x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133848
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
რუსეთის აგენტები, რომლებიც აგენტობას უკვე აღარც მალავენ
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ რუსული კანონის მიღება ღიად სცადა და სახელისუფლებო სატელევიზიო არხებზე ანტიდასავლური პროპაგანდა უკვე ყოველდღიურ რეჟიმში სრულიად დაუფარავად წარმოებს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 11 წლის მანძილზე უსაფრთხოების სამსახურებს არ გამოუვლენიათ და არ დაუჭერიათ რუსეთის არცერთი აგენტი, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების პირველი პირები უკვე სრულიად თავხედურად ლაპარაკობენ სიცრუეს, რომ ნატოსა და ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ნიშნავს ომს რუსეთთან და ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჩვენ რუსეთთან ომს გვაიძულებენ, საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი, რომლის რაოდენობა არც ისე მცირეა, ცდილობს ამ მოღალატე და რუსეთის აგენტ ხელისუფლებას “აუხსნას” და “გააგებინოს, ” რომ მათ მიერ არჩეული კურსი მცდარია და გონს მოიყვანოს ისინი.


მე არ ვიცი, კიდევ რაღა უნდა მოხდეს, ამ ხალხმა რომ დაიჯეროს, რომ როგორც არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი, ისევე მთავრობა და მთელი საპარლამენტო უმრავლესობა რუსეთის აგენტები არიან.


ალბათ უნდა გავრცელდეს ვიდეომასალა იმის თაობაზე, თუ როგორ დასცინის და ამცირებს პუტინი ჩვენი ფორმალური თუ არაფორმალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, როგორც თავის ყურმოჭრილ მონებს და ხელის ბიჭებს და როგორ ესაუბრება მათ იმის შესახებ, რომ ქართველი ერი ფიზიკურად უნდა განადგურდეს, ხოლო ვინც ცოცხალი გადარჩება, ციმბირში უნდა გადასახლდეს და იქ საკონცენტრაციო ბანაკებში ამოხდეს სული.


მაგრამ მსგავსი ვიდეომასალა იოლი მოსაპოვებელი რომ არ გახლავთ, ყველამ კარგად ვიცით. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, მისი მოპოვება რომც შევძლოთ, არ არსებობს იმის გარანტია, რომ მის ავთენტურობას ირწმუნებს საქართველოს მოსახლეობის კრიტიკული მასა, რომელიც ამ ხელისუფლების მოღალატეობაში თვით რუსულმა კანონმაც კი ვერ დაარწმუნა.



მსგავსი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ ჩაირთვება მთელი სახელისუფლებო პროპაგანდა და “ქართული ოცნების” ყველა პროპაგანდისტი იტყვის, რომ მასალა გაყალბებულია Deepfake ტექნოლოგიის მეშვეობით, რომ ეს “გლობალური ომის პარტიის” ხელწერაა და რომ სინამდვილეში მსგავსი არაფერი მომხდარა. შემდეგ ოპოზიცია ათქმევინებს დამოუკიდებელ ექსპერტებს, რომ ამ მასალის ავთენტურობა არავითარ ეჭვს არ იწვევს, მაგრამ სახელისუფლებო პროპაგანდა ახლა ამ ექსპერტებს დაესხმება თავს და მათ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირში ამხელს. პარალელურად კი სამთავრობო ტროლი, ეგრეთ წოდებული ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი იტყვის, რომ ეს ვიდეო გაყალბებულია და მის ნათქვამს, “ფეისბუკზე” 30 ათას დოლარად დაბუსტავს მთავრობის სტრატკომი.


ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არსებობს: როგორმე ამ ყოველივეს არსებობის გარეშეც უნდა დავარწმუნოთ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომ ეს ხელისუფლება რუსეთის სამსახურში დგას. ჩვენ გამუდმებით უნდა ვისაუბროთ ამის თაობაზე. გამუდმებით უნდა ვამხილოთ “ქართულ ოცნებად” წოდებული რუსული საოკუპაციო ადმინისტრაცია ქვეყნის ღალატში. უნდა ვაქციოთ განხილვის საგნად თითოეული პროპაგანდისტული მესიჯი, რასაც ეს ხელისუფლება საინფორმაციო სივრცეში შემოაგდებს. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაქარწყლოთ ის შხამი, რომლითაც რუსული სპეცსამსახურები “ქართული ოცნების” ხელით ქართულ საზოგადოებას წამლავენ.


შემზარავია იმის ყურება, თუ როგორ სრულიად ღიად, დაუფარავად და ყოველგვარი შენიღბვის გარეშე მოქმედებს “ქართული ოცნებად” სახელდებული რუსული მეხუთე კოლონა ჩვენს ქვეყანაში. ამ ხალხის უსაზღვრო თავხედობა აღმაშფოთებელია. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სრულიად უტიფრად იტყვიან ნებისმიერ სიცრუეს და ამ სიცრუეს მოსახლეობის მიამიტი ნაწილი დაიჯერებს, ხოლო დანარჩენ საზოგადოებას დააშინებენ, მოისყიდიან ან საზღვარგარეთ გადახვეწენ. მათ ჰგონიათ, რომ ღმერთები და ყოვლისშემძლეები არიან.


უნდა დავუმტკიცოთ, რომ არ არიან.


ომი



0
150
2-ს მოსწონს
7-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0