x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134421
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ემოციური (ფსიქოლოგიური) ძალადობა
image

„ბავშვის უფლებათა კონვენციაში“, რომელსაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1989 წლის 20 ნოემბერს ერთხმად დაუჭირა მხარი, ხაზგასმით არის მითითებული, რომ ყოველ ბავშვს აქვს სიცოცხლის, განვითარების, საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის ხელშეუვალი უფლება.ბავშვი არის სუბიექტი, სამყაროს სრულფასოვანი და თანასწორუფლებიანი წევრი, რომელიც ყალიბდება პიროვნებად და განვითარებისთვის ჯანსაღ გარემოს საჭიროებს.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ცნობადობა მაღალია იმის შესახებ, რომ ბავშვის უფლებები არ უნდა ირღვევოდეს, ვერ დავასახელებთ ქვეყანას, სადაც მათი უფლებები სრულად არის დაცული.ბავშვის უფლებები ხშირად მაინც ირღვევა, ამას ადასტურებს უამრავი მასალა, რომელიც ბავშვთა მიმართ ჩადენილ უსამართლობასა და ძალადობაზე მეტყველებს.

ბავშვთა მიმართ ძალადობა გულისხმობს ნებისმიერი სახის ქმედებას, რომელიც ტრავმას აყენებს მას, აკნინებს ან დაზიანებით ემუქრება ბავშვის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ კეთილდღეობას, ასევე საფრთხეს უქმნის მისი ჯანმრთელობისა და განვითარების
პროცესის ნორმალურ მიმდინარეობას, რადგან სწორედ ბავშვობის ასაკიდან იწყება პიროვნების ფორმირების პროცესი. ძალადობრივი ქცევა შეიძლება იყოს ერთჯერადი აქტი და ასევე ბავშვთან ურთიერთობის ქცევის მუდმივი ფორმა.


2013 წელს საქართველოში იუნისეფის დახმარებით ჩატარებულ ეროვნულ კვლევაში, ბავშვთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით არსებული ცოდნის, დამოკიდებულებისა და პრაქტიკის შესახებ, გამოვლინდა, რომ მოსახლეობას უკეთ ესმის, რომელი ქმედება შეიძლება ჩაითვალოს ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობად, თუმცა შედარებით ნაკლებად შეუძლია ფსიქოლოგიური ანუ ემოციური ძალადობის ან ბავშვის უგულებელყოფის შემთხვევების იდენტიფიკაცია.
ემოციური (ფსიქოლოგიური) ძალადობა ყოველთვის ტოვებს საკუთარ კვალს ნებისმიერი ძალადობის შემთხვევაში. თუმცა ეს კვალი არ არის ხილული და შესაბამისად ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ყველაზე ძნელად იდენტიფიცირებად ძალადობის ფორმას. ეს არის სიტყვიერი ან/და ქცევითი ზემოქმედებით ბავშვში შიშის, დამცირების, მარტოობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის საზიანო სხვა მდგომარეობის პროვოცირება;
ბავშვისთვის ემოციურად მატრავმირებელი ქცევებია:

უარყოფა (განდევნა) – მოზრდილი არ ცნობს ბავშვის ფასეულობებს და საჭიროებებს. აჩვენებს, რომ ის არაა საყვარელი და სასურველი;


იზოლირება _ მოზრდილი უზღუდავს ბავშვს სხვადასხვა სოციალურ ურთიერთობას, აიძულებს, სჯეროდეს, რომ ის მარტოა ამ სამყაროში.

ტერორიზება _ სიტყვიერი აგრესიით, გაუთავებელი საყვედურებით, საშიში
გარემოს შექმნით მოზრდილი ამცირებს, დასცინის, აიძულებს, სჯეროდეს, რომ სამყარო მის ირგვლივ საშიშია.

სოციალური გარყვნა _ მოზრდილი ბავშვს ანტისოციალურს ხდის _ითრევს
უკანონო ქმედებებში: ქურდობა, მათხოვრობა, დანაშაულებრივი ქმედება.

