x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ადისონის დაავადება
image
ადისონის დაავადება (თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობა) იშვიათი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება თირკმელზედა ჯირკვლის მიერ გლუკოკორტიკოიდული ჰორმონის - კორტიზოლის და მინერალოკორტიკოიდული ჰორმონის - ალდოსტერონის არასაკმარისი გამომუშავებით.

ყველაზე ხშირად ეს დაავადება ვლინდება 30-50 წლის ასაკში, აღინიშნება როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, ხოლო პირველი კლინიკური ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში.

როგორც წესი ადისონის დაავადება ხდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დაზიანების ან განადგურების გამო აუტოიმუნური პროცესის განვითარების შედეგად (იმუნური სისტემა აღიქვამს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქს როგორც უცხოს და ანადგურებს მას) ან სხვა აუტოიმუნური დაავადებით, რომელიც პაციენტს აქვს.

დაავადების სხვა მიზეზებია:

  • ტუბერკულოზი (ძირითადად განვითარებად ქვეყნებში);
  • სხვა (მეორადი, მაგალითად სოკოვანი) ინფექციები;
  • ავთვისებიანი სიმსივნეები (პირველადი სიმსივნური უჯრედების გავრცელებით, ლიმფომა);
  • სისხლდენა თირკმელზედა ჯირკვლებში (თირკმელზედა ინფარქტი);
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა (იშვიათ შემთხვევებში).

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დაქვეითებით გამოწვეული გლუკოკორტიკოიდული და მინერალოკორტიკოიდული ჰორმონების დეფიციტს თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი უკმარისობა ეწოდება. თუ თირკმელზედა ჯირკვლები ვერ ახერხებენ ამ ჰორმონების წარმოქმნას სხვა მიზეზების გამო (მაგალითად ჰიპოფიზის დარღვევების ან დისფუნქციის გამო), აქ უკვე საუბარია თირკმელზედა ჯირკვლის მეორად უკმარისობაზე.

ადისონის დაავადება პროგრესირებს ნელა, რამდენიმე თვის განმავლობაში, მისი სიმპტომები განსხვავებულია, პირველი კლინიკური ნიშნები ხშირად არასპეციფიკურია, შეიძლება გამოვლინდეს სხვა დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

ადისონის დაავადების სიმპტომებია:

  • დაღლილობა;
  • ენერგიის შემცირება;
  • ზოგადი სისუსტე;
  • კანის ჰიპერპიგმენტაცია;
  • კანის პიგმენტაციის დარღვევა;
  • მადის დაკარგვა და წონის დაკლება;
  • დეჰიდრატაცია;
  • ნაკლები წონა და დაგვიანებული ფიზიკური განვითარება (ბავშვებში);
  • მარილის ან მარილიანი საკვების მირთმევის სურვილი;
  • გულისრევა, ღებინება;
  • მუცლის ტკივილი;
  • დიარეა;
  • გულის წასვლა;
  • კუნთების და სახსრების ტკივილი;
  • გაღიზიანება, კონცენტრაციის დაკარგვა, დეპრესია;
  • მენსტრუალური დარღვევები (ქალებში);
  • ჰიპოგლიკემია (სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის შემცირება);
  • პოსტურალური ჰიპოტენზია (სხეულის პოზიციის შეცვლისას არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება).
ზოგჯერ ადისონის დაავადება, რომელიც ადრე არ გამოვლენილა, შეიძლება მოულოდნელად და მწვავედ მოხდეს - მაგალითად აუცილებელი მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში ან სტრესული ფაქტორების შედეგად (უბედური შემთხვევა, დაზიანება, ოპერაცია), ინფექცია ან სხვა დაავადება. ამ შემთხვევაში საუბარია სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაზე - ე.წ. ადისონური კრიზის ან თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობის. დამახასიათებელი ნიშნებია: ძლიერი სისუსტე, დაბნეულობა, ზურგის, ფეხების და მუცლის ტკივილი, ღებინება და დიარეა, დაბალი არტერიული წნევა.

