x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ათი გამომგონებელი, რომელთა სიცოცხლე მათივე გამოგონებებმა შეიწირა

როდესაც ვსაუბრობთ იმ ადამიანებზე, რომელთა სიცოცხლე საკუთარმა გამოგონებებმა შეიწირა, მაშინვე გვახსენდება შემდეგი სახელები: მარია კიური, რომელიც მისივე აღმოჩენილი რადიაქტიურობის მსხვერპლი გახდა; ფრანც რეიჰელტი, რომელიც ეიფელის კოშკიდან გადმოხტა მისივე შექმნილი პარაშუტით და სასიკვდილოდ დაიმტვრა; ჰორაციო ლოუსონ ჰანლი, რომელიც დაიხრჩო მისივე პროექტით აგებულ წყალქვეშა ნავში; ოტო ლილიენტალი, რომელიც მისივე გამოგონებული პლანერით გადმოხტომისას დაიღუპა... ასეთი ადამიანების ჩამოათვალი არცთუ მცირეა. მოდით, გავიხსენოთ ისინი:



1. ჰენრი სმოლინსკი (1933-1973)


image


ჰენრი სმოლინსკი ამერიკული კონმპანიის Northrop-ის ინჟინერი იყო. მან ეს სამსახური დატოვა და საკუთარი კომპანია შექმნა, რომელსაც მფრინავი ავტომობილები უნდა ეწარმოებინა. სმოლინსკიმ გამოიგონა მფრინავი ავტომობილი MIZAR . გამომგონებელი დაიღუპა თავისივე ქმნილების გამოცდის დროს. ფრენის დროს MIZAR-ს მარჯვენა ფრთა მოსძვრა და ჩამოვარდა. სმოლინსკი ადგილზევე დაიღუპა.



2. ჰენრი უინსტენლი (1644-1703)


image


უინსტენლის გამოგონება იყო ედისტონის შუქურა. გამომგონებელი დაიღუპა 1703 წელს საშინელი შტორმის დროს, როცა მის მიერ დაპროექტებული შუქურის შეკეთებას ახდენდა.



3. ოტო ლილიენტალი(1848-1896)



image


პლანერის მეფედ წოდებული ლილიენტალი გერმანული ავიაციის პიონერი იყო. გამომგონებელი დაიღუპა იმ დროს, როცა პლანერით ფრენის ცდას ატარებდა. ლილიენტალი იყო პირველი, ვინც შეძლო განეხორციელებინა კონტროლირებადი ფრენა აპარატით, რომელიც ჰაერზე მძიმე იყო. ეს იყო მიღწევა, რის შემდეგაც მას „ფრენის მამა“ უწოდეს. მისი შრომა სხვა ადამიანებისთვის მაგალითი იყო, ასეთები იყვნენ ძმები რაითები. ისინი ლილიენტალს თავიანთ შთამგონებლად მიიჩნევდნენ. სამწუხაროდ, 2000 გაფრენის შემდეგ, ლილიენტალი დაიღუპა მასის არათანაბრად განაწილების გამო. პლანერი ქარმა გადააბრუნა და ძირს დაცემულმა გამომგონებელმა ხერხემალი გადაიმტვრია. სიკვდილის წინ ოტომ მოასწრო ეთქვა: "მსხვერპლი გარდაუვალია".



4. მაქს ვალიე


image



მაქს ვალიე იყო ავსტრიელი გამომგონებელი, ფიზიკოსი და სარაკეტო ტექნიკის პიონერი. ის ბევრს მუშაობდა, რომ კოსმოსური გაფრენა რეალობაში განეხორციელებინა. ვალიე უამრავ ექსპერიმენტს ატარებდა. ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტის დროს, როცა ის საწვავად სპირტს იყენებდა და ასე ატარებდა ცდებს, ლაბორატორია აფეთქდა და ვალიე დაიღუპა.



5. მაიკლ დაკრი


image



მაიკლ დაკრს უნდოდა მსოფლიოსთვის პირველი მფრინავი ტაქსი ეჩუქებინა. დაკრი იყო ბრიტანული ავიაციის პიონერი და თავისი საქმის ბრწყინვალე ოსტატი. მისი სანუკვარი ოცნება იყო, შეექმნა ისეთი მფრინავი ტაქსი, რომელიც ლონდონიდან ჰიტროუს აეროპორტამდე (Heathrow Airport) 4 წუთში მიფრინდებოდა. სამწუხაროდ, მის ოცნებას ასრულება არ ეწერა: 2009 წელს გამომგონებელი დაიღუპა თავისი პირველივე ქმნილების ტესტური გაფრენის დროს.


