x
image
ლანა92
სოციალური კოგნიცია (არონსონის მიხედვით)

კოგნიცია
სოციალური კოგნიცია (შემეცნება) პიროვნების მიერ სხვათა განცდების, გრძნობებისა და აზრების გაცნობიერების პროცესია და საფუძვლად უდევს სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას. იგი იკვლევს, თუ რატომ აზროვნებენ თაობები განსხვავებულად, რატომაა მათი ყოველდღიური მოქმედება, მოვლენათა ახსნა, პროგნოზირება თუ გადაწყვეტილების მიღება უმეტესწილად ირაციონალური. ადამიანთა მიერ ყოველდღიური თუ გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღებას განსაზღვრავს სწორედ სოციალური კოგნიცია, სამყაროს სპეციფიკური აღქმა-გაგება გონების მიერ.

სოციალურ კოგნიციას შეეხება ცნობილი ამერიკელი სოციალური ფსიქოლოგის - ელიოტ არონსონის წიგნის "სოციალური ცხოველი" მე-4 თავი.

სოციალური კოგნიციისადმი ერთ-ერთი გავრცელებული მიდგომით, ადამიანი სავსებით "რაციონალური ცხოველია" და მაქსიმალურად ცდილობს, მიაკვლიოს ჭეშმარიტებას, რათა სწორი აზროვნებისა და რწმენის სისტემა ჩამოუყალიბდეს (ფილოსოფოსი ჯერემი ბენთემი, XVIII-XIX ს.ს.).

1960-70-იან წლებში სოციალური ფსიქოლოგი, ჰაროლდ კელი ამტკიცენდა, რომ ჩვეულებრივი ადამიანი რაციონალურად აზროვნებს, თუმცა მხოლოს გულუბრყვილო მეცნიერის დონეზე შეუძლია, ახსნას სხვათა ქცევები - "ატრიბუციის პროცესი".

ბენთემისა და კელის მოსაზრებები ადამიანის კოგნიტური უნარების აბსოლუტურობის შესახებ უფრო იდეების სფეროს განეკუთვნება, ვინაიდან რაციონალური აზროვნება მოითხოვს ზუსტი, სრული ინფორმაციისა და სათანადო გონებრივი რესურსების თანხვედრას, რაც ფაქტობრივად შეუძლებელია. ერთი მხრივ, ადამიანს ვერ ექნება აბსოლუტური წვდომა სამყაროს მოვლენებზე, მეორე მხრივ, როგორც სიუზან ფისკე და შელი ტეილორი მიუთითებენ, ის "კოგნიტური სიძუნწისკენაა" მიდრეკილი; კოგნიტური ენერგიის მინიმალური ხარჯვით, მარტივი გზით (ინფორმაციათა ნაწილის იგნორირებითა და კონკრეტულ საჭირო ინფორმაციაზე ზედმეტად აქცენტირებით) ცდილობს რთული საკითხების მოგვარებას.

"აზროვნების შემოკლება" ("კოგნიტური სიძუნწე") განაპირობებს "არაცნობიერ და არაწინასწარგანზრახულ მიკერძოებას", "კოგნიტურ მიკერძოებულობას", რომლის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა ადამიანის აზრი, რომ თვითონ სინამდვილეს ზუსტად, სრულად და შეუცდომლად აღიქვამს, ხოლო სხვები სამყაროს ჭეშმარიტი სურათის ილუზიას იქმნიან, ჭვრეტენ მას ისეთს, როგორიც იდეაში წარმოუდგენიათ.ემილი პრონინის მიხედვით, ყველა ადამიანს ახასიათებს ეს "მიკერძოების სიბრმავე".

ელიოტ არონსონი შეაჯერებს სოციალური კოგნიციის შესახებ არსებულ კონცეფციებს და ასკვნის, რომ ადამიანი სულაც არაა ბოლომდე განწირული შეცდომებისათვის;"კოგნიტური შეზღუდულობის" დაძლევით მას შეუძლია საკუთარი აზროვნების დახვეწა, მეტად გონივრული გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარება.

