x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
მთვარის ზედაპირი მილიარდობით ადამიანისთვის საკმარის ჟანგბადს შეიცავს

image

მთვარეზე ბლომად ჟანგბადიც არის, მაგრამ არა აირად ფორმაში. ჟანგბადი იქ რეგოლითშია ჩაჭედილი — ქანებისა და წმინდა მტვრის ფენაში, რომელიც მთვარის ზედაპირს ფარავს.

მთვარის ლანდშაფტში დომინირებს ისეთი მინერალები, როგორებიც არის სილიციუმი, ალუმინი და რკინისა და მაგნიუმის ოქსიდები. ყველა ეს მინერალი ჟანგბადს შეიცავს, მაგრამ ჩვენი ფილტვებისთვის არახელსაყრელ ფორმაში.

მთვარის ზედაპირზე ეს მინერალები რამდენიმე სხვადასხვა ფორმით არსებობს, მათ შორის მყარი ქანების, მტვრის, ხრეშისა და ქვების სახით. ეს მასალები მთვარის ზედაპირზე დროთა განმავლობაში ჩამოცვენილ მეტეორიტთა შედეგია.

მთვარის ზედაპირის შრეს ზოგჯერ მთვარის „ნიადაგს“ უწოდებენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ნიადაგი მხოლოდ დედამიწაზე გვხვდება. აქ ის წარმოქმნილია უთვალავი სხვადასხვა ორგანიზმის მიერ, მილიონობით წლის განმავლობაში, რეგოლითის დაშლის შედეგად.

შედეგად კი მიღებულია მინერალთა მთელი ისეთი წყება, რომლებიც თავდაპირველ ქანებში წარმოდგენილი არ იყო. დედამიწის ნიადაგი გამოირჩევა მრავალი ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური მახასიათებლებით. მთვარის ზედაპირზე კი, მასალები ძირითადად ხელუხლებელი, თავდაპირველი რეგოლითის სახით არის.

მთვარის რეგოლითი დაახლოებით 45 პროცენტით ჟანგბადისგან შედგება. თუმცა, ეს ჟანგბადი მჭიდროდ არის ჩაჭედილი ზემოთ ხსენებულ მინერალებში. ამ ძლიერი ბმების დასარღვევად საჭიროა ენერგია.

რეგოლითისგან ჟანგბადის გამოყოფა ასევე მოითხოვს ინდუსტრიულ აღჭურვილობას. პირველ რიგში საჭირო იქნება ლითონის მყარი ოქსიდების თხევად ფორმაში გადაყვანა ან სიცხით, ან მისი კომბინაციით გამხსნელებთან თუ ელექტროლიტებთან.

დედამიწაზე ამისათვის საჭირო ტექნოლოგია არსებობს, მაგრამ ამ აპარატურის მთვარეზე წაღება და მისთვის საკმარისი ენერგიის წარმოება ფრიად საძნელო საქმე იქნება.

მთვარის რეგოლითის ყოველი კუბური მეტრი საშუალოდ შეიცავს 1, 4 ტონა მინერალებს, მათ შორის, 630 კილოგრამ ჟანგბადს. NASA-ს მონაცემებით, ადამიანს არსებობისთვის დღეში 800 გრამი ჟანგბადის სუნთქვა სჭირდება. შესაბამისად, 630 კგ ჟანგბადი ერთ ადამიანს ორ წელიწადს ეყოფა.
ამას გარდა, ჩავთვალოთ, რომ მთვარეზე რეგოლითის საშუალო სიღრმე დაახლოებით 10 მეტრია და მასში არსებული მთელი ჟანგბადის გამოყოფას შევძლებთ. გამოდის, რომ მთვარის ზედაპირის ზედა 10 მეტრიდან მიღებული ჟანგბადი დედამიწის 8 მილიარდ ადამიანს დაახლოებით 100 000 წელიწადს ეყოფოდა.

ეს ასევე იმაზეც იქნება დამოკიდებული, რამდენად ეფექტიანად ვაწარმოებთ და მოვიხმარებთ ჟანგბადს. მიუხედავად ამისა, ასეთი რიცხვები მაინც შთამბეჭდავია...

წყარო: 1tv.ge

0
114
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0