x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ათი უძველესი წიგნი-გრიმუარი, რომლებსაც ზებუნებრივ შესაძლებლობებს მიაწერენ
ადამიანებს ოდითგანვე სურდათ ძალაუფლების და დიდების მიღწევა იოლი ხერხებითა და მეთოდებით, სწორედ ამ სურვილების საფუძველზე შეიქმნა ჯადოქრული წიგნები.

კაცობრიობა ძველთაგანვე ინებივრებდა თავს სხვადასხვა მისტიკით, რომელიც იღბლიანებს ჰპირდებოდა პატივსა და დიდებას, ხოლო ბოროტებს აკავშირებდა სულების სამყაროსთან. ამ პრაქტიკასთანაა დაკავშირებული ზოგიერთი ტექსტი, რომლებშიც გადმოცემულია რთული და იდუმალი რიტუალები, გასაღები ხანგრძლივი და შედეგიანი კავშირის დამყარებისათვის ბნელ ძალებთან.

მაშ ასე, დღევანდელ პოსტში საუბარი გვექნება ათ უძველეს წიგნ-გრიმუარზე, რომლებსაც ზებუნებრივ შესაძლებლობებს მიაწერენ.


image



ცნობისათვის: გრიმუარი ანუ გრიმორი (ფრანგ. grammaire-სგან) — ესაა წიგნი, რომელიც აღწერს მაგიურ პროცედურებს და შელოცვებს სულების და დემონების გამოძახების მიზნით, ან წიგნი, რომელიც შეიცავს ჯადოსნურ რეცეპტებს. ასეთი წიგნები ჩვეულებრივ შეიცავენ ინფორმაციას სხვადასხვა ჯადოსნური ნივთების, ისეთების, როგორებიც თილისმები ან ამულეტებია, დამზადების შესახებ.


1. ძველბერძნული მაგიური პაპირუსები


image

ძველბერძნული მაგიური პაპირუსი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნეშია შექმნილი. მათში თავმოყრილია წყევლები, მისნობა, რიტუალები და მკითხაობა. აქ მოცემულია, მაგალითად, დაწვრილებითი ახსნა იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოიძახოთ უთავო დემონი, როგორ გააღოთ კარი პირიქითა სამყაროში და დაიცვათ თავი მაქციებისაგან, ხოლო ყველაზე სასურველი და ამასთანავე უიმედო შელოცვა გპირდებათ ზებუნებრივ დამხმარეს ბნელეთის სამყაროდან, რომელიც თქვენი სურვილების შემსრულებელი იქნება.

პაპირუსებში ყველაზე ხშირად გვხვდება შელოცვები და რიტუალები ნათელმხილველობის ნიჭის მისაღწევად. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწყვეტი აღწერს, თუ როგორ შეიძლება მოვლენების წინასწარ განჭვრეტა რკინის ლამპის, სამსხვერპლო საკურთხევლის და უბიწო ბავშვის საშუალებით. ბავშვის ღრმა ტრანსში შეყვანის შემდეგ ცეცხლის ალზე ის წაიკითხავს იმას, თუ რა მოხდება მომავალში. ასევე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რიტუალია ეგრეთ წოდებული "მიტრის ლიტურგია". ამ ცერემონიის საშუალებით თითქოსდა შესაძლებელია ყოფიერების შვიდი უმაღლესი საფეხურის გავლა და მიტრის დახმარებით ღმერთთან ლაპარაკი.


2. ''შავი ქათამი''


image

გრიმუარი "შავი ქათამი'' მე-18 საუკუნის საფრანგეთში დაიწერა. მასში მოთხრობილია, თუ როგორ შეიძლება შექმნათ მაგიური თილისმები-საგნები მათზე გრავირებული სპეციალური სიტყვებითა და ნიშნებით, რომლებიც იცავენ მათ პატრონს და ანიჭებენ მას ზებუნებრივ ძალებს. გრიმუარი ნაპოლეონის არმიის ერთ-ერთმა ჯარისკაცმა დაწერა, რომელიც ამტკიცებდა, რომ საიდუმლო სწავლება მან მიიღო ეგვიპტეში მოგზაურობის დროს იქაური მაგისაგან. "შავი ქათამი'' შეიცავს დაწვრილებით ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა გააკეთოთ თილისმები ბრინჯაოს, აბრეშუმის და სპეციალური მელნის გამოყენებით. მასში ნახავთ ასევე სხვადასხვა შელოცვებს. ასე მაგალითად, შესაძლებელია ჯინის - ცეცხლის და კვამლისაგან შექმნილი სულის გამოძახება, რომელიც თქვენს სურვილებს შეასრულებს. გრიმუარი გასწავლით ასევე, თუ როგორ გააკეთოთ თილისმა, რომელიც თავშეკავებულ ადამიანს აალაპარაკებს და ყველა მის საიდუმლოს გაგიმჟღავნებთ. ის დაგეხმარებათ ასევე გაიხედოთ დახურულ კარებს მიღმა და გაანადგუროთ ყველა ისინი, ვინც თქვენს მიმართ რაიმე ცუდს გაიფიქრებს,

