x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134549
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
5 საუკეთესო ლექსი გაზაფხულზე
image

დღეს, 21 მარტს პოეზიის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც დაფუძნდა იუნესკოს ოცდამეათე სესიაზე, პარიზში, 1999 წელს.

პოეზიის დღის ძირითადი მიზანია პოეტური თვითგამოხატვის საშუალებებით ენობრივი მრავალფეროვნების მხარდაჭერა და გაქრობის პირზე მყოფი ენებისთვის განვითარების პირობების შექმნა.

პირველი პოეზიის საერთაშორისო დღე ჩატარდა 2000 წელს პარიზში, სადაც იუნესკოს შტაბ-ბინაა განთავსებული.



ამ დღესთან დაკავშირებით გთვაზობთ 5 ულამაზეს ლექსს გაზაფხულზე.


ტერენტი გრანელი-გაზაფხულის საღამოა მშვიდი..


გაზაფხულის საღამოა მშვიდი,


ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.


სული საზღვარს გადასცდება ფრენით,


ახლაც მახსოვს მისამართი შენი.




ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,


რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ,


წინ მეშლება სხვა ოცნების არე.


მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.




გაზაფხულის საღამოა მშვიდი,


ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

image



ვაჟა ფშაველა

იას უთხარით ტურფასა:


მოვა და შეგჭამს ჭიაო,


მაგრე მოხდენით, ლამაზო,


თავი რომ აგიღიაო!


შენ თუ გგონია სიცოცხლე


სამოთხის კარი ღიაო;


ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,


მოსვლაში არა ყრიაო.


ნუ ნახავს მზესა, ინანებს,


განა სულ მუდამ მზეაო!


მიწავ, შენ გებარებოდეს


ეს ჩემი ტურფა იაო,


შენ უპატრონე, ემშობლე,


როგორაც შენი ზნეაო.


image

აკაკი წერეთელი-გაზაფხულდა

გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას,


თავს იწონებს ნაზი ია;


ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც


ეშხით გული გაუღია.



ხავერდივით მწვანე ბალახს


აბიბინებს სიო ნაზად,


თითქოს უნდა დაეფინოს


იმ ყვავილებს ფიანდაზად.



მაღალ მთიდან წმინდა წყარო


მოცქრიალებს ჩუხჩუხითა,


თითქოს ნანას ეუბნება


ძუძუმწოვრებს ტკბილი ხმითა.



ხის ტოტებზედ ჩიტუნები


ფრთხიალობენ, სრიალობენ;


იშენებენ მაღლა ბუდეს,


დაჰხარიან და გალობენ.



და მახლობლად იქვე თავი


მოუყრიათ ყმაწვილებსა,


იმღერიან და თან ჰკრეფენ


სხვადასხვაფერს ყვავილებსა.


image

მურმან ლებანიძე-გაზაფხული შემოსულა ლენ

გაზაფხული შემოსულა, ლენ,


ბუდეები გაუწყვიათ ჩიტებს...


მე გიყიდი წითელ-ყვითელ ჩითებს,


თეთრი ტილო მომიქარგე შენ!


გაზაფხული შემოსულა, ლენ!




მოგანატრე სათიბი და ტყე,


სუნი ქუსლით გასრესილი ანწლის,


შორს გუმბათი ბეთანიის ტაძრის


და ცისფერი, უბორკილო დღე ...


მოგანატრე სათიბი და ტყე!




აწი აღარ გაგაჩერებ შინ,


აწი ოჯახს ვერ დარქმევ ”დილეგს”,


მკვირცხლი ბიჭი შეუყენე ბილიკს _


მწევარივით გამიხტუნე წინ!


აწი აღარ გაგაჩერებ შინ!




გაზაფხული შემოსულა, ლენ,


რია-რია გაუმართავთ ჩიტებს ...


მე გიყიდი ყვავილიან ჩითებს,


თეთრი ტილო მომიქარგე შენ!


გაზაფხული შემოსულა, ლენ!

image


ლადო ასათიანი-ისე გავიდა ეს გაზაფხული

ისე გავიდა ეს გაზაფხული...

მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი,

მე _ სიყვარულით ვარ დაზაფრული,

კიდეც რომ მსურდეს, ვეღარ მიშველი.

ისე გავიდა ეს გაზაფხული,

მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი.


რა დაგიშავე, მითხარი ბარემ,

რად ამითრთოლე მგზნებარე გული,

რისთვის მომიკალ, რად გამიმწარე

ეს სიჭაბუკე და გაზაფხული.


მე სიყვარული ამიტანს უცებ,

დაგეძებ, დამდევს ფიქრთა კრებული,

დავიარ თბილის-ქალაქის ქუჩებს

და დავბრუნდები აცრემლებული.


ვაი, სად გნახო, საით იქნები,

ვიცი _ გარბიხარ და მემალები,

შენ დაგეძებენ ჩემი ფიქრები

და ამღვრეული ჩემი თვალები.


ჩემთვის ერთია, სადაც იქნები,

ჩემს სიყვარულში დაგაჯერებენ,

შემოგხვდებიან ჩემი ფიქრები

და ჩემს მაგივრად გაგაჩერებენ.


შენ შემომხედავ მწყრალი თვალებით,

გაიცქრიალებ და შებრუნდები,

მე ვნებიანი და ნამთვრალევი

გეტყვი: _ აროდეს არ შემძულდები!


ნუ გაფრინდები, ჩემო ოცნებავ,

ნუ გაგიტაცებს თრთოლვა ქალური,

მე შენთვის მინდა ეს საოცრება,

ეს სიჭაბუკე და სიყვარული.


ნუ მათქმევინებ ამ გაზაფხულზე:

– ნეტავი, მიწა მეყაროს გულზე!


ჰოდა, თუ მოხვალ ვარდებით ხელში

(პოეტებს უყვართ ვარდის სურნელი)

ვიმღერებ მუდამ მე, შენი ეშხით

და სიყვარულით განუკურნელი.


დავლევთ სიყვარულს, როგორც ტკბილ ღვინოს,

გეტყვი, რაც დამაქვს გულში ფარული,

მერე წავიდეთ, დავაგვირგვინოთ

ეს სიჭაბუკე და სიყვარული.

image

ბონუსი:



მირზა გელოვანი-ნუ მწერ..



ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,

რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,

რომ საქართველო ამ გაზაფხულში,

როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს,


რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,

რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,

რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,

როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.


...წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს

და საშინელი ბრძოლების ნისლში

მე მომეჩვენა, სადღაც, ჩვენს უკან

აელვებული იდგა თბილისი.


ორთაჭალაში ყვაოდა ნუში,

მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,

და შენც, ძვირფასო, ამ გაზაფხულში,

როგორც ყოველთვის, მოჰგავდი ხვითოს.


ნუ მომწერ… ისეც ვიცი, რაგვარი

ფერებით ყვავის თბილისი ახლა,

რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით

და დილისათვის ამწვანებს ნახნავს.


მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს

მოაქვთ გულების საამო ფეთქვა

და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს,

თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, -


გეტყვი, რომ მოვედ ბრძოლანახული

და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,

რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,

ბრძოლების შემდეგ - მზე გამარჯვების.


image

0
68
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0