x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
რატომ ნადირობდნენ მეფეები და დიდებულები შუა საუკუნეების საქართველოში?
შუა საუკუნეების სამყარო ძალიან განსხვავდებოდა ჩვენი თანამედროვე სამყაროსგან. ეს იყო სამყარო, რომელიც ცხოვრობდა სრულიად თავისებური და უნიკალური წესებით და ადათებით, რომელთა წარმოდგენა და გააზრება ახლა ძალიან რთული და ხშირ შემთხვევაში თითქმის დაუჯერებელიც კია.


დღევანდელ სამყაროში, როცა ადამიანი საკუთარი ქონებიდან ქველმოქმედებას ეწევა, არავის თავში აზრადაც არ მოუვა, უთხრას მას, რომ მის მიერ გაწეული ქველმოქმედება სინამდვილეში ქველმოქმედება არ არის. შუა საუკუნეებში კი ეს ასე არ გახლდათ. მაშინ ქველმოქმედებად მიიჩნეოდა მხოლოდ ის დოვლათი და ფულადი სახსრები, რასაც ადამიანი საკუთარი პატიოსანი შრომით შოულობდა; მეფე ან დიდებული, როგორი მდიდარიც არ უნდა ყოფილიყო ის, ქველმოქმედებას მხოლოდ იმით ეწეოდა, რასაც პირადი შრომით მოიპოვებდა.


ძველად ნადირობაც შრომის ერთ-ერთ სახეობად იყო მიჩნეული და მეფეებისა და დიდებულებისთვის ის პრაქტიკულად ერთადერთ საქმიანობას წარმოადგენდა, რომლის მეშვეობით ამ უკანასკნელთ ქველმოქმედების გაწევა შეეძლოთ. ამიტომ მეფეები და დიდებულები იმის გამო კი არ ნადირობდნენ, რომ შიოდათ ან ხორცი არ ჰქონდათ ან ამ საქმიანობაში დიდ სიამოვნებას პოულობდნენ, არამედ იმისათვის, რათა საკუთარი ნანადირევი გლახაკთათვის ეწყალობებინათ.


უპოვართათვის და გლახაკთათვის წყალობის გაცემა კი შუა საუკუნეების ქრისტიანულ კულტურებში ყოფიერების უმნიშვნელოვანესი ასპექტი იყო. შუა საუკუნეების ქრისტიანთა ღრმა რწმენით, ადამიანი, რომელიც ქველმოქმედებით არ კავდებოდა, უფალს განარისხებდა და შეიძლებოდა, ჯოჯოხეთში მოხვედრილიყო. შესაბამისად, რაც უფრო ხშირად ახორციელებდა ადამიანი ქველმოქმედებას, მით უფრო მეტი შანსი ჰქონდა, რომ ცათა სასუფეველში მოხვდებოდა. მეფეები და დიდებულები კი ქველმოქმედების განსახორციელებლად ნადირობას ამჯობინებდნენ. ნადირობა იყო მათი ქველმოქმედების წყარო. ამიტომაც ისინი ძალიან აქტიურად მისდევდნენ ამ საქმიანობას.



დიდებული ქალების და დედოფლების ცხოვრების წესს რაც შეეხება, ისინი არ ნადირობდნენ, მაგრამ სამაგიეროდ ქველმოქმედებას ხელსაქმით ახორციელებდნენ. ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოში მრავლად იყვნენ “ბედნიერნი გლახაკნი, ” რომლებსაც თამარ მეფის მიერ მოქსოვილი ტანსაცმელი ემოსათ. მეფე თამარი ხშირად კავდებოდა ხელსაქმით, რადგან სურდა, რაც შეიძლება მეტი ქველმოქმედება გაეწია, რადგან ძალიან ღვთისმოშიში ქალი გახლდათ. ის ღამეებს ათენებდა ლოცვებში, ხელსაქმის კეთებასა და სახელმწიფო საქმეებზე ფიქრში.


აი რატომ ნადირობდნენ მეფეები და დიდებულები შუა საუკუნეებში. დღეს ადამიანებს ჰქონიათ, რომ შუა საუკუნეების მაღალი ფენებისთვის ნადირობა სპორტი იყო, სინამდვილეში კი ნანადირევი ძველად ქველმოქმედებისთვის სჭირდებოდათ.


ნადირობა

1
271
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
271
  
2023, 14 ივნისი, 0:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1