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი "შავი ქათმის'' მისტიკურ სწავლებებში არის...ჯადოსნური შავი ქათმის შექმნა, რომელიც განძის მოძებნაში დაგეხმარებათ.


3. "არს ალმადელი"


image

"არს ალმადელი" გახლავთ მეოთხე წიგნი "სოლომონის პატარა გასაღებისა", რომელიც ასევე ცნობილია " ლემეგეტონის" სახელწოდებითაც. ზოგადად, მთელი წიგნი მე-17 საუკუნეშია დაწერილი უცნობი ავტორის მიერ, მაგრამ ''არს ალმადელი'' განსაკუთრებული ხელნაწერია, რომელშიც აღწერილია ალმადელის - ცვილისაგან დამზადებული მაგიური საგნის შექმნა, რომელიც მოლაპარაკე დაფას ჰგავს. ''ალმადელი'' იმითაა განსაკუთრებული, რომ ის იძლევა ანგელოზებთან ლაპარაკის საშუალებას. წიგნში აგრეთვე საუბარია ოთხ ცაზე, სადაც თითოეულზე ცხოვრობენ ანგელოზები, დაყოფილნი თავიანთი ზებუნებრივი შესაძლებლობების მიხედვით. ტექსტი შეიცავს თითოეული ქოროს (ანგელოზთა კრებულის) სახელებს და მათი გამოძახების ხერხებს. ავტორის თქმით, ანგელოზებისათვის შეიძლება მხოლოდ "კანონიერი'' კითხვების დასმა. აქ არის აგრეთვე ანგელოზების მოკლე აღწერა: მაგალითად, მესამე ქოროს ანგელოზები წარმოადგენენ ტანდაბალ ქალებს დაფნის გვირგვინითა და მწვანე და ვერცხლისფერი სამოსით.


4. ''პიკატრიქსი''


image

''პიკატრიქსი'' უძველესი გრიმუარია ასტროლოგიური მაგიის შესახებ. თავდაპირველად ის დაწერილი იქნა მე-11 საუკუნეში არაბულ ენაზე და ერქვა "ჰაიატ ალ-ჰაკიმი", შემდეგ ის გადაიწერა და განახლდა მე-15 საუკუნეში. გრიმუარი შედგება 400-გვერდიანი ასტროლოგიური თეორიისაგან. აქ თქვენ იპოვით შელოცვებსა და რიტუალებს, რომელთა წყალობითაც პლანეტების და ვარსკვლავების ოკულტურ ძალებს მიმართავთ საკუთარი ძალაუფლებსა და სიბრძნის მოსაპოვებლად. სამწუხაროდ, ''პიკატრიქსი'' ყველაზე მეტად ცნობილია შემზარავი და საშიში მაგიური რეცეპტებით. ზიზღისმომგვრელ და სასიკვდილოდ საშიშ ნახარშებს შეუძლია გამოიწვიოს ცნობიერების შეცვლა და სულის გამოყოფა სხეულისაგან. ეს წიგნი სუსტი ნერვების პატრონებისათვის ნამდვილად არაა: მაგიური ელექსირის ძირითადი ელემენტებია: სისხლი, ორგანიზმის გამონაყოფები, ჰაშიში, ოპიუმი და ფსიქოაქტიური ნივთიერებები. მაგალითად, ჯადოსნური სარკის შესაქმნელად, რომელიც მოგანიჭებთ მიცვალებულების სულებზე მბრძანებლობას, უნდა აიღოთ შხამიანი ნახარში შემდეგი ინგრედიენტებისა: სისხლი, სპერმა, დორბლი, ყურის გოგირდი, ცრემლები, შარდი და განავალი. აბა, რომელი თქვენგანი გაბედავდა ამ სარკის გაკეთებას?


