x
მეტი
  • 16.05.2024
  • სტატია:134684
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509000
10 შოკისმომგვრელი აღმოჩენა, რომელიც მუმიების შიგნით იქნა ნაპოვნი

image


მუმიები დიდ ინტერესს არა მხოლოდ ადამიანებში იწვევენ, არამედ ისინი არქეოლოგებისთვისაც უნიკალურ და სასურველ აღმოჩენებს წარმოადგენენ, მაგრამ ისეც ხდება, რომ მუმია ორმაგად ღირებული ხდება, როდესაც მასში მეცნიერები მოულოდნელ "სიურპრიზებს" პოულობენ. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდენთ სწორედ ასეთ ათ სრულიად მოულოდნელ "სიურპრიზს", რომელსაც მუმიები საკუთარ სხეულში მალავდნენ.



ერეგირებული პენისი


image


ტუტანხამონი ცნობილია როგორც მოზარდი ბიჭუნა, რომელიც ფარაონი ათი წლის ასაკში გახდა, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ის ერეგირებული პენისით იყო მუმიფიცირებული. გარდა ამისა, ტუტანხამონის მუმიას სხვა ანომალიებიც აქვს. ახალგაზრდა ფარაონის გული უკვალოდ გაქრა, ხოლო მისი სხეული და სარკოფაგი შავი სითხით იყო დაფარული. აშკარაა, რომ ტუტანხამონი ერექციის დროს არ მომკვდარა, არამედ მისი პენისი მებალზამეებმა 90 გრადუსიანი კუთხით "დააყენეს". კაიროს ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენლის სალიმა იკრამის თქმით, ტუტანხამონის მუმიფიცირებულ ერექციას რელიგიური ახსნა აქვს. მისი აზრით, მსგავსი ნიუანსი მიზანმიმართული მცდელობა იყო იმისა რომ ტუტანხამონი ქვესკნელის ღმერთის, ოსირისს მსავსად ყოფილიყო წარმოჩენილი (სწორედ ერეგირებული პენისი არის იმის სიმბოლო, რომ ოსირისი ახალ სიცოცხლეს იძლევა).





მსხვილი ნაწლავის კიბო


image


მსხვილი ნაწლავის კიბო სიმსივნის მესამე ყველაზე გავრცელებული სახეობაა. პირველ რიგში, ის - არაჯანსაღი ცხოვრების წესით, რეგულარული ვარჯიშის ნაკლებობით, ზედმეტი კვებითა და დაკონსერვებული საკვების მიღებით არის გამოწვეული, გამომდინარე იქიდან რომ ეს ფაქტორები დღევანდელი ცხოვრების წესთან არის დაკავშირებული, ბევრმა ადამიანმა მიიჩნია, რომ მსხვილი ნაწლავის კიბო შედარებით ახალი დაავადებაა, თუმცა მე-17 და მე-18 საუკუნეებში უნგრული მუმიების შესწავლამ აჩვენა, რომ ამ დაავადებით წარსულში მცხოვრები ადამიანებიც იტანჯებოდნენ. კვლევაში გამოყენებული ქსოვილის ნიმუშები 20 მუმიიდან იქნა აღებული, რომლებიც უნგრეთის ქალაქ ვაცში დალუქულ აკლდამებში აღმოაჩინეს. ამ არქეოლოგიურმა აღმოჩენამ ადამიანებს საშუალება მისცა გაეგოთ, რომ მსხვილი ნაწლავის კიბო ბევრად ადრე არსებობდა, სანამ ჯანმრთელობაზე მოქმედი თანამედროვე ფაქტორები გაჩნდებოდა.




მიწა


image


3200 წლის ეგვიპტური მუმიის "MRI"-ის სკანირების შემდეგ მის თავში მიწა აღმოაჩინეს. მკვლევარებმა ასევე ისიც დაადგინეს, რომ სუბიექტის ტვინი მუმიფიკაციის პროცესის დროს ხელუხლებელი დარჩა. ამან მეცნიერებს აფიქრებინა რომ ადამიანი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-16 და მე-11 საუკუნეებს შორის პეიოდში ცხოვრობდა ანუ ახალი სამეფოს ეპოქაში. ამ პერიოდის შემდეგ მუმიფიკაციის დროს ტვინის ამოღება სტანდარტულ პროცედურად იქცა. მუმიის თავის ქალის ფორმის ანალიზის შემდეგ, რომელსაც ხატასონი ერქვა, დადგინდა რომ ის ქალი იყო. როგორც წესი, ექსპერტები სქესის დასადგენად მუმიის მენჯს იყენებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში მენჯი დაიშალა. რაც შეეხება მიწას, ის საიდუმლოდ რჩება, რადგან მუმიფიკაციის მსგავსი მეთოდი სხვა ეგვიპტურ მუმიებში აქამდე არ ყოფილა.




