x
მეტი
  • 29.05.2024
  • სტატია:134950
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509335
"კარგი სმენა მაქვს და ხმაზე გიცანით, - უპასუხა მიქელაძემ... ამბობდნენ, ამ სიტყვების შემდეგ ბერიამ გახურებული რკინის ჯოხი გაუყარა ყურებშიო"

imageსაქართველოს სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი 1937 წლების რეპრესიების მსხვერპლის, ცნობილი წყვილის -ევგენი მიქელაძის და ქეთუსია ორახელაშვილის ისტორიას სოციალურ ქსელში აზიარებს:


"1937 წლის ერთერთ საღამოს ზაქარია ფალიაშვილის ოპერის “ლატავრას" გენერალური რეპეტიციის შემდეგ თეატრის მთავარი დირიჟორის ევგენი მიქელაძის სამუშაო კაბინეტში გაიმართა მსჯელობა, შეკრებას ცხადია თავად მაესტრო უძღვებოდა. უეცრად კარი გაიღო და მოახსენეს, რომ მასთან შეხვედრა სურდათ. მიქელაძემ დარბაისლურად უპასუხა - ეგებ ცოტა მოითმინონო, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ კარი ისევ გაიღო და ამჯერად უკვე ჩეკა-ს ფორმიანმა "მწვანექუდიანმა” უბრძანა - გარეთ გამობრძანდითო. მიქელაძე როგორც ჩანს მიხვდა, რისთვის "შეაწუხეს" ღამის თორმეტ საათზე და კარისკენ გაემართა. მე იქვე კართან კუთხეში ვიჯექი და გაღებული კარის ფარდიდან მოვკარი თვალი, როგორ სწვდა ჩეკისტი "შრომის წითელი დროშის ორდენს" და ჩამოგლიჯა დირიჟორს პიჯაკის ბორტიდან. ელვის სისწრაფით მიიხურა კარი. მეორე დილით მიქელაძის ადგილას სადირიჟორო პულტთან ორკესტრსა და საოპერო დასს მიქელაძისვე აღზრდილი და მის მიერ თეატრში ასისტენტად მიყვანილი ახალგაზრდა დირიჟორი შალვა აზმაიფარაშვილი დახვდა, რომელმაც თამამად და ყველასათვის მოულოდნელად განაცხადა: “ამხანაგებო, განვაგრძოთ მუშაობა, ხალხის მტერს კი დიახ, ასე მოუხდება!”…
image
ალექსი მაჭავარიანის მოგონებებიდან:
image

დაპატიმრებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ბევრი ჭორი თუ მართალი დადიოდა თბილისში. ამბობდნენ, ლავრენტი ბერიამ ორახელაშვილების ოჯახზე შური იძიაო; ქეთევან ორახელაშვილი ქუჩაში დაუნახავს, მოსწონებია და გასაუბრებაც სცადა, მაგრამ ქეთევანის დედამ, მარიამ ორახელაშვილმა ამის უფლება არ მისცა და შვილს მკაცრად უთხრა “ამ გობმეშოს როგორ ელაპარაკებიო”… მალე ქეთევანი ევგენი მიქელაძეს გაჰყვა ცოლად. ბერიას უყვარდა ოპერაში სიარული, ყველა პერმიერას ესწრებოდა, ერთხელ რეპეტიციაზე დასასწრებად მისულს ევგენი მიქელაძემ დარბაზი დაატოვებინა "თუ შეიძლება, უცხო პირები ნუ შემოდიან სამუშაო პროცესის დროსო”…
მოკლედ, ბერიას ეს ამბები არ დავიწყებია. როცა საშუალება მიეცა, ჯერ მამია და მარიამ ორახელაშვილები სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრა. ორივეს წამებით ამოხდა სული. შემდეგ ევგენი და მისი მეუღლე ქეთევანი დააპატიმრეს. მიქელაძეს თვალები დათხარეს, მაგრამ უბადლო სმენის პატრონს მაინც უცვნია დაკითხვაზე მისული ბერიას ხმა.
- კიდევ ამბობ, რომ ხალხის მტერი არ ხარ? - უკითხავს ბერიას მიქელაძისთვის.
- ლავრენტი პავლოვიჩ, მე არასდროს ვყოფილვარ ქვეყნისა და ხალხის მტერი, - უპასუხია მიქელაძეს.
- საიდან იცი, რომ ლავრენტი ბერია ვარ?
- კარგი სმენა მაქვს და ხმაზე გიცანით, - უპასუხა მიქელაძემ.
ამბობდნენ, ამ სიტყვების შემდეგ ბერიამ გახურებული რკინის ჯოხი გაუყარა ყურებშიო.
დახვრეტის მომენტში ევგენი მიქელაძე მხოლოდ 34 წლის იყო.
1938 წლის 7 იანვრის დადგენილებით, ევგენი მიქელაძის მეუღლეს ქეთევან ორახელაშვილს, როგორც სამშობლოს მოღალატეების ოჯახის წევრს, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა აკმილინსკის შრომა-გასწორების ბანაკში მცირეწლოვან შვილებთან ერთად - თინათინი, მაშინ 3 წლის იყო, ვახტანგი კი წლინახევრის, როცა ბავშვები სრულწლოვანები გახდნენ, 1951 წელს ოჯახი ყარაგანდაში გადაასახლეს.
image
ფოტოზე - ევგენი მიქელაძე და ქეთუსია ორახელაშვილი
ბესო ზანგურის გვერდიდან"
ევგენი მიქელაძემ (დაბ.1903 წ.)დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია (ნ. მალკოსა და ა. გაუკის ხელმძღვანელობით). 1931–1937 წლებში ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი იყო, 1933 წლიდან – მთავარი დირიჟორი, 1936-1937 წლებში – თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1933–1937 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს სიმფონიურ ორკესტრს.
1930 წელს მიქელაძე პირველად დადგა თბილისის ოპერის თეატრის სადირიჟორო პულტთან და მართავდა (ზეპირად, პარტიტურის გარეშე) ბიზეს „კარმენის“ ღია რეპეტიციას. მომდევნო წელს დაინიშნა დასის დირიჟორად, ორი წლის შემდეგ — თეატრის მთავარ დირიჟორად. მისი ყოველი ახალი ნამუშევარი მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. ოპერები: დონიცეტის „დონ პასკუალე“, როსინის „ოტელო“, ვერდის „აიდა“, სენ-სანსის „სამსონი და დალილა“, მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“, გუნოს „ფაუსტი“, ბოროდინის „თავადი იგორი“, ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, პუჩინის „ტოსკა“, ვერდის „ტრუბადური“, რიმსკი-კორსაკოვის „მეფის პატარძალი“, არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ — მიქელაძის საქმიანობის შედეგია სულ რაღაც ექვს წელიწადში. 1936 წელს მისი ხელმძღვანელობით დაიდგა პირველი ქართული ბალეტი – ბალანჩივაძის „მზეჭაბუკი“, ხოლო ქართული ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში (1937 წ.) მიქელაძემ დადგა – ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ და „დაისი“.
ევგენი მიქელაძე ნკვდ-მ 1937 წლის დეკემბერში დახვრიტეს, როგორც როგორც "სამშობლოს მოღალატე", თუმცა მანამდე აწამეს, ჯერ თვალები დასთხარეს და შემდეგ სმენა დაუკარგეს.
0
559
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
559
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0