5. ''ჰალდბრუკი''


image

მე-16 საუკუნეში დაწერილი ისლანდიური გრიმუარი ''ჰალდბრუკი'' წარმოადგენს 17 შელოცვისაგან შედგენილ კრებულს, რომელიც რამოდენიმე მაგის მიერაა შექმნილი. ისევე, როგორც იმ პერიოდის სხვა ისლანდიური მაგიური წიგნები, ''ჰალდბრუკი'' განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რუნების მაგიურ ძალას (რუნები-უძველესი სკანდინავიური ხელნაწერებია, შემორჩენილი ქვებზე, კედლებსა და სხვა საგნებზე). რუნებს გააჩნიათ ზებუნებრივი ძალა, თუ მას დაიხატავთ სხეულზე, ამოკვეთავთ ხის დაფაზე ან სხვა ნივთებზე. ''ჰალდბრუკში'' ასევე არის ინსტრუქცია ყოვლისშემძლე კვერთხის შექმნისა, რომლის საშუალებითაც შიშს ჩაუნერგავთ მტრებს და ადამიანსაც კი დააძინებთ. წიგნში მეტად უცნაურ შელოცვებსაც შეხვდებით: ასე, მაგალითად, 46-ე, ყველაზე სახალისო შელოცვა გვასწავლის, თუ როგორ უნდა შექმნათ მეტეორიზმის გამომწვევი ჯადოსნური ჯოხი. თუ მას დავარტყამთ ჩვენთვის არასასურველ ადამიანს, მას გამუდმებით დაუგროვდება გაზები მუცელში და მათი გამოყოფისაგან თავს მანამ ვერ შეიკავებს, სანამ ხელმეორედ არ შეახებთ ჯოხს.


image


27-ე რუნი კი გვიხსნის, თუ რა უნდა დავხატოთ მტრის საჭმელზე, რომ ის ისე ცუდად გახდეს, რომ ვერასოდეს ვეღარ შეძლოს ჭამა. არის აგრეთვე ''კეთილი ჯოხების'' შექმნის ინსტრუქცია, რომლებიც დაგეხმარებათ სასამართლოში საქმის მოგებაში, სახლის ქურდებისაგან დაცვაში და სხვა საქმეებში.


6. ''მაგიური არბატელი''


image

მე-16 საუკუნის ბოლოს უცნობი ავტორის მიერ დაწერილი "მაგიური არბატელი" ფართო მოცულობის ცნობარია სულიერი რჩევებისა და აფორიზმებისა. ასევე არბატელი ითვლება წიგნად, რომელიც დაგეხმარებათ მაგიურ საქმეებში. მასში ხაზი აქვს გასმული ქრისტიანობის უპირატესობებს, პოზიტიურ აზროვნებას და იმას, რომ მაგია გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ კეთილშობილური მიზნებისათვის და არა სიბოროტის ჩასადენად. წიგნის მთავარი სიბრძნე შემდეგ სიტყვებშია ჩაქსოვილი: "იცხოვრე შენი თავისა და მუზებისათვის, ერიდე ბევრი მეგობრის ყოლას, გაერიდე ამქვეყნიურს და ეძებე სულიერი სიმდიდრე". არბატელი შეიცავს რიტუალებს შვიდი ციური მბრძანებლის და მათი ლეგიონების მოსახმობად, რომლებიც სამყაროს სხვადასხვა ნაწილს მართავენ. მაგალითად, მბრძანებელი ბეტელი განაგებს სასწაულმოქმედ წამლებს, ფალეკი მეომრებს დიდებას ჩუქნის, არატროტი კი ქმნის "თმიან მამაკაცებს". გარდა ამისა, წიგნში წერია, რომ რიტუალი შეიძლება ჩაატაროს მხოლოდ იმ ადამიანმა, რომელიც მაგიითა დაბადებული საკუთარი დედის საშოდან, სხვებისათვის ''არბატელის'' საიდუმლო მიუწვდომელია. ანგელოზების და არქიანგელოზების გარდა ''არბატელი'' გვიამბობს სხვა სულებზე, რომლებიც პირიქითა სამყაროში ცხოვრობენ. ესენია : პიგმეები, ნიმფები, ტყის ალები, დრიადები.