როდესაც ისეთი ადამიანი, რომელსაც ბავშვი ენდობა, მშობელი თუ ოჯახის სხვა წევრი, რაღაცით გაღიზიანებული უყვირის ბავშვს : „შენგან მარტო პრობლემები მაქვს, ჯობდა არ დაბადებულიყავი“ - ეს სიტყვები ბავშვისათვის ფიზიკურ დარტყმაზე უფრო მტკივნეულია და ემოციური იარები დიდხანს რჩება.ეს ყველაფერი ამახინჯებს ბავშვის წარმოდგენას საკუთარ თავზე და მთელი ცხოვრების მანძილზე ფსიქოლოგიურ ტრავმას ტოვებს მის სულში. სწორედ ამიტომ არის ემოციური ძალადობა ძალადობის ყველაზე ძნელად ამოსაცნობი ფორმაა, რადგან ის ფიზიკურ კვალს არ ტოვებს. მისი უარყოფითი შედეგები შეიძლება მხოლოდ ბავშვის ქცევასა და ემოციურ რეაქციებში გამოვლინდეს ბავშვის განვითარების შემდგომ პერიოდში, როგორიცაა: მეტყველების დარღვევა, ფსიქოსომატური ჩივილები, დეპრესია; დაბალი თვითშეფასება, თავდაჯერებულობის ნაკლებობა, თვითიზოლაციისაკენ მიდრეკილება და ა.შ. თუკი ბავშვი არის ემოციური ძალადობის მსხვერპლი, ის უემოციოა, სევდიანია, დეპრესიულია, ჩაკეტილია, ჩაფიქრებულია ან პირიქით აგრესიული, მზად არის ყველა მოზრდილს მიეკედლოს ყურადღების და სითბოს ძიებაში, აქვს სიბნელის შიში და ცუდად სძინავს.

როდესაც მშობლები ბავშვს არ აძლევენ იმის საშუალებას რომ ღიად გამოხატოს საკუთარი გრძნობები, შეხედულებები, გაუზიარონ მათ საკუთარი წარმატება თუ გულისტკივილი, ბავშვის ფსიქიკას ერთადერთი გამოსავალი რჩება, რომ ჩართოს დაცვითი მექანიზმი და "გაყინოს" საკუთარი გრძნობები. ამ დაცვითმა მექანიზმმა შეიძლება ტკივილი შეამციროს, მაგრამ სამაგიეროდ იწვევს ემოციურ გამოფიტვას, რადგან ტკივილთან ერთად ყველა სასიცოცხლო გრძნობაც მუხრუჭდება. ბავშვს აღარ შეუძლია ცხოვრების ხალისის შეგრძნება, სიცილი, მეგობრებთან გართობა. დისფუნქციურ ოჯახში ხომ საკუთარი გრძნობების გამოხატვას არ მიესალმებიან. ყველზე ადრეული ასაკიდან ბავშვს ყოველდღე ესმის ფრაზები: ნუ ტირიხარ, ნუ ბრაზობ, აქ რა გინდა, ნუ იცინი, ჩუმად იყავი, ფეხებქვეშ ნუ მედები და სხვა. როდესაც ბავშვი ეჩვევა მსგავს რეაქციას მშობლისგან, იგი მშობელს უკვე აღარ უზიარებს საკუთარ მწუხარებას ან სიხარულს, წარმატებას, დაკვირვებებს, აღმოჩენებს. აღარ სთხოვს მშობელს მოფერებას, სითბოს. ასეთ ბავშვები ვერ გრძნობენ სიხარულს ისეთ მოვლენებში, რაც სხვა ბავშვებს ძალიან ახარებთ. ბავშვები რომლებზეც ემოციურ ძალადობას ანხორციელებენ დაავადებულები არიან არასრულფასოვნების კომპლექსით, აქვთ სირცხვილის შეგრძნება საკუთარი არსებობის გამო.








1
135
1-ს მოსწონს
ავტორი:ანი სიმსივე
ანი სიმსივე
135
  
2016, 31 ივლისი, 11:50
ანი, გადასარევი სტატიაა, მაგრამ ,,სიმსივე,, რა არის, ცოტა შემეშინდა თავიდან, სხვა რამე წავიკითხე))
0 1 1