x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
„ბიძინა ივანიშვილი ჩემს სიმამრთან ერთად მუშაობდა რკინის დაზგაზე“ -  სოსო გოგაშვილი
image

.

სოსო გოგაშვილი დაკავებამდე 1 წლით ადრე, ანუ 2021 წლის აგვისტოში ჟურნალ „თბილისელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მისთვის გაჭირვებულ წლებსა და სოციალურად დაუცველის სტატუსზე საუბრობს. ის იქვე იხსენებს ერთ დღემდე უცნობ ამბავს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მის სიმამრთან ერთად მუშაობდა.


სოსო გოგაშვილი: „არ მინდა, შედარებით გამომივიდეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ჩემს სიმამრთან ერთად მუშაობდა რკინის დაზგაზე და დამატებით შემოსავალი რომ ჰქონოდა, დღის ბოლოს რჩებოდა და იმ სააქმროს ალაგებდა, რომელ საამქროშიც მუშაობდა. ჩემი მეუღლის ბაბუა კი გარდაიცვალა, რომელიც ბიძინას უფროსის მძღოლი იყო, მაგრამ ცოცხალია ეს კაცი აგერ. ადამიანი „სტანოკზე“ რომ მუშაობდა, ამით დაკნინებულია?! ყველას პატივს ვცემ, ვინც თავის საკუთარი შრომით ინახავს ოჯახს.


.

მე არ ვარ განსხვავებული ადამიანი. ადამიანი შესაძლოა, ფინანსურად დიდ კრიზისში ჩავარდეს, ყველაფერი დაკარგოს, აღარც სახლი დარჩეს, აღარც ტანსაცმელი, არც მანქანა, მაგრამ ხვალინდელი დღე რომ თენდება, იმედით იყოს, რომ ყველაფერი გამოსწორდება. ფული რომ არ მქონდა, მე ბოთლებიც ჩამიბარებია. „მარშრუტკაში“ არ ავსულვარ ბოთლებით სავსე ტომრებით, რომლებიც მინისტარის პუნქტში მიმქონდა ჩასაბარებლად, ტაქსის ვაჩერებდი და ვთხოვდი, მიმატანინე-მეთქი. ბევრჯერ არც გამოურთმევიათ. ამის თქმის არ მრცხვენია. ეს გრძელდებოდა ერთი წლის განმავლობაში. აქედან წამოვიდა ამ სოციალურად დაუცველის ამბავი.

.

– ესე იგი, ყოფილხართ სოციალურად დაუცველი.

– 2011 წელია. ვარ მონასტერში. პეტრე-პავლობის მარხვაა. ჩემი მეუღლის მამიდაშვილია მეუფე და მასთან ვარ. ჩემმა ცოლმა თქვა: ექიმთან უნდა მივიდე, რაღაც თავს კარგად ვერ ვგრძნობო. არ იცოდა, თურმე, ფეხმძიმედ ყოფილა. მირეკავს და მეუბნება ამ სასიხარულო ამბავს. ის პერიოდია, როცა ფინანსურად მაგრად მიჭირს. ეს რომ მითხრა, ეგრევე წამომივიდა ცრემლები, იმ პერიოდში საერთოდ არც მიფიქრია შვილის ყოლაზე. რაც გვქონდა, იმით ვარსებობდით. სოციალურად დაუცველები მანამდე არ ვყოფილვართ. დადგა საკითხი, რომ უნდა გვეზრუნა არა მხოლოდ საკუთარ თავზე, ბავშვზე და უფრო ინტენსიურად დავიწყე სამსახურის ძებნა. თეამ მითხრა: რადგან არავინ გვეხმარება, უნდა დავიზღვიო თავი. ნაძალადევის გამგეობაში წავალ, რაღაც დახმარებებია და განცხადებას დავწერ, იქნებ, გამომივიდეს ეს დახმარებაო... ნაქირავებში ვცხოვრობდით, სადღაც იტალიურ ეზოში. ამ დროს უკვე აღარაფერი გვაქვს. მანქანა, აქ, სოფელში – სახლი, ყველაფერი დავკარგეთ. ჩემი სიმამრის ოჯახიც ძლიერი ოჯახი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ისიც უმუშევარი დარჩა. სხვათა შორის, ჩემი თანამდებობაზე ყოფნის დროს ტაქსაობდა და დღესაც ტაქსაობს. შეიტანა თეამ განაცხადი. მოვიდა შემოწმებაზე სოცაგენტი. ყველანაირი შეფასებით გვეკუთვნოდა დახმარება. ამაზე მე დიდად არ დავსტრესილვარ, იმიტომ რომ ისეთი პერიოდია, ყვავს კაკალი გააგდებინო, ისიც რამეა.

,

– მითხარით, ხორცს მართლა ყიდდით ბაზრაში?

– ეს არის მაგარი ტყუილი. მე რა ობიექტებიც მქონდა, იქ, რა თქმა უნდა, ხორცის სექციაც იყო. რატომ თქვეს ჩემზე რომ ყასაბი იყოო, გეტყვით. უარესიც – სოფელში კი არა, ნავთლუღის ბაზარში იდგა და იქ ყიდდა ხორცსო. ერთ-ერთ ჩემს თანამშრომელზე თქვეს, რომელიც ჩემზე ასაკით ბევრად უფროსია, ვითომ მან ნავთლუღის ბაზარში გამიცნო და გადმომიბირა. რადგან გოგაშვილმა იმას უპატრონა, მერე იმ კაცმა გოგაშვილს უპატრონაო. საერთოდ, ნავთლუღის ბაზარში ნამყოფიც არ ვარ. რა ხორცს ყიდდაო?! კარგად არიან? ეს ჭორი გივი თარგამაძისგან წამოვიდა. მერე ეს ფეიკი ინფორმაცია მიაწოდა ვითომ ჟურნალისტს და ასე გავრცელდა. არ დავასახელებ ახლა ვის. მოვა დრო, როცა ამაზეც ვიტყვი, დავდებ სქემას, ვინ ვის პატრონობდა მართლა და „ქართული ოცნებიდან“ ვის უხდიდნენ ფულს, რომ ჩემზე ასეთები ეწერათ და ეთქვათ. შემდეგში კიდევ თუ გექნებათ ინტერვიუს ჩაწერის სურვილი, პრობლემა არ არის, ცალკე მოგცემთ მაგ ინტერვიუს. მოკლედ, ასე ააგორეს ეს ჭორი, რომ ჩემი დისკრედიტაცია მოეხდინათ. ასეც რომ ყოფილიყო, ნებისმიერი ადამიანის შრომა დასაფასებელია. რატომ აკნინებ ამით ვინმეს ან რა მნიშვნელობა აქვს ვინ რას ყიდის. მთავარია, სული და ხორცი არ გაყიდო.

.

ინტერვიუ ვრცლად>>

0
487
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
487
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0