7. ''არს ნოტორია''


image

"არს ნოტორია'' ეხმარება დაინტერესებულ ადამიანებს შეისწავლონ ჰუმანიტარული მეცნიერებები-გეომეტრია, არითმეტიკა და ფილოსოფია თვითშემეცნების და ჰიპნოზის გზით. როცა სწორ მეტყველებას დაეუფლებით, შეგეძლებათ ღმერთისაგან ითხოვოთ ინტელექტუალური საჩუქარი: მჭევრმეტყველება, გამძაფრებული გრძნობები, სიბრძნე და სრულყოფილი მეხსიერება. წიგნში დიდ ყურადღება აქვს დათმობილი განათლებას, ხოლო მაგიის ბოროტ მხარეს, სხვათა შორის, ''ნოტორია'' არ ეთანხმება. მიუხედავად ამის, ბევრს როდი სჯერა გრიმუარის ასეთი სიკეთისა და უწყინარობის. ასე, მაგალითად, ცნობილია შემთხვევა, როცა მე-14 საუკუნეში ''ნოტორიათი'' ხელმძღვანელობდა ერთი ვინმე ბერი იოან მორინსკი, რომელიც გულმოდგინედ ასრულებდა წიგნში ჩამოყალიბებულ სწავლებებს. მალე მას დაეწყო კოშმარული ხილვები, რომლებიც, ბერის თქმით, დემონების მიერ იყო გამოგზავნილი მასთან. ბერმა თავის მისტიკურ ხელნაწერში «Liber Visonum» დაწერა გაფრთხილება, რომ გრიმუარს ბოროტი ძალები მართავენ და მასში ჩამოყალიბებული სწავლებების შესრულება კარგს არავის არ მოუტანდა.


8."დემონების ფსევდომონარქია"


image

"დემონების ფსევდომონარქია''დაწერილი იქნა მე-16 საუკუნეში ცნობილი დემონოლოგოს და ექიმის იოჰან ვეიერის მიერ, რომელსაც ეს იდეა ყოფილმა მასწავლებელმა, ცნობილმა გერმანელმა ოკულტისტმა ჰენრის კორნელიუსმა, იგივე აგრიპამ შთააგონა. წიგნი წარმოადგენს ერთგვარ დამატებას ვეიერის ცნობილი ნაშრომისა "დემონების სიცრუის შესახებ", რომელსაც ზიგმუნდ ფროიდი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნად თვლიდა.

''ფსევდომონარქია" - ეს იმ 69 დემონის ჩამოთვლაა, რომლებიც თვალსაჩინო ადგილს იკავებენ ჯოჯოხეთის იერარქიაში. წიგნში აღწერილია, თუ რა საქმეს ემსახურება თითოეული მათგანი და გადმოცემულია შელოცვები მათ გამოსახმობად. მაგალითად, ნაბერიუსი აღსასრულებლის მარკიზია, ის ადამიანებს ეცხადება ყვავის სახით და შეუძლია მათ მიანიჭოს ხელოვნების ნიჭი. ფორასი-მნიშვნელოვანი ჩინოვნიკია, რომელსაც შეუძლია დაკარგული ნივთები ან განძი გაპოვნინოთ; დანარჩენი არისტოკრატი დემონებიდან შეიძლება გამოვყოთ ჰააგენტი, რომელიც წყალს ღვინოდ გარდაქმნის; შაკსი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ცხენის მოპარვა და ადამიანების დაყრუება ან დამუნჯება; ელიგოსი, რომელსაც შეუძლია წინასწარ განსაზღვროს ომის შედეგი და ჯარისკაცების ბედი.


image


საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ვეიერი მართლმორწმუნე ქრისტიანი იყო. ის ქადაგებდა, რომ ჯოჯოხეთის ძალების გამოძახებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო და ''ფსევდომონარქიის" მკითხველებს აფრთხილებდა, რომ დემონებთან ურთიერთობაში რაიმე სისულელე არ ჩაედინათ.


9. ''ჰონორის დაწყევლილი წიგნი''


image

''ჰონორის დაწყევლილი წიგნი''- ესაა შუა საუკუნეების გრიმუარი და დაცვა მაგიური რიტუალების დროს. ითვლება, რომ ის დაწერა ჰონორი ფივანსკიმ, რომელიც იდუმალი და შესაძლებელია, მითიური პიროვნებაც კი იყო. ცნობილი არაა, მართლა არსებობდა თუ არა ასეთი ადამიანი. წიგნი კათოლიკური ეკლესიის მკაცრი კრიტიკით იწყება. აქ ნათქვამია, რომ ის ებრძვის მაგიას, რომელსაც ადამიანებისათვის სარგებლობა მოაქვს. "დაწყევლილი წიგნი'' ადაპტებს ძალიან დიდ მოთხოვნებს უყენებს: წიგნის მხოლოდ სამი ეგზემპლარის გადაწერა შეიძლებოდა, შემთხვევითი ადამიანის ხელში წიგნის მოხვედრა აკრძალული იყო, საჭირო იყო ღირსეული მაგის მოძებნა და მისთვის წიგნის გადაცემა წინა მფლობელის საფლავზე. მკაცრი მოთხოვნა იყო ის, რომ წიგნის მფლობელ ყველა ადაპტს უარი უნდა ეთქვა ქალთა სქესთან ყოველგვარ ურთიერთობაზე.