გაჭედილი არტერიები


image


ათეროსკლეროზი გახლავთ სერიოზული დაავადება, რომლის დროსაც არტერიის კედლებზე წარმოიქმნება ათეროსკლეროზული ფოლაქები, რომლებიც ავიწროებს და ახშობს არტერიების სანათურს, რაც თავის მხრივ განაპირობებს სისხლის მიმოქცევის დარღვევას, აფერხებს სისხლმომარაგებასა და ჟანგბადის მიწოდებას სხვა შინაგანი ორგანოებისთვის რაც მათ ნორმალურ ფუნქციონირებას აზიანებს, ათეროსკლეროზული ფოლაქების მიერ არტერიების შევიწროებამ კი შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი, გულის შეტევა და გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებები. ის ასევე არის სიკვდილის მთავარი მიზეზი "პირველი სამყაროს ქვეყნებში". ათეროსკლეროზის თავიდან ასაცილებლად ითვლება რომ ადამიანმა "მონადირე-შემგროვებლის" ცხოვრების წესი, რომელსაც უწინ მისი წინაპრები მისდევდნენ თანამედროვე რეალიებს უნდა მოარგოს, ანუ ათეროსკლეროზის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ფიზიკური აქტივობით დატვირთული ცხოვრების წესისა და ამავე დროს ცილებითა და უჯერი ცხიმებით მდიდარი დიეტის დაცვა, თუმცა 137 მუმიაზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ვარაუდი მცდარია. ირვინის კალიფორნიის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა გრეგ თომასმა და მისმა გუნდმა ადამიანთა ოთხი განსხვავებული უძველესი ჯგუფის - პერუელების, ეგვიპტელების, ალეუტებისა და ანასაზიების 100-ზე მეტ მუმიას "MRI" სკანირება ჩაუტარეს რის შედეგადაც მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 137 მუმიიდან 34 - 47 პროცენტს არტერიების დახშობა აღენიშნებოდა.





ტვინის ამოსაღები ქირურგიული მაშა



image


დაახლოებით 3500 წლის წინ ეგვიპტური მუმიფიკაციის პროცესში გასაოცარი წინსვლა მოხდა: მებალზამეებმა მუმიფიკაციამდე ტვინის ამოღება დაიწყეს, რასაც პრიმიტიული იარაღებით აკეთებდნენ. სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანი დაუდევარი აღმოჩნდა და იარაღი გარდაცვლილი პაციენტის თავის ქალაში დატოვა. 2008 წელს ხორვატიის მეცნიერთა ჯგუფმა "MRI"-ის კვლევა ქალის 2400 წლის მუმიას ჩაუტარა. მათდა გასაკვირად, მარცხენა პარიეტალურ ძვალსა და მუმიის თავის ქალას შორის მათ ტვინის ამოსაღები ინსტრუმენტი აღმოაჩინეს. სინამდვილეში, ასეთი შემთხვევები ძალზედ იშვიათია, უფრო ზუსტად კი მგავსი შემთხვევის ანალოგი ისტორიას სულ ორი ახსოვს. ტვინის ამოსაღები მეორე ინსტრუმენტი 2200 წლის მუმიის თავში აღმოაჩინეს. დეტალი მხოლოდ 7 სანტიმეტრის სიგრძის იყო და ორგანული მასალისგან იყო დამზადებული. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ თავდაპირველი ხელსაწყო შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო დიდი და მათი აღმოჩენა მხოლოდ იმ ინსტრუმენტის წვერია, რომელიც სავარაუდოდ, მუმიფიკაციის პროცესის დროს მებალზამეებს გაუტყდათ, გამომდინარე იქიდან რომ მისი ამოღება პრობლემური იქნებოდა, მათ უბრალოდ გადაწყვიტეს ხელსაწყოს ნაწილი თავის ქალაშივე დაეტოვებინათ.




შისტოსომა მანსონი


image


ყოველწლიურად მსოფლიოში 200 მილიონ ადამიანს ნაწლავური შისტოსომიოზი უვითარდება, რომელსაც შეუძლია დააზიანოს შარდის ბუშტი, ღვიძლი, ფილტვები და ნაწლავები. ამ დაავადების გამომწვევი ჭიები დამდგარ და გამდინარე წყალში ცხოვრობენ და ადამიანის ორგანიზმში კანის მეშვეობით ხვდებიან. დაავადების გამომწვევი ჭია, შისტოსომა მანსონი ძველ ნუბიურ მუმიებში აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ შისტოსომიოზი შედარებით თანამედროვე დაავადებად ითვლებოდა, მუმიის წყალობით აღმოჩნდა რომ კაცობრიობა მისგან უძველესი დროიდან იტანჯებოდა.