წიგნში "სოციალური ცხოველი" არონსონი აღწერს კოგნიტური შეზღუდულობის ფორმებს:

1."კონტექსტის გავლენა სოციალურ შეფასებაზე", როცა ყველა შეფასება შედარებითია გარემოს კონტექსტთან მიმართებით; მოიცავს 4 მხარეს:"ალტერნატივათა შედარება-შეპირისპირებას", "სიტუაციებით გამოწვეულ აზრებს", "დასკვნის ფორმულირებას", "ინფორმაციის წარმოდგენის ფორმას".

ა)"ორიენტირები და კონტრასტის გავლენა" - კონკრეტული საგანი, ობიექტი მასთან შესადარებელი სხვა ვარიანტების, ალტერნატივების ფონზე ჩანს იმაზე უფრო კარგი ან ცუდი, ვიდრე რეალურადაა. მაგ: მყიდველისათვის შედარებით ნორმალური, ჩვეულებრივი სახლი საშუალო ფასით უფრო მისაღები ვარიანტი ხდება, ვიდრე დანგრეული საცხოვრებელი, ხელოვნურად მაღალი ფასით.ამ შემთხვევაში უკანასკნელი გვევლინება ერთგვარ სატყუარად, რომელიც "კონტრასტის ეფექტს" ქმნის.

ბ)"პრაიმინგი (Priming) და კონცეფციის (Construct) ხელმისაწვდომობა" -სოციალური მოვლენების გააზრებისა და შეფასებისას ადამიანები ხელმძღვანელობენ უფრო იმ იდეებით, რომელიც მოცემულმა სიტუაციამ უკარნახა იმ წამს ან ადრეც ხშირად აწუხებდა. მაგ:ადამიანებს საგანგებოდ მოასმენინეს ხანდაზმულობის სტერეოტიპთან დაკავშირებული ლექსიკა, რისი გავლენითაც ცდის პირებმა იმ მომენტისათვის მათი ფიქრის ობიექტის -ხანდაზმული ადამიანის ნელი ტემპით დაიწყეს სიარული. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის მიერ სინამდვილის სურათის თავისებურ აღქმას განაპირობებს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი რწმენის, აზროვნების სფერო, საგნებისა და მოვლენების კატეგორიზების საკუთარი კრიტერიუმები.

გ)"დასკვნის ფორმულირება" - ადამიანის მიერ სოციალური მოვლენების კოგნიციას განსაზღვრავს დასკვნა, პრობლემა, რომელიც თავის თავში მოიცავს დანაკარგის ან შეძენის, მოგების ან წაგების შესაძლებლობას.ადამიანები ყველანაირად ცდილობენ წაგების, ზარალის თავიდან არიდებას და შესაბამისად, მათი ქცევითი აზროვნება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ პირობას დაუსახავენ.მაგ:$20-ის წაგება ძალიან მტკივნეულია, ხოლო მოგება - ნაკლებად სასურველი. გადამწყვეტია დასკვნის ჩამოყალიბება, ადამიანები ირჩევენ იმ ვარიანტს, რომელშიც უფრო ნაკლებად ჩანს დანაკარგი, რეალურად კი შეიძლება, პირიქით, მეტი იყოს წაგება.

დ)"ინფორმაციის თანმიმდევრობა" - ადამიანი მოვლენებს აღიქვამს იმის შესაბამისად, თუ როგორაა დახარიხებული მოწოდებული ინფორმაციები, რა ინფორმაციით იწყება ნაკადი, რა მოცულობის ინფორმაციაა.

"ინფორმაციის რაოდენობა" - ჭარბი ინფორმაცია ხშირად იწვევს "გაბნევის ეფექტს", ბევრი, მაგრამ არაადეკვატური ინფორმაცია არასწორად წარმართავს შთაბეჭდილების, შეფასების ჩამოყალიბების პროცესს.

