x
მეტი
  • 16.05.2024
  • სტატია:134682
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509000
"რომანტიკული სიყვარულის სამარე"
image
ერთ ძველ, საკმაოდ ირონიული ხასიათის ზღაპარში, ნათქვამია, რომ ცოლქმრობა სხვა არაფერია, თუ არა "რომანტიკული სიყვარულის სამარე". ასობით და ათასობით რომანი, პიესა, კინოფილმი, რომლებიც შეყვარებულთა შესახებ მოგვითხრობენ, მთავრდება გულის ამაჩუყებელი საქორწინო კოცნით, რომელსაც (ისიც, ყოველთვის არა) მოსდევდა იმის მოხსენიება, რომ ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ და ერთ დღეს დაიხოცნენ. მაგრამ, მაინც როგორ ცხოვრობდნენ ბედნიერად, კონკრეტულად რაში მადგომარეობდა მათი ბედნიერება, ამის შესახებ რომანები, პიესები და კინოფილმები უფრო ხშირად დუმდნენ.

აზრი არ აქვს, ვამტკიცოთ, რომ ცოლქმრობა ორი ზრდასრული ადამიანის საქმეა, რომელთაც თავიანთი განსაკუთრებული წარმოდგენა აქვთ ბედნიერებაზე. თუმცა, ბევრი ბედნიერად დაწყებული ქორწინება ინგრევა იმის გამო, რომ ერთ-ერთი ან ორივე პარტნიორი თავისი "უფროსი" ასაკის მიუხედავად, ემოციურად ჯერ კიდევ ბავშვია.

საიდან იწყება სიყვარული? ბედნიერი, ჯადოსნური შეხვედრით, რომელსაც არანაკლებ ბედნიერი ქორწინება მოსდევს?! არა, სიყვარული, როგორც წესი, ბევრად უფრო ადრე, პირველი რომანტიკული ოცნებებიდან იწყება. რამდენი გოგონა ოცნებობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს გაიღება მისი ოთახის კარი და შემოვა ის, ბედის მიერ მხოლოდ მისთვის განკუთვნილი, დააბრმავებს თავისი არაჩვეულებრივი გარეგნობით და კეთილშობილური ქცევით, დაუყონებლივ დავარდება მის ფერხთით და მღელვარებისგან ათრთოლებული ხმით წარმოსთქვამს: "ჩემო სიყვარულო, შენ მელოდი და აი, მეც მოვედი!". წლები კი მიდიან, გოგონა იზრდება, ხდება ქალიშვილი, მაგრამ მისი ოთახის კარი გაღებას რატომღაც არ ჩქარობს. რეალურად, მისი რომანტიკული წარმოდგენები და ოცნებები არსადაც არ მიდიან, ისინი მისი გულის სიღრმეში იკავებენ ადგილს, დროებით ყუჩდებიან. შემდგომ, თუ ის შეხვდება თავის "ოცნების პრინცს", ან მას, ვინც მოაგონებს ასეთ ადამიანს, გოგონა მზადაა საკუთარ თავს უთხრას: "იგი მოვიდა და მე გავიღვიძე ნამდვილი ცხოვრებისთვის.“

ეს, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ტიპია თანამედროვე "მძინარე მზეთუნახავისა". სხვა ტიპს წარმოადგენს "ემანსიპირებული გოგონა", რომელიც შარვალშია გამოწყობილი და საერთოდაც, მის ვიზუალს მხოლოდ წვერებიღა აკლია. ასეთ გოგონებს მომავალი ქმარი ესახებათ სრულყოფილ ინტელექტუალად, გამოჩენილ მეცნიერად, რომელიც უამრავ ფულს შოულობს და ამასთან, დიდებული კულინარი, მრეცხავი, დამლაგებელი და მისი შვილების ბრძენი აღმზრდელია.


იდეალურ ქმარზე რომანტიკული გრძნობები არც გათხოვილ ქალებს ტოვებენ. ასეთი ქალები თავიანთ პარტნიორებს მუდმივად ადარებენ მეგობრების ქმრებსა თუ საყვარლებს და შედეგ გამუდმებით უკმაყოფილონი არიან თავიანთი პარტნიორით და ზოგადად, ოჯახური ყოფით, რომანტიკული ურთიერთობით.

რომანტიკული წარმოდგენები კაცებთანაც გვხვდება, კერძოდ, იდეალური "პრინცესას" შესახებ, რომელზეც მზად არიან მთელი ცხოვრება ილოცონ, თუმცა რეალური ყოველდღიურობა საკმაოდ მალე ამსხვრევს მათ "ამაღლებულ სახეებს". რაშია აქ საქმე? იქნებ, უბრალოდ იმაში, რომ რომანტიკული "მძინარე მზეთუნახავიცა" და მათი არანაკლებ "მთვლემარე რაინდებიც" უმოქმედოდ არიან იმ მშვენიერი დღის მოლოდინში, როცა, ბოლოს და ბოლოს, მათ გამოეცხადებათ იდეალი, რომელზედაც დაუღალავად ოცნებობენ. ამ "ჯადოსნური ძილის" დროს ისინი რომ შეაჯანჯღაროთ და პირდაპირ ჰკითხოთ: მაინც რას მისცემ შენს იდეალსო? ისინი დაუფიქრებლად გიპასუხებენ: ყველაფერს ! თუმცა, თუ უფრო დაწვრილებით გამოჰკითხავთ, რას გულისხმობენ ამ "ყველაფერში“, გაირკვევა, რომ ამ "ყველაფრის" შინაარსი, ფაქტობრივად, არაფერია.

რეალურად, ცხოვრებაში მსგავს შეკითხვებს არ სვამენ და გოგონებმა, რომლებიც გათხოვებას აპირებენ, უკვე წინასწარ შესანიშნავად იციან, რომ მის საქმროსა და წარმოსახულ "პრინცს" შორის, რომელთან შესახვედრადაც მთელი ცხოვრება ემზადებოდნენ, საკმაოდ ღრმა უფსკრულია. მაშინ, მაინც რა აიძულებთ გოგონებს, გაჰყვნენ ცოლად არა "პრინცებს", არამედ უბრალოდ მამაკაცს, რომელიც, ამავდროულად, ძალიან უყვართ? — ყველაზე ხშირად, ესაა ფარული იმედი: "მაცადე, საყვარელო, აი, გახდები ჩემი ქმარი და მალე დაანებებ თავს ამ სულელურ ჩვევებს". მალე ასეც ხდება. ახალგაზრდა ცოლი დაიკაპიწებს მკლავებს და იწყებს თავისი ქმრიდან ყველა "სულელური" ჩვევის "გამოდევნას". ამის შემდეგ ქმარმა ყველა ნაცნობ-მეგობარი უნდა დაივიწყოს და დაჯდეს სახლში, ჭამოს ის, რასაც მიართმევენ, იმ შემთხვევაში, თუ არ მოეწონება — მოამზადოს თავად, გადააგდოს თავისი "ბრიყვული" ქუდი სანაგვეზე და ა.შ. ამასთან, ქალი, რომელიც ამგვარად იქცევა, საკუთარ თავს "კეთილ ფერიასთან" აიგივებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქმრის საკეთილდღეოდ მოქმედებს ამგვარად.

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:ელისაბედ მამულაძე
ელისაბედ მამულაძე
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0