დიაგნოზის დადგენა ხდება ანამნეზის, პაციენტის ჩივილების და სიმპტომების, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე.

სისხლის ანალიზი მიზნად ისახავს ნატრიუმის, კალიუმის, კორტიზოლის და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის დონის განსაზღვრას, რომელიც ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ ჰორმონების წარმოებას, ასევე ადისონის დაავადებასთან დაკავშირებული სპეციფიკური ანტისხეულების იდენტიფიცირებას.

პაციენტს შეიძლება დაენიშნოს ისეთი ტესტი, რომლის დროსაც ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი შეჰყავთ (კორტიზოლის წარმოების სტიმულირებისთვის). თუ სტიმულაცია არ იწვევს კორტიზოლის ნორმალური დონის გამომუშავებას, ეს მიუთითებს თირკმელზედა ჯირკვლების დაზიანებაზე ან მათი ფუნქციის დარღვევაზე.

ასევე ტარდება ინსულინით გამოწვეული ჰიპოგლიკემიური ტესტი, რომელიც ხელს უწყობს ადისონის დაავადების დამახასიათებელი სიმპტომების ურთიერთმიმართებას ჰიპოფიზის დარღვევებთან ან მისი ფუნქციის დარღვევებთან. ამ ტესტის დროს პაციენტს შეჰყავთ სწრაფი მოქმედების ინსულინი, სისხლში შაქრის დონე იზომება ინექციამდე და მის შემდეგ.

თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციისა და მათი სტრუქტურული მახასიათებლების შესაფასებლად დამატებით გამოიყენება კომპიუტერული და მაგნიტორეზონანსული გამოკვლევები, რომლებიც ხელს უწყობს ადისონის დაავადების განვითარებაში დაფიქსირებული დამახასიათებელი ცვლილებების გარკვევას.

ადისონის დაავადების დიფერენცირება ხდება შემდეგი დაავადებებისაგან:

  • თირკმელზედა ჯირკვლის მეორადი უკმარისობა, რომელიც გამოწვეულია ჰიპოფიზის მიერ ადენოკორტიკოტროპული ჰორმონის არასაკმარისი გამომუშავებით;
  • თანდაყოლილი თირკმელზედა ჰიპერპლაზია (თანდაყოლილი პათოლოგიების ჯგუფი, რომლებიც გამოწვეულია კორტიზოლის ბიოსინთეზის დარღვევით);
  • ადრენოლეიკოდისტროფია (ცენტრალური ნერვული სისტემის მემკვიდრეობითი დეგენერაციული დაავადება);
  • მეორე ტიპის აუტოიმუნური პოლიენდოკრინული სინდრომი;
  • პირველი ტიპის აუტოიმუნური პოლიენდოკრინული სინდრომი.
ადისონის დაავადების მკურნალობა ხდება მედიკამენტებით, რომლებიც მიზნად ისახავს გლუკოკორტიკოიდული და მინერალოკორტიკოიდული ჰორმონების შეცვლა. რეკომენდებულია ჰიდროკორტიზონისა და ფლუდროკორტიზონის პერორალური მიღება. პრეპარატების დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად. თერაპია ხორციელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ადისონის კრიზის მკურნალობა მოიცავს ჰიდროკორტიზონის, სითხეების, ელექტროლიტების ინტრავენურ შეყვანას, რომლებიც სისხლის წნევის ნორმალიზებას ახდენენ.

ადისონის დაავადების თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ არსებობს ეფექტური მკურნალობა. დროული დიაგნოზის, სათანადოდ შერჩეული თერაპიის და თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობის პრევენციის ზომების დაცვის გზით ამ დაავადების მქონე პაციენტებში სიცოცხლის ხანგრძლივობა არ მცირდება.



0
107
შეფასება არ არის
ავტორი:Galya Sarkisian
Galya Sarkisian
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0