2."პირველობის ეფექტი და შთაბეჭდილების ფორმულირება"-ადამიანი სხვა ინდივიდზე, საგანზე, ობიექტზე შთაბეჭდილებას იქმნის მასზე მიღებული პირველი ინფორმაციის საფუძველზე.მაგ: ორი ადამიანი ავსებდა 30-კითხვიან ტესტს ინტელექტზე და მიიღეს თანაბარი 15-15 ქულა, თუმცა ცდის პირები უფრო ჭკვიანად მიიჩნევდნენ იმას, რომელიც თავიდან წარმატებით პასუხობდა კითხვებს.

3."დასკვნის ევრისტიკა" ("რეპრეზენტაციული ევრისტიკა", "ხელმისაწვდომობის ევრისტიკა", "დამოკიდებულების ევრისტიკა"("ჰალო ეფექტი", "ცრუ კონსენსუსის ეფექტი")) აზროვნების შეკვეცაა, როცა ვაყალიბებთ მიახლოებით წესს, პრინციპს და მოცემულ სიტუაციას ვუსადაგებთ.მაგ:თუ კონკრეტული საკვები ჯანსაღი კვების ობიექტში იყიდება, ის აუცილებლად სასარგებლო იქნება.

4."კატეგორიზაცია და სოციალური სტერეოტიპები" - ადამიანის აღქმასა და ქცევას კონკრეტულ სიტუაციებში განსაზღვრავს მოვლენათა ან სხვა ინდივიდთა მიმართ უკვე არსებული ზოგადი კატეგორიზაცია, შედეგის მოლოდინი ნაკარნახევია სტერეოტიპებით."სტერეოტიპული ცოდნისა და მოლოდინის" სახეებია "თვითასრულებადი წინასწარმეტყველება" და "ილუზორული კორელაცია" (დაკავშირების ალოგიკურობა, ხელოვნურობა).

"ჯგუფში შემავალი შიდა ჯგუფის გარე ეფექტები" (ჩვენ და სხვები) ადმიანთა კატეგორიზაციის ცნობილი ფორმაა, რომელიც ეყრდნობა "ჰომოგენურობის ეფექტსა" (სხვები - ერთმანეთის მსგავსნი) და "ჯგუფის შიდა ფავორიტიზმს"(საუკეთესონი - მხოლოდ ჩვენ).

5."კონსტრუქციული წინასწარმეტყველება და რეკონსტრუქციული მეხსიერება" - მოსალოდნელი მოვლენებისადმი საკუთარი ქცევების პროგნოზირება და მოგონება, წარსულში მომხდარი ისტორიების გახსენება, რაც ხშირად შეცდომების, არასწორი აღქმის მიზეზია.

6."ავტობიოგრაფიული მეხსიერება" -

კოგ

გულისხმობს პირადი ისტორიების სისტემატიზებას "თვით-სქემებად", რაც არცთუ იშვიათად წარმოშობს "ყალბი მოგონების სინდრომს".

7."დადასტურების მიკერძოება" (პირველად აღძრული ბუნდოვანი, ბოლომდე ჩამოუყალიბებელი აზრისა და შთაბეჭდილებისათვის უპირობო დასტურის მიცემა) და "რესტოსპექტული მიკერძოება" ("მე ეს ყოველთვის ვიცოდი"-ს ეფექტი, რომლებიც გვიჩვენებს, რომ ადამიანის კოგნიცია კონსერვატიული ხასიათისაა.

8."მიწერის ფუნდამენტური შეცდომა", "მოქმედი დამკვირვებლის მიკერძოება", "თვით-მიკერძოება" ("ეგოცენტრული აზროვნება", თვით-სასარგებლო მიკერძოება", "მე-კონცეფცია") მიკერძოების 3 ძირთადი სახეა და გულისხმობს ადამიანის მიერ მხოლოდ საკუთარ თავზე ორიენტირებას, რაც ბარიერად გვევლინება სოციალური კოგნიციისას.

წყარო: არონსონი ელიოტ, "სოციალური ცხოველი", ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2014, თავი 4 - "სოციალური კოგნიცია", გვ. 118 - 176

0
536
7-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
536
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0