6.უილიამ ბალოკი (1813-1867)


image

უილიამ ბალოკის გამოგონებას წარმოადგენდა როტაციული საბეჭდი მანქანა, რომელიც გადატრიალებას მოახდენდა ბეჭდვით საქმეში. ერთ-ერთი ასეთი მანქანის გამოცდის დროს მოხდა უბედური შემთხვევა: გამომგონებელს ფეხი საბეჭდ მანქანაში გაეჭედა, დროულად ვერ მოხერხდა მანქანის გაჩერება და ბალოკის ფეხი მისმა ქმნილებამ საშინლად დაჩეჩქვა. უილიამ ბალოკი დაზიანებულ ფეხზე განვითარებული განგრენის შედეგად გარდაიცვალა.


7.ალექსანდრე ბოგდანოვი


imageბოგდანოვი იყო ერთ-ერთი პიონერი, ვინც გამოიგონა სისხლის გაცვლითი გადასხმა. სწორედ მისი თაოსნობით შეიქმნა სსრკ-ში სისხლის გადასხმის ინსტიტუტი. თუმცა სამწუხაროდ, მან ძალიან შორს შეტოპა ამ საქმეში და გასცდა მეცნიერების საზღვრებს. ბოგდანოვი ამტკიცებდა, რომ სისხლის გადასხმით შესაძლებელი იყო მუდმივი ახალგაზრდობის და დღეგრძელობის მიღწევა. ის დაიღუპა სისხლის შეუთავსებლობით, როცა გადაისხა თავისი სტუდენტის სისხლი, რომელიც დაავადებული იყო ტუბერკულოზით და მალარიით.

8.ფრანც რაიჰელტი(1879-1912)



ფრანგი ფრანც რაიჰელტი მთელი ცხოვრება მკერავი იყო, ხოლო მუშაობისაგან თავისუფალ დროს დაკავებული იყო "მოსასხამი-პარაშუტის " შექმნით აეროპლანის პილოტებისათვის. იმ დროს აეროპლანები სულ ახალი გამოგონებული იყო. პარაშუტის პირველი გამოცდა მანეკენზე ჩატარდა და მან წარმატებით ჩაიარა. ამის შემდეგ რაიჰელტმა გადაწყვიტა, თვითონვე ჩაეტარებინა ტესტირება საკუთარი გამოგონებისა და გადმოხტა ეიფელის კოშკიდან. ეს ნახტომი მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა.



image



9. მარია კიური(1867-1934)


image



წარმოშობით პოლონელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი მარია კიური ცნობილია თავისი კვლევებით რადიაქტივობაზე. მან აღმოაჩინა ორი რადიაქტიული ელემენტი-პოლონიუმი და რადიუმი და ორჯერ იყო ნობელის პრემიის ლაურეატი. მეცნიერი შეეწირა თავისსავე ცდებს, როცა იკვლევდა რადიაქტივობის ცუდ გავლენას ადამიანის ორგანიზმზე: 1934 წელს ის გარდაიცვალა ჰიპოპლასტიკური ანემიით, რომელიც მას დიდი დოზით დასხივების შედეგად განუვითარდა.


10. ექიმი გილიოტენი

image



გავრცელებული ლეგენდის მიუხედავად, თურმე ჟოზეფ გილიოტენი ბოროტი და სისხლისმსმელი არსება კი არა, კეთილსინდისიერი მოქალაქე, მეცნიერი, ბავშვების მოყვარული და საერთოდ, პატიოსანი ადამიანი გახლდათ, რომელიც გულწრფელად ცდილობდა მსჯავრდადებულთა ტანჯვის შემსუბუქებას.
მისი მანქანა მარტივი მოწყობილობის და გამოსაყენებლად ”მოსახერხებელი” იყო: იგი წარმოადგენდა კადონით დამაგრებულ ორ ვერტიკალურ სვეტს, რომელთა შორის სამკუთხედის ფორმის მოძრავი ბასრი ნაჯახის პირი იყო ჩასმული. გილიოტინის მეშვეობით თავის მოკვეთის დროს ჯალათი უშუალოდ აღარ მონაწილეობდა დასჯაში. იგი მაყურებელივით განზე იდგა და თითქოს უნებურად მოჭიმავდა ზონარს, რომელიც ჩამკეტ ხელსაწყოზე იყო მიმაგრებული. მსჯავრდადებულს ნაჯახი მთელი ძალით ეცემოდა კისერზე და თავი კალათაში მიგორავდა. აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ ჟოზეფ გილიოტენს საფრანგეთის დიდი რევოლუციის იდეების ღალატში დასდეს ბრალი და თავისივე ”ქმნილების” მეშვეობით მოუსწრაფეს სიცოცხლე.