დარიშხანი

image


ათასობით წლის განმავლობაში ჩილეს ჩრდილოეთი ნაწილის უძველესი ხალხი დარიშხანის მნიშვნელოვანი დოზის ზემოქმედბის ქვეშ არსებობდა. ეს გამოვლინდა ატაკამის უდაბნოში ნაპოვნი 45 ანდიელი მუმიის თმის ანალიზის შემდეგ. დარიშხანი არის უგემო, უფერო, უსუნო ნივთიერება, რომელიც გვხვდება მიწისქვეშა წყლებში და დაბინძურებულ მდინარეებში. სამწუხაროდ უძველესი ცივილიზაციისთვის, ეს შხამი უხვად იყო ატაკამის უდაბნოს მიდამოებში. ამ ნივთიერების ქრონიკულმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაავადება, ნევროლოგიური პრობლემები, ნაადრევი მშობიარობა, კიბო და საბოლოოდ სიკვდილი. საფუძვლიანი ანალიზის ჩატარების შემდეგ მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მუმიების 31 პროცენტს სისხლში დარიშხანის დონე ლიტრზე 2, 6 მიკროგრამს შეადგენდა. დროთა განმავლობაში ჩრდილოეთ ჩილეს ძველ მკვიდრებს ორგანიზმში დარიშხანის მნიშვნელოვანი რაოდენობა დაუგროვდათ, რასაც საბოლოოდ ემსხვერპლნენ კიდეც.





პროსტატის კიბო


image


მაღალი გარჩევადობის ტომოგრაფიის წყალობით მეცნიერებმა იმ დაავადებების შესახებ ბევრი დეტალის გაგება შეძლეს რაც ძველ ცივილიზაციებს აწუხებდა. მაგალითად, 2250 წლის ეგვიპტურ მუმიას ამ ფასდაუდებელი აღჭურვილობის წყალობით პროსტატის კიბო აღმოაჩნდა. ეს დაავადება სკვითების მეფის 2700 წლის ნაშთებშიც აღმოაჩინეს, რაც ამ შემთხვევას დაავადების უძველეს ცნობილ მაგალითად აქცევს. ეს აღმოჩენა მხოლოდ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კიბო სულაც არ არის ისეთი ახალი დაავადება, როგორც ეგონათ და ის კაცობრიობას მრავალი საუკუნის განმავლობაში ტანჯავდა.





კარგად შენახული ტვინი


image


2010 წლის აგვისტოში მეცნიერებმა 39000 წლის მამონტის მუმია აღმოაჩინეს. მუმიფიცირებული ცხოველი ციმბირის გამყინვარების პერიოდში იქნა ნაპოვნი. გარდა იმისა, რომ მამონტის სხეული ძალიან კარგად იყო შემონახული, მისი ტვინიც შესანიშნავ მდგომარეობაში იყო. სინამდვილეში, ეს არის ყველაზე დაუზიანებელი მამონტის ტვინი, რომელიც მეცნიერებისთვის ცნობილია. იუკას შესწავლის შემდეგ, როგორც მუმიფიცირებულ ცხოველს ერქვა, ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ მამონტი ექვსიდან ცხრა წლის ასაკში გარდაიცვალა. ტომოგრაფის დახმარებით მკვლევარებმა შეძლეს ნერვული სისტემის ქსოვილის ძირითადი კომპონენტის პოვნა და ცხოველის ტვინის შესწავლაც, რომელიც თანამედროვე სპილოების ტვინის იდენტური აღმოჩნდა.





ანტიბიოტიკების საწინააღმდეგო გენები


image


ანტიბიოტიკების ბოროტად გამოყენება დღეს ძალიან ხშირია და უზარმაზარ პრობლემას წარმოადგენს. მისი საშიშროება აშკარაა, რადგან ანტიბიოტიკების გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. მრავალი წლის განმავლობაში ითვლებოდა რომ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა ამავე პრეპარატებისვე ბოროტად გამოყენების გამო ვითარდებოდა, თუმცა მე-11 საუკუნის მუმიაზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ "ანტიბიოტიკების რეზისტენტობაზე პასუხისმგებელი გენის მუტაციები ბუნებრივი გზით ხდებოდა და სულ არ იყო ანტიბიოტიკების ზედმეტ გამოყენებასთან დაკავშირებული". ინკების იმპერიის დედაქალაქ კუსკოში ნაპოვნი 18-23 წლის ასაკში დაღუპული ქალის მუმიის ნაწლავებში მიკრობიომის გაანალიზების შემდეგ, მკვლევარებმა მის სხეულში ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი რამდენიმე გენი აღმოაჩინეს. დღეს ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, თანამედროვე ანტიბიოტიკების უმეტესობა მას ვერ გადაარჩენდა.











0
544
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
544