x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508796
როგორ აღვიქვამთ სამყაროს - პიროვნების სამი ტიპი
imageჩვენ ვურთიერთობთ სიტყვების, ხმის ტონის, სხეულის, პოზის, ჟესტების და სახის გამომეტყველების საშუალებით. ჩვენ არ შეგვიძლია კომუნიკაციის გარეშე. მაშინაც კი, როდესაც ჩუმად ვართ და დუმილს ვინარჩუნებთ, რაღაც ინფორმაციას გავცემთ. ალბათ, სწორედ ამან შეარქმნევინა ცნობილ სერბ მწერალს, მილორად ჰავიჩს ბრწყინვალე მეტაფორა " ის დუმდა სხვა ენაზე".

კომუნიკაცია ერთი ადამიანის მიერ მეორისათვის შეტყობინების გადაცემაა. ეს შეტყობინება მოიცავს გაცილებით მეტს, ვიდრე ჩვენ მიერ ნათქვამი სიტყვები. ამ სიტყვებს აზრს ჩვენი სხეულის ენა და ხმის ტონი ანიჭებს. სიტყვებით ინფორმაციის შინაარს გადმოვცემთ, ხოლო სხეულით მოძრაობით, ინტონაციით - ამ შინაარსის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას და შეფასებას.

ყოველ ჩვენგან რეალობის აღქმის თავისი მეთოდი აქვს, გარემოსთან კომუნიკაციის ჩვენეული გზა. ადამიანი ინფორმაციას იღებს გრძნობათა ორგანოებით. იმის მიხედვით, თუ რომელი გრძნობათა ორგანო არის წამყვანი ადამიანში, NLP (ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება) პიროვნებებს (ქვეცნობიერის ენით) ჰყოფს შემდეგ ტიპებად :

V - ვიზუალი (ხედვა)


K - კინესთეტიკი (ყნოსვა-გემოვნება-შეხება)

A - აუდიალი (სმენა)


V- ვიზუალი

ვიზუალური ტიპის ადამიანი თავის ცოდნას და აზროვნებას მხედველობითი ხატებით, სურათებით უკეთებს ორგანიზებას. მას ურჩევნია ერთხელ დაინახოს, ვიდრე ასჯერ მოისმინოს. მის ლექსიკაში მხედველობასთან დაკავშირებული სიტყვები ბევრია. ესაა არსებითი სახელები, ზმნები, ზედსართავი სახელები, რომლებიც აღწერენ საგანს, მოვლენას. მაგალითად: ნათელი შეკითხვა, ბუდოვანი იდეა, გამჭირვალე მინიშნება, პერსპექტიული აზრი, კოლორიტული ფიგურა და ა.შ.

როგორც წესი, ვიზუალები არიან ენერგიული, მობილიზებული, აქტიური, მომავალზე ორიენტირებული ადამიანები. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყოს ლამაზი, ფერადი, ესთეტიკური. ყოველთვის აცვია ლამაზად, გემოვნებით.

ტიპური ვიზუალი მაღალი და გამხდარია, თუმცა გამონაკლისებიც გვხვდებიან. ის მხრებში გამართულია, ზურგი და კისერი სწორად უჭირავს. მკვეთრი მოძრაობები ახასიათებს. ვიზუალი გულმკერდის ზედა ნაწილით სუნთქავს, მისი სუნთქვა არ არის ღრმა. ის სწრაფად საუბრობს, მკვეთრი გამოთქმა აქვს, ხოლო მისი ტონალობა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე სხვა კატეგორიის ადამიანებისა. ვიზუალის მზერა ხშირად მაღლაა მიმართული, მას გარემოს აღსაქმელად დიდი სივრცე ესაჭიროება. ურთიერთობაში დისტანცია უყვარს. დისტანცია სჭირდება იმიტომ, რომ მის თვალებს სჭირდება მანძილი დაინახოს და მიიღოს ინფორმაცია.ჟესტიკულაციისას ხშირად მიუთითებს თვალებზე, ან ეხება მათ.