11. ჰარი დალიან უმცროსი და ლუის სლოტინი – „დემონური ბირთვი“


image


ამერიკელი ჰარი დალიან უმცროსი (1321-1945) და კანადელი ლუის სლოტინი (1910-1946) ფიზიკოსები გახლდნენ, რომლებმაც რადიაციული დასხივება განიცადეს და ორივე ერთი და იმავე ინციდენტის მსხვერპლი გახდა ატომურ ბომბზე მუშაობის დროს ლოს–ალამოსსა და ნიუ–მეხიკოში. 1945 წლის 21 აგვისტოს დალიანს შემთხვევით ვოლფრამის კარბიდის ფილა დაუვარდა პლუტონიუმის ბირთვზე – რამაც ბირთვი „სუპერკრიტიკული“ გახადა. პანიკაში ჩავარდნილი დალიანი უშედეგოდ ცდილობდა ფილის გადმოგდებას და იძულებული გახდა, ვოლფრამის ფილების დემონტაჟი თვითონვე გაეკეთებინა, რომ როგორმე ბირთვული რეაქცია შეეჩერებინა. ის ძლიერი დასხივებით 25 დღეში გარდაიცვალა.



image


„კრიტიკული ინციდენტის“ მეორე მსხვერპლი ლუის სლოტინი იყო. 1946 წლის 21 მაისს შემთხვევით მას სახრახნისი დაუვარდა და ამით ბირთვული დაყოფის რეაქცია დაიწყო. ის უფრო მალე გარდაიცვალა, ინციდენტიდან სულ რაღაც 9 დღეში. უცნაური დამთხვევის წყალობით იმ ექსპერიმენტში, რომელშიც ის მონაწილეობდა, ისევ ის პლუტონიუმის ბირთვი გამოიყენებოდა, რომელმაც დალიანი მოკლა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ამ ბირთვს „ დემონური ბირთვი“ შეარქვეს.



12. პერილოსი ათენიდან


image



გამოგონებებიდან, რომლებმაც იმსხვერპლეს თავიანთი გამომგონებლების სიცოცხლე, პერილოს ათენელი ყველაზე მეტად იმსახურებდა ამ ხვედრს. მან შექმნა "სპილენძის ხარი", ერთ-ერთი ყველაზე საშინელი საწამებელი იარაღი. საგანი წარმოადგენდა სპილენძისაგან დამზადებულ ხარს, რომელშიც ათავსებდნენ დამნაშავეს, ქვემოდან ცეცხლს უკიდებდნენ და ფაქტიურად ცოცხლად წვავდნენ შიგ. გამოგონებლის ბოროტმა გონებამ ხარის პირში მას გააკეთებინა პატარა გვირაბი, რათა მაყურებლებს გაეგონათ ის საზარელი ხმები, რომლებსაც დასჯილები გამოსცემდნენ წამების დროს.

გადმოცემის მიხედვით პერილისი გაემგზავრა სიცილიაში, რათა იქაური ტირანის -ფალერიდისათვის მიეყიდა თავისი გამოგონება. ფალერიდი კიდევ უფრო მეტად ბოროტი აღმოჩნდა, ვიდრე პერილისი. მან გამომგონებელს უბრძანა, ხარის შიგნით შესულიყო და აკუსტიკა შეემოწმებინა. მოტყუებით შესულ პერილისს სასტიკი ხვედრი ელოდა: ფალერიდმა უბრძანა მსახურებს, ცეცხლი შეენთოთ ხარისათვის. ბოროტი გამომგონებელი თავისივე სასტიკი გამოგონების მსხვერპლი გახდა.


დასკვნა: ხშირად ამართლებს ქართული ანდაზა: "რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო"...


0
343
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
343
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0