ისევე როგორც სხვა გრიმუარებში, "დაწყევლილ წიგნშიც" ძირითადად აღწერილია რიტუალები, რომლებითაც შესაძლებელი იქნებოდა ანგელოზების, დემონების და სხვა სულების გამოძახება მათგან ცოდნისა და ძალის მიღების მიზნით. წიგნის მფლობელ ადეპტს ის საოცარ შესაძლებლობებს ჰპირდებოდა: წყალდიდობის და მიწისძვრის გამოწვევიდან დაწყებული, სულების სამყაროში მოგზაურობით და საკუთარი სიკვდილის ზუსტის დროის შეტყობით დამთავრებული. ყველაზე ცნობილი შემზარავი შელოცვებია:'' აიძულოთ ნებისმიერ ადამიანს ავად გახდეს", "გამოიწვიოთ ჩხუბი და განხეთქილება", "მოკლათ ის, ვინც გძულთ!".


10. ''მაგ აბრამელინის წიგნი''


image

მე-15 საუკუნეში დაწერილი "მაგ აბრამელინის წიგნი" ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მისტიკური ტექსტია. მისი ავტორია აბრაამ ფონ ვორმსი-ევროპელი მოგზაური, რომელიც თითქოსდა ეგვიპტეში მოგზაურობის დროს შეხვდა იდუმალ ჯადოქარ აბრამელინს. ათი ფლორინის საფასურად მაგმა მოგზაურს მიჰყიდა მაგიური ხელნაწერი.

წიგნში სულ ერთი რიტუალია აღწერილი, მაგრამ საშინლად რთული. აბრამელინი ამას ''ოპერაციას'' უწოდებდა. ის შედგება 18-თვიანი ლოცვებისა და განსაწმენდელი პროცესისაგან და რეკომენდირებულია მხოლოდ 25-50 წლამდე სრულიად ჯანმრთელი მამაკაცებისათვის. ქალებისათვის ''ოპერაცია'' სასტიკადაა აკრძალული. თუ ზედმიწევნით ზუსტად შეასრულებს ''ოპერაციაში'' აღწერილ მითითებებს, წიგნი ადაპტს ჰპირდება მფარველ ანგელოზთან კონტაქტში შესვლას, რომელიც მას უბოძებს აურაცხელ სიმდიდრეს და ზებუნებრივ შესაძლებლობებს, მაგალითად, წინასწარმეტყველების ნიჭს, ამინდის გამოცნობის და მისი მართვის უნარს, დაკეტილი კარების გაღებას და ადამიანების საიდუმლოებების შეტყობას. წიგნში დიდი ყურადღება ექცევა მაგიურ კვადრატებს-უნიკალურ თავსატეხ სიტყვებს. ''ჰალდბრუკის'' მსგავსად, მათ მაგიური მნიშვნელობა ენიჭებათ, თუკი გადმოიხატავთ. მაგალითად, სიტყვა ''მილონი'' გაგიხსნით წარსულისა და აწმყოს კარიბჭეს, თუ მას პერგამენტზე დაწერთ და ძილის დროს თავქვეშ დაიდებთ; სიტყვა ''სინახის'' საშუალებით ადაპტს შეუძლია ომის გამოწვევა. ავტორი გვაფრთხილებს, რომ ზოგი კვადრატი იმდენად ავისმომასწავებელია, რომ არც ღირს მათი გამოყენება.

წიგნის ტექსტმა დიდი გავლენა მოახდინა ცნობილ ოკულტისტ ალისტერ კროულიზე. ის ამტკიცებდა, რომ მას შემდეგ, რაც წიგნში აღწერილი რიტუალის შესრულება დაიწყო და ბრიტანეთის მაგების საზოგადოების - ''ოქროს განთიადის ჰერმეტული ორდენის'' წევრი გახდა, მას რამოდენიმე არაბუნებრივი მოვლენა შეემთხვა. მოგვიანებით კროული წიგნს იყენებდა საკუთარი მაგიური სისტემის ჩამოსაყალიბებლად.


1
2951
17-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2951
  
2018, 3 ოქტომბერი, 17:53
აქედან რომელიმე არის ქართულად თუ იცით?
0 1 1