხსნეს. 1879 წელს ხელისუფლებამ სამი წლით მუჰაჯირების ნაწილობრივი რეპატრიაცია დაუშვა. ამის შედეგად, 1881 წლისთვის 15 ათასამდე მუჰაჯირი სამშობლოში დაბრუნდა.


1886 წელს რუსეთის სახელმწიფო საბჭოს დადგენილებით შედგა ამიერკავკასიისა და, ნაწილობრივ, ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობის საოჯახო სიები. მოსახლეობის ამ აღწერის თანახმად, აფხაზეთის მოსახლეობა 67 371 კაცს შეადგენდა. მათ შორის, აფხაზი 28 320, ქართველი 34 078, რუსი 1241, სომეხი 1037, ბერძენი 2056 იყო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქ. სოხუმში სამი აფხაზი ცხოვრობდა 1 ქალი და 2 მამაკაცი.

1897 წლის სრულიად რუსეთის მოსახლეობის პირველი აღწერის მიხედვით, აფხაზეთში ცხოვრობდა 106 179 კაცი, მათგან: აფხაზი _ 39.6; ქართველი _ 44.8; რუსი 6.0; სომეხი _ 6.5; ბერძენი _ 5.4 ათასი. საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში, აფხაზეთის მოსახლეობის საერთო რაოდენობაში აფხაზების ხვედრითი წილის გაზრდის მიზნით, უხეში ადმინისტრაციული ზეწოლით, ქართველებს აიძულებდნენ აფხაზებად ჩაწერილიყვნენ.

1926 წლის მოსახლეობის საკავშირო აღწერის მონაცემებით, აფხაზეთის მოსახლეობამ 201 016 შეადგინა. მათგან, ქართველი 67 494, აფხაზი 55 918, რუსი 12 553, ბერძენი 14 045, სომეხი 25 677 იყო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 9 ათასი აფხაზი მშობლიურ ენად ქართულს აღიარებდა, მაგრამ არც ერთი მათგანი ქართველად არ ჩაწერილა.



1937-1953 წწ. აფხაზეთში, საკოლმეურნეო მშენებლობასთან დაკავშირებით, დასავლეთ საქართველოს მცირემიწიანი რაიონებიდან მოსახლეობის ჩასახლება მიმდინარეობდა, თუმცა მას არ ჰქონია ინფილტრაციის ხასიათი. ქართველების ჩასახლება გამოუყენებელ მიწის მასივებზე მოხდა. იმავდროულად, მიმდინარეობდა რუსების, უკრაინელების, სომხების და სხვ. შემოდინების პროცესი.

ეს ფაქტი გამოწვეული იყო ობიექტური რეალობით: ინდუსტრიალიზაციის კურსის გატარება _ სამრეწველო საწარმოების შექმნა, მხარის ბუნებრივი სიმდიდრეების ათვისება, პირველ რიგში, ტყვარჩელის ქვანახშირის საბადოების ექსპლოატაციაში შესვლა, _ მხარის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება ავტონომიური რესპუბლიკის გარედან მუშახელსა და კვალიფიციურ საინჟინრო-ტექნიკურ კადრებს მოითხოვდა. ამის გამო აფხაზთა ხვედრითი წილი რესპუბლიკის მოსახლეობაში მნიშვნელოვნად შემცირდა.
აფხაზეთის მოსახლეობის ეროვნულ შემადგენლობაში ძირითადი ცვლილებები სწორედ 1926-1959 წწ. მოხდა. მოსახლეობის საერთო რაოდენობაში მნიშვნელოვნად შემცირდა ქართველებისა და აფხაზების ხვედრითი წილი, ხოლო სომხებისა (3-ჯერ) და რუსების (6-ჯერ) გაიზარდა.

ასეთი ტენდენცია შემდეგ წლებშიც შეიმჩნეოდა. საერთოდ, 1886 წლიდან 1989 წლამდე, აფხაზეთში რუსების რაოდენობა 60-ჯერ, სომხების კი 70-ჯერ გაიზარდა.
აფხაზეთის 1992-1993 წწ. ომში აფხაზმა სეპარატისტებმა ქართულ მოსახლეობას გენოციდი მოუწყვეს. ისევე, როგორც გვიან შუა საუკუნეებში, განხორციელდა მხარის ეთნოწმენდა.

აფხაზეთის 300 ათასამდე მცხოვრები, მათ შორის, 240 ათასი ქართველი, დევნილად იქცა; იმავდროულად, ომის, ომისშემდგომი ეკონომიკური და პოლიტიკური ქაოსის, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებისა და სხვათა გამო, სხვა ეროვნებების წარმომადგენლები _ ბერძნები, ებრაელები, ესტონელები, რუსები იძულებულნი გახდნენ, მშობლიური კერა დაეტოვებინათ. დაახლოებით 30 ათასმა აფხაზმაც დატოვა სამშობლო და დსთ-ს ქვეყნებში (ძირითადად, რუსეთსა და უკრაინაში) გადასახლდა.


ამჟამად, აფხაზეთის მოსახლეობა დაახლოებით 200 ათასს შეადგენს. მათ შორის, აფხაზი 55, ქართველი 40 (ძირითადად გალის რაიონში), რუსი 35, სომეხი 70 ათასია.

პოსტკონფლიქტურ აფხაზეთში ქართული მოსახლეობა ძირითადად კოდორის ზემო წელსა და გალის რაიონში დარჩა. ამასთან, ამ უკანასკნელ რეგიონში, ქართული მოსახლეობა სეპარატისტების პერმანენტული ტერორისა და ძალადობის პირობებში ცხოვრობდა.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, როდესაც რუსეთის ჯარის ნაწილები და აფხაზი სეპარატისტები კოდორის ზემო წელს _ ზემო აფხაზეთს (ისტორიული დალი) დაეუფლნენ, ადგილობრივმა მოსახლეობამ (2 600 კაცი) ხეობა დატოვა და დევნილად იქცა.

ამრიგად, აფხაზეთში ეთნო-დემოგრაფიული ვითარების რადიკალური შეცვლა მოხდა გვიან შუა საუკუნეებში, შემდეგ რუსეთის (ცარიზმის) ბატონობისა და საბჭოთა ხელისუფლების დროს, როდესაც იმპერიული ხელისუფლებისა და აფხაზი სეპარატისტების მიერ ქართველთა და ანტიიმპერიულად განწყობილ აფხაზთა გენოციდი განხორციელდა.


ბეჟან ხორავას ლიტერატურიდან.

0
207
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0