K - კინესთეტიკი


კინესთეტიკური ტიპის ადამიანი სამყაროს პირველ რიგში შეგრძნებებისა და გრძნობების მეშვეობით აღიქვამს. მის ლექსიკაში გვხვდება ისეთი სიტყვათა წყვილები, როგორებიცაა: მძიმე კითხვა, ძლიერი იდეა, ხისტი მინიშნება, სუსტი აზრი და ა.შ.

როგორ წესი, ასეთი ადამიანები არიან რბილი ხასიათის, მშვიდები, წყნარები.ასეთი ადამიანები ვერ იტანენ დისკომფორტს, მოთმინება ფაქტობრივად საერთოდ არ გააჩნიათ იმდენად ორიენტირებულები არიან შეგრძნებებზე. ის არის წამყვანი, ახლა და ამჟამად. ისინი ორიენტირებულები არიან აწმყოზე.

კინესთეტიკი უფრო მსუქანია, ვიდრე სხვა კატეგორიის ადამიანები. მისი მოძრაობა ნარნარი და თავისუფალია, ის დადის ნელა, სუნთქავს მუცლით. ლაპარაკის ან მოსმენის პროცესში მოსაუბრისკენ იხრება.მას უყვარს ადამიანებთან ახლო კონტაქტი და საუბრის დროს ხშირად ეხება მოსაუბრეს, ამით ეძებს განცდებს, ინფორმაციას. ნაკლებად აქცევს ყურადღებას დისტანციას და შეუძლიათ უგულებელყონ მოსაუბრის პიროვნული სივრცე. კინესთეტიკი დაბალ ტონალობაში საუბრობს - ნელა და აუღელვებლად აკეთებს ხანგრძლივ პაუზებს. ჟესტიკულაციისას ხშირად ეხება მუცელს და გულმკერდს.


A - აუდიალი


აუდიალური ტიპი სამყაროს წარმოიდგენს და გარდაქმნის აუდიალებში, ბგერებში. მის ლექსიკაში ბევრია მსგავსი სიტყვები: მყვირალა იდეა, ყრუ კითხვა, მუნჯი მინიშნება, გამოხმაურებადი აზრი, ხმაურიანი ან წყნარი ფიგურა და ა.შ.

აუდიალები ძალზე ცოტანი არიან.ისინი გამოირჩევიან მჟღერადი ხმით და ინფორმაციასიღებენ ხმოვანობით.იმის გამო რომ ინფორმაცია ძალზე მწირია აუდიალური გზით, მათგანვითარებული აქვთ ვიზუალური არხიც.

სხეულის ფორმის მიხედვით აუდიალს შუალედური ადგილი უჭირავს გამხდარ ვიზუალსა და მსუქან კინესთეტიკს შორის; სუნთქავს გულმკერდის შუა ნაწილით. აუდიალი ბევრს ლაპარაკობს და ცდილობს ყველა დეტალი დაწვრილებით განმარტოს. მისი მეტყველება რიტმული და თანაბარია. ჟესტიკულაციის დროს ის ხშირად მიუთითებს ყურებზე ან ეხება მათ.

4-5 წლამდე ყველა ბავშვი კინესთეტიკია, შემდეგ კი მათი ქვეცნობიერი ირჩევს თუ რომელი სისტემა უყალიბდება წამყვანი. მსოფლიოში 50% ზრდასრული მოსახლეობისა ვიზუალია, 40-45% კინესთეტიკი, 1% მდე აუდიალი და დარჩენი აუდიალ-ვიზუალი.

აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ ერთმანეთისაგან კულტურებიც განსხვავდება. მაგალითად, რუსული და ამერიკული კულტურა ვიზუალურ-კინესთეტიკურია, ხოლო ინგლისური - აუდიალურ-ვიზუალური. თითქმის ყველა ძველი კულტურა კინესთეტიკური იყო. სამწუხაროდ, ქართული კულტურისათვის მსგავსი მონაცემები არ არსებობს. თუმცა არსებობს აზრი, რომ ქართული კულტურა უფრო ვიზუალურ-კინესთეტიკურია.

0
543
შეფასება არ არის
ავტორი:ანი სიმსივე
ანი სიმსივე
543
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0