x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ჯესიკა პარკერისა და კიმ კეტროლის დავაზე სარას "ოცნების მამაკაცი" დუმილს არღვევს
სარა ჯესიკა პარკერი,  კრის ნოტი,  კიმ კეტროლი
მართალია საკულტო სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“ მსახიობებს - სარა ჯესიკა პარკერსა და კიმ კეტროლს შორის დავა უკვე მრავალი წელია გრძელდება, მაგრამ კრის ნოტი, რომელიც სერიალში სარა ჯესიკა პარკერის საოცნებო მამაკაცს თამაშობს, დუმილს ინარჩუნებდა. ახლახან გამოცემა „გარდიანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან პირველად გააკეთა კომენტარი.


როგორც კრისმა განაცხადა, ის ძალიან ახლოს არ იცნობს კიმ კეტროლს, ამიტომ წარმოდგენა არ აქვს, რა ემოციებმა აიძულეს, ასე ღიად დაპირისპირებოდა სარა ჯესიკა პარკერს. სამაგიეროდ, როგორც ნოტმა განაცხადა, ძალიან კარგად იცნობს პარკერს და ის მას ყოველთვის მოსწონდა, როგორც მსახიობი და როგორც ადამიანი. ამასთან, მისი შეხედულება ძალიან განსხვავებულია იმისგან, როგორც მას ახასიათებს კიმ კეტროლი. ისურვებდა, რომ ეს დავა ორ მსახიობს შორის არ ყოფილიყო და ამჟამინდელი სიტუაცია, მისი აზრით, „ძალიან სამწუხარო და უხერხულია“.


„არ მომწონს, როცა ვხედავ, როგორ ლაფში სვრიან სარას და შედეგად, ის სამიზნე ხდება. ადამიანები ხანდახან ძალიან სასტიკები არიან. ვგრძნობ, რომ ის უნდა დავიცვა და მოხარული ვარ, ეს გავაკეთო“, - განაცხადა ნოტმა.


შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება კიმსა და სარას შორის ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა სერიალს იღებდნენ. 2004 წლის „ემის“ დაჯილდოვებაზე ყველამ შეატყო, რომ კეტროლს მისი კოლეგა მსახიობებიდან არავინ ესაუბრებოდა. უფრო მოგვიანებით, დავა საქვეყნოდ გამჟღავნდა. კიმმა, რომელსაც სარაზე ნაკლებს უხდიდნენ, ჰონორარის მომატება მოითხოვა, რადგან მიაჩნდა, რომ მისი გმირი პარკერის გმირზე არანაკლებ პოპულარული იყო. პარკერმა, რომელიც არა მარტო მსახიობი იყო, არამედ პროდიუსერიც, კიმს უარი განუცხადა ჰონორარის მომატებაზე, რამაც ორი მსახიობის ურთიერთობა გააფუჭა.



სარა ჯესიკა პარკერი და კრის ნოტი
2014 წელს როცა სერიალი დასრულდა, კიმი ძლივს დაითანხმეს სერიალის ორ სრულმეტრაჟიან სიქველში მიეღო მონაწილეობა. ხოლო როცა 2017 წელს მესამე ფილმის გადაღება ჩაიფიქრეს, კიმმა კატეგორიული უარი განაცხადა. მაშინ სარა ჯესიკამ საჯაროდ დაადანაშაულა კიმი, რომ მან ყველაფერი გააფუჭა და პროექტი „ჩააგდო“, ვინაიდან ფილმი მის გამო ვერ გადაიღეს. ამან მსახიობების ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა. კიმმა საჯაროდ განაცხადა, რომ ფილმზე მუშაობისას სარა ჯესიკა მის მიმართ სასტიკი იყო და საჯაროდ ამცირებდა.


როცა სარამ 2018 წელს კეტროლს მისი ძმის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა, კიმმა ის „თვალთმაქცობაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სარა ამით საკუთარი იმიჯის გამოსწორებას ცდილობდა.


ამ ყველაფრის შემდეგ არავის გაუკვირდება, რომ კიმმა სერიალის გაგრძელებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. სერიალი ლეგენდარული "სამანტას" გარეშე დაბრუნდება ტელეეკრანებზე. კიმის ფანებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს და იმაში, რომ ახალ სერიალში კიმი აღარ მონაწილეობს, სარა ჯესიკა პარკერი დაადანაშაულეს. როგორც ჩანს, სწორედ ამან აიძულა კრის ნოტი, სარა ჯესიკა დაეცვა.

0
115
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0